საქმე №ას-1120-2025 28 ნოემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.ო–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ე–ი“ (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებას, რომლითაც შპს „მ.ო–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.07.2022წ. №2/29009-21 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ......... (მდებარე მისამართზე: თბილისი, ......) აუქციონზე იძულებით გაიყიდა, რითაც უხეშად შეილახა კასატორის საკუთრების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად მოსარჩელემ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკარგა კუთვნილი უძრავი ქონება და მიადგა 403.790 ლარის ზიანი.
3. ნოტარიუს თ.გ–ძის მიერ, სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, 02.11.2021 წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი №0004205.001-001 და №0004205.001-002 სესხებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველმყოფი, თბილისში, .......... მდებარე მოპასუხის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების (ს/კ ........) სარეალიზაციოდ. მოპასუხემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს (საქმე №2/29009-21) და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა - გაუქმება აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში და სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება დავის გადაწყვეტამდე. სს „პ.ბ.ს–ომ“ აღძრა შეგებებული სარჩელი მოპასუხის, გ. ჩ–ის, ი. ლ–ძის, მოსარჩელის და შპს „ო.გ–ის“ მიმართ. ბანკმა 28.07.2022 წელს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აღუსრულებლობის სანაცვლოდ, მოპასუხის მიმართ მოითხოვა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ........) რეალიზაცია. შედეგად, 2022 წლის 4 აგვისტოს ყადაღა დაედო ამ ქონებას და, საბოლოოდ, 08.07.2022 წელს გაცემული ახალი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებით რეალიზდა.
4. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ......., გამოყენებული უნდა ყოფილიყო 2019 წლის 21 მაისის №0004205001-001 საკრედიტო ხელშეკრულების (ევროში გაცემული სესხი) და 2021 წლის 4 მაისის №0004205001-002 საკრედიტო ხელშეკრულების (აშშ დოლარში გაცემული სესხი) უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, გაუქმდა №2/29009-21 უკანონო სააღსრულებო ფურცელი და 2023 წლის 16 ივნისს საკასაციო სასამართლოს მიერ გაიცა ახალი სააღსრულებო ფურცელი, რამაც მოსარჩელის მიმართ მიმდინარე უკანონო სააღსრულებო მოქმედებებს საფუძველი გამოაცალა, თუმცა კასატორის კუთვნილი უძრავი ქონება უკვე გაყიდულია იძულებით აუქციონზე. ამდენად, მისი დარღვეული უფლების აღდგენის ერთადერთ სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
5. კასატორის მითითებით, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გამოიხატა მის მიერ სარჩელის აღძვრასა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნაში, რამაც მოსარჩელეს ზიანი მიაყენა. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ აღძრა სარჩელი (საქმე №2/29009-21) და აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე სარეალიზაციო ქონებაზე სააღსრულებო წარმოება შეჩერდა, კრედიტორი იძულებული გახდა, მოეთხოვა სააღსრულებო წარმოების გაგრძელება დანარჩენი მოვალეების, მათ შორის, მოსარჩელის მიმართ. მოპასუხის მიერ სარჩელის აღძვრისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე კრედიტორი იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის რიგითობას არ შეცვლიდა. შესაბამისად, მოსარჩელეს ზიანი არ მიადგებოდა და ქონება აუქციონზე არ გაიყიდებოდა.
6. კასატორის მითითებით, მისი მოთხოვნაა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 199.3 მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ დაუშვა საქმის განხილვისას და რომლებმაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება ან დადგენა, მატერიალური სამართლის ნორმების არასწორი გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
12.1 2019 წლის 21 მაისს შპს „ო.გ–სა“ და სს „პ.ბ.ს–ოს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც დამტკიცდა საკრედიტო ლიმიტი 10 000 000 (ათი მილიონი) აშშ დოლარი, 20 წლის ვადით, მაქსიმუმ წლიური 48% სარგებლის გათვალისწინებით.
12.2 გენერალური ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული/გასაფორმებელი ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება უზრუნველყოფილია ბანკსა და მსესხებლის და/ან მესაკუთრეს შორის გაფორმებული იპოთეკის და/ან გირავნობის ხელშეკრულებით და/ან თავდებობით და/ან საბანკო გარანტიით; ხელშეკრულების 6.5. პუნქტის თანახმად, თუ მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი კონკრეტული საბანკო პროდუქტით მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილი ვადების მიხედვით მსესხებელი სრულად არ შეასრულებს ვალდებულებებს, ბანკი უფლებამოსილია, მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით დაიწყოს იძლებით აღსრულების მიქცევა უზრუნველყოფის საგანზე. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხები არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად შესასრულებლად, ბანკს უფლება აქვს, იძულებითი გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე; ხელშეკრულების 8.2.3 პუნქტის თანახმად, ბანკი მსესხებლის თავდებს ან/და ნებისმიერ პირს, რომლის ქონებითაც უზრუნველყოფილია მსესხებლის ვალდებულების შესრულება აწვდის ინფორმაციას ბანკის მიმართ მსესხებლის ვალდებულების შესახებ და/ან ამ პირთა მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცემს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლს; ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
12.3 21.05.2019 წლის №0004205.001 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „პ.ბ.ს–ოსა“ და ი. ლ–ძეს შორის 2019 წლის 21 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება და ი. ლ–ძის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 10 000 000 აშშ დოლარით;
12.4 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით:
- 21.05.2019 წელს შპს „ო.გ–სა“ და სს „პ.ბ.ს–ოს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა შპს „ო.გ–ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მონაცემებია: თბილისი, .......... (უძრავი ქონების ს/კ №...........), არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 254 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები; აღნიშნული ქონების ღირებულება ხელშეკრულების დადების დროისათვის შეადგენდა 360000 აშშ დოლარს ან შესაბამის ექვივალენტ ლარს;
- 19.09.2019 წელს სს „პ.ბ.ს–ოსა“ და გ. ჩ–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა გ. ჩ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ......., სართული 12, ბინა 64. დაზუსტებული ფართობი 62.69 კვ.მ (უძრავი ქონების ს/კ ........); ხელშეკრულების დადების თარიღისთვის უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 38 000 აშშ დოლარი ან შესაბამისი ეკვივალენტი ლარი;
- 19.09.2019 წელს სს „პ.ბ.ს–ოსა“ და ი. ლ–ძეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ი. ლ–ძის კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონება, რომლის მისამართებია: ა) ქ. თბილისი, ............ დაზუსტებული ფართობი 60.16 კვ.მ (უძრავი ქონების ს/კ .......... და ბ) ქ. თბილისი, .......... დაზუსტებული ფართობი 66.87 კვ.მ (უძრავი ქონების ს/კ №...........); გ) ქ. თბილისი, ..........., სართული 1, ბინა №3. ფართი (მშენებარე) 82,80 კვ.მ (უძრავი ქონების ს/კ №.........); ხელშეკრულების დადების თარიღისთვის ს/კ №.......... უძრავი ქონება ღირდა 57000 აშშ დოლარი ან შესაბამისი ეკვივალენტი ლარი, №........ უძრავი ქონება – 44000 აშშ დოლარი ან შესაბამისი ეკვივალენტი ლარი, ხოლო №.......... უძრავი ქონება –– 74000 აშშ დოლარი ან შესაბამისი ეკვივალენტი ლარი;
- 22.11.2019 წელს სს „პ.ბ.ს–ოსა“ და შპს „დ.ს–ის“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა შპს „დ.ს–ის“ კუთვნილი უძრავი ქონებაც, მდებარე ქ. თბილისში, ........., დაზუსტებული ფართობი 1430 კვ.მ (უძრავი ქონების ს.კ №.........), რომლის მესაკუთრეც დღეისთვის 10.10.2020 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე არის მოსარჩელე. ამ ქონების ღირებულება ხელშეკრულების დადების დროისათვის შეადგენდა 105000 აშშ დოლარს ან შესაბამის ექვივალენტ ლარს. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების 15.7.2 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ არის საკმარისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, იპოთეკარი უფლებამოსილია, აღსრულება მიაქციოს მსესხებლის ნებისმიერი სხვა ქონებისკენ, ხოლო 20.3 პუნქტის თანახმად, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
12.5 შპს „ო.გ–ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე 21.05.2019 წელს დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებით 2020 წლის 17 ნოემბერს დარეგისტრირდა იპოთეკა, (სანოტარო მოქმედება №200938955), რომლის 15.1.1. პუნქტით იპოთეკარს მიენიჭა უფლება, უზრუნველყოფის მოთხოვნები დაიკმაყოფილოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით. 21.05.2019 წლის იპოთეკის ხელშეკრულების და 17.11.2020 წლის იპოთეკის ხელშეკრულების 17.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესაკუთრე უფლებამოსილია, იპოთეკის საგანი საკუთრებად გადასცეს (მიჰყიდოს, აჩუქოს, გაუცვალოს) მესამე პირს ბანკთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე...ხოლო 18.2 პუნქტით ასევე შეთანხმდნენ, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრის შეცვლა არ არის იპოთეკის შეწყვეტის საფუძველი და იპოთეკის საგანს მიჰყვება მასზე არსებული ვალდებულებითი ტვირთი. 17.11.2020 წლის ხელშეკრულების დადების დროისათვის ქ. თბილისში, ........, .......... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №.........) ღირებულება შეადგენდა 375 000 აშშ დოლარს ან შესაბამის ეკვივალენტ ლარს;
12.6 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2019 წლის 21 მაისს სს „პ.ბ.ს–ოსა“ და შპს „ო.გ–ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და გაიცა კრედიტი (პირველი ტრანში) 490 000 ევრო, 84 თვის ვადით, წლიური 6% სარგებლის დარიცხვით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.5 %. კრედიტი უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;
12.7 2020 წლის 30 ნოემბერს, შპს „ო.გ–სა“ და მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხე დარეგისტრირდა თბილისში, ......., .......... მდებარე დაზუსტებული ფართობით 254 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი .........) მესაკუთრედ;
12.8 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2021 წლის 4 მაისს სს „პ.ბ.ს–ოსა“ და შპს „ო.გ–ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და გაიცა 283 300 აშშ დოლარის კრედიტი (მეორე ტრანში), 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით, წლიური 6% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.5%. ამასთან, დავალიანების სრულ დაფარვამდე დაკისრებული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას;
12.9 ნოტარიუსის მიერ 2021 წლის 7 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ №0004205.001-001 და №0004205-002 სესხებიდან გამომდინარე ვალდებულების აღსასრულებლად, შესაბამისად, კრედიტორი იყო სს „პ.ბ.ს–ო’’, ხოლო მოვალე - შპს „ო.გ–ი“.
12.10 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: დავალიანება 04.10.2021 წლის მონაცემებით, სულ 174 524.5 ევრო (საიდანაც ძირითადი თანხაა 138 201.58 ევრო, პროცენტი - 6 201.98 ევრო, პირგასამტეხლო - 11 989.27 ევრო და ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით - 18 131.67 ევრო); ასევე – 392 971.52 აშშ დოლარი (საიდანაც, ძირითადი თანხაა - 283 300 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 878.85 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 104 792.67 აშშ დოლარი). სააღსრულებო ფურცელში ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მიეთითა: 21.05.2019 წლის საკრედიტო ხელშეკრულება, 04.05.2021 წლის საკრედიტო ხელშეკრულება, 21.05.2019 წლის გენერალური ხელშეკრულებ,; 21.05.2019 წლისა და მისი 17.11.2020 ნოტარიულად დამოწმების იპოთეკის ხელშეკრულებები.
12.11 აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მისამართია: თბილისი, ..........; .......... (უძრავი ქონების ს/კ ..........), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 254 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები; სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით შპს „ო.გ–სა“ და მოპასუხეს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან გაეგზავნათ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებები.
12.12 2021 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა (პროცენტისა და პირგასამტეხლოს შემცირება). სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კი, მოითხოვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, 2021 წლის 7 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმისწარმოების შეჩერება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერდა. ამ სარჩელთან დაკავშირებით სს „პ.ბ.ს–ომ“ შეგებებული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა მსესხებლებს – შპს „ო.გ–სა“ და ი. ლ–ძეს სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ თანხის დაკისრება, დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხის, გ. ჩ–ის, ი. ლ–ძისა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.
12.13 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, კერძოდ:
- ცვლილება შევიდა ნოტარიუს თ. გ–ძის მიერ 2021 წლის 7 ოქტომბერს გაცემულ №211122958 სააღსრულებო ფურცელში იმდაგვარად, რომ №0004205.001-001 ევროს სესხზე პირგასამტეხლოს ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა - 1813.17 ევროთი, ხოლო №0004205.001-002 სესხზე 392 971.52 აშშ დოლარის ნაწილში მოვალე სრულად გათავისუფლდა გადახდევინებისაგან;
- სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- შპს „ო.გ–ს“ და ი. ლ–ძეს მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №0004205.001-001 სესხზე არსებული დავალიანების თანხის - 148 628.83 ევროს გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა - 138 201.58 ევრო, პროცენტი - 8155.73 ევრო, პირგასამტეხლო კი – 2271.52 ევროა;
- შპს „ო.გ–ს“ და ი. ლ–ძეს მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №0004205.001-002 სესხზე არსებული დავალიანების თანხის - 302 374.86 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა - 283 300 აშშ დოლარი, პროცენტი - 5788.73 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 13 586.13 აშშ დოლარია;
- შპს „ო.გ–ს“ და ი. ლ–ძეს მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №0004205.001-001 სესხზე არსებული ძირითადი თანხის - 138 201.58 ევროს წლიური 6%-ის მიუღებელი შემოსავალი 2021 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე;
- შპს „ო.გ–ს“ და ი. ლ–ძეს მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №0004205.001-002 სესხზე არსებული ძირითადი თანხის - 283 000 აშშ დოლარის წლიური 9%-ის მიუღებელი შემოსავალის გადახდა, 2021 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე;
- სს „პ.ბ.ს–ოს“ კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, შპს „ო.გ–ის“ იპოთეკური სესხების უზრუნველსაყოფად, უნდა რეალიზდეს: გ. ჩ–ის (პ/ნ ........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ქუჩა ............ საკადასტრო კოდი: ........., დაზუსტებული ფართობი 62.69 კვ.მ. - ი. ლ–ძის (პ/ნ ..........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მონაცემებით: ა) ქ. თბილისი, ქუჩა ..........., სართული 4, ბინა 9. საკადასტრო კოდი: .........., დაზუსტებული ფართობი 60.16 კვ.მ; ბ) ქ. თბილისი, ქუჩა ............ საკადასტრო კოდი: .........., დაზუსტებული ფართობი 66.87 კვ.მ; მოსარჩელის (ს/ნ .........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ..........., საკადასტრო კოდი: ........., არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1430 კვ.მ;
- №004205.001-001 სესხზე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ 146 216.76 ევროს ნაწილში (საიდანაც, ძირი თანხაა - 138 201.58 ევრო, პროცენტი - 6201.98 ევრო, პირგასამტეხლო – 1813.17 ევრო) კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით უნდა რეალიზდეს იპოთეკით დატვირთული ქონება, კერძოდ: მოპასუხის (ს/ნ ..........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, ქუჩა ..........; ქ. თბილისი, ქუჩა ............ საკადასტრო კოდი: ........., არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 254 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;
- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი ვალდებულების დასაფარავად ან ვერ მოხდება ამ საგნის მოძიება, აღსრულება განხორციელდება/მიექცევა მოპასუხეების შპს „ო.გ–ის“ და ი. ლ–ძის ნებისმიერ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე;
- გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
12.14 თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
12.15 2022 წლის 8 ივნისს მოპასუხემ მიმართა სს „პ.ბ.ს–ოს“ და აცნობა, რომ თანახმაა, გადაიხადოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავალიანება იმ პირობით, თუ ბანკი გადახდისთანავე გააუქმებდა მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე იპოთეკას. სს „პ.ბ.ს–ოს“ 2022 წლის 3 აგვისტოს წერილით განემარტა, შეთავაზებული პირობას ვერ მიიღებდა ბანკი იმ მიზეზით, რომ ეს თანხა არ იყო საკმარისი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად. ანალოგიური შინაარსის წერილი გაეგზავნა ბანკს 2022 წლის 7 ნოემბერსაც, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
12.16 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით:
- სს „პ.ბ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ი. ლ–ძის, გ. ჩ–ის, მოსარჩელისა და შპს „ო.გ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება მოპასუხის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელისა და სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- მოსარჩელის (მოცემული საქმის მოპასუხის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ო.გ–სა“ და ი. ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ:
- 2019 წლის 21 მაისის №0004205.001-001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე -162 535.23 ევრო, საიდანაც 138 201.58 ევრო კრედიტის ძირითადი თანხაა, 6 201.98 ევრო დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 18 131.67 ევრო კი - ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით;
- 2021 წლის 4 მაისის №0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 340 575.19 აშშ დოლარი, საიდანაც 283 300 აშშ დოლარი კრედიტის ძირითადი თანხაა, 4878.85 აშშ დოლარი - დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 52 396.34 აშშ დოლარი – ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო;
- წინამდებარე გადაწყვეტილების 6.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, რეალიზდა იპოთეკით დატვირთული ქონება, კერძოდ, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ..........; ქ.თბილისი, ქუჩა .........., საკადასტრო კოდი: .........., არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 254 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;
- წინამდებარე გადაწყვეტილების 6.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული ქონება რეალიზდა, კერძოდ, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ..........; ქ.თბილისი, ქუჩა .........; საკადასტრო კოდი: №.........., არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 254 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;
- შპს „ო.გ–ს“ და ი. ლ–ძეს მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ N0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 283 300 აშშ დოლარის წლიური 9%-ის მიუღებელი შემოსავალის გადახდა 2021 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე;
- სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
- დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება (კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-8, მე-10, მე-14 პუნქტების სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვების ნაწილში);
- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება (საქმე №2/29009-21), რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თამარ გ–ძის მიერ 2021 წლის 7 ოქტომბერს გაცემული №211122958 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A21162437;
12.17 2019 წლის 21 მაისს შპს „ო.გ–სა“ და სს „პ.ბ.ს–ოს“ შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 22.11.2019 წლის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, .........., დაზუსტებული ფართობი 1430 კვ.მ (უძრავი ქონების ს.კ №.........), რომლის მესაკუთრეც 10.10.2020 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეა და რომლის ღირებულებაც იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროისათვის შეადგენდა 105000 აშშ დოლარს ან შესაბამის ეკვივალენტს ლარს, 2023 წლის 18 იანვარს, იძულებით საჯარო აუქციონზე 403790 ლარად შეიძინა შპს „დ.ს–იმ’’. შპს „დ.ს–ის’’ დამფუძნებელი არის შპს „ო.გ–ი’’. ზემოაღნიშნული უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე იყო შპს „დ.ს–ი’’.
13. მოცემულ დავაში სარჩელის საგანია საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კასატორის მტკიცებით, მისი მოთხოვნა გამომდინარეობს სსსკ-ის 199.3 მუხლის დებულებიდან, რაც გასაჩივრებული განჩინებით არასწორად იქნა განხილული/გაანალიზებული.
14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტით უზრუნველყოფილია მოსარჩელის ინტერესების დაცვა, რომელიც გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც იგი გამართლებულია.
15. მხარის უფლებას, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, უპირისპირდება მოპასუხის ინტერესი – თავი დაიცვას ზიანის მომტანი უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან. ამ დროს ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელისა და მოპასუხის ლეგიტიმური ინტერესები, რომელთა გონივრული დაბალანსებაც კანონმდებლისადმი წაყენებული უპირველესი კონსტიტუციური მოთხოვნაა. დადგენილი შეზღუდვა უნდა ითვალისწინებდეს პროცესის მონაწილე ორივე მხარის ინტერესებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1-ლი დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე №2/6/746, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-23.).
16. პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსარჩელის ინტერესების დაცვამ შეიძლება გამოიწვიოს მოპასუხისათვის ქონებრივი ზარალის მიყენება, შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას მოპასუხის ინტერესების დაცვისათვის საჭირო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხსენებული ინტერესების გონივრულად დაბალანსების მექანიზმია და ემსახურება მოპასუხის უფლებების დაცვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1-ლი დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე №2/6/746, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-18-19).
17. სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა ემსახურება მოპასუხის ინტერესს და წარმოადგენს გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი აღმოჩნდება, ზარალი, რომელიც მოპასუხის უფლებათა შეზღუდვით არის გამოწვეული, ანაზღაურდება. კერძოდ, მოყვანილი ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზეც; ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია, უზრუნველყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადაით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინებას, რომელიც ექვემდებარება საჩივრის ფორმით გასაჩივრებას. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია; თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ან 36330 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც უზრუნველყოფილია, ვალდებულია, აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.
18. ამდენად, მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია როგორც მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის წესი, ისე სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები. ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ: ა) სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში; ბ) უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა სარჩელის შეტანამდე, შემდეგ კი გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ დადგენილი ვადის მიხედვით სარჩელი არ იქნა წარდგენილი; გ) თუ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა სასამართლო მედიაციის ან კერძო მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის პროცესში სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის მიზნით, შემდეგ კი გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ დადგენილი ვადის მიხედვით განმცხადებელმა არ მიმართა სასამართლო მედიაციას ან კერძო მედიაციას, ან, თუ მედიაციის დასრულებიდან დადგენილ ვადის მიხედვით არ წარადგინა სარჩელი/არ მიმართა საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. კანონის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან მოპასუხის თავდასაცავ მექანიზმს ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ სახის ღონისძიების გამოყენების შედეგი მოპასუხისათვის ზიანის მომტანია. ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგისათვის: გამოყენებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; ეს ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი; უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზშედეგობრივი კავშირი (იხ.: სუსგ №ას-1216-1136-2017, 18.05.2018წ.; №ას-259-259-2018, 30.06.2020წ.). ასეთ დროს, ზიანი გულისხმობს მაგალითად, ფაქტობრივი ზიანის წარმოშობას ან შემოსავლის დაკარგვას, მაგრამ არა უფლების დროებით შეზღუდვას, რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშნულება სწორედ უფლების დროებით შეზღუდვაა (გასხვისების აკრძალვა, ქმედების განხორციელების აკრძალვა, ნივთობრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა და სხვა) (იხ.: სუსგ №ას-115-2020, 11.02.2021წ.). ამასთან, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობა გულისხმობს თუ არა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევებს (იხ.: სუსგ №ას-186-2020, 22.12.2022წ.).
19. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გამოიხატა ამ უკანასკნელის მხრიდან სარჩელის აღძვრასა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რამაც მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ აღძრა სარჩელი (სამოქალაქო საქმე №2/29009-21) და ამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება შეჩერდა სარეალიზაციო ქონებაზე, კრედიტორი იძულებული გახდა, მოეთხოვა დანარჩენი მოვალეების, მათ შორის, მოსარჩელის მიმართ სააღსრულებო წარმოების გაგრძელება. კასატორის განმარტებით, რომ არა მოპასუხის მხრიდან სარჩელის შეტანა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კრედიტორი იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის რიგითობას არ შეცვლიდა. შესაბამისად, მას ზიანი არ მიადგებოდა, კერძოდ, მისი ქონება არ გაიყიდებოდა აუქციონზე.
20. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენების (სსსკ-ის 199.3 მუხლი) საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სამართლებრივი ნორმით განსაზღვრულია გაუმართლებელი ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, კერძოდ, ასეთი პირია ის მხარე, რომლის სასაგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა (მოსარჩელე), ხოლო ზარალის ანაზღაურება უნდა მოხდეს მეორე მხარის/მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში კი, თავდაპირველი სარჩელის მოპასუხეს წარმოადგენდა არა ამ საქმის მოსარჩელე, არამედ სს „პ.ბ.ს–ო“, რომლის წინააღმდეგაც ამ საქმის მოპასუხემ სარჩელი აღძრა და მოითხოვდა, ცვლილება შესულიყო ნოტარიუს თ. გ–ძის მიერ 2021 წლის 7 ოქტომბერს გაცემულ №211122958 სააღსრულებო ფურცელში იმგვარად, რომ №0004205.001-001 სესხზე პირგასამტეხლოს ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, 18131.67 ევროს ნაცვლად, განსაზღვრულიყო - 1813.17 ევროს მოცულობით, ხოლო №0004205.001-002 სესხზე 392971.52 აშშ დოლარის ნაწილში მოვალე სრულად გათავისუფლებულიყო გადახდევინებისგან. მან სწორედ ამ საქმის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, 2021 წლის 7 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმისწარმოების შეჩერება, რომელიც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერდა (აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სს „პ. ბ. ს–ომ“ შეგებებული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა მსესხებლებს შპს „ო.გ–სა“ და ი. ლ–ძეს სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროთ თანხის გადახდა, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული მოპასუხის, გ. ჩ–ის, ი. ლ–ძისა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უსაფუძვლოა სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებაზე მითითება.
21. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემობებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის დაკისრების მოთხოვნის - სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) მუხლი.
22. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი). ზიანი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების, სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგია. შესაბამისად, სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელი კომპონენტია, რომლის თანახმად, თუ არ იკვეთება ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ წარმოიშობა. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე – განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა/მისი მოცულობა, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს საკუთარ ქმედებაში ბრალის არარსებობა (იხ.: სუსგ №ას-352-2022, 20.04.2022წ.; №ას-934-2023, 03.10.2023წ.; №ას-108-2023, 30.01.2025წ.).
23. დელიქტური პასუხისმგებლობის სავალდებულო წინაპირობაა ქმედების მართლწინააღმდეგობა. ბრალეულობის დადასტურება რთულია სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებისას (შდრ. BGH, Beschluss vom 15.07.2005 - GSZ 1/04 - BGHZ 164, 1; BGH, Urteil vom 21.12.2005 - X ZR 72/04 - BGHZ 165, 311) (იხ. ულრიხ ჰაგენლოხი, სსსკ-ის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, 191-ე და მომდევნო მუხლები, გვ. 680).
24. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსთვის სარჩელით ან განცხადებით მიმართვა კონსტიტუციით დაცულ უფლებას წარმოადგენს და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონსაწინააღმდეგოდ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ე.წ. „პროცესუალური კეთილსინდისიერების“ პრინციპის განმარტება. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს პირი, რომელიც სუბიექტური კეთილსინდისიერების პირობებში წარადგენს უსაფუძვლო სარჩელს, რომლითაც მოპასუხეს აყენებს ზიანს. ამდენად, მართლწინააღმდეგობად ვერ შეფასდება პირის ქცევა, როცა იგი დაუდევრობით სარჩელის სამართლებრივ პერსპექტივას ვერ აფასებს სწორად. სასამართლოსათვის მიმართვის კონსტიტუციით დაცული უფლების შეზღუდვა დაუშვებელია. ამის შედეგია ის, რომ მხოლოდ ამგვარი (უსაფუძვლო) განცხადება ან სარჩელი არ შეიძლება იქნეს მიჩნეული კანონსაწინააღმდეგოდ. ეს უფლება იცავს კეთილსინდისიერ პირს და ანიჭებს მას იმის უფლებას, რომ სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუშვას შეცდომა. არ არსებობს ასეთ დროს სსკ-ის 992-ე მუხლის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიჩნევის წინაპირობა. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა შეფასდეს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ მოსარჩელის ერთადერთ მიზანს ამით მოპასუხისათვის ზიანის მიყენება წარმოადგენს ან, როცა სასამართლოს განზრახ წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მცდარ მტკიცებულებებს. ამდენად, იმ გამონაკლის შემთხვევებში, როცა დასტურდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოპასუხისათვის ზიანის მიყენების მიზნით, ამ უკანასკნელს დელიქტური სარჩელით საერთო საფუძველზე შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ყველა სხვა შემთხვევაში კი, გაუმართლებელი უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველია სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილი (იხ.: სუსგ №ას-186-2020, 22.12.2022წ.).
25. ამდენად, დელიქტური ვალდებულების საფუძველზე ზიანის ანაზღაურებასა და გაუმართლებელი უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მართლწინააღმდეგობის ელემენტი განასახვავებს, თუმცა ორივე შემთხვევაში აუცილებელი წინაპირობა ზიანი და მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობაა, რომელთა მტკიცების ტვირთი ორივე შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება.
26. მოცემულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ გაწია თავისი წილი მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხეს ამოძრავებდა მართლსაწინააღმდეგო მიზანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მეშვეობით მოსარჩელისათვის მიეყენებინა ზიანი, მეტიც, როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოპასუხის მიერ სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ .......... ქ. №17ა-ში მდებარე უძრავი ქონების შეძენის დროს მისთვის ცნობილი იყო, რომ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ ერთი სასესხო ვალდებულება, რომელიც სს „პ.ბ.ს–ოს“ მიერ გაიცა 2019 წლის 21 მაისს №0004205.001-001 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. იპოთეკის საგნის გასხვისების შემდეგ კი, ბანკმა ისე, რომ ქონების ახალი მესაკუთრისთვის - მოპასუხისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია გასცა ახალი სესხი (საკრედიტო ხელშეკრულება №0004205.001-002) 283 300 აშშ დოლარის ოდენობით და სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნა ისევ მოპასუხის მიერ შეძენილი ქონება, ეს გარემოება მოვალისათვის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრების მიჩნევასთან ერთად გახდა მოპასუხის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველს, რაც მართლსაწინაღმდეგო ქმედებად ვერ შეფასდება. ამასთან, სარჩელიც არ შეიცავს მოპასუხის მოქმედების ცალსახად მართლსაწინააღმდეგო შეფასებისთვის საკმარის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს.
27. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობასაც, რომლის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე არ არის გამართლებული. საქმე ეხება სსსკ-ის 287-ე მუხლზე დაფუძნებულ საერთო იპოთეკას, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკით. აღნიშნული მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. მოცემულ საქმეში მხარეებს მსგავსი შეთანხმება არ ჰქონიათ, ხოლო კრედიტორმა ერთი უზრუნველყოფის საშუალების განკარგვით უარი არ განუცხადებია სხვა იპოთეკის საგნების რეალიზაციის მოთხოვნაზე. შესაბამისად, ბანკმა კანონიერად მოახდინა მოსარჩელის იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვა. შედეგად, იპოთეკით დატვირთული ქონება რეალიზდა არა უსაფუძვლოდ, არამედ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით.
28. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-1140-2024,28.02.2025წ.; №ას-286-2023, 27.04.2023წ.; №ას-186-2020, 22.12.2022წ.).
32. სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის დასრულებამდე. აქედან გამომდინარე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ე–ს“ (ს/ნ .......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - (8 000 ლარის) 30%-ის - 2 400 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია