საქმე №ას-983-2025 25 დეკემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „მ–ა ..“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მ–ა .." (ს/კ .....) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 10 მაისიდან. 2017 წლის 6 ნოემბერს, შპს ,,მ–ა ..“-ის წინააღმდეგ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოქალაქე თ.ვ–ძემ და მოითხოვა სესხის სახით გადაცემული 250 000 აშშ დოლარის დაკისრება.
2. სარჩელის აღძვრის პერიოდში, შპს ,,მ–ა 25“-ის 100 % წილის მესაკუთრე იყო შ.ბ–ძე, დირექტორი - ლ.მ–ძე. თ.ვ–ძის მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის - შპს „მ–ა ..“-ის, წარმომადგენლობას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ახორციელებდა ლ.მ–ძე, 2017 წლის 20 ნოემბერს, შპს ,,მ–ა .."-ის 100 %-იანი წილის მფლობელ პარტნიორ შ.ბ–ძეს, დირექტორ ლ.მ–ძესა და ლ.მ–ძეს შორის გაფორმებული #5 იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
3. 20.11.2017 წლის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-4 პუნქტით, ერთის მხრივ, ლ.მ–ძე და მეორეს მხრივ, შპს „მ–ა .."-ის პარტნიორი შ.ბ–ძე და დირექტორი ლ.მ–ძე შეთანხმდნენ იურიდიული მომსახურების ანაზღაურების წესსა და პირობებზე. კერძოდ, ამავე პუნქტის 4.1. ქვეპუნქტის მიხედვით დამკვეთმა იკისრა ვალდებულება ბათუმის საქალაქო სასამართლოში იურიდიული დახმარების გაწევისათვის, ლ.მ–ძისათვის ჰონორარის სახით გადაეხადა დავის საგნის ღირებულების - 250 000 აშშ დოლარის 0,5 პროცენტი, ანუ 1 250 (ათას ორას ორმოცდაათი) დოლარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საბანკო გადარიცხვით, ან ნაღდი ანგარიშწორებით. დავის გაგრძელების შემთხვევაში - აპელაციასა და კასაციაში ,,დამკვეთმა“ იკისრა ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისათვის ჰონორარი იგივე რაოდენობით.
4. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, დავის შპს ,,მ–ა .."-ის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, შპს ,,მ–ა .." და ლ.მ–ძე იღებდნენ ვალდებულებას ადვოკატ ლ.მ–ძისათვის გადაეხადათ დავის საგნის ღირებულების - 250 000 აშშ დოლარის 20 %, ანუ 50 000 აშშ დოლარი, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 თვის ვადაში.
5. იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, ლ.მ–ძეს შპს „მ–ა ..-ისაგან მიღებული აქვს 1250 აშშ დოლარი. მხარეთა შორის სადავოა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული მომსახურებისათვის დამატებით 2500 აშშ დოლარის ანაზღაურების საკითხი. რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა 2500 აშშ დოლარის ლ.მ–ძისათვის ანაზღაურების ფაქტს, გარდა მოპასუხე მხარის სიტყვიერი განმარტებისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასევე არ დასტურდება ლ.მ–ძისათვის იურიდიული მომსახურების საზღაურის სახით 3500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, ვინაიდან ამ გარემოების დამდასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
6. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. სსიპ - შპს ,,მ–ა-.."-ს ლ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების თანხა 20 000 ლარის ოდენობით. მასვე, დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის ანაზღაურება, სახელფასო დავალიანების თანხის - 20 000 ლარის ყოველწლიური 10 %- ის ოდენობით, (რაც წელიწადში შეადგენს 1992 ლარს, ხოლო თვეში შეადგენს 166 ლარს, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე განვლილ 17 თვეზე გაანგარიშებით კი, შეადგენს (166X17) = 2822 ლარს, ჯამში 22 822 ლარის გადახდა, ხოლო 2022 წლის პირველი ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი წესით აღსრულების დაწყებამდე დაეკისროს ყოველთვიურად 166 ლარის გადახდა. - შპს ,,მ–ა .."-ს, შ.ბ–ძეს და ლ.მ–ძეს ლ.მ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიული მომსახურების (დავალების) ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის - 53 750 აშშ დოლარის გადახდა. მათვე, სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი მინიმალური ზიანის - 53 750 აშშ დოლარის წლიური 10 %-ის ანაზღაურება, რაც წელიწადში შეადგენს 5375 აშშ დოლარს, თვეში კი - 447 აშშ დოლარს, ხოლო 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე განვლილ 19 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს (447X19) 8 493 აშშ დოლარს, ჯამში 8 493 ლარის გადახდა. ხოლო 2022 წლის პირველი ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი წესით აღსრულების დაწყებამდე დაეკისროთ ყოველთვიურად 447 აშშ დოლარის გადახდა.
6.2. მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 15 აპრილამდე, დასაქმებული იყო შპს ,,მ–ა .."-ში იურისტის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 500 ლარს. ფინანსური სიძნელეების გამო, შპს ,,მ–ა .."-მა კუთვნილი ხელფასი დროულად ვერ გადაუხადა, რის გამოც 2019 წლის 15 აპრილს, შპს ,,მ–ა .."-ის დირექტორმა ლ.მ–ძემ და 100 %-იანი წილის მესაკუთრე შ.ბ–ძემ, მის წინაშე წერილობით აღიარეს არსებული სახელფასო დავალიანება 20 000 ლარის ოდენობით. ამასთან ვალდებულება იკისრეს, რომ არსებულ დავალიანებას გადაუხდიდნენ ნაწილ-ნაწილ, 2019 წლის ბოლომდე.
6.3. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეებს ნაკისრი ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებიათ და სახელფასო დავალიანება არ აუნაზღაურებიათ.
6.4. 2017 წლის 6 ნოემბერს, ფიზიკურმა პირმა თ.ვ–ძემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შპს ,,მ–ა .."-ის მიმართ წამოიწყო დავა, სესხად აღებული თანხის - 250 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული დავის ფარგლებში, შპს ,,მ–ა .."-ის 100 %-იანი წილის მესაკუთრემ - შ.ბ–ძემ და დირექტორმა ლ.მ–ძემ, 2017 წლის 20 ნოემბერს, ლ.მ–ძესთან დადეს ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, შპს ,,მ–ა .."-მა, შ.ბ–ძემ და ლ.მ–ძემ იკისრეს ვალდებულება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მოსარჩელეს გადაუხდიდნენ დავის საგნის ღირებულების - 250 000 აშშ დოლარის 0,5 %- ს, ანუ 1250 აშშ დოლარს.
6.5. შეთანხმების თანახმად, მოპასუხეებმა იგივე ჰონორარის გადახდის ვალდებულება იკისრეს სააპელაციო სასამართლოსა და საკასაციო ინსტანციებში იურიდიული მომსახურების გაგრძელების შემთხვევაში.
6.6. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, ასევე, იკისრეს ვალდებულება, რომ დავის მათ სასარგებლოდ დამთავრების შემთხვევაში, გადაუხდიდნენ მოსარჩელეს დავის საგნის ღირებულების 20 %-ს, ანუ 50 000 აშშ დოლარს, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 თვის ვადაში.
6.7. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, 2018 წლის 14 ნოემბერს, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად თ.ვ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ,,მ–ა .."-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 250 000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით თ.ვ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ვ–ძემ, რის გამოც მოსარჩელემ საკასაციო სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი მოსაზრებები. უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, თ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. ე.ი. ამ განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით დავა გადაწყდა შპს ,,მ–ა.."-ის სასარგებლოდ.
6.9. ამდენად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელემ სრულად შეასრულა, შესაბამისად, წარმოეშვა შეთანხმებული თანხის მოპასუხეებისგან მოთხოვნის უფლება, რის გადახდაზეც მოპასუხეები უარს ეუბნებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე იძულებულია სასამართლოს მეშვეობით დაიცვას მისი კანონიერი ინტერესები.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხე ლ.მ–ძემ წარდგენილი შესაგებლით, ასევე, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელი ცნო სრულად და განმარტა, რომ ლ.მ–ძე ნამდვილად იყო დასაქმებული შპს ,,მ–ა ..“-ის იურისტად, მას ვერ გადაუხადეს სახელფასო დავალიანება, მიუხედავად იმისა, რომ დავალიანების არსებობის ფაქტი აღიარეს წერილობით და იკისრეს კიდეც ვალდებულება, დაეფარათ დავალიანება ნაწილ-ნაწილ 2019 წლის ბოლომდე.
7.2. რაც შეეხება იურიდიული მომსახურების თანხის გადახდის ვალდებულებას, ეს იყო ნებაყოფლობითი შეთანხმება შპს-ის ინტერესებიდან გამომდინარე და მისი გადახდის ვალდებულება შპს ,,მ–ა.."-თან ერთად ხელშეკრულებით იკისრეს შპს ,,მ–ა .."-ის დირექტორმა და შპს-ის მესაკუთრემ შ.ბ–ძემ.
7.3. მოპასუხეებმა შ.ბ–ძემ და შპს ,,მ–ა ..“-ის წარმომადგენლებმა წარდგენილი შესაგებლით, ასევე, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისას, სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ლ.მ–ძე შპს ,,მ–ა .."-ში დასაქმებული არ ყოფილა და არც მისი ხელფასი შეადგენდა 500 ლარს. ის, რომ დასაქმებული ყოფილიყო იურისტის თანამდებობაზე, მას, უნდა შეესრულებინა იურისტის მოვალეობა, შეედგინა ხელშეკრულებები, წარმოედგინა და დაეცვა შპს ,,მ–ა .."-ის ინტერესები სასამართლოში, რაც არ განუხორციელებია და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია, რაც დაადასტურებდა მის მიერ შრომითი მოვალეობისა და იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტს შპს ,,მ–ა .."-ისათვის.
7.4. მართალია, 2017 წელს, თ.ვ–ძემ შპს ,,მ–ა ..“-ის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი 250 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე და შპს ,,მ–ა ..“-ის წარმომადგენლობას სასამართლოში ახორციელებდა მოსარჩელე ლ.მ–ძე, მაგრამ მისი მხრიდან მოვალეობის არაჯეროვანმა შესრულებამ განაპირობა პირველი ინსტანციის სასამართლოში თ.ვ–ძის სარჩელის დაკმაყოფილება და შპს ,,მ–ა.."-სათვის 250 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ.მ–ძეს არ გაუსაჩივრებია, იგი შპს ,,მ–ა .."-ის დირექტორმა გაასაჩივრა. გარდა ამისა, შ.ბ–ძის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა დამატებითი მტკიცებულებები, რამაც განაპირობა დავის შპს „მ–ა ..-ის“ სასარგებლოდ გადაწყვეტა და თ.ვ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.5. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვას, მოსარჩელეს მასში მონაწილეობა არ მიუღია. შპს ,,მ–ა .."-მა კეთილსინდისიერად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს თითოეული ინსტანციის სასამართლოში გაწეული მომსახურებისათვის მთლიანობაში გადაუხადა 3750 აშშ დოლარი, რაც სრულიად საკმარისია მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით.
7.6. შ.ბ–ძეს, როგორც ფიზიკურ პირს არანაირ ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია, რადგან მოსარჩელეს საადვოკატო მომსახურეობა შ.ბ–ძესთვის არ გაუწევია. არამედ, წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ დავა მიმდინარეობდა შპს ,,მ–ა .."-ის წინააღმდეგ.
7.7. რაც შეეხება ჰონორარის გადახდის წესს, მართალია, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ადვოკატისათვის, შპს ,,მ–ა .."-ის სასარგებლოდ საქმის დასრულების შემთხვევაში, 250 000 აშშ დოლარის 20 %-ის, ანუ, 50 000 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამივე ინსტანციის სასამართლოში მომსახურების გაწევას, მესამე ინსტანციის სასამართლოში კი მოსარჩელეს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, დავა სააპელაციო სასამართლოში შპს ,,მ–ა .."-ის სასარგებლოდ შ.ბ–ძის აქტიური მონაწილეობის შედეგად გადაწყდა.
7.8. მოპასუხე შ.ბ–ძემ, ასევე, მიუთითა, რომ შპს ,,მ–ა .."-ის ყოფილი დირექტორი ლ.მ–ძე არის მოსარჩელე ლ.მ–ძის მეგობარი და ისინი მოქმედებენ შეთანხმებულად. მოსარჩელე სულ რამდენჯერმე არის ნამყოფი შპს-ის ოფისში და იქ დასაქმებული რეალურად არ ყოფილა.
8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება ლ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ,,მ–ა ..“-ს (ს/კ ....) ლ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარისა და 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ,,მ–ა ..“-ს (ს/კ ....) ლ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 3000 ლარისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 50 ლარის, სულ 3050 ანაზღაურება. სარჩელის სხვა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს ,,მ–ა ..-ს" აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების, მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...., 3676 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო მიწის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების, ს/კ .... - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დარჩა უცვლელად.
9. სააპელაციო საჩივარი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელე, ასევე, მოპასუხე მხარეებმა. აპელანტებმა შპს ,,მ–ა ..“-მა და შ.ბ–ძემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ლ.მ–ძის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. აპელანტმა ლ.მ–ძემ კი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და თავისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის მიუღებელი საზღაურის 2500 აშშ დოლარისა და სახელფასო დავალიანების - 20 000 ლარის დროულად გადაუხდელობის გამო განცდილი ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით აპელანტების შპს ,,მ–ა ..“-ის, შ.ბ–ძის და ლ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,მ–ა ..-ს“ ლ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით, მასვე, ლ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის დაყოვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 166 ლარის ოდენობით (20 000 ლარი წლიური 10%-ის ფარგლებში), 2020 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი წესით აღსრულების დაწყებამდე. შპს ,,მ–ა ..“-ს ლ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით (20.11.2017წ.) გათვალისწინებული ჰონორარის ანაზღაურება 2500 აშშ დოლარის ოდენობით. შპს ,,მ–ა 25“-ს და ლ.მ–ძეს ლ.მ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით (20.11.2017წ.) განსაზღვრული თანხის ანაზღაურება 50 000 აშშ დოლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში ლ.მ–ძის სარჩელი მოპასუხეების შპს მ–ა 25-ის, ლ.მ–ძის და შ.ბ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს ,,მ–ა ..-ს" აეკრძალა თავის საკუთრებაში აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების, მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, 3676 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო მიწის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების, ს/კ ...... - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დარჩა უცვლელად.
11. საკასაციო საჩივარი
11.1. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიკვლია მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების - 20 000 ლარისა და ხელფასის დაყოვნებისთვის ზიანის ანაზღაურების ნაწილებში ისე მიიღო, რომ არ შეუფასებია როგორც მტკიცებულებები, ისე მხარეთა ახსნა-განმარტებები. ასევე, არასწორად მიიჩნია, რომ თითქოს მოპასუხემ წარადგინა არასაკმარისი მტკიცებულებები რომლითაც თითქოს ვერ დადგინდა რომ მოსარჩელე არ იყო დასაქმებული მოპასუხესთან. მოპასუხემ წარადგინა შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლთაც დგინდებოდა, რომ მოპასუხე არავითარ დასაბეგრ თანხას არ რიცხავდა მოსარჩელესთან, შესაბამისად, ამით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე არ იყო დასაქმებული მოპასუხესთა. ასევე გაუგებარია, რატომ უნდა დაედო დამატებითი მომსახურების ხელშეკრულება მოპასუხეს მოსარჩელესთან, თუკი ეს უკანასკნელი ისედაც მისი თანამშრომელი იყო.
11.3. ამავდროულად, მოპასუხეს არ ჰქოდა ხელშეკრულების პირობები ბოლომდე გაცნობიერებული, ხოლო სსკ-ის 52-ე მუხლი ნების გონივრულ განსჯას ანიჭებს უპირატესობას ვიდრე გამოთქმის სიტყვასიტყვით აზრს.
11.4. კასატორს ასევე გონივრულად მიაჩნია ჰონორარის სახით 50 000 აშშ დოლარის ადვოკატისთვის გადახდა ისეთ ვითარებაში, როდესაც დავის საგანი 250 000 აშშ დოლარს წარმოადგენდა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
19. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
20. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
21. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
22. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
23. განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და საადვოკატო მომსახურებისთვის შეთანხმებით განსაზღვრული ჰონორარის გადახდის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება. უნდა აღნიშნოს, რომ კასაცია წარმოდგენილია მხოლოდ შპს „მ–ას“ სოლიდარული ვალდებულების შედავების ნაწილში, შესაბამისად, საჩივრის ფასი ამ კუთხით განისაზღვრება ნახევრით, ამიტომ ამ ნაწილში იქნება სასამართლო უფლებამოსილი განიხილოს საჩივარი.
24. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ კასაციაში მითითებულ ამ არგუმენტებზე. შესაბამისად, შესაფასებელი იქნება შრომით-სამართლებრივი და სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში სავარაუდოდ წარმოშობილი მოთხოვნების საფუძვლიანობა.
25. საკასაციო საჩივრის პირველი შედავება დაფუძნებულია შემდეგ არგუმენტს: სახელფასო დავალიანების - 20 000 ლარის ნაწილში სასამართლომ არასრულფასოვნად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები. მოპასუხემ წარადგინა შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხე მოსარჩელის სახელზე არ რიცხავდა დასაბეგრ ანაზღაურებას. აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელე არ იყო შპს „მ–ა ..“-ში დასაქმებული. სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გადაანაწილა დასაქმების ფაქტის დადასტურების კუთხით.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რადგან აღნიშნული ურთიერთობა მხარეებს შორს შრომით-სამართლებრივია, შესაბამისად, მასზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით - „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ლეგალური ჩარჩო და უზენაესი სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკა. კერძოდ, სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის მე-2.1 და 31.2-ე მუხლების მოთხოვნებიდან, (დღეს მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლი), რომელთა მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომის ანაზღაურება კი უნდა გაიცეს თვეში ერთხელ. აღნიშნული ნორმები ცალსახად მიუთითებს შრომითი ხელშეკრულების ორმხრივმავალდებულებელ შინაარსზე, კერძოდ, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ის სამუშაო, რაც მხარეთა შორის გახდა შეთანხმების საგანი, ხოლო თავად დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ხელფასი.
27. მართალია, მტკიცების ტვირთის კლასიკური გადანაწილება ზემოაღნიშნული წესით მოქმედებს სამოქალაქო დავებში, მაგრამ მათგან გამოირჩევა შრომით-სამართლებრივი დავები, სადაც მტკიცების ტვირთის განსხვავებული მოწესრიგება მოქმედებს. აღნიშნული განსხვავება განპირობებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების სამართლიანი დაბალანსების მიზნით, რადგან შრომით დავებში დასაქმებული ყოველთვის სუსტ მხარედ წარმოჩინდება დამსაქმებელთან შედარებით. სწორედ ამის გამო, პროცესუალური უფლებრივი ბალანსი მოითხოვს მტკიცებითი ნაწილის განსხვავებულ მოწესრიგებას, როდესაც სუსტი მხარის ვალდებულება ხდება სასამართლოს წარუდგინოს მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდი უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო შემდგომ მისი უარყოფის მტკიცების ტვირთი მთლიანად დამსაქმებელზე გადადის.
28. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი შინაარსის სასარჩელო მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას შეეხება. კერძოდ, დადგენილია, რომ 2019 წლის 15 აპრილს, ერთის მხრივ ადვოკატმა ლ.მ–ძემ და მეორეს მხრივ შპს ,,მ–ა .."-ის დირექტორმა ლ.მ–ძემ და პარტნიორმა შ.ბ–ძემ, გააფორმეს შეთანხმება, რომლითაც ლ.მ–ძემ და შ.ბ–ძემ წერილობით დაადასტურეს, რომ ლ.მ–ძე შპს ,,მ–ა 25“-ის იურისტად მუშაობდა 2016 წლის 1 იანვრიდან შეთანხმების გაფორმების დღემდე და მისი ყოველთვიური ხელფასი (ხელზე მისაღები) შეადგენდა 500 ლარს. ფინანსური სიძნელეების გამო ლ.მ–ძეზე ხელფასი არ გაცემულა, რის გამოც შეთანხმების გაფორმების დღის მდგომარეობით სახელფასო დავალიანება შეადგენდა 20 000 ლარს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლ.მ–ძის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა მოხდებოდა ნაწილ-ნაწილ, 2019 წლის ბოლომდე, რაზეც შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტები.
29. წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმება დამოწმებული იქნა, როგორც ლ.მ–ძის, ასევე, შპს „მ–ა 25“-ის დირექტორის ლ.მ–ძისა და 100% წილის მფლობელი პარტნიორის შ.ბ–ძის ხელმოწერებით. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 15.04.2019 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული სახელფასო დავალიანების თანხა 20 000 ლარი ლ.მ–ძეს დღემდე ანაზღაურებული არ აქვს.
30. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია იმისთვის, რომ დადასტურდეს მოპასუხის მიერ დასაქმებულისთვის ხელფასის გადაუხდელობის ფაქტი. კასატორის მარტოოდენ შემოსავლების სამსახურის ცნობაზე მითითება ვერ იქნება საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მან უშუალოდ დასაქმებულს გადაუხადა შრომის ანაზღაურების დავალიანება, რადგან შემოსავლების სამსახურის ცნობა არ ადასტურებს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ფაქტს. ამავდროულად, დამსაქმებელი, შრომითი დავის პროცესუალური რეჟიმიდან გამომდინარე, ვალდებული იყო მტკიცების შესაბამისი სტანდარტით დაედასტურებინა ხელფასის ანაზღაურების ფაქტი, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც აღნიშნული მტკიცება დადებითი და არა უარყოფითი ფაქტის დადასტურებას გულისხმობს. ამის მიუხედავად, მისი კასაციური შედავება, ამ კუთხით, არაკვალიფიციური ხასიათისაა, რადგან კასატორის (შემოსავლების ცნობის გარდა) შედავება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების არასრულ გამოკვლევაზეა მითითებული კონკრეტიკის გარეშე. მარტოოდენ ფორმალურ შედავებას კი საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
31. რაც შეეხება ხელფასის დაყოვნების გამო ზიანის ანაზღაურებაზე პრეტენზიას, კასატორის არგუმენტაცია ანალოგიურადაა წარმოდგენილი, როგორც ზემოაღნიშნულ შემთხვევაში - ფორმალური სახით. მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს სშკ-ის 31.3-ე (დღეს მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლი) (დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (დღეს მოქმედი რედაქციის 44-ე მუხლი), (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებზე. მითითებული ნორმების სისტემური ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დამსაქმებელს ყოველთვის ეკისრება დაყოვნებული თანხის ყოველდღიური 0.07 %-ის გადახდა დასაქმებულის მიერ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
32. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მოწესრიგების საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ რადგან დადგენილია მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები, ასევე გამართლებულია აღნიშნული თანხის დაყოვნებისგან მიყენებული მიუღებელი შემოსავლის, როგორც ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
33. საკასაციო საჩივრის მეორე შედავება დაფუძნებულია შემდეგ არგუმენტს: სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, წარმომადგენლის მომსახურების ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის 4%-ს, მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხეს სააპელაციო სასამართლომ დააკისრა არა 4, არამედ 20%. შპს „მ–ა 25“-ს არ ჰქონდა ჰონორარის სახელშეკრულებო დანაწესის ბოლომდე გაცნობიერების უნარი.
34. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს დასახელებული 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოწესრიგებაზე, რომელიც ნამდვილად განსაზღვრავს 4%-იან ბარიერს ადვოკატის მომსახურების ხარჯისთვის, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ 4%-იანი ლიმიტი ამ შემთხვევაში პროცესის მონაწილე წაგებულ მხარეს ეკისრება მოგებული მხარის სასარგებლოდ და ის არ ადგენს ზოგად ლიმიტს დავის საგანსა და მომსახურების ანაზღაურებას შორის. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის არგუმენტად მოყვანა არარელევანტურია.
35. სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
36. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება წარმოადგენს წმინდა სახელშეკრულებო ურთიერთობას, როდესაც თავად მხარეები განსაზღვრავენ პირობებს ხელშეკრულების დადების თავისუფლებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 6 ნოემბერს, ფიზიკურმა პირმა თ.ვ–ძემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს ,,მ–ა ..“-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის სესხის გარიგებიდან გამომდინარე 250 000 აშშ დოლარის დაკისრება. შპს ,,მ–ა ..“-ის წინააღმდეგ თ.ვ–ძის მიერ აღძრულ დავაში შპს ,,მ–ა ..“-ის ინტერესებს წარმოადგენდა ადვოკატი ლ.მ–ძე, მხარეთა შორის 2017 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების (დავალების) ფარგლებში.
37. მხარეთა შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების (დავალების) 4.1. პუნქტის შესაბამისად, ერთის მხრივ ლ.მ–ძე, მეორეს მხრივ შპს ,,მ–ა .."-ის 100 %-იანი წილის მფლობელი შ.ბ–ძეს და დირექტორი ლ.მ–ძე შეთანხმდნენ, რომ ,,დამკვეთი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში იურიდიული დახმარების გაწევისათვის ჰონორარის სახით ,,შემსრულებელს“ გადაუხდის დავის საგნის - 250 000 აშშ დოლარის 0,5-ს, ანუ 1 250 (ათას ორას ორმოცდაათი) დოლარს, ხოლო დავის გაგრძელების შემთხვევაში - აპელაციასა და კასაციაში ,,დამკვეთი“ ვალდებულია ,,შემსრულებელს“ გადაუხადოს იმავე ოდენობის ჰონორარი.
38. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დავის შპს ,,მ–ა .."-ის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, შპს ,,მ–ა .." და ლ.მ–ძე ვალდებულებას იღებენ ადვოკატ ლ.მ–ძეს გადაუხადონ დავის საგნის - 250 000 აშშ დოლარის 20 %, ანუ 50 000 აშშ დოლარი, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 თვის ვადაში.
39. ასევე დადგენილია, რომ სამოქალაქო დავა თ.ვ–ძის სარჩელის გამო შპს ,,მ–ა ..“- ის წინააღმდეგ, სესხის სახით გაცემული 250 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, სამივე ინსტანციის სასამართლოში განხილვის შედეგად დასრულდა შპს ,,მ–ა ..“-ის სასარგებლოდ.
40. დადგენილია, რომ ლ.მ–ძე, როგორც შპს „მ–ა ..“-ის წარმომადგენელი, იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მონაწილეობას იღებდა პირველ და მეორე ინსტანციაში თ.ვ–ძის სარჩელის გამო წარმოებული სამოქალაქო საქმის განხილვაში, რაც ასახულია ამავე სასამართლოთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში. ასევე, დადგენილია, რომ აღნიშნული საქმე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე. პალატა იზიარებს ლ.მ–ძის განმარტებას იმის თაობაზე, რომ საკასაციო წარმოების ფარგლებში მის მიერ მომზადდა და საკასაციო სასამართლოს წარედგინა წერილობითი პასუხი თ.ვ–ძის საკასაციო საჩივარზე, რასაც სრულად ადასტურებს სადავო პერიოდში შპს „მ–ა 25- ის“ დირექტორი ლ.მ–ძე.
41. აღნიშნული გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ლ.მ–ძემ სრულად და ჯეროვნად შეასრულა დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მოპასუხეს სრულად არ გადაუხდია აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული იურიდიული მომსახურების საფასური. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ლ.მ–ძეს ანაზღაურებული აქვს მხოლოდ 1250 ლარი.
42. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ თითქოს მოპასუხეს არ ჰქნოდა გაცნობიერებული ხელშეკრულების პირობების შინაარსი, და რომ სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს რეალური პირობა, საკასაციო პალატა ვერც ამას გაიზიარებს. მოპასუხე მხარე იურიდიული პირია, რომელსაც ჰქონდა ხელშეკრულების სამართლებრივი დამუშავების მეტი უნარი და ბერკეტი, ვიდრე ამას ფიზიკური პირი შეძლებდა, შესაბამისად, იურიდიული პირის მიერ მითითება გონივრულ განსჯაზე, რომ ის გაუცნობიერებლად შევიდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სამართლებრივი არგუმენტირების თვალსაზრისით არარელევანტურია.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
44. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი
45. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–ა ..“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „მ–ა ..“-ს (ს.კ. .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N28575636350; გადახდის თარიღი: 31.07.2025) 3721.9 ლარის 70% - 2605,3 ლარი; ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ბ–ძის (პ.ნ. ....... სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N29321215732; გადახდის თარიღი: 15.09.2025) 2979.3 ლარის 70% - 2085,5 ლარი; ასევე დაუბრუნდეს
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი