ბს-1160-1122 (კ-08) 24 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ.-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინაბა
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. მ.-მა 2007 წლის მაისში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 2 მაისის ¹1030 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 2 მაისის ¹1030 საგადასახადო მოთხოვნა და გ. მ.-ს ჩამოეწერა უსაფუძვლოდ დარიცხული ჯარიმის თანხა 1515 ლარისა და 35 თეთრის ოდენობით.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2006 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელე გ. მ.-ს ავტომანქანა “გაზელით” სოფ. ...-დან ქ. ლაგოდეხში გადაჰქონდა 47 ცალი აზბესტის შიფერი, 100 ცალი შავი ფერის თუნუქის ფურცელი, 1 ცალი წებო და 30 კგ. ე.წ. “შპაკლი”, რა დროსაც იგი გაჩერებულ იქნა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლის მიერ. აღნიშნულის შესახებ ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველომ ¹16-4-10/1117 ინფორმაცია გადაუგზავნა თელავის საგადასახადო ინსპექციას, სადაც აღნიშნულია, რომ ტვირთი ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა გ. მ.-ს, რომლის საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის ცნობით შეადგენს 1788 ლარს, რითაც დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე მოპასუხემ 2006 წლის 15 დეკემბერს შეადგინა ოქმი ¹2458 საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ გ. მ.-მა ჩაიდინა საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდაღრვევა, ხოლო 2006 წლის 26 დეკემბერს ინსპექციის უფროსმა გამოსცა ბრძანება ¹1305 საგადასახადო კოდექსის 143-ე I ნაწილის შესაბამისად გ. მ.-ს 1515,53 ლარით დაჯარიმების შესახებ; აღნიშნულის საფუძველზე კი მოპასუხემ 2007 წლის 2 მაისს გამოსცა ¹1030 საგადასახადო მოთხოვნა გ. მ.-სათვის საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად ჯარიმის _1515,33 ლარის დარიცხვის შესახებ.
პირვალი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის I ნაწილი და ამავე კოდექსის მე-13 მუხლი. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული საქონელი შეძენილი ჰქონდა არა ეკონომიკური საქმიანობისათის, არამედ პირადი მოხმარებისათვის და იმის მიუხედავად, რომ არ ევალებოდა საქონლის გადაზიდვა სასაქონლო ზედნადებით, მას მაინც ჰქონდა აღნიშნულ საქონელზე გამარტივებული ზედნადები, რაც წარუდგინა ფინანსურ პოლიციას, მაგრამ ფინანსურმა პოლიციამ იგი არ გაიზიარა და არ დააფიქსირა მოპასუხე ინსპექციაში ინფორმაციის გადაგზავნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, თელავის საგადასახადო ინსპექციაში, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოდან შემოვიდა ¹16-4-10/11/7 მომართვა, სადაც აღნიშნულია, რომ აღნიშნული სამმართველოს თანამშრომლის მიერ გამოვლენილ იქნა ავტომანქანა “გაზელი”, რომელსაც დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა სამშენებლო მასალები, რომლის ღირებულება ექსპერტის დასკვნით შეადგენდა 1788 ლარს.
კასატორი მიუთითებს, რომ გ. მ.-ს ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა სამშენებლო მასალა და მიაჩნია, რომ სასაქონლო ზედნადები გაიწერა ამ ფაქტის შემდეგ, ვინაიდან ექსპერტის მიერ შეფასებული საქონლის ღირებულება და სალაროს ჩეკის თანხა არ ემთხვევა ერთმანეთს.
Kკასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის მეორე ნაწილი, ამავე კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19, 32-ე მუხლის მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.