საქმე №ას-1233-2025 16 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ხ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივლისის განჩინებით მ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ხ–ნის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2023 წლის 19 იანვარს დაბადებული ი.მ–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 800 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2023 წლის 06 ნოემბრიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. გათვალისწინებული იქნა მოპასუხის მიერ 2023 წლის 06 ნოემბრის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები - დანიშნულებით „ბავშვის საჭიროებებისთვის“.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.მხარეები იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში;
2.2. 2023 წლის 19 იანვარს შეეძინათ შვილი - ი.მ–ი (შემდეგში - არასრულწლოვანი ბავშვი).
2.3.მხარეთა შორის თანაცხოვრება შეწყდა ბავშვის დაბადებამდე;
2.4.არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან;
2.5.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინების (საქმე N2/30872-23) თანახმად, მხარეთა შორის შედგა მორიგება, შეწყდა საქმის წარმოება არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში. არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. მოპასუხეს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი, კონკრეტული პერიოდებისა და ბავშვის დღის რეჟიმის გათვალისწინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის 400 ლარით შემცირების პრეტენზიაზე იმსჯელა. აპელანტი მიიჩნევდა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხის ერთადერთი შემოსავალი ხელფასია, ხოლო კრედიტებში ყოველთვიურად 1714.59 ლარს იხდის; აპელანტმა მისი პენსიონერი მშობლების მოვლის ხარჯების გათვალისწინების საკითხიც დასვა. აპელანტმა სადავოდ გახადა არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებები - მიიჩნია, რომ ყოველთვიურად 400 ლარი საკმარისია კვების ხარჯებისთვის, ხოლო ტანსაცმლისა და დასვენების ხარჯებს ისედაც თავად იხდის.
4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბავშვი მცირე ასაკისაა და მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. დედა, ბავშვს დამოუკიდებლად ზრდის და უვლის, რაც მოითხოვს დროისა და ადამიანური რესურსების უდიდეს ნაწილს. დედის საოჯახო შრომა არის ის მონაწილეობა, რაც ფაქტობრივად მოსარჩელეს შეუძლია შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის გაიღოს და არ შეიძლება რჩენის ვალდებულება მხოლოდ ისე ვიწროდ იქნას განმარტებული, რომ მასში მოიაზრებოდეს მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა. ზრუნვაში არ მოიაზრება მარტოოდენ ყოველდღიური ხარჯების გაღება. მზრუნველობა მხოლოდ თანხობრივად ვერ შეფასდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედის მატერიალური შესაძლებლობები საკმარისია, მამა ასევე ვალდებულია (თუნდაც არ იყოს დასაქმებული) სტაბილურად ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები - ორივე მშობლის მონაწილეობით.
5. ალიმენტის ოდენობის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს არა მხოლოდ ბავშვის საჭიროებებით, ასევე ალიმენტის მომთხოვნი და ალიმენტვალდებული პირის გადახდისუნარიანობით.
6. დადგენილია, რომ აპელანტი დასაქმებულია და მას აქვს სტაბილური და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი. ამასთან, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მის კმაყოფაზე სხვა პირთა ყოფნა არ დასტურდება. ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულებაა და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმედუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).
7. ამდენად, მშობლების რჩენის ვალდებულება, მართალია, გათვალისწინებულია კანონით, თუმცა მხოლოდ შესაბამისი კუმულატიური წინაპირობების დადასტურების შემთხვევაში - როდესაც მშობელი შრომისუუნაროა და დახმარებას საჭიროებს. როგორც მოპასუხემ მიუთითა, რომ მისი მშობლები პენსიონერები არიან. „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი, სახელმწიფო პენსიის ოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის განისაზღვრა 315 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერისათვის - 415 ლარით. ამასთან, ისინი ასევე სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით.
8. რაც შეეხება სესხებზე და ხარჯებზე მითითებას, ფულად ვალდებულებებს აქვს დროებითი ხასიათი და უფრო მეტად მხარის შესაძლებლობებზე მიუთითებს.
9. დადგენილია, რომ ი.მ–ი მცირეწლოვანია და სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, მათ შორის კვება, ჩაცმა, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები, ხოლო მოსარჩელის დასაქმების შემთხვევაში, ბავშვი ან უნდა იყოს ბაღში ან მასზე უნდა ზრუნავდეს ძიძა.
10. პალატამ მიიჩია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 800 ლარი.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და საალიმენტო ვალდებულების სახით 400 ლარის დაკისრების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა (იხ., საკასაციო საჩივარი).
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) (სსსკ-ის 407.2 მუხლი). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კანონიერების შემოწმება, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის (აპელანტი) საალიმენტო ვალდებულების 800 ლარით განსაზღვრის შესახებ. კასატორი მოითხოვს საალიმენტო ვალდებულებს 400 ლარით განსაზღვრას.
17. სადავო საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება), 1202.1 (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლებზე და განმარტავს, რომ მოხმობილი საკანონმდებლო დანაწესები მშობლების მიერ შვილების რჩენის - ალიმენტის გადახდის კანონისმიერ ვალდებულებას აწესებს. არასრულწლოვნის რჩენის მოვალეობა ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა, თუმცა ალიმენტის ზღვრულ ოდენობას კანონი არ ადგენს. მისი გონივრული და სამართლიანი ოდენობა, სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით უნდა დაადგინოს.
18. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს, ამოსავალია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას, უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1328-2023, 07 მარტი, 2024წ.; №ას-1023-2023, 16 ნოემბერი, 2023 წელი.; №ას-623-2025, 18 სექტემბერი, 2025წ.).
19. ამდენად, სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრულწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში (იხ. სუსგ №ას-829-2019, 11/07/2019წ.).
20. ამასთან, საყურადღებოა, რომ ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს (იხ. სუსგ №ას-159-2024; 23/01/2025წ.). როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს, გაცილებით მეტია, იგი მოიცავს ბავშვის სწავლა-განათლებისათვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს. ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით (იხ. სუსგ Nას-341-2022, 14/06/2022წ.).
21. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01/07/1994წ.) მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
22. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
23. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად კი, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს (იხ. სუსგ №ას-334-2024; 16/05/2024წ.).
24. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც, მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე, არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, §83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, §59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, §66, ECHR 2003-VIII).
25. ამდენად, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში, უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა.
26. კონკრეტულ სადავო საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა დააკისრეს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რაც თვეში 800 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის შედავებებს და აღნიშნავს, რომ მათ ამომწურავდ გაეცა პასუხის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში (იხ., ამავე განჩინების პპ: 3-8).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. მ.მ–ს (პ.ნ: .......) დაუბრუნდეს 06.09.2025წ. №29174066792 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე