Facebook Twitter

საქმე№ას-656-2025 9 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები – ა.ქ–ძე, დ.ქ–ძე

მოპასუხე - ნოტარიუსი ლ.რ–ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ.ს–ძის სარჩელის დაკმაყოფილება და ა.ქ–ძისა და დ.ქ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამისდღეშიო რჩენის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის დადგენა და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. ა.ქ–ძემ და დ.ქ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ.ს–ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

2. მოპასუხის შესაგებელი და სარჩელი

2.1. ნ.ს–ძემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ამასთან, მან ასევე სარჩელი აღძრა ა.ქ–ძის, დ.ქ–ძისა და ნოტარიუსი ლ.რ–ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, სამისდღეშიო რჩენის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის დადგენისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული სამოქალაქო საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ქ–ძისა და დ.ქ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ნ.ს–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეების - ა.ქ–ძისა და დ.ქ–ძის თასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, .........../............, ს.კ. ........... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მის კანონიერ მესაკუთრეებს ა.ქ–ძეს და დ.ქ–ძეს; ხოლო, ნ.ს–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებაზე ნ.ს–ძემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცველად.

5.2. საპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის საგანი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა, ხოლო მოპასუხის მიერ წარდგენილი სარჩელის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამისდღეშიო რჩენის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა და მესაკუთრედ ცნობაა.

5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ნ.ს–ძე 2007 წლიდან იყო ე.ქ–ძის ოჯახში დამხმარედ. ე.ქ–ძე გარდაიცვალა 2007 წლის 6 ივნისს. ე.ქ–ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმი, .........../........... (საკადასტრო კოდი: ...........) 2009 წლის 27 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით მიიღო შვილმა - დ.ს–მა. მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებულ საქმეს, 2009 წლის 17 ნოემბერს დ.ს–ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე აწარმოებდა ნ.ს–ძე. დ.ს–ი გარდაიცვალა 2012 წლის 3 ივნისს.

5.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის განცხადება დაკმაყოფილდა და გ.ს–ი (დაბ: 25.07.1982; პ/ნ ..........) ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: წვრილმანი გარიგების დადების, წარმომადგენლობის უფლება საპენსიო ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის (გარდა იპოთეკით დატვირთვის და გასხვისებისა), საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია მისი ინტერესების დასაცავად. გ.ს–ს (დაბ: 25.07.1982; პ/ნ .........) მხარდამჭერად დაენიშნა - ნ.ს–ძე (პ/ნ ........) და განესაზღვრა მხარდაჭერის ფარგლები და უფლება-მოვალეობები, კერძოდ: მიეცა უფლება გ.ს–ის წარმომადგენელობაზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებში, მათ შორის სოციალური მომსახურების სააგენტოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, საჯარო რეესტრში, სანოტარო ბიუროში, ასევე სს „ლ.ბ–ში“, ნებისმიერ სხვა საბანკო დაწესებულებებში, მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის ან/და სხვა სოციალური დახმარების დანიშვნა - ცვლილებასთან დაკავშირებით, მიეცა უფლება მიემართა განცხადებით, მოეთხოვა და მიეღო ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის პირის პერსონალური მონაცემები) გაეხსნა ანგარიში ბანკში და მიეღო პლასტიკური ბარათი, აეღო მისი კუთვნილი სოციალური პაკეტი, დახმარება ან/და სხვა ფულადი თანხა, ყოფილიყო მხარდამჭერი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მკურნალობაზე თანხმობის გაცემის ნაწილში. ყოფილიყო გ.ს–ის მხარდამჭერი სამკვიდრო ქონების მიღების, მის რეგისტრაციისა და შემდგომ მისი მართვის ნაწილში (გარდა იპოთეკით დატვირთვის და გასხვისებისა). ნ.ს–ძე დაინიშნა მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება თვითონ განეხორციელებინა ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.

5.5. ნ.ს–ძემ, როგორც გ.ს–ის მხარდაჭერმა, მიმართა სანოტარო ბიუროს და 2018 წლის 23 ოქტომბერს ნოტარიუს ნ.ა–ძის მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 181305710), გ.ს–ის სახელზე, მემკვიდრეობა გაიხსნა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, .........../.......... (საკადასტრო კოდი: ............).

5.6. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ბათუმი, ............/........... (საკადასტრო კოდი: .........), საჯარო რეესტრში აღირიცხა გ.ს–ის საკუთრებად.

5.7. ნ.ს–ძე სხვადასხვა დროს ახდენდა გ.ს–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, ელექტროენერგიის საფასურის, საკაბელო მომსახურების საფასურის, სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას, გ.ს–ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანას, გ.ს–ის მოვლას და ა.შ. ასევე, გ.ს–ის სახელით და გ.ს–ის სასარგებლოდ მიიღო სამკვიდრო ქონება გ.ს–ის დედის გარდაცვალების შემდეგ.

5.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ნ.ს–ძესა და გ.ს–ს შორის წერილობითი ფორმით სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არ დადებულა. არც სხვა ფორმით აღრიცხულა სადავო უძრავი ქონება ნ.ს–ძის სახელზე დინა და გ.ს–ების სიცოცხლეში.

5.9. გ.ს–ი გარდაიცვალა 2020 წლის 10 სექტემბერს. ის არის ე.ქ–ძის შვილიშვილი, ხოლო ა. და დ.ქ–ძეები არიან ე.ქ–ძის ძმის შვილები.

5.10. ნოტარიუსს ლ.რ–ის მიერ 2021 წლის 29 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 210286672) საფუძველზე, ა.ქ–ძის და დ.ქ–ძის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ბათუმი, ........../......... (საკადასტრო კოდი: .......).

5.11. გ.ს–ის ბებიის ე.ქ–ძის დაკრძალვის ხარჯები გაიღო სახელმწიფომ, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგის, დაკრძალვის ორგანიზება მოხდა ა.ქ–ძის და დ.ქ–ძის მიერ, ხოლო დ.ს–ი დაიკრძალა დ. და ა.ქ–ძეების ხარჯით.

5.12. ნ.ს–ძის მიერ წარმოდგენილი მოწმეები (ლ.ა–ძე, ა.მ–ძე, ნ.ტ–ძე, რ.უ–ძე) ადასტურებენ, რომ ნ.ს–ძე წლების განმავლობაში დადიოდა ე.ქ–ძის, დ.ს–ისა და გ.ს–ის ოჯახში. მიჰქონდა საკვები და მეზობლების ინფორმაციით, სადავო ბინა ნ.ს–ძეს უნდა გადასცემოდა. მოწმეები ასევე ადასტურებენ, რომ გარდაცვლილ პირებს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ.

5.13. ა.ქ–ძის და დ.ქ–ძის მიერ გამოძახებულმა მოწმემ ბ.ს–ძემ განმარტა, რომ ა.ქ–ძე და დ.ქ–ძე დადიოდნენ მამიდასთან. ე.ქ–ძის და დ.ს–ის დაკრძალვაც მათ მიერ განხორციელდა. გ.ს–ის გარდაცვალების და დაკრძალვის შესახებ კი სწორედ მისგან შეიტყვეს.

5.14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა კანონით დადგენილი წესით წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით სადავო ქონებაზე სამისდღეშიო ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, რითაც მას შესაძლოა მოპოვებული ჰქონოდა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელეებმა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოპოვებული საკუთრების უფლებით უკეთესად გაართვეს მტკიცების ტვირთს თავი და დაადასტურეს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება, ამასთან აპელანტის მიერ ამავე ქონების არამართლზომიერი ფლობა.

6. აპელანტის საკასაციო საჩივარი

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ.ს–ძის სარჩელის დაკმაყოფილება და ა.ქ–ძისა და დ.ქ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.2. კასატორის მტკიცებით ნ.ს–ძისა და გ.ს–ის ურთიერთობა ყველა კრიტერიუმით შეესაბამებოდა სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობას. აღსანიშნავია, რომ ნ.ს–ძე უვლიდა არამარტო დ.ს–ს და გ.ს–ს, არამედ დ.ს–ის დედას ე.ქ–ძესაც. ნ.ს–ძეს, დ.ს–სა და გ.ს–ს შორის არსებობდა სამისდღეშიო რჩენის ვალდებულება, რის სანაცვლოდაც ბინა უნდა გადასცემოდა ნ.ს–ძეს. აღნიშნულ ბინაში ნ.ს–ძე შევიდა და ცხოვრობდა მესაკუთრეების (დ.ს–ისა და გ.ს–ის) თანხმობით და სურვილით. სასამართლოზე დაკითხული მეზობლების ჩვენებით დადასტურდა, რომ დ.ს–ის სურვილი იყო, რომ ბინა, მისი და მისი შვილის მოვლის სანაცვლოდ, გადასცემოდა ნ.ს–ძეს. შესაბამისად, სასამართლოს შეფასება, რომ ნ.ს–ძე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს სადავო ბინაში არის უსაფუძვლო.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში კასატორის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის მოთხოვნა - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთავისუფლება იყო, რომელიც დაკმაყოფილდა. თავად კასატორმა ცალკე სარჩელი აღძრა სასამართლოში (ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად), მოითხოვა ნოტარიუს ლ.რ–ის მიერ 2021 წლის 29 მარტს ანდრო და დ.ქ–ძეების სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნ.ს–ძესა და გ.ს–ს შორის სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობის არსებობის აღიარება და კასატორის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა. ვინაიდან თავდაპირველად წარდგენილი სარჩელია დღევანდელი მოცემულობით დაკმაყოფილებული, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სადავო უძრავ ქონებაზე აქვს თუ არა კასატორს ისეთი უფლება, რომელიც ან გამორიცხავს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას ან შებოჭავს საკუთრების უფლების განხორციელებას მოპასუხის მფლობელობის გათვალისწინებით.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ წარდგენილი სარჩელის მოთხოვნის (სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების მესაკუთრედ ცნობა) სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 941-ე მუხლი „პირი რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას, მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით.“.

14. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ხელშეკრულების ტიპებს, რომელთა ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ ისინი დაიდოს წერილობით ფორმით. თავის მხრივ, წერილობითი ფორმა იყოფა რთულ (სანოტარო) წერილობით და მარტივ წერილობით ფორმებად. სსკ-ის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობის წერილობითი ფორმით ასახვა და ხელმოწერით დადასტურება მხარეებს წარმოუშობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებსა და მოვალეობებს, კერძოდ, მყიდველს თანხის გადახდის, ხოლო გამყიდველს კი თანხის მიღებისა და ქონების გადაცემის ვალდებულებას (სუსგ №ას-898-848-2015, 09.03.2016წ; №ას-589-2020, 29.10.2020წ.).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ფორმასავალდებულო ხელშეკრულებათა რიცხვს. თუ სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, ასეთ შემთხვევაში, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და დამოწმდეს სანოტარო წესით. უძრავი ნივთის ცნება და სახეები განსაზღვრულია სსკ-ის 149-ე მუხლში. სსკ-ის 942-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა ამავე კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული წესებთან ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს და უძრავი ქონების გადაცემისათვის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმება საკმარისი არ არის. „სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემა უნდა განიმარტოს, როგორც სანივთო უფლების საკუთრების გადაცემა, რაც ამავე სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე გარკვეულ უფლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება, მაგრამ ამ უფლების გადაცემა იურიდიული ძალის მქონეა მხოლოდ მაშინ, როდესაც უფლების წარმოშობისათვის დადგენილი წინაპირობები არსებობს“ (იხ., სუსგ 2012 წლის 19 ივნისის განჩინება საქმეზე # ას-185-178-2012).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და რელევანტური მტკიცებულება, რომელიც მისი სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას დაადასტურებდა, ამასთან საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ.ს–ი იყო ფსიქიკურად დაავადებული და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე დაენიშნა მას მხარდამჭერი, რაც თავისთავად გამორიცხავს გ.ს–ის მიერ მსგავსი ტიპის გარიგების დადებას, მათ შორის თუნდაც ნების ზეპირი ფორმით გამოვლენას.

19. საკასაციო სასამართლო კასატორის სხვა სასარჩელო მოთხოვნაზეც გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულების დადების შესახებ მხარის სასარჩელო მოთხოვნის წარუმატებლობის პირობებში, საფუძველი ეცლება მის მოთხოვნას ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, ამდენად, კასატორის მოთხოვნები დაუსაბუთებელი და დაუშვებელია.

20. ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო სასამართლო კასატორის მოთხოვნების გარდა, წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში ვალდებულია შეაფასოს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, კასატორის მიერ სადავო ქონების უკანონო ფლობისა და მის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეებისთვის გადაცემის შესახებ.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

22. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

24. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

25. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

26. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).

27. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, .........../.............., საკადასტრო კოდი: ........., წარმოადგენს მოსარჩელეების დ.ქ–ძის და ა.ქ–ძის საკუთრებას (თანასაკუთრებას). მოსარჩელეებმა წარმოადგინეს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე.

28. დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებას ნ.ს–ძე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. ფლობის მართლზომიერების, მოსარჩელეთა საკუთრების უფლების გამორიცხვის, ან ამავე უფლების რაიმე სახით შებოჭვის შესახებ კასატორს შესაბამისი მკტიცებულებები არ წარმოუდგენია.

29. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, დადგენილი და გამოკვლეულია საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა.

30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი.

2. ნ.ს–ძეს (..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №28914345747, გადახდის თარიღი 21.08.2025) 1 130 ლარის 70% - 791 ლარი;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია