Facebook Twitter

№ას-1126-2025 9 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – მ.ზ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.უ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. ე.უ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, მოპასუხის - მ.ზ–იას მიმართ, სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე.უ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ.ზ–იას ე.უ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 6 000 აშშ დოლარის გადახდა.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. მხარეებს შორის 2016 წლის სექტემბერს ხელწერილის საფუძველზე დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ე.უ–მა მ.ზ–იას 10% სარგებლის დარიცხვით ასესხა 4 000 აშშ დოლარი. აღნიშნული სესხი იმავე წელს დაფარულ იქნა მსესხებლის - მ.ზ–იას მიერ, რის შემდეგაც მხარეებმა ხსენებული ხელწერილი ერთობლივად დახიეს.

5.3. 2017 წლის 27 სექტემბრის ხელწერილის საფუძველზე სესხის დაბრუნება მოსარჩელეს მოპასუხისგან სარჩელის აღძვრამდე არ მოუთხოვია.

5.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 4 000 აშშ დოლარი, ხოლო აღნიშნული თანხა მოპასუხეს არ დაუბრუნებია.

5.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და მის მიერ მითითებული მტკიცებულების შინაარსი, კერძოდ ხელწერილი, რომელზეც დაწერილი იყო ფრაზე - „მივიღე და პრეტენზია არ გამაჩნია“. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული წერილიდან არ ირკვეოდა რის და ვისგან მიღებაზე იყო საუბარი. ამასთანავე, ხელწერილი მხოლოდ ერთი მხარის, თავად მოპასუხის მიერ იყო ხელმოწერილი.

6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და სათანადოდ არ შეაფასა წარდგენილი მასალები. გასაჩივრებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე წინამდებარე შემთხვევაში შეფასების საგანია, მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის, მოპასუხის მიერ დაბრუნების საკითხი.

13. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის სექტემბერში, ხელწერილის საფუძველზე დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით 10% სარგებლის დარიცხვით მოპასუხემ ისესხა 4 000 აშშ დოლარი. 2017 წლის 27 სექტემბრის ხელწერილის საფუძველზე სესხის დაბრუნება მოსარჩელეს მოპასუხისგან სარჩელის აღძვრამდე არ მოუთხოვია.

14. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 27 სექტემბრის ხელწერილისა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 21 ივლისის №004923723 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უდავოა, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს მ.ზ–იამ ე.უ–ისგან განუსაზღვრელი ვადით ისესხა 4 000 აშშ დოლარი ყოველთვიური 10% სარგებლის დარიცხვით.

15. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12.2015წ), ანუ გამსესხებლის მიერ მსესხებელზე ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს არა გამსესხებლის სახელშეკრულებო ვალდებულებას, არამედ ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის წინაპირობას. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების ნადვილობისათვის, სესხის საგანზე შეთანხმებასთან ერთად, აუცილებელია, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

18. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების არსებობის პირობებში, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნისას, მტკიცების ტვირთი მოპასუხე მსესხებლისკენ იხრება, სწორედ მსესხებელმა უნდა დაადასტუროს თანხის დაბრუნების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ ადასტურებს ვალდებულების შესრულებას. კასატორის მტკიცება, რომ სადავო ხელწერილში მიწერილი ფრაზა - „მივიღე და პრეტენზია არ გამაჩნია“ იმგვარი დოკუმენტია, რომელიც სსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად უნდა მივიჩნიოთ, არ წარმოადგენს დასაბუთებულ პოზიციას. აღნიშნული ხელწერილით არ დასტურდება რის გადაცემა/მიღებაზეა საუბარი, აგრეთვე ვინ ვის გადასცა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის მანამდე არსებული სესხის დაბრუნებისას, მხარეებმა, ვალდებულების შესრულების დასტურად მსგავსი ხელწერილი დახიეს.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ზ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ.ზ–იას (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №53179/13507, გადახდის თარიღი 24.09.2025) 814 ლარის 70% - 569.8 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია