28 იანვარი, 2026 წელი,
საქმე №ას-1404-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ქ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა.ქ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურებს შესახებ მოთხოვნა უარყოფილ იქნა, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლომ კანონშეუსაბამოდ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენეტები; ამავდროულად, სადავო კარადის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ტროტუარზე) განთავსების ფაქტი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გასაჩივრებული ბრძანების საფუძველზე დაადგინა, რაც რეალობას არ შეესაბამება ვინადან იგი შენობის ფასადზეა განთავსებული (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. ქუთაისში, ......... ქუჩა №2/......... ქ. №13-ში მდებარე უძრავი ნივთი, ს/კ-ით . №......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უძრავი ქონება ან ქონება), 2022 წლის 20 ივლისიდან, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის საკუთრებაა (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
4.3.1. უძრავი ქონება (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 252.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ №1 შენობა-ნაგებობასთან ერთად, ნაკვეთის წინა ნომერი: ........) 2015 წლის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირთა თანასაკუთრება იყო, ს/კ-ით №..........
4.3.2სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგაენტოს ბრძანებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართი 2018 წლის 8 იანვარს ორ ნაწილად - სართული 1, 7.41 კვ.მ და სარდაფი 143.91 კვ.მ, ს/კ-ით №........ და სართული 1, 116.51 კვ.მ, ს/კ-ით №........., დაიყო.
4.3.3. 2021 წლის 22 ნოემბრიდან უძრავი ნივთი ს/კ-ით №........., ლ.ა–ის საკუთრება იყო, რომლისგანაც იგი მოსარჩელემ შეიძინა.
4.4. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №10-4422329387 წერილით, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთში კონდიციონერისა და შენობის ფასადის ცვლილების პროექტი შეთანხმდა.
4.5. ქუთაისში, ......... ქუჩა №2/......... ქ. №13-ში მოპასუხის კუთვნილი საკომუნიკაციო გაყვანილობის კარადაა განთავსებული.
4.6. 2015 წლის 8 მაისს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ თანხმობის გაცემამდე, მოპასუხის კუთვნილი საკომუნიკაციო გაყვანილობის კარადა ქუთაისში, ......... ქუჩა №1-ისა და ......... ქუჩა №11-ის კვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა, რომელიც შპს „ს–ას“ განცხადების საფუძველზე გადაიტანეს, კერძოდ:
4.6.1. 2015 წლის 28 აპრილს მოპასუხემ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და აღნიშნა რომ შპს ,,ს–ა“ მერიისაგან გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, ......... ქუჩა #11-......... ქუჩა #1- ის გადაკვეთაზე სასტუმროს მშენებლობს იწყებდა, შესაბამისად, თანდართული სქემის (ქუთაისში, ........ მდებარე, სსიპ „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისათვის“ აღნაგობის უფლებით გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე საჰაერო ტრასის მონაკვეთის ადგილმონაცვლეობა), მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე მდებარე მათი სატელეფონო ქსელის გამანაწილებელი 4-17 კარადის გადატანა (მითითებულია, რომ ეს კარადა მათ სხვა კომუნიკაციებთან ერთად, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში) ითხოვა. ამასთან, შეცვლილი მონაცემების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, სათანადო დოკუმენტის გაცემაც ითხოვა.
4.6.2. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 8 მაისის საპასუხო წერილით, მოპასუხეს ეცნობა, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური თანახმა იყო წარმოდგენილი სქემატური ნახაზების მიხედვით მომხდარიყო სატელეფონო ქსელის გამანაწილებელი კარადის გადატანა და საჰაერო ტრასის მონაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ამასთანავე განმარტებულია, რომ აღნიშნული საინჟინრო კომუნიკაციების გადატანის პროცესში დაცული იქნეს შესაბამისი ტექნიკური პირობები.
4.7. მტკიცებულება/დაკვალვის აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის კუთვნილი საკომუნიკაციო კარადა მოსარჩელის საკადასტრო საზღვარზე დგას, საქმეში არ წარდგენილა.
4.8. 2023 წლის 5 ივნისს მოსარჩელემ საჩივრით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 მაისის აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივარში აღნიშნულია, რომ ქუთაისში, ......... ქუჩა №2/......... ქუჩა №13-ში (ს/კ-ით ..........) მდებარე უძრავი ქონება 2022 წლის 15 ივლისს შეიძინა, ხოლო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას 2022 წლის 8 სექტემბერს განცხადებით მიმართა და ინფორმაციის მიწოდება ითხოვა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული იყო თუ არა ზემოთ მითითებული უკრავი ქონების ფასადზე სს „ს–სა“ და მოპასუხის საკომუნიკაციო კარადების განთავსება.
4.8.1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის 2 აპრილის №ბ44.442409318 ბრძანებით, საჩივარი უარყოფილ იქნა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი დაკვალვის აქტის შესაბამისად, კარადა ეხება ......... ქუჩის მხრიდან საკადასტრო საზღვარს (ს/კ-ით #....), რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა განთავსებული.
4.9. შპს „ა-ფ–ის“ 2023 წლის 20 დეკემბრის №13 დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, ქუთაისში, ......... ქუჩა №2/......... ქუჩა №13-ში (ს/კ-ით N.........) მდებარე უძრავი ქონების 1 კვ.მ საბანერე ფართის ღირებულება - 40 ლარით განისაზღვრა.
4.10. სადავო საკომუნიკაციო კარადა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტროტუარზეა განთავსებული, შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრებში მისი განთავსება არ დგინდება.
4.11. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საკომუნიკაციო კარადა კედელზე არ არის მიმაგრებული (იხ. სხდომის ოქმი).
5. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა სსკ-ის 172.1 (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), 312-ე (რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა) მუხლების მიხედვით, სარჩელის უარყოფის საფუძველს ქმნიდა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების (რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა) კანონიერებაზე მიუთითებს სახელდობრ:
6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172.1 მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172.1 მუხლის გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
8. დადგენილია, რომ სადავო საკომუნიკაციო კარადა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტროტუარზეა განთავსებული, შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრებში მისი არსებობა არ დგინდება. კერძოდ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის 2 აპრილის №ბ44.442409318 ბრძანებაში, რომლითაც მოსარჩელის საჩივარი უარყოფილ იქნა აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი დაკვალვის აქტის შესაბამისად, კარადა ეხება ......... ქუჩის მხრიდან საკადასტრო საზღვარს (ს/კ-ით #..........), რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა განთავსებული.
9. ზემოაღნიშნული მტკიცებულების გამაქარწყლებელი დასაშვები მტკიცებულება/დაკვალვის აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის კუთვნილი საკომუნიკაციო კარადა მოსარჩელის საკადასტრო საზღვარზე დგას, საქმეში არ წარდგენილა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საკომუნიკაციო კარადა კედელზე არ იყო მიმაგრებული. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის წარუმატებლობა სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი წინაპირობების განუხორციელებლობამ განაპირობა, რაც უკანონო მფლობელობის საფუძვლით მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურებასაც გამორიცხავს.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება, შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
11. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორბს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #1764942876, გადახდის თარიღი 05.12.2025წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ს–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #1764942876, გადახდის თარიღი 05.12.2025წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია