Facebook Twitter

13 ივნისი, 2025 წელი,

საქმე № ას-313-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ.კ–ძე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე (მოსარჩელე)

რ.ფ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, ანდერძის ნამდვილად აღიარება, მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაცემა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.კ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც, მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა რ.ფ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც, მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან ნოტარიუსი) წინააღმდეგ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის, ანდერძის ნამდვილად აღიარების, მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით, საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად კ.კ–ძე ჩაება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2023 წლი 18 იანვარს გაცემული სანოტარო აქტი (დადგენილება) N230062952 სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ;

2022 წლის 9 ივლისს გარდაცვლილი გ.კ–ძის (პ.ნ. ........) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც მოსარჩელის მამა ან მამკვიდრებელი) მიერ მოსარჩელის მიმართ შედგენილი ანდერძი, დამოწმებული: 2017 წლის 29 მაისს, ზ.კ–ძის, თ.ლ–ძის და გ.ჯ–ძის მიერ, აღიარებული იქნა ნამდვილად;

მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის ანდერძისმიერ მემკვიდრედ, 2022 წლის 9 ივლისს გარდაცვლილი მამის დანაშთ შემდეგ უძრავ ქონებაზე: ს/კ-ით #...........; ს/კ-ით #.........; ს/კ-ით #......;

ნოტარიუსს მოსარჩელის მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაცემა დაევალა.

4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩართულმა მესამე პირმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, მე-3, 364-ე და 374-ე მუხლებით.

6. აღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრით მოთხოვნილია მისი გაუქმება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხედ მოუწვევლობის გამო, სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვაში მონაწილეობა ვერ მიიღო, რითიც დაირღვა მისი საპროცესო უფლებები. გასაჩივრებული განჩინებით, საკუთარი ინტერესების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლებაც შეეზღუდა. მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ მატერიალურ-სამართლებრივ გავლენას ახდენს მის უფლებებზე და აღძრულ მოთხოვნებთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორი რეალურად წარმოადგენს მხარეს (დეტალურად იხილეთ კერძო საჩივარი).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მან დასაბუთებული შედავება წარმოადგინა.

10. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არ წარმოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტს.

11. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხედ მოუწვევლობის გამო, სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვაში მონაწილეობა ვერ მიიღო, რითიც არსებითადაა დარღვეული მისი საპროცესო უფლებები. გასაჩივრებული განჩინებით კანონსაწინააღმდეგოდ შეეზღუდა სასამართლოსთვის მიმართვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის საწინააღმდეგოდ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი, მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს.

13. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით (სააპელაციო) მიმართოს თავისი უფლების დასაცავად.

14. აქვე საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86.1 მუხლზე რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ: ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

ამდენად, კანონმდებელმა ერთმანეთისაგან გამიჯნა თანამონაწილეობის სახეები: სავალდებულო და ფაკულტატური თანამონაწილეობა. მითითებული ნორმის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ურთიერთობისას სარჩელის საგანს უნდა წარმოადგენდეს საერთო უფლება/სავალდებულო თანამონაწილეობა, ასეთ დროს საქმის განხილვა ამ უფლების ყველა ადრესატის მონაწილეობის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია.

14.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მაისს, მამკვიდრებელმა ტექნიკური საშუალების გამოყენებით ანდერძი შეადგინა, რომლითაც თბილისში, .......... მდებარე სახლი და თბილისში, ............., პირველ კორპუსში მდებარე N33 ბინა, მოსარჩელეს უანდერძა. ანდერძში მითითებულია, რომ მოსარჩელეს გადასცემოდა ყოველგვარი ქონება, თუკი რამ დარჩებოდა მოანდერძეს. ანდერძის შედგენას ესწრებოდა ზ.კ–ძე, თ.ლ–ძე და გ.ჯ–ძე. მათთან ერთად, ანდერძს ხელს აწერს მამკვიდრებელიც. ანდერძში მითითებული ქონებათა საკადასტრო კოდებია: ს/კ-ით #0........ და #............

14.2. დადგენილია, რომ მამკვიდრებელი 2022 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა.

14.3. მამკვიდრებელს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, კერძოდ, შვილები - მოსარჩელე და მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

14.4. დადგენილია, რომ 2022 წლის 12 აგვისტოს, მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების მიზნით, მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ნოტარიუსს მიმართა, ხოლო 2022 წლის 22 სექტემბერს მოსარჩელემ.

14.5. ასევე დადგენილია, რომ 2023 წლის 18 იანვარს ნოტარიუსის მიერ გაიცა დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ.

დადგენილების მე-8 ნაწილით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანდერძი არ არის შინაურული ანდერძი, არ არის მოანდერძის ხელით დაწერილი, არამედ ის შედგენილია ტექნიკური საშუალებით.

დადგენილების მე-9 ნაწილით, ანდერძში მითითებულია მოწმის სახით სამი პირის სახელი და გვარი, მათი ხელმოწერა. სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები მითითებული არაა. ანდერძი ასევე არ შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 1366-ე მუხლით გათვალისწინებულ სათანადო წარწერას მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურების თაობაზე. დასადგენია ანდერძში მითითებული პირების მიმართ ხომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1362-ე მუხლით გათვალისწინებული მოწმეობის გამორიცხვის გარემოებები.

15. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა თანამონაწილეობის სავალდებულო და არა ფაკულტატური საფუძველი. საქმეში მონაწილეობს მოსარჩელე რომელსაც აღძრული აქვს მოთხოვნა ნოტარიუსის წინააღმდეგ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის, ანდერძის ნამდვილად აღიარების, მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, აღნიშნულ დავაში მეორე მემკვიდრე არა მოპასუხედ არამედ დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირადაა ჩართული; შესაბამისად თვალნათელია, რომ იგი საქმის განხილვაში მონაწილეობასა და საკუთარი უფლებების სრულყოფილ დაცვას ვერ შეძლებდა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილია არა დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის არამედ მხარეთა თანაბარი შესაძლებლობა, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით (სსსკ-ის 83.1 მუხლი).

16. სსსკ-ის 91-ე მუხლით კი, მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. ამდენად სახეზეა სავალდებულო თანამონაწილეობა.

17. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლით რეგულირებულია საპროცესო თანამონაწილეობის ინსტიტუტი, ნორმის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილია, რომ სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება (სავალდებულო თანამონაწილეობა). თავის მხრივ, საერთო უფლებიდან/მემკვიდრეობიდან გამომდინარე, სამკვიდროს განაწილებაზე მიუთითებს სსკ-ის 1306-ე (მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი),1371მუხლი) და შემდგომი მუხლების დანაწესი.

18. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით, მის საწინააღმდეგოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რადგან იგი უშუალოდ მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს ეხება, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების არაუფლებამოსილი სუბიექტის გასაჩივრების მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც ზემოთითებული მსჯელობის გათვალისწინებით, მოპასუხეთა წრის დასაზუსტებლად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

19. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებას და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.კ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა