საქმე №ას-1068-2025 16 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ა–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით ნ.ა–ის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ჩ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს 9 105.17 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელის საკუთრების უფლება აღრიცხულია ქ.თბილისში, ........... მდებარე, 95.42 კვ.მ. ფართობის კომერციული ფართზე (ს.კ:..........), ასევე, მოსარჩელის საკუთრებაშია ზ/აღ მისამართზე მდებარე 57.96კვ.მ. კომერციული ფართიც (ს.კ:..........);
2.2.მოსარჩელის მეზობლად ქ.თბილისში, ........... მდებარე, ბინა N11, ფართობით 115.81 კვ.მ, ს.კ:.........., აღრიცხულია მოპასუხის საკუთრების უფლება;
2.3.მოპასუხის ბინა მოსარჩელის კომერციული ფართის ზემოთ მდებარეობს;
2.4.მოპასუხის ბინის საკანალიზაციო მილიდან მოსარჩელის ბინის საპირფარეშოში ჩავიდა ფეკალური მასები, რამაც დააბინძურა მოსარჩელის უძრავი ნივთის კედლები და საპირფარეშო;
2.5.მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.10.2023წ. N5006884223 დასკვნის თანახმად N.......... და N.......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის საპირფარეშოს ფართში დაფიქსირდა ზემოდან (შენობის მე-2 სართულიდან) მეზობლის კუთვნილი ბინის საკანალიზაციო მილიდან ჩამონადენი ფეკალური მასები. დაზიანებულია საპირფარეშოს რემონტი, საპირფარეშოს უკან განთავსებული ფართის ჭერის ხის ლაგები და გალესილი კედლები. დაფიქსირებული დაზიანებების აღმოფხვრისათვის საჭირო ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ, საორიენტაციოდ, 9427.57 ლარი შეადგინა შესაბამისი ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით (ტ.1. ს.ფ.22-30);
2.6. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი „დამოუკიდებელი ექსპერტი, შემფასებელი - დ.რ–ძის“ 2024 წლის 06 დეკემბრის N009/0-5 დასკვნის თანახმად ქ.თბილისში, ......... არსებული სახლის მე-2 სართულის 155,81 კვ.მ. ფართობის მესაკუთრეა მოპასუხე და მის ქვეშ არსებული ორი ფართის (ს/კ:........ და ..........) მესაკუთრეა მოსარჩელე. მეორე სართულის სველი წერტილიდან (საპირფარეშოდან) ახლო წარსულში, მოხდა საკანალიზაციო ქსელის იმ ნაწილის დაზიანების ფაქტი, რომელიც განთავსებულია შენობის პირველ სართულზე არსებული აბაზანა-საპირფარეშოს სივრცეში, რის გამოც, არსებული საპირფარეშოს სივრცეში ჩადინდა დაბინძურებული სითხე და გამოიწვია დაზიანება/დატენიანება, რომელიც დღეისათვის აღმოფხვრილია. საკანალიზაციო ქსელის დაზიანების ფაქტს არ გამოუწვევია რომელიმე კედლის ან იატაკის საფარის მოშლისა და ახლით ჩანაცვლების საჭიროება, ისევე, როგორც ხის ლაგების დაზიანება და ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა, ვინაიდან მათი მდგომარეობა, დღეისათვის, დამაკმაყოფილებელია და ვარგისია ექსპლუატაციისათვის. საკანალიზაციო ქსელის დაზიანების შედეგად, პირველი სართულის ფართებში მიყენებული ზარალის ოდენობა მინიმალურია და, სამომავლოდ, ასეთი სახის დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია მოხდეს პირველი სართულის საპირფარეშოს განაყოფის ჭერში არსებული წყალშემკრები მილების გადატანა მეორე სართულის საპირფარეშოს იატაკზე (ტ.1. ს.ფ. 116-122);
2.7.დადგენილია, რომ მოპასუხემ პირველი სართულის საპირფარეშოს განაყოფის ჭერში არსებული თავისი კუთვნილი დაზიანებული მილები შეაკეთა, რაც შეეხება ფართის დაზიანებას/დაბინძურებას, მან უზრუნველყო სადავო ფართის დალაგება-დასუფთავება.
3. სადავო საკითხი სააპელაციო სასამართლომ დელიქტური სამართლით მოაწესრიგა და იმსჯელა მოპასუხისათვის დაკისრებული ზიანის ანაზღაურების მართლზომიერებაზე.
4. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხის ბრალით, კერძოდ, დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის უმოქმედობით.
5. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ფეკალური მასებით საპირფარეშოს და მისი კედლის დაზიანება არ შეიძლება აღმოიფხვრას მათი გაწმენდით. კედელი გაჟღენთილია ჩამონადენი მასით/სითხით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 26 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტის დასკვნის მიხედვით აუცილებელია, კედლების და საპირფარეშოს ნივთების დემონტაჟი და ახლით შეცვლა, რითაც ზიანი უნდა აღმოიფხვრას. დასკვნის დანართის - მოსარჩელის ბინაში ჩასატარებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის სულ საჭიროა 9 427.57 ლარი, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოაკლო პლასტიკატის შეკიდული ჭერის მოწყობისთვის საჭირო მასალის ღირებულების და შრომითი დანახარჯების (126.00+80.50+115.50+0.40) ჯამი - 322.40 ლარი, შესაბამისად, საბაზრო-საორიენტაციო ფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებელი ხარჯი განისაზღვრა - 9 105.17 ლარით.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ
7. კასატორი სადავოდ ხდის მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერებას (იხ., საკასაციო საჩივარი).
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
12. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხეზე დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების კანონიერება.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
14. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას გამორიცხავს. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით; რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
16. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისაგან ამ უკანასკნელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მოსარჩელე მოთხოვნას იმ გარემოებას აფუძნებს, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის ფართში ზედა სართულიდან - მოპასუხის საცხოვრებელი ფართიდან, მისივე კუთვნილი საკანალიზაციო მილიდან, ჩავიდა ფეკალური მასები, რამაც დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის ფართი. არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ არ შეაკეთა მისი მიზეზით დაზიანებული ფართი და მისივე საკანალიზაციო მილი (იხ., სარჩელი - ტ.1.).
17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მიყენებული ზიანი ანაზღაურება სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), სსკ-ის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
18. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი) (სუსგ №ას-258-2021, 20 იანვარი, 2022წ.).
19. დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში („გენერალური დელიქტი“): 1) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 2) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი( გამონაკლის შემთხვევების გარდა). მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა (სუსგ-ები №ას-352-2022, 20 აპრილი, 2022წ.; №ას-1243-2021, 26 იანვარი, 2022წ.).
20. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს.
21. ზიანის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით, როგორც კონტინენტური ევროპის, ისე საერთო სამართლის სისტემის ქვეყნები ადგენენ საერთო ზოგად პრინციპებს: ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურების მიზანია დაზარალებული მხარის ქონებრივი დანაკარგების კომპენსაცია. ზიანის მიმყენებლის მიერ ზიანის ანაზღაურებამ უნდა გამოიწვიოს კრედიტორის აღდგენა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იქნებოდა, თუკი ადგილი არ ექნებოდა ზიანის ანაზღაურების მავალდებელ გარემოებას. როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, ერთმანეთისაგან განასხვავებს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება. ქონებრივ ზიანში იგულისხმება არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც (შდრ. რუსიაშვილი გ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 408-ე, ველი 9, თბილისი, 2019). ქონებრივი ზიანი შეიძლება იყოს როგორც სახლეშეკრულებო ვალდებულების დარღვევის (სსკ-ის 394-ე მუხლი), ისე არასახელშეკრულებო (დელიქტური) ვალდებულების (სსკ-ის 992-ე მუხლი) დარღვევის შედეგი.
22. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (შდრ. რუსიაშვილი გ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 408-ე, ველი 10, თბილისი, 2019).
23. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში.
24. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადექვატურობა; სავარაუდოობა.
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
26. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.10.2023წ. N5006884223 დასკვნა, რომლის თანახმად N......... და N........... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის საპირფარეშოს ფართში დაფიქსირდა ზემოდან (შენობის მე-2 სართულიდან) მეზობლის კუთვნილი ბინის საკანალიზაციო მილიდან ჩამონადენი ფეკალური მასები. დაზიანებულია საპირფარეშოს რემონტი, საპირფარეშოს უკან განთავსებული ფართის ჭერის ხის ლაგები და გალესილი კედლები. დაფიქსირებული დაზიანებების აღმოფხვრისათვის საჭირო ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ, საორიენტაციოდ, 9427.57 ლარი შეადგინა შესაბამისი ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით (ტ.1. ს.ფ.22-30).
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (იხ., გაგუა ი., „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ძლიერიშვილი ზ., კვანტალიანი ნ.).
28. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 105-ე მუხლზეც, რომლიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ გააქარწყლა მოპასუხემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (შდრ: მრავალთა შორის სუსგ №ას-324-324-2018, 1 ივნისი, 2018 წელი). როგორც 2023 წლის 26 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტის დასკვნაშია მითითებული აუცილებელია კედლების და საპირფარეშოს ნივთების დემონტაჟი და ახლით შეცვლა, რითაც ზიანი უნდა აღმოიფხვრას. დასკვნის დანართის - მოსარჩელის ბინაში ჩასატარებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის სულ საჭიროა 9 427.57 ლარი, რასაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გამოაკლო პლასტიკატის შეკიდული ჭერის მოწყობისთვის საჭირო მასალის ღირებულების და შრომითი დანახარჯების ჯამი - 322.40 ლარი, შესაბამისად, საბაზრო-საორიენტაციო ფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებელი ხარჯი განისაზღვრა - 9 105.17 ლარით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჯის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე