28 იანვარი, 2026 წელი
საქმე №ას-750-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.ჩ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ს–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ჩ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შენარდე) ასაჩივრებდა ქუთისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით ი.ს–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემკვეთი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 3838.73 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. კასატორმა შემკვეთს ნივთი შეთანხმებულ კონდიციაში გადასცა, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია ის ფოტოსურათები, რომლებიც მოპასუხე მხარემ წარადგინა. ასევე არასწორადაა შეფასებული საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. ბათუმში, ........ მდებარე 41.20 კვ.მ #135 ბინა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან მოსარჩელის საკუთრება) მოსარჩელის საკუთრებაა.
4.4. მოსარჩელემ უძრავი ქონება სამშენებლო კომპანიისაგან ე.წ. ,,თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში შეიძინა, შესაბამისად, ბინა საჭიროებდა სარემონტო სამუშაოებს.
4.5. მხარეები ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ, რომ მოპასუხეს უძრავ ქონებაში სარემონტო სამუშაოები ორ თვეში უნდა შეესრულებინა, რისთვისაც მოსარჩელე მოპასუხეს ეტაპობტივად ურიცხავდა თანხებს, ასევე იძენდა საჭირო მასალებს.
4.6. მოპასუხის მიერ უძრავ ქონებაში უხარისხოდ ჩატარებულ სარემონტო სამუშაობზე რეაგირების მიზნით, 2018 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ საჩივარი წარადგინა პროკურატურაში.
4.6.1. მოკვლევის ფარგლებში, დადგინდა, რომ ორ თვიანი სარემონტო სამუშაოების დასრულებისას, გარკვეული ხარვეზები აღმოჩნდა, რომელიც თანხის (744 ლარი) გადახდის შემდეგ თავად მოპასუხეს უნდა გამოესწორებინა, აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელე განაწყენდა და მოპასუხესთან კონფლიქტური სიტუაცია წარმოეშვა, რის შემდგომაც მას უძრავ ქონებაში სარემონტო სამუშაოები აღარ უწარმოებია (იხ. 2018 წლის 19 თებერვლის მოპასუხის გამოკითხვის ოქმი).
4.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1 თებერვლის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, უძრავ ქონებაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია, რომლის აღდგენის (გამოსწორების) ღირებულება - 3830.73 (დღგ-ს და სხვა ნომატიული ხარჯების გათვალისწინებით) ლარია.
4.8. 2018 წლის იანვრის შემდგომ მოპასუხესა და მის ჯგუფს უძრავ ქონებაში სარემონტო სამუშაოები აღარ უწარმოებიათ. ექსპერტიზის დასკვნის შედგენის შემდგომ სამუშაოები სხვა ხელოსნებმა დაასრულეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად, თანხის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 641.1 (ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
6. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების საგანი იყო უძრავ ქონებაში სარემონტო სამუშაოების შესრულება. ასევე დადგენილია, რომ სამუშაოები მენარდის მიერ უხარისხოდ შესრულდა, რომელიც საბოლოოდ სხვა ხელოსნებმა დაასრულეს.
7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს ეკისრება (შდრ. სუსგ №ას-1324-2019, 12.03.2021წ; №ას-58-2020, 11.03.2020წ.). სსკ-ის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.
ამავე კოდექსის 641-ე მუხლის მიხედვით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
643-ე მუხლის 1-ლი და მეორე ნაწილით, თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში).
8. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების ფარგლებში მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ უძრავ ქონებაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარისხი იყო არადამაკმაყოფილებელი, რომლის გამოსწორების ღირებულება - 3830.73 (დღგ-ს და სხვა ნომატიული ხარჯების გათვალისწინებით) ლარია.
მოპასუხემ კი, ვერ შეძლო თავის წილი მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა სათანადო ხარისხის მტკიცებულებებით (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა) ვერ გააქარწყლა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მხრიდან აშკარად ვლინდება ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს გამოუსწორებადი ხარისხობრივი ნაკლი, მისთვის თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც საფუძვლიანია.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1125 ლარის (საგადახდო დავალება #9566, გადახდის თარიღი 04.07.2023წ), 70% - 787.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.ჩ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #30562812484, გადახდის თარიღი 26.12.2025წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია