Facebook Twitter

საქმე №ას-1541-2025 16 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.ხ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ნ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით ი.ხ–ვას (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ნ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, .........., ს/კ:№.........და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - მოსარჩელე.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1 უძრავი ნივთი, მდებარე ქ.თბილისში, ........., ს/კ №.......... (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად;

2.2 მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაშია;

2.3 სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 170.1, 168-ე და 172-ე მუხლებით და მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაშია, რომელსაც მოპასუხე ფლობს და ფლობის მართლზომიერებას ვერ ასაბუთებს, მესაკუთრეს არ უნდა შეეზღუდოს მისი ქონებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება.

2. სააპელაცო პალატამ აპელანტის პრეტენზიები არ მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებად. აპელანტი სააპელაციო საჩივარსა და შესაგებელშიც მიუთითებდა, რომ მისი მეუღლე იყო მოსარჩელის ძმა - ზ.ნ–ძე, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ზ. მოულოდნელად გარდაიცვალა 2024წ. უძრავ ქონებაში მეუღლეები გადავიდნენ 2018წ. რა დროსაც, სადავო უძრავი ქონება მშენებარე მდგომარეობაში იყო, ამიტომ უძრავი ქონება დარეგისტრირდა მეუღლის სახელზე 23.03.2022წ. მოპასუხის სახსრებით ჩატარდა სადავო ბინაში სარემონტო სამუშაოები. მოპასუხე სადავო ბინაში დარეგისტრირდა 27.05.2022წ. ბინის მაშინდელი მესაკუთრის ზ.ნ–ძის თანხმობით. აპელანტმა აღნიშნა, რომ 2018წ. შემდგომ გლაუკომის ფონზე სრულად დაკარგა მხედველობა და უსინათლო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

3. შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები სადავო უძრავი ქონების წინა მესაკუთრესთან ფაქტობრივ ქორწინებაში ყოფნის, ბინაში გარკვეული სარემონტო სამუშაოების ჩატარების, ბინაში რეგისტრაციის თაობაზე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვერ ასაბუთებს მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერებას და შესაბამისად, მესაკუთრის მიერ თავისი საკუთრებით სრულფასოვნად სარგებლობის უფლების შეზღუდვისა და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

7. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)

9. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების კანონიერება.

10. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი ადგილი ექნება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევას, მესაკუთრეს შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ.,245).

12. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება). მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ზემოთმითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ:

14. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სადავო უძრავი ნივთი აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ კასატორი ფლობს სადავო უძრავი ნივთს. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში კი, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მფლობელობა მართლზომიერია, სწორედ მოპასუხის საპროცესო ვალდებულებაა (სუსგ №ას-759-2024, 15.10.2024წ.).

15. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორის მითითება, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს აპელანტის პრეტენზიები მასზე რომ მისი მეუღლე იყო მოსარჩელის ძმა - ზ.ნ–ძე, რომელთანაც ცხრა წლის მანძილზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ზ. მოულოდნელად გარდაიცვალა 2024წ. უძრავ ქონებაში მეუღლეები გადავიდნენ 2018წ. რა დროსაც, სადავო უძრავი ქონება მშენებარე მდგომარეობაში იყო. უძრავი ქონება დარეგისტრირდა ზ–ს სახელზე 23.03.2022წ. - კასატორთან თანაცხოვრების პერიოდში. კასატორის სახსრებით ჩატარდა სადავო ბინაში სარემონტო სამუშაოები (აბაზანის მოპირკეთება, შიდა კარების შეძენა-მონტაჟი და ა.შ). კასატორი სადავო ბინაში დარეგისტრირდა 2022წ. ბინის მაშინდელი მესაკუთრის ზ.ნ–ძის თანხმობით. კასატორი უთითებს, რომ 2018წ. შემდგომ გლაუკომის ფონზე სრულად დაკარგა მხედველობა და უსინათლო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

16. კასატორის ზემომითითებული მოსაზრებები ვერ მიიჩნევა ისეთ კვალიფიციურ საკასაციო შედავებად რომელიც სადავო ქონებაზე კასატორის მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმითაა დასაბუთებული, რომ მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (სუსგ №ას-157-2020, 5.06.2020წ.).

17. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, კასატორის განმარტებები ვერ შებოჭავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, ამიტომ მესაკუთრე უფლებამოსილია, მოპასუხისგან მოითხოვოს უძრავი ნივთის დაბრუნება (სუსგ №ას-1647-2019, 29.09.2020წ.).

18. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ხ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე