28 იანვარი, 2026 წელი
საქმე №ას-1431-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 1989 წლიდან ნ.მ–ი (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) სსიპ საგანგებო სიტუცაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, ცენტრი) სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
განთავისუფლების დროისთვის მოსარჩელე სამედიცინო უზრუნველყოფის და გამოძახების მართვის დეპარტამენტის დაგეგმარებისა და სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველოს მე-9 რაიონულ სამსახურში ექიმად იყო დასაქმებული და მისი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად 1 800 ლარს (გადასახადების გარეშე) შეადგენდა.
2. 2022 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება) ცენტრის დირექტორმა დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება გამოიყენა.
სადავო ბრძანების საფუძვლად დასახელდა: სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 21 სექტემბრის მოხსენებითი ბარათი და დასკვნა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების“ მე-4 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტის „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტები; 2022 წლის 24 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის შრომის შინაგანაწესის მე-8 მუხლის „ვ“ და „ც“ პუნქტები, მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, 31-ე მუხლის „დ“, „მ“ და „ნ“ პუნქტები და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
3. სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 21 სექტემბრის დასკვნის თანახმად:
3.1. ცენტრის ქ.თბილისის მე-9 რაიონული სამსახურის ექიმის პოზიციაზე მოსარჩელე 2020 წლის 1 იანვრიდან მუშაობს. მოქმედი დისციპლინური სახდელი მას არ აქვს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2022 წლის 8 სექტემბრის წერილის საფუძველზე დასაქმებულის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო.
3.2. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 1-2 აგვისტოს ცენტრის ქ.თბილისის მე-9 რაიონულ სამსახურში (გარდაცვალების დამაფიქსირებელი ბრიგადა) მორიგეობის გრაფიკის მიხედვით მოსარჩელე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
1 აგვისტოს, დაახლოებით 19:40 საათზე, ქ.თბილისში, ......... ქუჩიდან მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიგადამ გამოძახება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან „ცენტრის შრომის შინაგანაწესის“ დარღვევის შესახებ მოსარჩელეს გაცნობიერებული ჰქონდა, მისამართზე გასვლამდე მის მეგობარს დაურეკა, რომელიც სარიტუალო მომსახურეობას ეწეოდა, გარდაცვლილი ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე გარდაცვლილ მოქალაქეზე ინფორმაცია და ოჯახის წევრის ტელეფონის ნომერი გადასცა. აღნიშნული გარემოება დასაქმებულის ახსნა-განმარტებითა და მოკვლევის შედეგად მოპოვებული მასალით დასტურდება.
3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ დამსაქმებლის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის შრომის შინაგანაწესის 32.1 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად მოსარჩელეს სამსახურიდან განთავისუფლება დადგენოდა.
4. შრომის შინაგანაწესის 8.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც ზიანს მიაყენებს ცენტრის რეპუტაციას; „ც“ ქვეპუნქტით - დაიცვას ცენტრის დირექტორის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პოლიტიკა, რომელიც წინადებარე შინაგანაწესთან ერთად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს მიეკუთვნება.
ამავე შინაგანაწესის მე-12 მუხლით, დასაქმებული ვალდებულია, როგორც შრომითი ურთიერთობისას, ასევე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, არ გაავრცელოს ან პირადი მიზნებისთვის არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას გახდა მისთვის ცნობილი.
შინაგანაწესის 31-ე მუხლით, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძვლებია:
ა).საქართველოს კანონმდებლობის, ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მათ შორის, შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა;
ბ).სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება;
გ).ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევა, ცენტრის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ;
დ).ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ცენტრის ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და რეპუტაციას;
ე).მოქალაქეების არაკვალიფიციური, არასრულყოფილი მომსახურება;
ვ).კანონით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;
ზ).ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან ასეთი ნივთიერების სამუშაო ადგილზე მოხმარება/მიღება, ან დასაქმებული პირისთვის სხვა სახის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს დამსაქმებლის ავტორიტეტს;
თ).დამსაქმებლისთვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური ზიანის მიყენება ან არსებითი ზიანის წარმოშობის საფრთხის შექმნა;
ი).დამსაქმებლის სატრანსპორტო საშუალების, ტექნიკისა და აღჭურვილობის არასამსახურებრივი დანიშნულებით უნებართვოდ გამოყენება;
კ).შრომის დისციპლინის დარღვევა;
ლ).თამბაქოს მოხმარება დამსაქმებლის შენობა-ნაგებობებში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებში;
მ).შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევა.
ნ).ცენტრის დირექტორის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პოლიტკის დოკუმენტით დაკისრებული ვალებულების დარღვევა.
32.1 მუხლით, დასაქმებული პირის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმისა და ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს (ბრძანებით) დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები (სახდელები):
ა). გაფრთხილება;
ბ). საყვედური;
გ). 1-დან 6 თვემდე ვადით თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50-პროცენტამდე დაკავება;
დ). სამსახურიდან განთავისუფლება.
32.2 მუხლით, ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. ამასთან, ცენტრის დირექტორი შეზღუდული არ არის პასუხისმგებლობის ზომის შერჩევაში.
32.3 მუხლით, დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში (დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე) დასაქმებულის მიერ განმეორებით მსგავსი ან უფრო მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, როგორც წესი, უფრო მკაცრი სახდელის ზომა გამოიყენება.
შინაგანაწესს მოსარჩელე გაცნობილი იყო.
5. დამსაქმებლის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით ცენტრის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის წესი დამტკიცდა. ხსენებული ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ამ ბრძანებით დამტკიცებული წესი ვრცელდება ცენტრის ყველა თანამშრომელზე, ასევე, იმ პირებზე, რომლებთანაც დამსაქმებელი სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის წესი გაეცნო ყველა თანამშრომელს (მე-4 მუხლი).
N1 დანართის მიხედვით, დამსაქმებელი, როგორც, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და პასუხისმგებლიანი დაწესებულება, აღიარებს და, პასუხისმგებლობას იღებს, მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის, მათ შორის ევროპის საბჭოს რეკომენდაციების (Nო. ღ (90) 19 და Nო. ღ (85) 20) გათვალისწინებით დაიცვას პერსონალური მონაცემები.
2.1 მუხლით, პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, სხვა მახასიათებლებთან ერთად ერთობლიობაში შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
პერსონალური ან განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი შეიძლება იყოს ერთი ან რომელიმე ქვემოთ მითითებული ერთობლივად: ვ) ტელეფონის ნომერი (2.2 მუხლი);
მონაცემთა დამუშავება არის მონაცემთა ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება (2.3 მუხლი).
ცენტრში მონაცემები ძირითადად მუშავდება: მომსახურების გაწევის, განცხადებების განხილვის, სახელშეკრულებო ურთიერთობების შესრულების, დასაქმების მიზნით, ასევე, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მონაცემთა დამუშავება კანონით არის გათვალისწინებული და მონაცემთა დამუშავება საჭიროა ცენტრის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
თანხმობას მონაცემთა სუბიექტი გამოხატავს წინამდებარე წესის გაცნობით, ამასთან, გამონაკლის შემთხვევებში - ზეპირად, წერილობით, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული წესით, რომლითაც მონაცემთა სუბიექტის ნება შეიძლება დადგინდეს (2.5 მუხლი).
მონაცემები ცენტრმა შეიძლება დაამუშაოს მომსახურების საჭიროებიდან გამომდინარე ან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა მონაცემთა დამმუშავებლის დახმარებით და მასთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ სხვა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს (2.6 მუხლი).
მონაცემთა დამუშავება ცენტრში დადგენილი პროცედურებით სრულდება, რომელიც ყველა თანამშრომლისა თუ კონტრაქტორისთვის შესასრულებლად მკაცრად სავალდებულოა (2.7 მუხლი).
6. ა.ს–ას მიერ სსიპ უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ის“ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე 2022 წლის 1 აგვისტოს 19:42 საათზე განხორციელებული სატელეფონო ზარის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ამავე ცენტრის მიერ მოპოვებული პერსონალური მონაცემის დასაქმებულის მიერ სარიტუალო მომსახურების განმახორციელებელი პირისთვის გამჟღავნების კანონიერება შეამოწმა.
ამავე გადაწყვეტილებით განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ:
ა.ს–ას მიერ 2022 წლის 1 აგვისტოს 19:42 საათზე გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე ზარის განხორციელებისა და ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადაცემის შემდეგ, იმავე დღეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე მას დაუკავშირდა ა.ლ–ძე, რომელმაც სარიტუალო მომსახურება შესთავაზა;
ზემოაღნიშნული ზარის საფუძველზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მოსარჩელესთან ერთად, ზარის განხორციელების დღესვე იყო გასული მისამართზე;
ა.ლ–ძემ დაადასტურა ა.ს–ას სატელეფონო ნომერზე დაკავშირებისა და სარიტუალო მომსახურების შეთავაზების ფაქტი და განმარტა, რომ ზარის ინიციატორის სატელეფონო ნომერი მას „სასწრაფოში“ დასაქმებულმა მისმა მეგობარმა მოსარჩელემ მიაწოდა;
მოსარჩელემ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი გამოძახებისას (ზუსტად ვერ გაიხსენა თარიღი და მისამართი, თუმცა მისივე თქმით აღნიშნული ფაქტს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ადგილი) იგი დაუკავშირდა თავის დიდი ხნის ნაცნობ ა.ლ–ძეს და ზარის ინიციატორის სატელეფონო ნომერი გადასცა, რათა ამ უკანასკნელს ზარის განმახორციელებელი პირისთვის სარიტუალო მომსახურება შეეთავაზებინა. დასაქმებულის ვარაუდით, ისევე როგორც ყველა გამოძახების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც, სწორედ ცენტრის დისპეტჩერმა მიაწოდა ხსენებული სატელეფონო ნომერი;
ცენტრის დისპეტჩერმა 2022 წლის 1 აგვისტოს 19:42 საათზე განხორციელებული სატელეფონო ზარის ფარგლებში 112-ისგან მიღებული ინფორმაციის მოსარჩელისთვის მიწოდების კონკრეტული შემთხვევა ვერ გაიხსენა, თუმცა განმარტა, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში ექიმები, მათ შორის, მოსარჩელე, დისპეტჩერთან სატელეფონო კავშირის საშუალებით იღებენ ზარის ინიციატორი პირების სატელეფონო ნომრების თაობაზე ინფორმაციას;
ამავე გადაწყვეტილებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში დასაქმებული სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება შეეფარდა;
წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში დამსაქმებელს დაევალა: სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ისგან“ მიღებული გამოძახების დისპეტჩერის მიერ ექიმისთვის გადამისამართების პროცესში პერსონალური მონაცემის დამუშავების წესის შემუშავება და ცენტრის თანამშრომლებისთვის გაცნობა, რომლითაც კონკრეტულად მოწესრიგდებოდა, თუ ცენტრის რომელი თანამშრომლისთვის რა მონაცემი უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ასევე, რა მიზნით და საფუძვლით უნდა დაემუშავებინათ მათ შესაბამისი პერსონალური მონაცემები.
7. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; დასაქმებული აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე; 2022 წლის 27 სექტემბრიდან სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს ყოველთვიურად 1 800 ლარის (გადასახადების გარეშე) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამსაქმებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ყურადღება შემდეგზე გაამახვილა:
10.1.1. დასაქმებულის იმ ქმედების შეფასება, რომელიც მისი განთავისუფლების საფუძველი გახდა, არც სამსახურებრივი მოკვლევის და არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების ფარგლებში, დარღვევის არაერთგზისობის თაობაზე მითითებასა და მსჯელობას არ შეიცავდა.
სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 21 სექტემბრის მოხსენებით ბარათსა და დასკვნაზე იყო დაფუძნებული სადავო ბრძანება, რომელიც კონკრეტულად 2022 წლის 1 აგვისტოს 19:40 საათზე მიღებული გამოძახების დროს გამოვლენილ დარღვევას შეეხებოდა. იგივე დარღვევას შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებით დადგენილი სამართალდარღვევა.
დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით არც მითითებული ქმედების მრავალჯერადი ხასიათი და არც დასაქმებულის რაიმე არაკეთილსინდისიერი/არამართლზომიერი მიზანი ან ინტერესი არ დგინდებოდა. შესაბამისად, სწორედ მხოლოდ აღნიშნულთან მიმართებით უნდა შეფასებულიყო დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის თანაზომიერება.
10.1.2. როგორც სამართალდარღვევად, ისე, სამსახურიდან დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლად, სადავო შემთხვევაში, მხოლოდ კონკრეტული გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრთან შეუთანხმებლად,
ე.ი. მისი ნებართვის გარეშე სარიტუალო მომსახურების გამწევი მესამე პირისთვის საკონტაქტო ნომრის გადაცემაზე მიეთითა.
აქედან გამომდინარე, სარჩელის წარუმატებლობას ვერ გამოიწვევდა მოპასუხის მიერ იმაზე აპელირება, რომ „ქმედების არაერთგზისობა“ თავად დასაქმებულმა დაადასტურა მოკვლევის ფარგლებში წერილობით და სასამართლო სხდომებზე ზეპირსიტყვიერად მიცემული ახსნა-განმარტებითაც და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებითაც; რა დროსაც დასაქმებული (მოსარჩელე/მოწინააღმდეგე მხარე) ყოველ ეტაპზე აქცენტს აკეთებდა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მსგავსი ქმედების განხორციელებაზე, რომელიც მხოლოდ ადამიანური დახმარების გაწევის სურვილით იყო ნაკარნახევი.
10.1.3. არ დასტურდებოდა დასაქმებულის მხრიდან შრომითი მოვალეობების იმ სახის დარღვევა, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სახით ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას გაამართლებდა და შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას ან/და შედარებით მსუბუქი სახდელის დაკისრებას გამორიცხავდა.
მოცემული საკითხის შეფასებისას საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა დასაქმებულის არაკეთილსინდისიერი (მაგალითად, რეპუტაციული ზიანის მიყენების) განზრახვა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო დაინტერესება (მაგ., ფინანსური სარგებელი, გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებისთვის მისი მეგობრის მიერ სარიტუალო მომსახურების გაწევის შეთავაზებისთვის).
გარდა ამისა, საყურადღებო იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებით დადგენილი სამართალდარღვევისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, ისევე, როგორც, ის ფაქტი, რომ ამავე სამსახურის რეკომენდაციიდან გარკვეულწილად იკვეთებოდა თავად დამსაქმებლის ბრალეულობაც, დაევალა რა მას, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ისგან“ მიღებული გამოძახების დისპეტჩერის მიერ ექიმისთვის გადამისამართების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის შემუშავება და ცენტრის თანამშრომლებისთვის გაცნობა, რომლითაც კონკრეტულად იქნებოდა მოწესრიგებული თუ ცენტრის რომელი თანამშრომლისთვის რა მონაცემი უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ასევე, რა მიზნითა და საფუძვლით უნდა დამუშავებულიყო მათ მიერ შესაბამისი პერსონალური მონაცემები.
10.2. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი წარმატებული იყო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 54-ე მუხლი). სადავო ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში სააპელაციო სასამართლომ წარმატებულად მიიჩნია სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნებიც (სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები).
10.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის პირვანდელი სამუშაო ადგილი ვაკანტური არ იყო, რაზეც საქმის განხილვისას არაერთხელ მიუთითა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობის დადასტურება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენას მოითხოვდა, რასაც მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
11. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს დამსაქმებელი, რომლის საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
11.1. არასწორია სასამართლოს მიერ დასაქმებულის ქმედების დარღვევის საკითხის შეფასებისას დამსაქმებლის საქმიანობის სპეციფიკის გაუთვალისწინებლობა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქმე შეეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
საგულისხმოა, რომ, როგორც სასამართლო სხდომებზე დასაქმებულმა გააჟღერა, მსგავსი ქმედება მას პირველად არ ჩაუდენია და „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონი და შინაგანაწესი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მან არაერთხელ დაარღვია.
პაციენტის ოჯახის წევრების მონაცემების დასაქმებულის მიერ კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე გამჟღავნების საკითხზე ინტერნეტგამოცემის საშუალებითაც გამოქვეყნდა პუბლიკაციები და სტატიები, რითიც მოპასუხეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. აქედან გამომდინარე, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დამსაქმებელმა მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად, სამუშაოდან მისი განთავისუფლება გამოიყენა.
11.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მოპასუხემ არაერთხელ აღნიშნა, რომ იგივე პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენის შესაძლებლობას მოკლებული იყო, ვინაიდან მითითებული დროისთვის ვაკანტური პოზიცია არ არსებობდა.
11.3. სამუშაოდან მოსარჩელე იმ მოთხოვნების დარღვევის/შეუსრულებლობის გამო გათავისუფლდა, რაც მასა და დამსაქმებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით, მოპასუხის შინაგანაწესითა და დებულებით იყო გათვალისწინებული, რის გამოც სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა, სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები.
15. სარჩელის დასახელებული მოთხოვნები სშკ-ის 48.8 (გასაჩივრებული ბრძანების მიღების პერიოდისთვის მოქმედი რედაქცია) (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 48.9 (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
16. განსახილველი საკითხების სწორად გადასაწყვეტად, პირველ რიგში, დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების კანონიერებაა გასაანალიზებელი, ე.ი. გამოსარკვევია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას.
დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ უშუალოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).
საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ბუნებრივია, რადგან, მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ასაბუთებს ან ვერ ასაბუთებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი დამსაქმებლის სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია.
გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, რამდენიმე საკითხია საყურადღებო, სახელდობრ:
1). არსებობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით.
ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს.
შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტურ შრომის მოტივაციას შეუქმნის.
ამდენად, იმისთვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვალოს, აუცილებელია, ვლინდებოდეს ისეთი დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-267-2021, 11.06.2021; №ას-997-2020, 10.02.2021; №ას-658-2020, 4.12.2020).
2). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს.
სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. იხ. სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016; №ას-1421-2020, 5.03.2021; №ას-512-2020, 18.02.2021).
3). სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.
მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეშად დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ: Nას-416-399-16, 29.11.2016; Nას-812-779-2016,19.10.2016; Nას-1276-1216-2014, 18.03.2015; Nას-483-457-2015, 7.10.2015).
4). სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა.
ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს.
ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად განთავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).
17. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, დამსაქმებლის სადავო ბრძანების ფორმალური სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსი შემდეგია:
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
გასაჩივრებული ბრძანების ფაქტობრივ საფუძვლად სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 21 სექტემბრის დასკვნაზე მიეთითა, რომლის თანახმად:
- ცენტრის ქ.თბილისის მე-9 რაიონული სამსახურის ექიმის პოზიციაზე მოსარჩელე 2020 წლის 1 იანვრიდან მუშაობს. მოქმედი დისციპლინური სახდელი მას არ აქვს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2022 წლის 8 სექტემბრის წერილის საფუძველზე დასაქმებულის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო.
- მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 1-2 აგვისტოს ცენტრის ქ.თბილისის მე-9 რაიონულ სამსახურში (გარდაცვალების დამაფიქსირებელი ბრიგადა) მორიგეობის გრაფიკის მიხედვით მოსარჩელე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. 1 აგვისტოს, დაახლოებით 19:40 საათზე, ქ.თბილისში, ........ ქუჩიდან მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიგადამ გამოძახება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან „ცენტრის შრომის შინაგანაწესის“ დარღვევის შესახებ მოსარჩელეს გაცნობიერებული ჰქონდა, მისამართზე გასვლამდე მის მეგობარს დაურეკა, რომელიც სარიტუალო მომსახურეობას ეწეოდა, გარდაცვლილი ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე გარდაცვლილ მოქალაქეზე ინფორმაცია და ოჯახის წევრის ტელეფონის ნომერი გადასცა. აღნიშნული გარემოება დასაქმებულის ახსნა-განმარტებითა და მოკვლევის შედეგად მოპოვებული მასალით დასტურდება.
- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ დამსაქმებლის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის შრომის შინაგანაწესის 32.1 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად მოსარჩელეს სამსახურიდან განთავისუფლება დადგენოდა.
18. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება კანონშესაბამისად გაამახვილა საქმეზე გამოვლენილ შემდეგ გარემოებებზე:
- არც სამსახურებრივი მოკვლევა და არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება, დარღვევის არაერთგზისობის თაობაზე მითითებასა და მსჯელობას არ შეიცავდა. სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 21 სექტემბრის მოხსენებით ბარათსა და დასკვნაზე იყო დაფუძნებული სადავო ბრძანება, რომელიც კონკრეტულად 2022 წლის 1 აგვისტოს 19:40 საათზე მიღებული გამოძახების დროს გამოვლენილ დარღვევას შეეხებოდა. იგივე დარღვევას შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებით დადგენილი სამართალდარღვევა. დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით არც მითითებული ქმედების მრავალჯერადი ხასიათი და არც დასაქმებულის რაიმე არაკეთილსინდისიერი/არამართლზომიერი მიზანი ან ინტერესი არ დგინდებოდა. შესაბამისად, სწორედ მხოლოდ აღნიშნულთან მიმართებით უნდა შეფასებულიყო დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის თანაზომიერება.
- არ დგინდებოდა, რომ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებისთვის მისი მეგობრის მიერ სარიტუალო მომსახურების გაწევის შეთავაზებით დასაქმებულს არაკეთილსინდისიერი (მაგალითად, რეპუტაციული ზიანის მიყენების) განზრახვა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო დაინტერესება (მაგ., ფინანსური სარგებელი) ჰქონდა.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებიდან და ამავე სამსახურის რეკომენდაციიდან, გარკვეულწილად, იკვეთებოდა თავად დამსაქმებლის ბრალეულობაც, კერძოდ, მოპასუხეს, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ისგან“ მიღებული გამოძახების დისპეტჩერის მიერ ექიმისთვის გადამისამართების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის შემუშავება და ცენტრის თანამშრომლებისთვის გაცნობა დაევალა, რომლითაც კონკრეტულად იქნებოდა მოწესრიგებული თუ ცენტრის რომელი თანამშრომლისთვის რა მონაცემი უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ასევე, რა მიზნითა და საფუძვლით უნდა დამუშავებულიყო მათ მიერ შესაბამისი პერსონალური მონაცემები.
ამავე გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოქმედების არადამაზიანებელი შინაარსობრივი მხარის, მისი ერთჯერადი არაანგარებითი ხასიათის (მოსარჩელის მხრიდან სხვა მსგავსი გადაცდომის ფაქტი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ არაა დადგენილი), მოსარჩელის როგორც კვალიფიციური, კეთილსინდისიერი მუშაკის ინდივიდუალური მახასიათებლების (დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სხვა დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა დაკისრებული არ აქვს) და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ზემომოყვანილი გარემოებების ერთობლივი ანალიზის გათვალისწინებით კასატორის პირველივე სამსახურებრივი გადაცდომის „უხეშ დარღვევად“ კვალიფიკაცია არასამართლიანი დასკვნაა და სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა.
19. იმის გამო, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც გამოკვეთილია, შესაბამისად, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მათთან მიმართებით არ შეიცავს რელევანტურ საკასაციო პრეტენზიას.
20. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში სხდომების მიმდინარეობისას მოპასუხემ არაერთხელ აღნიშნა, რომ იგივე პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენის შესაძლებლობას მოკლებული იყო, ვინაიდან მითითებული დროისთვის ვაკანტური პოზიცია არ არსებობდა. აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და მის უარსაყოფად შემდეგზე მიუთითებს:
სსსკ-ის მე-4 და 201.4 მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსთვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება.
მოპასუხის მიერ ამ შესაძლებლობის განუხორციელებლობა, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ითვალისწინებს (შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017).
სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს.
კანონის ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და, მას უფლება არ აქვს, შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია.
იმ პირობებში, როდესაც საქმის პირველივე ინსტანციაში განხილვისას დადგინდა მოპასუხე დაწესებულებაში მოსარჩელის თანამდებობის არსებობის ფაქტი, რომლის საწინააღმდეგო რელევანტური მტკიცებულება დამსაქმებელს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკმაყოფილეს მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
21. საკასაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილია მტკიცებულება, კერძოდ, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2025 წლის 31 ოქტომბრის ცნობა, რომლის საქმეზე დართვაზეც კასატორი შუამდგომლობს. სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაზე დართული ხსენებული მტკიცებულება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებების მიღების შესახებ კასატორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ: №ას-308-2025, 23.05.2025).
23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს (205307960) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, მთლიანობაში 3 330 ლარის (მათ შორის: 2025 წლის 29 ოქტომბერს #89800 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 300 ლარის და 2025 წლის 27 ნოემბერს #101494 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 3 030 ლარი) 70% – 2 331 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია