Facebook Twitter

№ას-115-2024

08 ივლისი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე.ო–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ი.მ.ა „ა.პ–ი“, შპს ,,ა–ი“, შ.ბ-დ–ი, შპს ,,ვ–ა“, შპს ,,ა.“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე.ო–მა (შემდეგში ტექსტში, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების ი.მ.ა „ა.პ–ი“-ს, შპს ,,ა–ი“-ს, ა.ო–ას, შპს ,,ვ–ა“-ს, შპს ,,ა “-ს (შემდეგში ტექსტში, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარეები“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: 1. შეწყვეტილად ჩაითვალოს მხარეებს: ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა "ა.პ"-ს, ე.ო–ს და შპს "ა”-ს შორის 2008 წლის 16 ივლისს გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულება Nაპ1-352 სარჩელის შეტანის მომენტიდან; 2. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა "ა.პ"-ს, ა.ო–ას, შპს ვ”-ს და შპს ”ა”-ს მოსარჩელე ე.ო–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 103 490 ევროს ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად; 3. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა "ა.პ"-ს, ა.ო–ას, შპს "ვ”-ს და შპს "ა”-ს მოსარჩელე ე.ო–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად, - 2010 წლის 01 ივლისიდან, - 2017 წლის 11 ივლისის ჩათვლით, რაც შეადგენს - 42 180,80 აშშ დოლარს - შესაბამისი ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ე.ო–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 1. შპს ,,ა–ს“, შპს ,,ვ–ას“, შ.ბ-დ–ს დაეკისრათ ე.ო–ის სასარგებლოდ 31 050 ევროს ეკვივალენტი ლარში გადახდა; 2. არ დაკმაყოფილდა ე.ო–ის მოთხოვნა - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა "ა.პ–ს" (ს/კ .........), ე.ო–ს (პ/ნ .........) და შპს "ა-ს” (ს/კ .......) შორის 2008 წლის 16 ივლისს გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულების Nაპ1-352 ბათილად ცნობის ნაწილში;

3. ე.ო–ის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ე.ო–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 2008 წლის 16 ივლისს, ერთი მხრივ, იმა "ა.პ"-ს (ამხანაგობა), მეორე მხრივ, ე.ო–ს (წევრი) და მესამე მხრივ, შპს "ა”-ს (კომპანია) შორის, დაიდო ხელშეკრულება Nაპ1-352 საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის (ამხანაგობაში წევრად მიღების) შესახებ.

4.2.2 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ე.ო–ი გაერთიანდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ა. პ–ში”, რომელიც შექმნილი იყო ....... ქუჩა N32-ში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის აშენების და აშენებული სახლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ამხანაგობის წევრებს შორის წილების განაწილების მიზნით.

4.2.3 ხელშეკრულების თანახმად, ე.ო–ის წილი შეადგენდა საოფისე ფართს, რომელიც მდებარეობდა საცხოვრებელი სახლის მესამე სადარბაზოში, მე-2 კ სართულზე, ფართით: 103,49 კვმ-ს.

4.2.4 მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა III-IV-V სადარბაზოს მშენებლობის ვადა, რომელიც უნდა დასრულებულიყო მშენებლობის დაწყებიდან - 2006 წლის 01 ივლისიდან, - 36 თვის მანძილზე - 2009 წლის 01 ივლისს.

4.2.5 წევრს ფართი უნდა ჩაჰბარებოდა დანართი N1-ით განსაზღვრულ მდგომარეობაში, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული; ექსტერიერზე ალუმინის კარ- ფანჯარა ორმაგი შემინვით; კანალიზაციის დგარები მიყვანილი შესაბამის წერტილებამდე; იატაკი მოჭიმული; ხოლო, დანართი N2-ით, სამუშაოები, (დაცვის ვიდეოსისტემის მონტაჟი; გათბობისა და ცხელი წყლის სისტემა (ცენტრალური საქვაბე, ვერტიკალური დგარები მიყვანილი სადარბაზოს ბაქანზე) დასრულდებოდა სახლის აშენებიდან (1.8. პუნქტი, რომლის თანახმად, მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა III-IV-V სადარბაზოს მშენებლობის ვადა, რომელიც უნდა დასრულებულიყო მშენებლობის დაწყებიდან - 2006 წლის 01 ივლისიდან, - 36 თვის მანძილზე - 2009 წლის 01 ივლისს) არაუგვიანეს რვა თვის პერიოდისა.

4.2.6 ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით, წევრის საწევროს ოდენობა განისაზღვრება ფართის ღირებულებით, კერძოდ, 103 490 ევროს ეკვივალენტით გადახდის მომენტისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ლარებში.

4.2.7 წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, საწევროს 30%-ს, კერძოდ, 31 050 ევროს ეკვივალენტ ლარს წევრი უხდის კომპანიას. ამასთან, პირველი შენატანის განხორციელებიდან 15 დღის ვადაში, კომპანია უზრუნველყოფს წევრისათვის საწევროს დანარჩენი ნაწილის, კერძოდ, 72 440 ევროს სესხის სახით გამოყოფას და საწევროს მთლიანი თანხის ამხანაგობისათვის გადახდას.

4.2.8 აღნიშნული სესხით სარგებლობის ვადა, პროცენტი, დაბრუნება და სხვა პირობები განისაზღვრება სესხის ხელშეკრულებით, რომელიც იდება კომპანიასა და წევრს შორის წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

4.2.9 იმავე დღეს, - 2008 წლის 16 ივლისს, ერთი მხრივ, ე.ო–ს (მსესხებელი) და მეორე მხრივ, შპს „ა”-ს (გამსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება.

4.2.10 ხელშეკრულების თანახმად, შპს ”ა–ი”, 2008 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების (დადებული ე.ო–ს, იმა "ა.პ–ს” და შპს „ა”-ს შორის) 3.2 პუნქტის შესრულების შემდეგ 15 სამუშაო დღის ვადაში, გასცემდა სესხს ე.ო–ის სასარგებლოდ. სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა შეადგენდა 72 440 ევროს, სესხი გაიცემოდა 24 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლით 18%.

4.3 სააპელაციო პალატამ, უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელირება, დამატებით 72 440 ევროს მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ 72 440 ევრო, წარმოადგენს 16.07.2008 წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ე.ო–ის სასარგებლოდ, კომპანიისათვის გადაცემულ თანხას, კერძოდ, სადავო არ არის ის გარემოება, რომ წევრის საწევროს ოდენობა განისაზღვრა ფართის ღირებულებით, - 103 490 ევროს ეკვივალენტი ლარით, რომელიც უნდა გადახდილიყო შემდეგნაირად: წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, საწევროს 30%-ს, კერძოდ, 31 050 ევროს ეკვივალენტ ლარს წევრი უხდიდა კომპანიას. ამასთან, პირველი შენატანის განხორციელებიდან 15 დღის ვადაში, კომპანია უზრუნველყოფდა წევრისათვის საწევროს დანარჩენი ნაწილის, კერძოდ, 72 440 ევროს სესხის სახით გამოყოფას და საწევროს მთლიანი თანხის ამხანაგობისათვის გადახდას. დადგენილია, რომ მოსარჩელე ე. ო–მა 31 050 ევროს ეკვივალენტი ლარი გადაუხადა კომპანიას, ხოლო, დანარჩენი 72 440 ევრო, 2008 წლის 16 ივლისს, ე.ო–სა და შპს „ა”-ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ა’’-მა გადასცა ამხანაგობას ე.ო–ის სასარგებლოდ. სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ ე.ო–ის მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, - ე.ო–ის მიერ ბინის შეძენის სანაცვლოდ სესხად აღებული თანხა დროულად არ იქნა გადახდილი, რის გამოც, მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება შესრულებული იქნა იმა ,,ა.პ“-ს მიერ.

4.4 პალატის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ დაარღვია სესხის ხელშეკრულების პირობები, მის მიერ არ იქნა დაფარული სესხი - 74 440 ევროსა და ამ თანხის 24 თვის განმავლობაში წლიური 18%-ის ოდენობით, როგორც საქმის მასალებში წარმოდგენილ საბანკო გადარიცხვის ქვითრები ცხადყოფს, მოსარჩელე მხოლოდ რამდენიმე თვე ასრულებდა სესხის ხელშეკრულების გრაფიკს და ჯამში, გადაიხადა 104 820 ლარი. შესაბამისად, დადგა 16.07.2008წ. Nაპ1-352 სესხის ხელშეკრულების 4.2. მუხლით გათვალისწინებული შედეგი: ე.ო–ის მიერ გადახდის 21 კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში გამსესხებელი - შპს "ა" უფლებამოსილია 21 დღის შემდეგ ნებისმიერ დროს დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ამხანაგობა "ა.პ–ისაგან". მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში 16.07.2008 წლის სამმხრივი ხელშეკრულების 4.4.7 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობა "ა.პ–ი" ვალდებული იყო ე.ო–ის საწევრო თანხა დაებრუნებინა, - შპს "ა"-სათვის ჩაეხურა სესხი, რომელიც ამ უკანასკნელის საწევრო თანხის დაფარვის მიზნით გაიცა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს არ ჰქონდა დაფარული შენატანი ამხანაგობაში, რის გამოც ამხანაგობამ არ გადაუფორმა მას ფართი.

4.5 სააპელაციო პალატამ, აპელანტის მითითებაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილი, - ვინაიდან, ი.მ.ა „ა. პ“-მა მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება 103.49 კვ.მ. საოფისე ფართზე, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა კრედიტის დაბრუნებაზე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 16.07.2008 წლის Nაპ1-352 ერთობლივი საქმიანობის (სამმხრივი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (რომ მე-3 სადარბაზო (მე-3 ბლოკი) და 103,49 კვ.მ. ფართი არ აშენდა ხელშეკრულების 1.8. პუნქტით დადგენილ ვადაში და არ არის მიღებული ექსპლუატაციაში) ამხანაგობის მიერ დარღვევის ფაქტი, საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რისი დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებაც სწორედ მოსარჩელე მხარეს გააჩნდა. ამდენად, სახეზე არ არის სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება, არ არსებობს მოპასუხის მხრიდან ნაკლოვანი შესრულება და შესაბამისად, არც მართლზომიერ შესაგებელია წარმოდგენილი, რომელიც ე.ო–ს გაათავისუფლებდა სესხის გადახდის ვალდებულებისაგან.

4.6 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამხანაგობაში უნდა გაიმიჯნონ ის წევრები, რომელთაც ამხანაგობა დააფუძნეს და ამხანაგობის ფინანსური ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა იკისრეს ისეთი წევრებისაგან, რომლებიც ამხანაგობაში მხოლოდ იმ მიზნით გაწევრიანდნენ, რომ ამხანაგობისაგან ბინა შეეძინათ ან ამხანაგობას მათთვის ბინა აეშენებინა. პალატის მოსაზრებით, ამხანაგობის ჩვეულებრივი წევრის მოთხოვნაზე, დაუბრუნოს მას ამხანაგობამ გადახდილი თანხა ან/და აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, პასუხისმგებელი სუბიექტები არიან არა ამხანაგობის ის წევრები, რომელთა მიზანი მხოლოდ ბინის შეძენა იყო, არამედ ამხანაგობის ის წევრები, რომელთაც ამხანაგობის სახელით ეკონომიკური საქმიანობის ვალდებულება იკისრეს. აღსანიშნავია, რომ ამხანაგობის დასახელებული წევრები პასუხისმგებელნი არიან ამხანაგობის ფინანსური ვალდებულებებისათვის და მათი მიზანი აღნიშნულ ამხანაგობაში არა მხოლოდ შენატანის პროპორციული უძრავი ქონების მიღებაა, არამედ ამხანაგობის შემოსავლებში მონაწილეობაც. განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობა „ა. პ–ის’’ დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენენ შპს ,,ა–ი“, შპს ,,ვ–ა“, შ.ბ-დ–ი.

4.7 ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ე.ო–ის სარჩელზე ვალდებულ პირებს წარმოადგენენ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები და არ არსებობდა სარჩელის ამხანაგობის, რაც თავისთავად გულისხმობს დამფუძნებელი წევრების გარდა სხვა წევრების პასუხისმგებლობასაც-წინააღმდეგ დაკმაყოფილების საფუძველი.

4.8 რაც შეეხება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელეს მაშინ ექნებოდა ზიანის, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება, თუკი იგი ჯეროვნად შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ხოლო, ამხანაგობის მხრიდან კი, ადგილი ექნებოდა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ 2008 წლის 16 ივლისის ნარდობის ხელშეკრულების ნაცვლად გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-8 ფაქტობრივი გარემოებით არასწორად მიიჩნია, რომ 2008 წლის 16 ივლისს, ერთი მხრივ, ი.მ.ა "ა.პ"-ს (ამხანაგობა), მეორე მხრივ, ე.ო–ს (წევრი) და მესამე მხრივ, შპს "ა”-ს (კომპანია) შორის, დაიდო ხელშეკრულება Nაპ1-352 საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის (ამხანაგობაში წევრად მიღების) შესახებ. აღნიშნულ არასწორ მოსაზრებას კი, მოჰყვა სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების კასკადი. კონკრეტულ შემთხვევაში ე.ო–ის მიერ ნაკისრი ვალდებულება შენატანის შეტანის შესახებ სრულად შესრულებულია, ხოლო საკუთრების უფლება არ წარმოშობია საოფისე ფართზე. ამდენად, ჩვენი მხარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების საფუძველზე წარმოეშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე ამხანაგობისათვის გადაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობა არამართებულად დააკვალიფიცირა ერთობლივ საქმიანობად და არა ნარდობად და ამ გამიჯვნას საფუძვლად არამართებულად არ დაუდო, როგორც მხარეთა ნება, ისე შესრულების შედეგის მიმართ მათი დამოკიდებულება და ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-მოვალეობები, ვინაიდან მოსარჩელის მიზანს წარმოადგენდა ფართის საკუთრებაში მიღება ანაზღაურების სანაცვლოდ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი). ბ) მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-10 ფაქტობრივი გარემოებით სწორად დაადგინა ე.ო–ის მიერ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის ფაქტი (აღნიშნულ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რა ნაწილი სახლიდან მოიტანა და რა ნაწილი ისესხა), არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ 2008 წლის 16 ივლისის ნარდობის ხელშეკრულების 2.3-ე მუხლის თანახმად ი.მ.ა. "ა.პ"-მა არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და არ გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მოსარჩელეს, ანუ მას საჯარო რეესტრში არ წარმოეშვა საკუთრების უფლება, თუნდაც მშენებარე შეძენილ უძრავ ქონებაზე. გ) სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ, რადგან, ე.ო–ის მიერ სესხის აღების შემდეგ ი.მ.ა. "ა. პ"-მა არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და გონივრულ ვადაში არ გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე ე.ო–ს, მოსარჩელემ 2009 წლის შემდეგ შეწყვიტა სესხის დაფარვა.

5.3 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ იმ პირობებში, როდესაც უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თანხის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, რატომღაც გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების თაობაზე (გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი). მაშასადამე, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

5.4 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, „სამომხმარებლო კრედიტის დროს კრედიტის მიმღებს შეუძლია უარი თქვას კრედიტის დაბრუნებაზე, თუ ამ კრედიტთან დაკავშირებული სასყიდლიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაგებელი გამყიდველის მიმართ მას მიანიჭებდა თავისი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას“, რადგან იმა „ა. პ “-მა მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება 103.49 კვ.მ. საოფისე ფართზე, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა საერთოდ უარი ეთქვა კრედიტის დაბრუნებაზე.

5.5 კასატორი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ე.ო–ის მხრიდან გამოყენებულ იქნა კანონიერად და ასევე დაადგინა, რომ ე.ო–მა მართალია, სესხის აღების ხარჯზე, მაგრამ მაინც სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური, სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის ნასყიდობის საფასურის სრულად, და არა ნაწილის, დაბრუნების თაობაზე.

5.6 კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი და 411-ე მუხლი, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და რომელთა თანახმად, „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით“, „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“, რადგან მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

5.7 კასატორი განმარტავს, რომ 2008 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების 4.1.3-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ 1.8-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში (01. 07. 2009 წელი) არ დასრულდა დანართი N1-ით გათვალისწინებული სამუშაოები და ვადაგადაცილებამ შეადგინა 12 თვე, წევრს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მის მიერ ფაქტობრივად მიღებული ზიანის ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელეს საოფისე ფართი მფლობელობაში უნდა გადასცემოდა 2009 წლის 01 ივლისს. ამიტომ, 411-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებებს, რომლებიც მიუთითებენ მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული საოფისე ფართის გადაცემასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში რა შემოსავალს მიიღებდა და ვალდებულების დარღვევის შედეგად არ მიიღო მოსარჩელემ. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში საოფისე ფართის გადაცემის შემთხვევაში, იგი 2009 წლის 01 ივლისიდან ამ საოფისე ფართს გააქირავებდა, რაც სავსებით შესაძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული სასამართლოს მიერ, რადგან საოფისე ფართის გაქირავება წარმოადგენს უძრავი ქონებით შემოსავლის მიღების ყველაზე ფართოდ დამკვიდრებულ და აპრობირებულ ფორმას. მოსარჩელე მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა 2017 წლის 11 ივლისამდე, თუმცა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოპასუხემ საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა. შესაბამისად, 2010 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 11 ივლისამდე, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს ის მიუღებელი შემოსავალი, რომელიც მას ამ პერიოდში (ანუ ხელშეკრულებიდან გასვლამდე) საოფისე ფართის გაქირავების შემთხვევაში ექნებოდა.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ასევე, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის მოთხოვნა, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზევე იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, პროცესუალურად დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არ აქვს შესაძლებლობა იმსჯელოს, დაადგინოს და შეაფასოს ახალი გარემოებები და ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის საბოლოო ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე (სსსკ-ის 404-ე და 407-ე მუხლები), რომელიც უფლებამოსილია, უკვე დადგენილ ფაქტებს მისცეს სამართლებრივი შეფასება, მათ შორის, არ გაიზიაროს ქვემდგომი სასამართლოს იურიდიული დასაბუთება და განსხვავებულ სამართლებრივ მოტივაციას დააფუძნოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).

9. განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმე სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განხილვა (სსსკ-ის 412-ე მუხლი) ერთ-ერთ ძირითად ასპექტს შეეხება, რადგან სააპელაციო სასამართლო, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, საქმის არსებითად განხილველი, ანუ ფაქტების დამდგენი სასამართლოა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, სარჩელსა და მის პასუხად წარდგენილ შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და მათ დასადასტურებლად სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, დავის ობიექტურად და კანონიერად გადაჭრისათვის, დამატებით უნდა იქნეს გამოკვლეული და დადგენილი უმნიშვნელოვანესი ფაქტები.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11. 2008 წლის 16 ივლისს, ერთი მხრივ, იმა "ა.პ"-ს (ამხანაგობა), მეორე მხრივ, ე.ო–ს (წევრი) და მესამე მხრივ, შპს "ა”-ს (კომპანია) შორის, დაიდო ხელშეკრულება Nაპ1-352 საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის (ამხანაგობაში წევრად მიღების) შესახებ. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ე.ო–ი გაერთიანდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ა–პ–ში”, რომელიც შექმნილი იყო ......... ქუჩა N32-ში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის აშენების და აშენებული სახლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ამხანაგობის წევრებს შორის წილების განაწილების მიზნით. ხელშეკრულების თანახმად, ე.ო–ის წილი შეადგენდა საოფისე ფართს, რომელიც მდებარეობდა საცხოვრებელი სახლის მესამე სადარბაზოში, მე-2 კ სართულზე, ფართით: 103,49 კვმ-ს. მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა III-IV-V სადარბაზოს მშენებლობის ვადა, რომლიც უნდა დასრულებულიყო მშენებლობის დაწყებიდან - 2006 წლის 01 ივლისიდან, - 36 თვის მანძილზე - 2009 წლის 01 ივლისს. წევრს ფართი უნდა ჩაბარებოდა დანართი N1-ით განსაზღვრულ მდგომარეობაში, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული; ექსტერიერზე ალუმინის კარ-ფანჯარა ორმაგი შემინვით; კანალიზაციის დგარები მიყვანილი შესაბამის წერტილებამდე; იატაკი მოჭიმული; ხოლო, დანართი N2-ით, სამუშაოები, (დაცვის ვიდეოსისტემის მონტაჟი; გათბობისა და ცხელი წყლის სისტემა (ცენტრალური საქვაბე, ვერტიკალური დგარები მიყვანილი სადარბაზოს ბაქანზე) დასრულდებოდა სახლის აშენებიდან (1.8. პუნქტი, რომლის თანახმად, მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა IIIIV-V სადარბაზოს მშენებლობის ვადა, რომლიც უნდა დასრულებულიყო მშენებლობის დაწყებიდან - 2006 წლის 01 ივლისიდან, - 36 თვის მანძილზე - 2009 წლის 01 ივლისს) არაუგვიანეს რვა თვის პერიოდისა.

12. ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტით, წევრის საწევროს ოდენობა განისაზღვრება ფართის ღირებულებით, კერძოდ, 103 490 ევროს ექვივალენტით გადახდის მომენტისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ლარებში. წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, საწევროს 30%-ს, კერძოდ, 31 050 ევროს ექვივალენტ ლარს წევრი უხდის კომპანიას. ამასთან, პირველი შენატანის განხორციელებიდან 15 დღის ვადაში, კომპანია უზრუნველყოფს წევრისათვის საწევროს დანარჩენი ნაწილის, კერძოდ, 72 440 ევროს სესხის სახით გამოყოფას და საწევროს მთლიანი თანხის ამხანაგობისათვის გადახდას. აღნიშნული სესხით სარგებლობის ვადა, პროცენტი, დაბრუნება და სხვა პირობები განისაზღვრება სესხის ხელშეკრულებით, რომელიც იდება კომპანიასა და წევრს შორის წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

13. იმავე დღეს, - 2008 წლის 16 ივლისს, ერთი მხრივ, ე.ო–ს (მსესხებელი) და მეორე მხრივ, შპს „ა”-ს (გამსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს ”ა”, 2008 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების (დადებული ე.ო–ს, იმა "ა.პ–ს” და შპს „ა”-ს შორის) 3.2 პუნქტის შესრულების შემდეგ 15 სამუშაო დღის ვადაში, გასცემდა სესხს ე.ო–ის სასარგებლოდ. სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა შეადგენდა 72 440 ევროს, სესხი გაიცემოდა 24 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლით 18%.

14. მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:,,..საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებას თავისი სპეციფიკა გააჩნია. სსკ-ის 930-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხანაგობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების ამ ტიპისათვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს. ამდენად, გარიგების მხარეთა ინტერესს, შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის, გარკვეული მოგების მიღების სურვილი. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ ამხანაგობის თითოეული წევრი მონაწილეობს, როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე. პალატამ მიიჩნია, რომ ამხანაგობაში უნდა გაიმიჯნონ ის წევრები, რომელთაც ამხანაგობა დააფუძნეს და ამხანაგობის ფინანსური ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა იკისრეს, ისეთი წევრებისაგან, რომლებიც ამხანაგობაში მხოლოდ იმ მიზნით გაწევრიანდნენ, რომ ამხანაგობისაგან ბინა შეეძინათ ან ამხანაგობას მათთვის ბინა აეშენებინა. პალატის მოსაზრებით, ამხანაგობის მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან არა ამხანაგობის ის წევრები, რომელთა მიზანი მხოლოდ ბინის შეძენა იყო, არამედ ამხანაგობის ის წევრები, რომელთაც ამხანაგობის სახელით, ეკონომიკური საქმიანობის ვალდებულება იკისრეს. აღსანიშნავია, რომ ამხანაგობის დასახელებული წევრები პასუხისმგებელი არიან ამხანაგობის ფინანსურ ვალდებულებებზე და მათი მიზანი აღნიშნულ ამხანაგობაში არა მხოლოდ შენატანის პროპორციული უძრავი ქონების მიღება, არამედ ამხანაგობის შემოსავლებში მონაწილეობა და მოგება-ზარალის განაწილებაცაა (სსკ-ის 931-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქ/პუნქტი, 935-ე მუხლები). (იხ. ასევე, სუსგ, ას-482-458-2013, 16.01.2014წ.;Nას- 630-597-2014, 28.07.2015. ას-866-808-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი; სუსგ № 1565-2018, 30 აპრილი, 2020).

15. იმისათვის, რომ ამხანაგობის ხელშეკრულება გაიმიჯნოს ნარდობის ხელშეკრულებისაგან, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, დავახასიათოთ ამხანაგობის ხელშეკრულების ის მხარეები, რომლითაც იგი ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. ამხანაგობის ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ხელშეკრულება, მოითხოვს წევრებისგან ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომლებსაც ახასიათებს სხვადასხვა ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. როდესაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ისეთ მიზანზე, რომელიც მიზნად ისახავს, მაგალითად, რაიმე ნაკეთობის დამზადებას, სახლის აშენებას და ა.შ. ამხანაგობის წევრთა უფლება-ვალდებულებები ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთობებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ისეთ უფლება-ვალდებულებებს, რაც დამახასიათებელია გაერთიანებისათვის, რომელსაც ახასიათებს კორპორაციული სტრუქტურის ისეთი თვისებები, რომელიც მოიცავს, როგორც ორგანიზაციულ, ასევე, ქონებრივ ელემენტებს. ზუსტად ასეთი ტიპის გაერთიანება წარმოადგენს გარკვეულწილად იმ საშუალებათა ერთობას, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია ამ გაერთიანების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მიღწევა. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება იმაში ვლინდება, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით“.

16. განსახილველ შემთხვევაში კი, ამხანაგობის ე.წ. „ჩვეულებრივ წევრს“, ამ შემთხვევაში მოსარჩელეს, ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით, სრული უფლებამოსილება არ გააჩნდა და ის მხოლოდ აშენებული ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებით იყო აღჭურვილი.

17. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების ცნება მოცემულია სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილში. აღნიშნული ცნებიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. მენარდისათვის გადასახდელი საზღაური, როგორც წესი, განისაზღვრება ფულადი სახით, თუმცა მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ სხვა რამეზეც (მაგალითად, მენარდისათვის რაიმე ნივთის ნატურით გადაცემა). შესაძლებელია კომბინირებული მეთოდიც (მაგალითად, საზღაურის ნაწილი გადახდილ იქნეს ფულადი სახით, ნაწილი – ნივთის სახით). ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის თავისებურებები, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება და სხვა.

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

19. მოცემულ შემთხვევაში, შინაარსობრივად მხარეთა შორის გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულების დადების მიზანი იყო შესრულებული სამუშაოს რეზულტატის, აშენებული, კონკრეტული მახასიათებლებით ფართის საკუთრებაში გადაცემა. ამასთან, ფულადი შენატანის (ნაწილის) განხორციელების მიზნით, მყიდველზე გაიცა სესხის თანხა შპს „ა “ მიერ. სამმხრივი ხელშეკრულებით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელის ინტერესი შემოიფარგლება ინდივიდუალურად განსაზღვრული ფართის მიმართ. მან ხელშეკრულება დადო უკვე შექმნილ ამხანაგობასთან (ანუ მას კონტრაჰენტის სტატუსი არ წარმოშობია ამხანაგობის დაფუძნებისას). შესაბამისად, მას ამხანაგობის დამფუძნებლებისაგან განსხვავებული სამართლებრივი კავშირი აქვს ამხანაგობასთან. ის ერთობლივი საქმიანობის მონაწილე კი არ ხდება, არამედ სურს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრის მიერ აშენებული მრავალბინიანი კორპუსიდან განსაზღვრული ფართის მიღება შესაბამისი ფულადი შენატანის სანაცვლოდ. მოსარჩელემ გადაიხადა ფულადი თანხა (ნაწილი) შესაბამისი ფართის მისაღებად, ხოლო დარჩენილი ფულადი შენატანისთვის აიღო სესხი. სწორედ ამიტომ, ე.ო–ის მიერ, 2008 წლის 16 ივლისს, გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულება, ნების გამოვლენის გონივრული განსჯის შედეგად, ხელშეკრულების საგნის მიხედვით, შესრულების არსის გათვალისწინებით, ყველაზე ახლოს დგას ნარდობის ხელშეკრულების შინაარსთან. ამასთან, სამხრივი ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში, ე.ო–ის ფულადი შენატანის თანხის ნაწილი 72 440 ევროს ოდენობით, სესხის სახით იქნა გამოყოფილი და შპს ,,ა’’-მა გადასცა ამხანაგობას ე.ო–ის სასარგებლოდ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს იმავე თარიღით, 2008 წლის 16 ივლისს, ერთი მხრივ, ე.ო–ს (მსესხებელი) და მეორე მხრივ, შპს „ა”-ს (გამსესხებელი) შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაზე და მიიჩნევს, რომ სახეზეა სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული ნარდობისა და სესხის ხელშეკრულება, და აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთკავშირი, ნათლად ვლინდება 2008 წლის 16 ივლისის სამმხრივი ხელშკრულების თუნდაც 4.4.7 პუნქტით, რომელიც ითვალისწინებს ამხანაგობის წევრის მიერ კომპანიასთან დადებული სესხის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორის/მენარდის უფლებას, ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა.

20. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა 352.1 მუხლიდან და 405-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს.

21. სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ: ა. შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება; ბ. მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს; გ. მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა; სათანადო გამოყენებით გამოწვეული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება. სსკ-ის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

22. ერთ-ერთ საქმეში, საკასაციო პალატამ განმარტა: „სსკ-ის 352.1-ე მუხლის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა უარი თქვეს ხელშეკრულებაზე, რაც სსკ-ის 405.1-ე და 352.1-ე მუხლების თანახმად ორმხრივი რესტიტუციის საფუძველია, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილი მოსარჩელემ შეასრულა, იგი ექვემდებარება დაბრუნებას“ (შეად. სუსგ N ას-630-597-2014, 28.07.2015 წ.).

23. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნიეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვალდებულების დარღვევის გამო, სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლების საფუძველზე, სადავო ქცეული სამმხრივი ხელშეკრულებიდან მოსარჩელის გასვლა (მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხის/ების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა არ დადგენილა). საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ 31 050 ევროს დაბრუნების თაობაზე შესულია კანონიერ ძალაში.

24. კასატორის მოთხოვნა არ არის მოპასუხეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იგი ითხოვს მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, იმის გამო, რომ მოპასუხე მხარემ ნაკისრი ვალდებულება ფართის გადაცემის თაობაზე არ შეასრულა, ხოლო მის მიერ ნაკისრი ვალდებულება შენატანის შეტანის შესახებ სრულად შესრულებულია. მოპასუხის პოზიციით კი, რადგან მოსარჩელემ დაარღვია შენატანის დაფარვის მიზნით აღებული სესხის დაფარვის გრაფიკი, სამმხრივი ხელშეკრულების 4.4.7 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხემ აღნიშნული შენატანის თანხიდან დაფარა სესხის ძირითადი და საპროცენტო სარგებლის თანხები.

25. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი. საკასაციო პალატა მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების მე-11 პუნქტის მე-3 აბზაცზე: „დადგენილია ასევე და არც აპელანტი ხდის სადავოდ, რომ მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულება შენატანის შესახებ შესრულებულია მხოლოდ 31 050 ევროს ნაწილში“. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ შეტანილი ფულადი შენატანიდან 72 440 ევროს ოდენობით, თანხა სესხის სახით იყო აღებული. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ფულადი შენატანის განხორციელების ნაწილში კასატორის წინააღმდეგობრივი პოზიციებია გამოხატული, პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ფულადი შენატანის სრულად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი.

26. მხარეთა შორის დადებული სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ფართის საფასურის შენატანთან ერთად, მოსარჩელეს ევალებოდა 24 თვის განმავლობაში, ამ შენატანის დაფარვის მიზნით აღებული სესხის თანხის 72 440 ევროს დაფარვა განსაზღვრული პირობებით. საქმის მასალებით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ სამმხრივი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა კასატორმა მხარემ, მან შეწყვიტა სესხის თანხის გადახდა.(მოპასუხე მხარის მითითებით, მოსარჩელე სესხის თანხას არ იხდიდა 2008 წლის 28 დეკემბრიდან). აქვე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების 1.8 პუნქტის თანახმად, მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა (III-IV-V სადარბაზოს მშენებლობის ვადა), 2009 წლის 01 ივლისი.

27.ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულების 4.4.7. პუნქტის თანახმად, წევრის მიერ კომპანიასთან სესხის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიისგან შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადისა _ გადაუხადოს კომპანიას საწევროს წევრის პირგასამტეხლოს, საწევროს 3%-ს გამოკლებით. კომპანია უფლებამოსილი იქნება აღნიშნული თანხებიდან, შემდგომი თანხმობისა და ნებართვის გარეშე, ჩამოწეროს სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მის მიმართ არსებული წევრის დავალიანება (დაუფარავი სესხის ძირი საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო) და დარჩენილი თანხა სრულად და მასზე დარიცხული უპირობოდ დაუბრუნოს წევრს.

28. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ე.ო–ის მიერ ფართის შეძენის სანაცვლოდ, სესხად აღებული თანხა დროულად არ იქნა გადახდილი, რის გამოც, მის მიერ შესასრულებული ვალდებულება შესრულებული იქნა იმა ,,ა.პ“-ს მიერ.

29. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან იმა ა. პ-მა მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება 103.49 კვ.მ. საოფისე ფართზე, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა სესხის დაბრუნებაზე სსკ-ის 370-ე მუხლის საფუძველზე. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ სსკ-ის 370-ე მუხლი (სამომხმარებლო კრედიტის დროს კრედიტის მიმღებს შეუძლია უარი თქვას კრედიტის დაბრუნებაზე, თუ ამ კრედიტთან დაკავშირებული სასყიდლიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაგებელი გამყიდველის მიმართ მას მიანიჭებდა თავისი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას; ნასყიდობის ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად ქმნის ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას, თუ კრედიტი ემსახურება შესასყიდი ფასის დაფინანსებას და ორივე ხელშეკრულება განიხილება როგორც ეკონომიკური ერთიანობა. ეკონომიკურ ერთიანობად ჩაითვლება, როცა კრედიტის მიმცემი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდველის მონაწილეობას იყენებდა.) მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ნასყიდობის (საქონლის მიწოდებისა თუ სხვა სახის მომსახურების) ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაგებელი სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებაზეც გაავრცელოს, თუმცა ნორმა აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც იდება ორი სამართლებრივად დამოუკიდებელი ხელშეკრულება, რომლებიც ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ, ჯამურად, ეკონომიკური ერთიანობა იქმნება. ეკონომიკური ერთიანობა გამოიხატება არა მხოლოდ იმით, რომ კრედიტი შესასყიდი ფასის დაფინანსებას ემსახურება, არამედ იმითაც, კრედიტის გამცემი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდველის მონაწილეობას იყენებს. ერთიანი ეკონომიკური კავშირის დადგენის მიზნებისათვის აუცილებელია ორი ურთიერთდაკავშირებული ხელშეკრულების არსებობა, რომელთაც ეკონომიკურ ერთობაში მონაწილე ყველა მხარე აწერს ხელს. ამ წესიდან გამონაკლისი თვით მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დაწესდეს (იხ. სუსგ. საქმე Nას-711-2024, 30.09.20244.).

30. საქმეში წარმოდგენილია სამმხრივი ხელშეკრულება, რომელსაც სამივე მხარე - გამსესხებელი, მსესხებელი და მომსახურების გამწევი (მენარდე) ხელს აწერს, ასევე, საქმეს ერთვის 2018 წლის 16 ივლისს, მოსარჩელესა და გამსესხებელს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეზე გაიცა სესხი 72 440 ევროს ოდენობით, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა ფულადი შენატანის ნაწილობრივი დაფინანსება. მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, სამომხმარებლო კრედიტის ფარგლებში ერთიანი ეკონომიკური ურთიერთკავშირი გულისხმობს იმას, რომ გამყიდველის/მომსახურების გამწევის (მენარდე) შეუსრულებლობა, მოვალეს შესრულების ვალდებულებისაგან ათავისუფლებს, ვინაიდან ამ სამართალურთიერთობაში შესვლის რისკებს, სამომხმარებლო კრედიტის(სესხის) გაცემის გზით, კრედიტის გამცემიც (გამსესხებელი) იღებს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით არ დასტურდება, რომ სესხის გამცემმა, 2018 წლის 16 ივლისის სამმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამყიდველის (მენარდის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის რისკი აიღო. ამგვარად, ხელშეკრულებათა შორის არ ვლინდება ისეთი მჭიდრო ეკონომიკური კავშირი, რაც ამ სამართალურთიერთობის სამომხმარებლო კრედიტად (სმკ-ის 370-ე მუხლი) აღქმის შესაძლებლობას მოგვცემდა.

31. პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია მიზნობრივი სესხი, რომლითაც სესხის გამცემმა მოსარჩელეს გამყიდველის (მენარდის) მიერ მომსახურების გაწევა დაუფინანსა, თუმცა ეს ხელშეკრულება/ები, როგორც აღინიშნა, ერთიან ეკონომიკურ ერთიანობას არ ქმნის. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ წარმოდგენილი სამმხრივი და სესხის ხელშეკრულებები არ არის სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, საკასაციო პალატა, კვლავ აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ კრედიტის გამცემმა(გამსესხებელმა) ვალდებულების შეუსრულებლობის რისკი აიღო. პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია მიზნობრივი სესხი, და მიუხედავად სამართლებრივი ურთიერთკავშირისა ნარდობის ხელშეკრულებასთან, სახეზე არ გვაქვს ეკონომიკური ერთიანობა.

32. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღება გაამახვილებს იმ საკვანძო გარემოებაზეც, რომ სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელი, სესხის მიმღები მხოლოდ მაშინ თავისუფლდება გამსესხებლისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულებისაგან, როდესაც სესხის ხელშეკრულება ნამდვილია და მისი შესაგებელი, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ, მართლზომიერია. საკასაციო პალატა, კვლავ გაამახვილებს ყურადღებას სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ფართის შეძენის სანაცვლოდ სესხად აღებული თანხა დროულად არ იქნა გადახდილი(ჯეროვნად არ შესრულდა სესხის დაფარვის ვალდებულება), რის გამოც, მის მიერ შესასრულებული ვალდებულება შესრულებული იქნა იმა ,,ა.პ–ი“-ს მიერ. მსესხებლის მიერ სესხის თანხის დაფარვის ვადაგადაცილების სამართლებრივი შედეგია, მოსარჩელის ფულადი შენატანიდან სესხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანხების დაფარვის ფაქტი.

33. საკასაციო პალატა, კვლავ მიუთითებს კასატორის მოთხოვნაზე, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა "ა.პ"-ს, ა.ო–ას, შპს ვ–ა”-ს და შპს ”ა”-ს მოსარჩელე ე.ო–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 103 490 ევროს ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივი დასკვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე, მოსარჩელის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შედავებული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352.1. მუხლი კი განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგს, რაც გამოიხატება მხარეებისთვის მიღებული შესრულებისა და სარგებლის დაბრუნებაში. ამგვარად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, თითოეულ მხარეს მიღებულის დაბრუნების (უკუქცევის) ვალდებულება წარმოეშვა.

35. დადგენილია, რომ 2008 წლის 16 ივლისის, ე.ო–ს (მსესხებელი) და შპს „ა”-ს (გამსესხებელი) შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, შპს ”ა”, 2008 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების (დადებული ე.ო–ს, იმა "ა.პ–ს” და შპს „ა”-ს შორის) 3.2 პუნქტის შესრულების შემდეგ 15 სამუშაო დღის ვადაში, გასცემდა სესხს ე.ო–ის სასარგებლოდ. სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა შეადგენდა 72 440 ევროს, სესხი გაიცემოდა 24 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლით 18%. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულია, რომ ე.ო–ს, სესხის ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმე თვე აქვს გადახდილი თანხა, რამაც ჯამში შეადგინა 104 820 ლარი.(კასატორის მითითებით, ნასესხები თანხიდან ე.ო–ს დაფარული აქვს ფულადი ვალდებულება ნაწილობრივ 16 841 ევროს ოდენობით)

36. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, როდესაც მოსარჩელე ითხოვს მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, სსკ-ის 405.1-ე და 352.1-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად, სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია მოსარჩელის მიერ სესხის დაფარვის მიზნით გადახდილი თანხები. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ აღებული სესხის თანხა 72 440 ევრო, იმა ა.პ–მა სრულად დაუფარა შპს „ა“-ს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე გარკვეული პერიოდი იხდიდა სესხის თანხას გრაფიკის შესაბამისად. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულების 4.4.7 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იქნა სასესხო ვალდებულებები შესრულებული. თუმცა ,სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ჩამოწერილი დავალიანების შემდეგ, „დარჩენილი თანხის უპირობოდ დაბრუნების საკითხი“, სწორედ მხარეთა რესტიტუციის ფარგლებში, სააპელაციო პალატამ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს.

37. რაც შეეხება კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოს, მოსარჩელის მოთხოვნის სოლიდარულ პასუხისმგებელ პირად ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებთან ერთად უნდა მიეჩნია იმა ა.პ–ი, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ე.ო–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იმა „ა.პ–ის“ დამფუძნებელ წევრებს: შპს ,,ა–ს“, შპს ,,ვ–ას“, შ.ბ-დ–ს დაეკისრათ ე.ო–ის სასარგებლოდ 31 050 ევროს ეკვივალენტი ლარში გადახდა; სააპელაციო საჩივარში, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებთან ერთად იმა „ა.პ–ის“ სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი(იხ. სააპელაციო საჩივარი), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ შეფასებია სადავოდ ქცეული გარემოება. ამ ეტაპზე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, კასატორის პრეტენზიის საფუძველზე, იმსჯელოს იმა „ა.პ–ზე“ სოლიდარული ვალდებულების დაკისრების საფუძვლებზე.

38. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, მტკიცებულების დართვის შესახებ 2019 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, რომელიც შეეხება სასამართლოს მთავარ სხდომაზე, საქმეზე, მტკიცებულების სახით 21.06.2011წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის დართვას, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მტკიცებულება მოპასუხის მიერ, წარმოდგენილი იქნა იმ მიზნით, რომ დაედასტურებინა 2010 წლის 30 აპრილს ,სადავო მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისა და დასრულების ფაქტი. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ მართებულად დაასკვნა, რომ კასატორის პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაშიც, საპროცესო დარღვევა არსებითი ხასიათის დარღვევად ვერ იქნება განხილული, რადგან საქმის შედეგზე გავლენას ვერ ახდენს. როგორც უკვე საკასაციო პალატამ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში, 16.07.2008 წლის #აპ1-352 ერთობლივი საქმიანობის (სამმხრივი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა მოსარჩელის მხრიდან, ხოლო ამხანაგობის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

39. კასატორის პრეტენზია შეეხება ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების განჩინების სააპელაციო პალატის მიერ გაუქმებას. საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა ე.ო–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო იმა ,,ა.პ–ის” საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, .........., სართული 14, VIბლოკი, ბინა 9-44, ფართი 127 კვ.მ ს/კ: ..........; ყადაღა დაედოს იმა ,,ა.პ–ის” საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, .........., სართული 14, VII ბლოკი, ბინა 10-19, ფართი 100,67 კვ.მ ს/კ: .......... სადავო შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ, გასაჩივრებული განჩინებით, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გააუქმა იმ საფუძვლით, რომ სადავო უძრავი ქონებები დარეგისტრირებულია იმა „ა.პ–ის“ სახელზე, ხოლო სასარჩელო მოთხოვნები იმა „ა.პ–ის“ მიმართ არ იქნა დაკმაყოფილებული.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მოსაზრების გაზიარების პირობებში, რომლის თანახმადაც, ამხანაგობის მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან არა ამხანაგობის ის წევრები, რომელთა მიზანი მხოლოდ ბინის შეძენა იყო, არამედ ამხანაგობის ის წევრები, რომელთაც ამხანაგობის სახელით, ეკონომიკური საქმიანობის ვალდებულება იკისრეს, სააპელაციო პალატას, სათანადოდ არ გამოუკვლევია აღნიშნულ უძრავ ქონებების საკუთრების საკითხი. მართალია, საქმეში წარმოდგენილია (იხ. ტომი 1. ს.ფ. 64-65), რომლითაც ირკვევა, რომ დაყადაღებული უძრავ ქონებები დარეგისტრირებულია იმა“ ა.პ–ი“ სახელზე, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომლითაც დადასტურდება ამხანაგობის ე.წ. ჩვეულებრივ წევრთა მხრიდან რაიმე უფლების ან პრეტენზიის არსებობა. სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს, აღნიშნული ქონებები ხომ არ წარმოადგენს იმა „ა.პ–ის“ იმგვარ საკუთრებას, რომელიც ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა შემოსავლად/მოგებად განიხილება.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხიც სარჩელის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

43. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმე ხელახლა განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქვედა ინსტანციის სასამართლოს და საქმის განმეორებით განხილვისას, პალატამ უნდა შეაფასოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის შესაბამისად, ხომ არ იკვეთება, მხარეთა რესტიტუციის ფარგლებში, ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგის სახით, მოსარჩელისათვის სესხის სახით დაფარული თანხის დაბრუნების საფუძველი.

44. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

45. პროცესის ხარჯები:

სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ო–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი