Facebook Twitter

28 იანვარი, 2026 წელი

საქმე №ას-1268 -2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „გ...“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - კ.ვ–ძე, ზ.ა–ი, მ.კ–ძე, გ.ი–ძე, დ.ნ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „გ...“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი საზოგადოება, შპს ან კომპანია), ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინებას ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით კ.ვ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე), ზ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე), მ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე), გ.ი–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და დ.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეხუთე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა;

მოპასუხეს - პირველი მოსაჩელის სასარგებლოდ - 7838.8 ლარის, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 9147 ლარის, მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ - 14 020 ლარის, მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ -12 029.9 ლარისა და მეხუთე მოსარჩელის სასარგებლოდ - 10 849.1 ლარის გადახდა დაეკისრა.

კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებდა მოსარჩელეების მიერ შესრულებული გადაზიდვის მომსახურების ღირებულების მოცულობას. საქმეში არსებულ ზედნადებებში ნაჩვენებია მხოლოდ მოპასუხის მიერ შესყიდული საქონლის და არა მისი ტრანსპორტირების ღირებულება, აქედან გამომდინარე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოკლებულია დასაბუთებას (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. პირველმა მოსარჩელემ 2020 წლის 1 აგვისტოდან იმავე წლის 1 დეკემბრის ჩათვლით, ჯამურად 24 რეისი შეასრულა და 799.36 ტონა ქვიშა-ხრეშის მიწოდება განახორციელა, რომლის საფასური საწვავის გამოკლებით - 7838.8 ლარია (ერთი ტონა -12 ლარი);

4.3.1. მეორე მოსარჩელემ 2020 წლის 13 ივნისიდან იმავე წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, მოპასუხის სასარგებლოდ ჯამურად 29 რეისი შეასრულა და 978 ტონა ქვიშა-ხრეშის მიწოდება განახორციელა, რომლის საფასური საწვავის გამოკლებით - 9 147 ლარია;

4.3.2. მესამე მოსარჩელემ 2020 წლის 13 ივნისიდან იმავე წლის 7 დეკემბრის ჩათვლით, ჯამურად 41 რეისი შეასრულა და 1495 ტონა ქვიშა-ხრეშის მიწოდება განახორციელა, რომლის საფასური საწვავის გამოკლებით - 14 020 ლარია;

4.3.3. მეოთხე მოსარჩელემ 2020 წლის 23 ივნისიდან იმავე წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯამურად 32 რეისი შეასრულა და 1225.16 ტონა ქვიშა-ხრეშის მიწოდება განახორციელა, რომლის საფასური საწვავის გამოკლებით - 12 029.9 ლარია;

4.3.4. მეხუთე მოსარჩელემ 2020 წლის 1 სექტემბრიდან იმავე წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, ჯამურად 32 რეისი შეასრულა და 1133.72 ტონა ქვიშა-ხრეშის მიწოდება განახორციელა, რომლის საფასური საწვავის გამოკლებით - 10 849.1 ლარია (იხ. სასაქონლო ზედნადებები).

4.4. მოსარჩელეებისთვის ასანაზღაურებელი თანხა ჯამურად - 53 884.8 ლარს შეადგენს.

4.5. სატრანსპორტო გადაზიდვების ხარჯის გადახდა მოპასუხის ვალდებულებაა (იხ. შპს „ა.ქ–ას“ დირექტორის 2022 წლის 9 თებერვლის წერილი).

4.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 1 აპრილს გამართულ სხდომაზე აპელანტის/მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მოსარჩელეებთან, რომლებიც კომპანიის მძღოლები არიან, არამედ შუამავალ კომპანიასთან, შპს ,,ა.ქ–ასთან“ ჰქონდათ. თანხებს შუამავალ კომპანიას უხდიდნენ, რომელიც შემდგომში ანაწილებდა ხარჯს, მათ შორის, სატრანსპორტო გადაზიდვის ხარჯსაც. ვინაიდან, შუამავალ კომპანიასთან არსებული ურთიერთობები მოცემული დავის საგანი არ იყო, მითითებულის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არ წარუდგენიათ. მანვე დაადასტურა, რომ ტვირთი გადაეცათ, თუმცა მისი ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.

5. თანხის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე) და 400.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებლად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა) დანაწესს ეფუძნება.

6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 477-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება).

კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს.

სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (იხ. სუსგ-ებები: №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი).

7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, იმ საკითხზე, რომ მხარეთა შორის დადებულია განჩინების 4.3 პუნქტში მითითებული ქვიშა-ხრეშის ნასყიდობის ხელშეკრულება.

9. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებდა მოსარჩელეების მიერ შესრულებული გადაზიდვის მომსახურების ღირებულების მოცულობას. წარდგენილ ზედნადებებში კი, ნაჩვენები იყო მხოლოდ მოპასუხის მიერ შესყიდული საქონლის და არა ტრანსპორტირების ღირებულება.

აღნიშნულ შედავებას საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს, რომ საგადასახდო ანგარიშფაქტურა კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და გადასახადების ადმინისტრირებისთვის გამოიყენება. ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა მყიდველის მიერ საქონლის მიღების დასტურია და მის მიერ საფასურის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს.

საგადასახადო ანგარიშფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით.

აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება მესამე პირს.

ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას.

10. მოსარჩელეებმა/გამყიდველებმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულეს გადასცეს პროდუქტი შემძენს/მოპასუხეს (იხ. საქონლის მიწოდების შესახებ სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა რეკვიზიტს შეიცავს), შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება, სამართლებრივად ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ საქონელი მიწოდებულია, რომლის საფასური სრულად (მათ შორის შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირების ღირებულება) არ ანაზღაურებულა, აღნიშნული პრეზუმირებული გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება კი, სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაიძლიოს.

მოპასუხემ/კასატორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებას (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა) გამაქარწყლებელი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მიწოდებული პროდუქციის მიღების ფაქტს არ უარყოფდა და უთითებდა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა მხოლოდ შუამავალ კომპანიასთან ჰქონდათ, რომელსაც უხდიდნენ სადავო თანხებს. თუმცა, საქმეში არც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (სადავო თანხების შუამავალი კომპანიისათვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები) არ წარდგენილა, შესაბამისად, სარჩელიც მართებულად დაკმაყოფილდა.

11. რაც შეეხება საქმის ზეპირი მოსმენით დანიშვნის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11.1. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

11.2. კანონის ზემომითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქმე №2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ.; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.; საქმე #ას-133-2023, 28.04.2023წ.).

11.3. ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ას-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; №ას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეზე „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48).

11.4. საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ზ.ფ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2694.24 ლარის (საგადასახადო დავალება #4181, გადახდის თარიღი 24.11.2025წ), 70% - 1885.96 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ...“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „გ...“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს ზ.ფ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2694.24 ლარის (საგადასახადო დავალება #4181, გადახდის თარიღი 24.11.2025წ), 70% - 1885.96 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია