Facebook Twitter

28 იანვარი, 2026 წელი,

საქმე №ას-1234-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ა.ნ.ს.პ.კ.გ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ა.ნ.ს.პ.კ.გ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი საზოგადოება, შპს ან კომპანია), ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით შპს „ა–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - 8 864 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, ის ფაქტი რომ სასაქონლო ზედნადებების ნაწილი ხელმოწერილი არ იყო, ამასთან სასაქონლო ზედნადები პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ განიხილება (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2017 წლის 20 იანვარს მხარეებს შორის ფარმაცევტული პროდუქტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო. რომლის საფუძველზეც მოპასუხე პერიოდულად მოსარჩელისგან სხვადასხვა სახის ფარმაცევტულ ნაწარმს ყიდულობდა. მყიდველს ნასყიდობის საფასური საქონლის მიღებიდან - 45 კალენდარულ დღეში უნდა აენაზღაურებინა.

4.4. მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ 2021 წლის 25 იანვრიდან 2022 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, მოპასუხეს - 8 864 ლარის ღირებულების ფარმაცევტულ პროდუქტი მიაწოდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი; (იხ. სასაქონლო ზედნადებები)).

4.5. მყიდველს ნასყიდობის საფასური არ აუნაზღაურებია.

4.6. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, კერძოდ, მაშინ, როდესაც მოსარჩელემ მკაფიოდ და დამაჯერებლად მიუთითა მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებზე და საქონლის მიწოდების ფაქტის დასადასტურებლად სასაქონლო ზედნადებები წარადგინა. მოპასუხემ მოთხოვნის უარყოფა საერთოდ არ დაასაბუთა და მხოლოდ ზოგადად აღნიშნა, რომ არ არსებობდა შედარების აქტი დავალიანებასთან დაკავშირებით და არ იყო წარდგენილი პროდუქციის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

4.6.1. სასაქონლო ზედნადებების ნაწილზე ხელმოწერის არარსებობის ფაქტი, მოპასუხეს საქმის წარმოების შესაბამის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია და აღნიშნულზე მხოლოდ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების განხილვის ეტაპზე მიუთითა.

5. ნასყიდობის ფასის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე) და 400.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებლად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა) დანაწესს ეფუძნება.

6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 477-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება).

კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს.

სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (იხ. სუსგ-ებები: №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი).

7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, იმ საკითხზე, რომ მხარეთა შორის დადებულია განჩინების 4.3 პუნქტში მითითებული ფარმაცევტული პროდუქტის ნასყიდობის ხელშეკრულება.

8. მოსარჩელემ/გამყიდველმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, გადასცა საქონელი შემძენს, ხოლო მოპასუხემ/მყიდველმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა.

9. კასატორის პრეტენზია იმაში გამოიხატება, რომ სასაქნლო ზედნადები საქონლის მიწოდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ არის, რასაც საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის N86 ბრძანებით დამტკიცებული, სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ ინსტრუქციის მეორე მუხლის „ა“ პუნქტზე რომლის მიხედვით, სასაქონლო ზედნადები არის აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სამეურნეო ოპერაცია, ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია; შესაბამისად კასატორის დასახელებული პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.

10. რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებების ნაწილზე ხელმოწერების არ არსებობის თაობაზე კასატორის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო არც მას იზიარებს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული ისეთი ახალი ფაქტობრივ გარემოებაა, რომლის შესახებ რაიმე საპატიო მიზეზის გარეშე მოპასუხეს საქმისწარმოების შესაბამის ეტაპზე არ მიუთითებია (სსკ-ის 219.1 მუხლი); აღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის საფუძველზე, არ გააჩნია ამ ფაქტის მიღებისა და მასზე მსჯელობის პროცესუალური წინაპირობა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ.ქ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 443.50 (საგადასახადო დავალება #30598630937, გადახდის თარიღი 28.11.2025წ), 70% - 310.45 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ნ.ს.პ.კ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ა.ნ.ს.პ.კ.გ–ს“ (ს/კ 405055032) დაუბრუნდეს გ.ქ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 443.50 (საგადასახადო დავალება #30598630937, გადახდის თარიღი 28.11.2025წ), 70% - 310.45 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია