Facebook Twitter

საქმე №ას-1520-2024 30 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - შპს „ა.ი–ი“, ი.ზ.ქ–უ, ნიაზი

რასულოვი, ი.ა–ძე, ი.დ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ა.ი–ი“ (ს/ნ ........) მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა 2003 წლის 28 მარტს ბათუმის რაიონის სასამართლოს მიერ (რეგისტრაციის N01/04-1691). კომპანიის პარტნიორები არიან: ი.ზ.ქ–უ (32.5%), ნ.რ–ვი (17.5%), ი.ა–ძე (12.5%), ი.დ–ი (12.5%) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (25%). შპს „ა.ი–ის“ დირექტორია - დ.ა–ძე.

2. შპს „ა.ი–ის“ 25%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით) მიერ 2018 წლის 30 მაისის N01-01- 10/2308 წერილით მოწვეულ იქნა შპს „ა.ი–ის“ პარტნიორთა საერთო კრება 2018 წლის 28 ივნისს 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, ......... (I სართული, სააქტო დარბაზი) შემდეგი დღის წესრიგით: შპს „ა.ი–ის“ დირექტორის დ.ა–ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და შპს „ა.ი–ის“ დირექტორის თანამდებობაზე მ.მ–ძის დანიშვნა.

3. 2018 წლის 28 ივნისს 12:00 საათზე ვერ ჩატარდა შპს „ა.ი–ის“ პარტნიორთა საერთო კრება, ვინაიდან კრებას ესწრებოდა შპს „ა.ი–ის“ 25%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით, წარმომადგენელი - პ.ბ–ძე).

4. შპს „ა.ი–ის“ 25%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით) მიერ 2018 წლის 4 ივლისის N01-01- 10/2916 წერილით განმეორებით იქნა მოწვეული შპს „ა.ი–ის“ პარტნიორთა საერთო კრება 2018 წლის 30 აგვისტოს 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, ...... (I სართული, სააქტო დარბაზი) შემდეგი დღის წესრიგით: შპს „ა.ი–ის“ დირექტორის დ.ა–ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და შპს „ა.ი–ის“ დირექტორის თანამდებობაზე მ.მ–ძის დანიშვნა.

5. 2018 წლის 30 აგვისტოს 12:00 საათზე ჩატარდა შპს „ა.ი–ის“ პარტნიორთა საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდა შპს „ა.ი–ის“ 25%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით, წარმომადგენელი - პ.ბ–ძე) და ხმის უფლების გარეშე მ.მ–ძე (დირექტორობის კანდიდატი).

6. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით შპს „ა.ი–ის“ დირექტორი დ.ა–ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შპს „ა.ი–ის“ დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა მ.მ–ძე.

7. შპს „ა.ი–ის“ 25%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა - აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ (წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით) 2018 წლის 3 სექტემბრის N01-01-10/3610 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და კრების ოქმების საფუძველზე ითხოვა შპს „ა.ი–ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ, შპს „ა.ი–ის“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, საზოგადოების დირექტორად მ.მ–ძის რეგისტრაცია.

8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 სექტემბრის NB18093901/3 გადაწყვეტილებით აღნიშნულ განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ პარტნიორთა კრებების მოწვევის შესახებ შეტყობინებები არ ჩაბარებია საზოგადოების ყველა პარტნიორს. განმცხადებელს წარდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა.

9. შპს „ა.ი–ის“ (ს/ნ ..........) 25%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა - აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ (წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით) აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 17 სექტემბერს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი.

10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N398231 გადაწყვეტილებით აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, 2018 წლის 20 სექტემბრის N402257 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ საჩივარზე განხილვის ვადა გაგრძელდა, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N B18093901/4 გადაწყვეტილებით განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის N437887 გადაწყვეტილებით კი, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

12. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

12.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავალდებულება, განახორციელოს შპს „ა.ი–ის“ (ს/კ .......) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 3 სექტემბრის N01-01/10/3610 წერილისა და შპს „აჭარა- ინვესტის“ (ს/კ .......) კრების N1 და N2 ოქმების საფუძველზე განახორციელოს შპს „ა.ი–ის“ (ს/კ 245441080) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაცია.

12.2. შპს „აჭარა ინვესტი“-ს პარტნიორთა კრების 2003 წლის 26 მარტის N1 ოქმის საფუძველზე შპს „ა.ი–ი“-ს დირექტორად დაინიშნა დ.ა–ძე (პ/ნ 61001003862). მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შპს „აჭარა ინვესტი“-ს დირექტორი ჯეროვნად ვერ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. მიუხედავად არაერთი მოწვევისა, საზოგადოების პარტნიორთა კრებაზე არ ცხადდებოდა, რაც განაპირობებდა საზოგადოების ფუნქციონირების შეფერხებას. აღნიშნულის გათვალისწინებით დღის წესრიგში დადგა საკითხი შპს „ა.ი–ი“-ს დირექტორის შეცვლის თაობაზე.

12.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსაგან“ გამოთხოვილი იქნა შპს „ა.ი–ის“ (ს/ნ .......) დირექტორის და დამფუძნებელი პარტნიორების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და იურიდიული მისამართების შესახებ ინფორმაცია, რაც წარმოდგენილი იქნა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2018 წლის 20 თებერვლის N87164 და 23 თებერვლის N94286 წერილებით.

12.4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 30 მაისის N01-01-10/2308 წერილით (დაზღვეული საფოსტო გზავნილით) შპს „ა.ი–ის“ პარტნიორთა საერთო კრებაზე მოწვეული იქნენ დამფუძნებელი პარტნიორები, საზოგადოების დირექტორი დ.ა–ძე და მოქალაქე მ.მ–ძე (დირექტორობის კანდიდატი). ასევე, ასლი გაეგზავნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (დღის წესრიგი: დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და შპს „ა.ი–ის“ დირექტორის თანამდებობაზე მ.მ–ძის პ/N........ დანიშვნა). წერილი ჩაბარდა მხოლოდ 12,5% წილის მფლობელს ი.ა–ძეს, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოქალაქე მ.მ–ძეს (დირექტორობის კანდიდატი), 32,5%-ის მფლობელ ი.ზ.ქ–უზე გაგზავნილი წერილი მიღებულია თურქეთის საფოსტო სერვის ცენტრში, ხოლო დ.ა–ძეზე, ი.დ–ზე და ნ.რ–ზე წერილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

12.5. 2018 წლის 30 მაისს ჩატარდა პარტნიორთა საერთო კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუუნარო იყო ვინაიდან, ესწრებოდა მხოლოდ 25%-იანი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით) რაზედაც გაფორმებული იქნა კრების ოქმი N1.

12.6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის N01-01-10/2916 წერილით, ხელმეორედ, იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით მოწვეული იქნა შპს „ა.ი–ის“ პარტნიორთა კრებაზე დამფუძნებელი პარტნიორები, საზოგადოების დირექტორი და მოქალაქე მ.მ–ძე (დირექტორობის კანდიდატი). აღნიშნული საერთო კრების შესახებ ინფორმაცია დამატებით ეცნობა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“. ზემოაღნიშნული წერილი ჩაბარდა მხოლოდ მოქალაქე მ.მ–ძეს (დირექტორობის კანდიდატი), ხოლო დ.ა–ძეს, ი.დ–ს, ი.ზ.ქ–უს და ნ.რ–ს წერილი კვლავ ვერ ჩაბარდა. მეორედ ჩატარებულ პარტნიორთა საერთო კრებას ესწრებოდა 25%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით).

12.7. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი გადაწყდა დადებითად და შპს „ა. ი–ის“ დირექტორი დ.ა–ძე (პ/ნ .........) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შპს „ა.ი–ის“ (ს/ნ ......) დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა მ.მ–ძე (პ/ნ ......), რაზედაც 2018 წლის 30 აგვისტოს გაფორმდა პარტნიორთა საერთო კრების N2 ოქმი.

12.8. შპს „ა.ი–ის“ (ს/ნ .........) კრების N1 და N2 ოქმების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 3 სექტემბრის N01-01/10/3610 წერილით სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ ეროვნულ სააგენტოს“ ეთხოვა შპს „ა.ი–ის“ (ს/ნ ......) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, საზოგადოების დირექტორად (მოქალაქე მ.მ–ძის 2018 წლის 23 მაისის N01-01-09/3346 განცხადება) დაერეგისტრირებინა მ.მ–ძე (პ/ნ .......).

12.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 სექტემბრის NB18093901/3 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ პარტნიორთა კრებების მოწვევის შესახებ შეტყობინებები არ ჩაბარებია საზოგადოების ყველა პარტნიორს. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ, დამატებით წარმოსადგენია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

12.10. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება სამინისტროს 2018 წლის 17 სექტემბრის N01-01-10/3733 ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოთხოვნილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 სექტემბრის NB18093901/3 გადაწყვეტილების ბათილად ცობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 3 სექტემბრის N01-01/10/3610 წერილისა და შპს „ა.ი–ის“ (ს/ნ ........) კრების N1 და N2 ოქმების საფუძველზე შპს „ა.ი–ის“ (ს/ნ .......) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება.

12.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის NB18093901/4 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო 2018 წლის 18 ოქტომბრის N437887 გადაწყვეტილებით სამინისტროს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

12.12. მოსარჩელის განმარტებით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებაზე.

13. მოპასუხის შესაგებელი

13.1. მოპასუხემ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საზოგადოების ყველა პარტნიორს შეტყობინებები 2018 წლის 28 ივნისისა და 2018 წლის

13.2. 30 აგვისტოს კრებების ჩატარების შესახებ არ ჩაბარებია, რის გამოც 2018 წლის 30 აგვისტოს მოწვეული კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით. პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება კრების მოწვევის შესახებ ჩაბარდებოდა საზოგადოების ყველა პარტნიორს და ჩაბარების მიუხედავად ისინი არ გამოცხადდებოდნენ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13.3. მოპასუხეების: შპს „ა.ი–ის“, ი.ზ.ქ–უს, ნ.რ–ვის, ი.ა–ძისა და ი.დ–ის პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია. მათ არც წერილობითი პასუხი (შესაგებელი) არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულან. თუმცა, მოპასუხეებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით) ეცნობათ სასამართლო სხდომის გამართვის დღის, დროისა და ადგილის თაობაზე.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე დაკმაყოფილდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა განახორციელოს შპს „ა.ი–ის“ (ს/კ ........) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 3 სექტემბრის N01-01/10/3610 წერილისა და შპს „ა.ი–ის“ (ს/კ ........) კრების N1 და N2 ოქმების საფუძველზე განახორციელოს შპს „ა.ი–ის“ (ს/კ ........) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაცია.

15. სააპელაციო საჩივარი

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

17. საკასაციო საჩივარი

17.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17.2. კასატორის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვერ განახორციელებს შპს „ა.ი–ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას, რადგანაც კომპანიის 25% წილის მესაკუთრე პარტნიორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის შესაბამისობაში კანონით და საწარმოს წესდებით დადგენილ მოთხოვნებთან. კერძოდ, პარტნიორთა კრება არ მოწვეულა კანონით დადგენილი წესით, ამავდროულად, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის დამოწმებული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად - ნოტარიუსთან.

17.3. კასატორის მოსაზრებით, განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. ასევე, არასწორადაა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

17.4. კასატორის მითითებით, წარდგენილ ცვლილების რეგისტრაციის განცხადებაზე დაწყებული წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მიღებულია იმ საფუძვლით, რომ პარტნიორთა კრებების მოწვევის შესახებ შეტყობინებები არ ჩაბარებია საზოგადოების ყველა პარტნიორს. კანონი ავალდებულებს საზოგადოებას, კრების დანიშვნის შესახებ შეატყობინოს ყველა პარტნიორს. სწორედ ამის შემდეგაა კრება გადაწყვეტილებაუნაიანი თუნდაც პარტნიორები არ გამოცხადდნენ კრებაზე. მოცემულ შემთხვევაში კი არ დასტურდება რომ ორივე კრების მოწვევის შეტყობინება არ ჩაბარებია ყველა პარტნიორს.

17.5. რადგან განმცხადებელს მიეცა 30 დღიანი ვადა წარმოედგინა კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ხოლო ამ ვადაში მან ვერ შეძლო ხარვეზის გამოსწორება, რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა აღნიშნული წარმოება. ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა, რომ კრების შესახებ შეტყობინება მხოლოდ ჩაბარდა 12,5 წილის მესაკუთრე ი.ა–ძეს, ხოლო კრებას ესწრებოდა 25% წილის მესაკუთრე პარტნიორს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი. ხოლო 2018 წლის 30 აგვისტოს კრების ოქმით N1, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს წერილით, იგივე დღისწესრიგით, ხელმეორედ ჩაინიშნა კრება, თუმცა შეტყობინება არ ჩაბარდა რომელიმე პარტნიორს. სწორედ აღნიშნულ კრებაზე გადაწყდა იმჟამინდელი დირექტორის - დ.ა–ძის თანამდებობიდან გათავისუფლება და მის ადგილზე ახალი დირექტორის - მ.მ–ძის დანიშვნა. აღნიშნული კრების ოქმები ასევე არ არის დამოწმებული კანონის შესაბამისად, რითაც ვერ დასტურდება ხელმომწერ პირთა ნამდვილობა.

17.6. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ თითქოს რეესტრს არ უმსჯელია ხელმოწერების ავთენტურობაზე, მაშინ, როდესაც რეესტრის გადაწყვეტილებაში პირდაპირაა მითითებული აღნიშნული ვალდებულების არსებობის შესახებ. კერძოდ, რეესტრის გადაწყვეტილების 3.2.8 პუნქტში პირდაპირაა აღნიშნული საკითხი განხილული. ასევე, სასამართლოს არ უმსჯელია რატომ არ წარმოადგენდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას კანონით დადგენილი წესით დამოწმებული კრების ოქმის წარუდგენლობა, რაც სწორედ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეწყდა წარმოება.

17.7. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის“ ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-20, 22-ე, ასევე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის სისტემური ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ აუცილებელი იყო წარდგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერების ავთენტურობის დადასტურება, რასაც ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

25. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

26. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

27. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

28. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

29. განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ კომპანიის ხელმძღვანელის ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლების შეფასება.

30. 01.01.2022 წლამდე რედაქციით მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

31. ამავე კანონის 91 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში - დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).

32. დასახელებული კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. მე-4 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი წესდებით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

33. კანონის მე-5 და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საწარმოს რეგისტრაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს პარტნიორის (პარტნიორების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის საცხოვრებელ მისამართს („დ“ ქ/პუნქტი). აღნიშნული მოწესრიგება ცალსახად ადგენს, რომ საზოგადოების პარტნიორს სარეგისტრაციო განაცხადში სწორი მონაცემების ასახვის ვალდებულება აკისრია, შესაბამისად, რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა.

34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის აღიარებს პარტნიორთა კრებას, როგორც საზოგადოების უმაღლესს მმართველობით ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებებიც ე.წ. “business as usual”-მოქმედების ფარგლებს სცდება, რასაც არსებითი გავლენა აქვს საზოგადოების ეგზისტენციალურობაზე. სწორედ ამიტომ, პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს რაც წესდებით ან შესაბამისი კანონისმიერი იმპერატივითაა მოწესრიგებული. მოცემულ შემთხვევაში, ყურადღება უნდა გამახვილდეს შპს „ა.ი–ის“ წესდებაზე, რომელიც არ საზღვრავს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესისგან განსხვავებულ მოწესრიგებას.

35. პარტნიორთა რეალური და დადასტურებადი ინფორმირების უზრუნველყოფა შესაძლებელია დაზღვეული წერილის გაგზავნით, რომელიც წარმოადგენს ობიექტურ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ შეტყობინება გაიგზავნა კონკრეტულ ადრესატთან შესაბამისი სახის შინაარსით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წერილის მიღების მიმართ წარმოშობილ დავის რისკს. შესაბამისად, აღნიშნული წერილი უნდა იძლეოდეს ჩაბარების დასტურით დამტკიცების შესაძლებლობას. შეტყობინების ასეთი მეთოდი განსაკუთრებულად აუცილებელია, რადგან უზრუნველყოფილი იყოს პარტნიორთა უფლება კრებისა და საზოგადოების საქმიანობის შესახებ დროულად ინფორმირებულობის შესახებ, რათა შეეძლოს საკუთარი პოზიციის გონივრულ ვადაში დაფიქსირება და მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

36. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი - დ.ა–ძე არ ახორციელებს მისთვის ნაკისრ ვალდებულებას. ასევე, დადგენილია, რომ შპს „ა.ი–ის“ 25%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით) მიერ 2018 წლის 30 მაისის N01-01-10/2308 წერილით მოწვეულ იქნა შპს „ა.ი–ის“ პარტნიორთა საერთო კრება 2018 წლის 28 ივნისს 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, .......... (I სართული, სააქტო დარბაზი) შემდეგი დღის წესრიგით: შპს „ა.ი–ის“ დირექტორის დ.ა–ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და შპს „ა.ი–ის“ დირექტორის თანამდებობაზე მ.მ–ძის დანიშვნა. ასევე დადგენილია, რომ კრების თაობაზე ინფორმაცია დაზღვეული წერილის სახით გაეგზავნათ შპს „ა.ი–ის“ პარტნიორებს და დირექტორს სსიპ საჯარო რეესტრში არსებულ მისამართებზე. კერძოდ, დ.ა–ძეს - ბათუმი, ........; ი.ა–ძეს - თბილისი, ..........., ბინა 42; ი.დ–ის - თბილისი, .........; ი.ზ. გ. - თურქეთი, ქ. დიარბაქირი, .........) და ნ.რ–ვის - აზერბაიჯანი, ქ. გენჯა, .......... კრებაზე ასევე მოწვეულ იქნა დირექტორობის კანდიდატი - მ.მ–ძე. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება ჩაბარდათ მხოლოდ ი.ა–ძეს და ი.დ–ს, რის გამოც 2018 წლის 28 ივნისის პარტნიორთა საერთო კრება გადაწყვეტილებაუუნარო იყო და ვერ მოხერხდა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

37. შპს „ა.ი–ის“ 25%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით) მიერ 2018 წლის 4 ივლისის N01-01- 10/2916 წერილით განმეორებით იქნა მოწვეული შპს „ა.ი–ის“ პარტნიორთა საერთო კრება 2018 წლის 30 აგვისტოს 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, ........ (I სართული, სააქტო დარბაზი) შემდეგი დღის წესრიგით: შპს „ა.ი–ის“ დირექტორის დ.ა–ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და შპს „ა.ი–ის“ დირექტორის თანამდებობაზე მ.მ–ძის დანიშვნა. აღნიშნული წერილი დაზღვეული სახით გაეგზავნათ შპს „ა.ი–ის“ პარტნიორებს და დირექტორს იმავე მისამართებზე. კერძოდ, დ.ა–ძეს - ბათუმი, .........; ი.ა–ძეს - თბილისი, ...........; ი.დ–ის - თბილისი, ..........; ი.ზ.გ–უს - თურქეთი, ქ. დიარბაქირი, .........) და ნ.რ–ვის - აზერბაიჯანი, ქ. გენჯა, ....... კრებაზე ასევე მოწვეულ იქნა დირექტორობის კანდიდატი - მ.მ–ძე. დადგენილია, რომ კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება ჩაბარდათ მხოლოდ ი.ა–ძეს, ი.დ–ს, დ.ა–ძეს და მ.მ–ძეს. 2018 წლის 30 აგვისტოს ჩატარდა შპს „ა.ი–ის“ პარტნიორთა საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდა შპს „ა.ი–ის“ 25%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით, წარმომადგენელი - პ.ბ–ძე) და ხმის უფლების გარეშე მ.მ–ძე (დირექტორობის კანდიდატი). კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ა.ი–ის“ დირექტორის დ.ა–ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შპს „ა.ი–ის“ დირექტორის თანამდებობაზე მ.მ–ძის დანიშვნის შესახებ.

38. ასევე დადგენლია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა შპს „ა.ი–ის“დირექტორისა და დამფუძნებელი პარტნიორების საიდენტიფიკაციო მისამართები და იურიდიული მისამართების შესახებ ინფორმაცია. ასევე, დადგენილია, რომ შეტყობინება პარტნიორთა კრების გამართვის დროის, ადგილისა და თარიღის შესახებ, დღის წესრიგის მითითებით შპს „ა.ი–ის“ დირექტორსა და პარტნიორებს დაზღვეული წერილით გაეგზავნათ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიწოდებულ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არსებულ მისამართებზე.

39. რაც შეეხება ნოტარიულად დამოწმების ვალდებულების მიმართ არსებულ შედავებას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, კრებას ესწრებოდა ერთადერთი პარტნიორი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხთან მიმართებით და აღნიშნულმა პარტნიორმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ცვლილების განხორციელებასთან მიმართებით. ასევე, საგულისხმოა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების წარმოების შეჩერებასთან, შეწყვეტასთან და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან მიმართებით, აღნიშნულ მითითებას არ შეიცავს და შესაბამისად დაუსაბუთებელია დღეის მდგომარეობით იმ გარემოებებზე აპელირება, რასთან მიმართებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადების განხილვის ეტაპზე სათანადო დავალება არ გაუცია.

40. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩო და ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ საზოგადოებამ დაიცვა კანონით დადგენილი შეტყობინების ვალდებულება, ასევე, არ არსებობდა ნოტარიული დამოწმების ვალდებულება, რის გამოც 2018 წლის 30 აგვისტოს შპს „ა.ი–ის“ პარტნიორთა საერთო კრება უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე - გაეთავისუფლებინა დ.ა–ძე დაკავებული თანამდებობიდან და დირექტორად დაენიშნა მ.მ–ძე.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

42. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი

43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო მოთხოვნა: N65006; გადახდის თარიღი: 05.12.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი