Facebook Twitter

№ას-1260-2024

29 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - რ.ვ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ.ბ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან დედა) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, რ.ვ–ვის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მამა) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა შვილის 2019 წლის 5 მაისს დაბადებული ა.ვ–ის მიმართ. ასევე, მისთვის - ნ.ბ–ძისთვის შვილის ა.ვ–ისთვის - მკურნალობის, განათლების, სასკოლო-სპორტულ, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის, პირადობის მოწმობის, პასპორტის, ვიზის აღების, საზღვრის კვეთის საკითხებთან დაკავშირებით და სახელმწიფო დაწესებულებებთან და კერძო პირებთან ა.ვ–ის წარმომადგენლობითი ფუნქციის განსახორციელებლად, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლების მინიჭება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, სოციალური მუშაკის დასკვნაზე მითითებით, ნაწილობრივ დაეთანხმა დედის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნ.ბ–ძის /პ/ნ ........./ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რ.ვ–ვს /პ/ნ ......../ შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის /პ/ნ ....../ მიმართ - მკურნალობის, განათლების, სასკოლო - სპორტულ, კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის, პასპორტის და ვიზის აღების - თანხმობის გაცემის ნაწილში. რ.ვ–ვს /პ/ნ ....../ შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის /პ/ნ ......../ მიმართ - სახელმწიფო დაწესებულებებთან და კერძო პირებთან ურთიერთობის თანხმობის გაცემის ნაწილში. რ.ვ–ვს /პ/ნ ....../ შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საზღვრის კვეთის თანხმობის გაცემის ნაწილში. ნ.ბ–ძემ /პ/ნ ....../ არასრულწლოვანი შვილის 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის /პ/ნ ....../ საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს წელიწადში არა ნაკლებ ერთხელ ყველა შემთხვევაში ზაფხულის პერიოდში - ერთი თვის ვადით - ა.ვ–ის საქართველოში, თბილისში ჩამოყვანა. ნ.ბ–ძის /პ/ნ ....../ მიერ არასრულწლოვანი შვილის 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის /პ/ნ ......../ საქართველოში ჩამოყვანის შემთხვევაში ნ.ბ–ძის /პ/ნ ........./ მხრიდან ეცნობოს რ.ვ–ვს /პ/ნ ......../ დაუყოვნებლივ არა უგვიანეს ერთი დღის ვადაში - შვილის, ა.ვ–ის /პ/ნ ......./ ადგილსამყოფელის შესახებ. ნ.ბ–ძის /პ/ნ ........./ მიერ არასრულწლოვანი შვილის 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის /პ/ნ ......./ საქართველოში ჩამოყვანამდე არა უგვიანეს ერთი კვირით ადრე ეცნობოს რ.ვ–ვს /პ/ნ ......./ საკომუნიკაციო საშუალების - სატელეფონო „ესემეს“ შეტყობინების გზით - როდის მოემგზავრება საქართველოში (თბილისში) შვილთან ერთად. „ესემეს“ შეტყობინებაში ასევე მიეთითოს ა.ვ–ის როგორც საქართველოში ჩამოყვანის, ისე საზღვარგარეთ უკან დაბრუნების თარიღი. ნ.ბ–ძის /პ/ნ ......./ მიერ არასრულწლოვანი შვილის 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის /პ/ნ ......../ საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში რ.ვ–ვს /პ/ნ ......./ ეცნობოს შვილის საცხოვრებელი მისამართი /ადგილსამყოფელის ზუსტი კოორდინატები/.

4.2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ.ბ–ძის სარჩელი რ.ვ–ვის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რ.ვ–ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის - 2019 წლის 5 მაისს დაბადებული ა.ვ–ის მიმართ პასპორტის აღების ნაწილში და კალენდარული წლის განმავლობაში სამი თვის ვადით (როგორც ნაწილ-ნაწილ, ისე სრულად) 1980 წლის 25 ოქტომბრის „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის“ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში და ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფოში გადაადგილებისთვის სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიზნით მშობლის თანხმობის გაცემის ნაწილში და ასევე ზემოაღნიშნულ ქვეყნებში გადაადგილებისთვის საჭირო სახელმწიფო ვიზის მისაღებად ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით. სხვა ნაწილში ნ.ბ–ძის სარჩელი მშობლის (მამის) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ასევე, დაკმაყოფილდა ნ.ბ–ძის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მღების შესახებ ნაწილობრივ და მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება: ნ.ბ–ძეს (პ/ნ .......) მიენიჭა უფლება არასრულწლოვანი შვილის - 2019 წლის 5 მაისს დაბადებული ა.ვ–ის (პ/ნ .........) საქართველოს სახელმწიფოდან გაყვანის უფლების გარეშე მიიღოს მისი (არასრულწლოვანი ა.ვ–ის) პასპორტი და გაატაროს საჭირო ღონისძიებანი (მათ შორის შეიტანოს სავიზო განაცხადი) ბავშვისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს ვიზის მოსაპოვებლად რ.ვ–ვის (პ/ .......) თანხმობის გარეშე.

5.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მის კვლევის საგანს წარმოადგენდა მშობლის (მამის) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემოწმება. ასევე არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა და განსაზღვრა, თუ რა იქნება მისი, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისთვის მიზანშეწონილი. ამასთან, შესაფასებელია მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, რამდენად იძლევა მშობლის - მამის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების შეზღუდვის საფუძველს მოთხოვნის ფარგლებში.

5.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 1202-ე, 1205-ე, 1197-ე, 1198-ე და 1999-ე მუხლებზე, რომლის ფარგლებშიც კანონმდებლობით დადგენილია მშობელთა თანაბრობის პრინციპი არასრულწლოვნის აღზრდა-განვითარებისათვის სასარგებლო მოქმედებათა განხორციელებაში, თუმცა რაკი საკითხი მეტად მგრძნობიარე თემას უკავშირდება, გადამწყვეტია სასამართლოს მხრიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესების გამორკვევა, რომელიც ნებისმიერ სხვა ინტერესს, იქნება ეს მშობლის სუვერენული უფლება თუ სხვა, გადაწონის.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

6.1. რ.ვ–ვს და ნ.ბ–ძეს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2019 წლის 5 მაისს დაბადებული ა.ვ–ი.

6.2. რ.ვ–ი და ნ.ბ–ძე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ა.ვ–ი ცხოვრობს დედასთან ერთად, მზრუნველ და კეთილსაიმედო გარემოში. გამოიკვეთა, რომ ნ.ბ–ძე ამჟამად დასაქმებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქვს ცხოვრების უფლება და მიიღებს მოქალაქეობასაც, შესაბამისად ფაქტობრივად ცხოვრებას შვილთან ერთად აპირებს აშშ-ში. არასრულწლოვანი დღეის მოცემულობით (დედის აშშ-ში ცხოვრების პერიოდში) ცხოვრობს ბებიასთან - დედის დედასთან. - რ.ვ–ის ოჯახში ასევე შექმნილია მზრუნველი გარემო ბავშვის განვითარებისათვის. - არასრულწლოვან ა.ვ–ს დადებითი ურთიერთობა/განწყობა აქვს ორივე მშობლის მიმართ (უყვარს დედა და მამა), ორივე ოჯახში თავს კარგად გრძნობს.

6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/26982-19), რ.ვ–ს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესი: რ.ვ–ს მიეცა უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი - 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ი ყოველი კვირის სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, დილის 11:00 საათზე და ვალდებულია დააბრუნოს იმავე დღეებში შუადღის 14 საათზე დედის ნ.ბ–ძის საცხოვრებელ ადგილზე. არასრულწლოვანი 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის ნ.ბ–ძის მიერ ქალაქგარეთ გაყვანის შემთხვევაში, რ.ვ–ს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილთან ა.ვ–თან ბავშვის ადგილსამყოფელის მიხედვით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 1.1. პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. დაევალა ნ.ბ–ძეს, არასრულწლოვანი 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის ქალაქგარეთ გაყვანის შემთხვევაში, მამა - შვილს შორის ურთიერთობის დაწყებამდე 05 (ხუთი) დღით ადრე - შეატყობინოს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წერილობითი ფორმით ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ, ხოლო რ.ვ–ს სოციალური ქსელის მეშვეობით, მათ შორის სატელეფონო წერილობითი შეტყობინების სახით მინიმუმ ერთი დღით ადრე. დაევალოს რ.ვ–სა და ნ.ბ–ძეს, მათი საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შეატყობინონ ერთმანეთსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

- რ.ვ–ის სარჩელი ნ.ბ–ძის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის ღამე დარჩენით წაყვანასთან დაკავშირებით ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. რ.ვ–ის სარჩელი ნ.ბ–ძის მიმართ, ნ.ბ–ძის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში არასრულწლოვანი შვილის 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

- ნ.ბ–ძის შეგებებული სარჩელი რ.ვ–ის მიმართ არასრულწლოვანი 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანის - 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნ.ბ–ძის საცხოვრებელი ადგილი.

- დაევალა მხარეებს - რ.ვ–სა და ნ.ბ–ძეს საკუთარი ხარჯებით ფსიქო - კონსულტირების გავლა მათ მიერ შერჩეულ ბავშვთა ფსიქოლოგთან, მხარეებს შორის კონფლიქტის აღმოფხვრისა და მამა შვილს შორის ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, ხოლო ფსიქოლოგის მიერ მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში, არასრულწლოვანის 2019 წლის 05 მაისს დაბადებული ა.ვ–ის ფსიქო-თერაპიის ან/და კონსულტირების უზრუნველყოფა. რ.ვ–სა და ნ.ბ–ძეს არასრულწლოვანი ა.ვ–ის ფსიქო-თერაპიის ან/და კონსულტირების ხარჯების გაწევა დაეკისრათ თანაბრად.

6.4. ბოლო პერიოდია გართულებულია რ.ვ–ვის და არასრულწლოვანი შვილის - ა.ვ–ის ურთიერთობის წესის აღსრულების პროცესი. აღნიშნულს მოპასუხე უკავშირებს გარემოებას, რომ ბავშვი რეალურად იმყოფება ბებიის მეთვალყურეობის ქვეშ (დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს), რის გამოც ერიდება კონფლიქტურ სიტუაციას. ნ.ბ–ძე კი განმარტავს, რომ აცნობიერებს შვილის უფლებას და მამასთან ურთიერთობის აუცილებლობას, ამიტომ მომავალში საზღვარგარეთ ა.ვ–თან ერთად ცხოვრების მიუხედავად, უზრუნველყოფს მამაშვილის კონტაქტს, როგორც ელექტრონულად, ასევე საქართველოში ჩამოსვლით და შეუზღუდავი ურთიერთობით.

6.5. საქმეში იკვეთება ფაქტობრივი გარემოება მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ პასპორტის, ვიზის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში გადაწყვეტილებების მიღებაში ხელის შეშლის შესახებ.

6.6. დადგენილია, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოს მიერ, შესაბამისი მულტიდისციპლინური მიდგომით საქმის განხილვის შედეგად, დედასთან საქართველოს სახელმწიფოში - საქართველოში ადგილსამყოფელის გათვალისწინებით. ასევე დადგენილია, რომ მოცემული დროისათვის ბავშვი ფაქტობრივად ცხოვრობს ბებიასთან (დედის დედასთან საქართველოში). ამავდროულად, უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ ბავშვის დედა ნ.ბ–ძე ამჟამად დასაქმებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქვს ცხოვრების უფლება და მიიღებს მოქალაქეობასაც, შესაბამისად, ფაქტობრივად ცხოვრებას შვილთან ერთად აპირებს აშშ-ში.

7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დავის საგანს წარმოადგენს არა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, არამედ, მშობლის - მამის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საკითხი. შესაბამისად, ამგვარი სარჩელის ფარგლებში ვერ მიიღწევა დედის მიზანი, თუკი მას ამგვარი გააჩნია, ბავშვის მუდმივად საცხოვრებლად აშშ-ში გაყვანის თაობაზე.

7.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის ერთ მშობელთან განსაზღვრა არ ნიშნავს, რომ მეორე მშობელს რომელთანაც ბავშვი მუდმივად არ ცხოვრობს ერთმევა ან თუნდაც ეზღუდება მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება რომელიმე სფეროში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ როდესაც არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულია დედის საცხოვრებლის მიხედვით და დედა გადაწყვეტს საზღვარგარეთ ცხოვრებას/მოღვაწეობას შვილთან ერთად, რეალურად მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ფაქტობრივად მხოლოდ ნ.ბ–ძე განახორციელებს - ეს უფლებამოსილება სწორედ მას დასჭირდება. იმის გამო, რომ მოპასუხესთან დაკავშირება ან/და მისი თანხმობის მოპოვება გართულდება/შეფერხდება (თუნდაც ობიექტური მიზეზით, ან სასამართლო დავის გაჭიანურებით) - არასრულწლოვან ა.ვ–ს გაუმართლებლად არ უნდა შეეზღუდოს თავისუფალი გადაადგილების უფლება ან/და არ უნდა შეფერხდეს მისი უფლებების გახორციელება/დაცვა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: მედიცინა, განათლება, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა და ა.შ. აქ საუბარია ბავშვის უფლებებზე (მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მხარეთა უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინება) და ინტერესებზე“.

7.2. ამავდროულად დადგენილია, რომ დედას აქვს სურვილი და შესაძლებლობა გარკვეული პერიოდულობით უზრუნველყოს ბავშვის გაყვანა/ცხოვრება/მოგზაურობა აშშ-ში თუ სხვა ქვეყნებში, რაც ბავშვის განვითარებისა და დედასთან ურთიერთობის მიზნებში ექცევა, რაშიც დასაბუთებული საფუძვლის გარეშე მეორე მშობლის წინააღმდეგობის გამო ხელი არ უნდა შეეშალოს.

7.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასვენებისა და განვითარების, თვალსაწიერის გაფართოების მიზნით მოგზაურობა/სხვა ქვეყანაში პერიოდულად ცხოვრება (მით უფრო დედასთან ერთად დროის გატარება) ბავშვის ინტერესებში ყოველთვის შეიძლება შედიოდეს, თუკი რაიმე ისეთი გარემოება არ იკვეთება, რაც ბავშვის ამ უფლების შეზღუდვის უპირატეს ინტერესად აქცევს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მგზავრობის დაუძლეველი შიში, განათლების მიღების ხელისშეშლა და სხვა.

7.4. მოცემულ შემთხვევაში, მამის მიერ ვერ იქნა მითითებული რაიმე ისეთი საფუძველი, რაც ბავშვისთვის პასპორტისა და ვიზის აღებასა და საზღვრის კვეთაზე უარს გაამართლებდა. ამ შემთხვევაში, მამა რომელიც შვილის პასპორტის აღებასა და საზღვრის კვეთაზე თანხმობის გაცემაზე უარს აცხადებს, უნდა ამტკიცოს, რომ მისი, როგორც მშობლის უფლების რეალიზება ბავშვის ინტერესებშია და არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. კონკრეტულ საქმეში კი, ძირითადი არგუმენტი, რასაც მამა ასახელებს არის გარემოება, რომ არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ დედა ბავშვს წაიყვანს სხვა ქვეყანაში და აღარ დააბრუნებს. ამასთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ კონკრეტულ საქმეში არ გამოკვეთილა ის გარემოება, რაც დედის მხრიდან ბავშვისთვის მამასთან ურთიერთობის აშკარა ხელშეშლაზე შეიძლება მიანიშნებდეს, რაც შეეხება ბავშვის გაყვანისა და არ დაბრუნების რისკებს, ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მხარეს შეუძლია მიმართოს სათანადო სამართლებრივ პროცედურებს.

7.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში იკვეთება ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოიხატება მამის მიერ არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებების მიღებაში, ხელის შეშლაში პასპორტის, ვიზის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში.

7.6. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმ არგუმენტზე, თუ რატომ უნდა შეზღუდულიყო მამისთვის მოცემულ შემთხვევაში, მის მიერ მითითებულ სფეროებში მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

7.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი, რომლითაც უზრუნველყოფილი და დაბალანსებული იქნებოდა როგორც ორივე მშობლის, ისე ბავშვის ინტერესები. ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე მამის - მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვის საფუძველი გამოკვეთილი იყო.

7.8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს/დედას მიენიჭა უფლება კალენდარული წლის განმავლობაში სამი თვის ვადით (როგორც ნაწილ-ნაწილ, ისე სრულად) გაიყვანოს არასრულწლოვანი ქვეყნიდან 1980 წლის 25 ოქტომბრის „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის“ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მამას შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილება ბავშვის პასპორტის აღების ნაწილში და ასევე ზემოაღნიშნული ქვეყნებისათვის საჭირო ვიზის ასაღებად ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი მამის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

7.9. მოსარჩელის/დედის შუამდგომლობა, საქმეზე დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე, რომლითაც დედას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებლობა ექნება მამის თანხმობის და მონაწილეობის გარეშე მიმართოს საქართველოს სერვისების განვითარების სააგენტოს შვილის ა.ვ–ის პასპორტის აღების მიზნით და ასევე განახორციელოს მისი წარმომადგენლობითი ფუნქცია ნებისმიერ უწყებასთან აშშ-ს ვიზის მიღების, საზღვრის კვეთის, დაზღვევის, ოჯახის გაერთიანების და სხვა საკითხების მოსაგვარებლად აშშ-ში, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, იმ ფარგლებში, რასაც ასევე დაეთანხმა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი და რაც საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების რეალიზებას ემსახურებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, არასრულწლოვანის ა.ვ–ის დედას მიეცა უფლება ბავშვის საქართველოდან გაყვანის უფლების გარეშე აიღოს ბავშვის პასპორტი და გაატაროს საჭირო ღონისძიებები (მათ შორის შეიტანოს სავიზო განაცხადი, ურთიერთობა იქონიოს სათანადო ორგანოებთან და სხვ.) ბავშვისთვის აშშ-ს ვიზის მოსაპოვებლად ბავშვის მამის თანხმობის გარეშე.

8. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და დროებითი განკარგულების გაუქმება.

8.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ რ.ვ–ვის მიზანია არასრულწლოვანის საწინააღმდეგო ქმედების განხორციელება. მისი განმარტებით, არსებობს რისკი, რომ დედამ უკან აღარ დააბრუნოს ბავშვი, მისი მცირე ასაკიდან გამომდინარე მამა დაავიწყდეს და ვეღარ მოახერხოს ურთიერთობის აღდგენა. მისი განმარტებით, რამდენიმე წელში თანახმაა, ბავშვის სურვილის შემთხვევაში თავად უზრუნველყოს მისი გამგზავრება აღნიშნულ ქვეყანაში.

8.3. კასატორი ასევე არ ეთანხმება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას, რომ თითქოსდა ის ბავშვთან მიმართებით აქტიურობს მხოლოდ პროცესების მოახლოებისას. ამასთან, არ იზიარებს გადაწყვეტილებაში მოყვანილ მსჯელობას, რომ დედის მხრიდან ბავშვის და მამის ურთიერთობაში აშკარა ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.

8.4. კასატორის განმარტებით, დროებითი განკარგულების ფარგლებში მიღებული გადწყვეტილება, რომლითაც დედას უფლება მიეცა აიღოს არასრულწლოვანი შვილის პასპორტი, შეიტანოს სავიზო განაცხადი არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს, რადგან დადგენილი პრაქტიკის თანახმად, უმეტეს შემთხვევაში პასპორტის არსებობა და ერთი მშობლის თანხლება საკმარისია საზღვრის კვეთისთვის, მით უფრო თუ ბავშვს ექნება აშშ-ს ვიზა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

9.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, რ.ვ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია სწორი იურიდიული კვალიფიკაციისა და დავის გადაწყვეტისათვის.

14. საკასაციო შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში (1980 წლის 25 ოქტომბრის „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის“ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში) გაყვანის, მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვისას, არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გასვლის ხანგრძლივობის (არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს) და საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში, ასევე ზემოაღნიშნული ქვეყნებისათვის საჭირო ვიზის ასაღებად ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების კვლევა.

15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნა, სსკ-ის 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), 1205-ე (მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად), 1197-ე (ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში), 1198-ე მუხლის პირველი პუნქტისა და (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით) 1199-ე (მშობლის უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს) მუხლებიდან გამომდინარეობს, რომლის ფარგლებშიც კანონმდებლობით დადგენილია მშობელთა თანაბრობის პრინციპი არასრულწლოვნის აღზრდა-განვითარებისათვის სასარგებლო მოქმედებათა განხორციელებაში.

16. ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება ასახულია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კონვენცია) მე-3 მუხლში, რომლის თანახმადაც, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. "მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს".

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და მათი პერსონალის რიცხვისა და ვარგისიანობის, აგრეთვე, კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

17. წინამდებარე განჩინების კვლევის საგანს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რა იქნება ბავშვის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო, კერძოდ, არის თუ არა არასრულწლოვნების ჭეშმარიტი ინტერესი კასატორისთვის მშობლის უფლების შეზღუდვა გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროებში.

18. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი შვილისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება დედის მხრიდან ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ქვეყანაში არდაბრუნების რისკს.

19. უპირველესად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლზე, რომლითაც გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა - არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

20. კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

21. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი).

23. მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნების, ჭეშმარიტი ინტერესებისთვის.

24. ზემოთ აღნიშნული ნორმებით დადგენილია მშობელთა თანაბრობის პრინციპი არასრულწლოვნის აღზრდა-განვითარებისთვის სასარგებლო მოქმედებათა განხორციელებაში, თუმცა რაკი საკითხი მეტად მგრძნობიარე თემას უკავშირდება, გადამწყვეტია სასამართლოს მხრიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესების გამორკვევა, რომელიც ნებისმიერ სხვა ინტერესს, იქნება ეს მშობლის სუვერენული უფლება თუ სხვა, გადაწონის (იხ. სუსგ. საქმე Nას-1258-2020, 13.10.2022წ.)

25. აქვე, საკასაციო სასასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რაც არასრულწლოვნის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის უზრუნველყოფის მიზნით დაიშვება, როგორც ერთ-ერთი, ისე - ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა(იხ. სუსგ-ები: №ას-1122-1078-2016 1.03.2017.; №ას-196-2019 2.03.2020წ.; №ას-877-2019 3.07.2020წ.;№ას-857-2019, 18.12.2020წ.; №ას-1258-2020, 13.10.2022წ.)

26. საკასაციო სასამართლო, მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ასახულ განმარტებაზე - ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს, უფლებებთან ერთად, ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს Nას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; Nას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; Nას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).

28. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპის გათვალისწინებით, დაიშვება, როგორც ერთ-ერთი, ისე ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა. ამდენად, ის მშობელი, რომელიც მეორე მშობლის უფლების შეზღუდვას მოითხოვს, სულ მცირე უნდა მიუთითებდეს ისეთ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც დაადასტურებს მეორე მშობლის მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას/უმოქმედობას. ამდენად, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს, რომ მეორე მშობლის უფლების შეზღუდვის გარეშე ირღვევა ან უპირობოდ დაირღვევა ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სარჩელის დასაბუთება სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ჭრილში უნდა იქნას განხილული და ბავშვის საუკეთესო ინტერესის განხორციელების ხელშეშლად ვერ იქნება მიჩნეული ამა თუ იმ მშობლისთვის მეორე მშობელთან გართულებული კომუნიკაცია. ზემოთ მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ N ას- 458-440-2016, 15.07.2016წ).

29. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ დედას აქვს სურვილი და შესაძლებლობა პერიოდულობით უზრუნველყოს ბავშვის გაყვანა /ცხოვრება/მოგზაურობა აშშ-ში თუ სხვა ქვეყნებში, ბავშვის განვითარებისა და დედასთან ურთიერთობის მიზნებში ექცევა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დასვენებისა და განვითარების, თვალსაწიერის გაფართოების მიზნით მოგზაურობა/სხვა ქვეყანაში პერიოდულად ცხოვრება (მით უფრო დედასთან ერთად დროის გატარება) ბავშვის ინტერესებში ყოველთვის შეიძლება შედიოდეს, თუკი რაიმე ისეთი გარემოება არ იკვეთება, რაც ბავშვის ამ უფლების შეზღუდვას უპირატეს ინტერესად აქცევს. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მგზავრობის დაუძლეველი შიში, განათლების მიღებაში ხელისშეშლა და სხვა.

30. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დედის მხრიდან ბავშვის და მამის ურთიერთობაში ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია და განმარტავს, რომ მისი, როგორც მამის მიზანია აქტიურად იყოს ჩართული ბავშვის აღზრდა-განვითარებაში და არ სურს დიდი ხნით მასთან დაშორება. კასატორის მოსაზრებით, არასრულწლოვნის განვითარების ამ ეტაპზე, მისთვის სხვა ქვეყნის გაცნობაზე და მოგზაურობაზე მნიშვნელოვანი, მამასთან ურთიერთობაა და აღნიშნული საფუძვლით ეწინააღმდეგება ბავშვის მიერ ქვეყნის დატოვებას.

31. როგორც უკვე აღინიშნა, კასატორის შედავება ეფუძნება დედის მხრიდან ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანისა და ქვეყანაში არდაბრუნების რისკს, თუმცა, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, კასატორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ პოზიციას გაამყარებდა და სასამართლოს დედის მხრიდან მშობლის უფლებით მანიპულირებისა და უფლების ბოროტად გამოყენების რისკებში დაარწმუნებდა.

32. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ მოპასუხეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, დაედასტურებინა, მისი როგორც მშობლის უფლების რეალიზება ბავშვის ინტერესებშია და არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება.

33.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ არსებობდა მამის-მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვის საფუძველი. კერძოდ, მოსარჩელეს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოსარჩელეს მართებულად მიენიჭა უფლება კალენდარული წლის განმავლობაში სამით თვის ვადით (როგორც ნაწილ-ნაწილ, ისე სრულად) გაიყვანოს არასრულწლოვანი ქვეყნიდან 1980 წლის 25 ოქტომბრის „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის“ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყვანის, ბავშვის პასპორტის აღებისა და ასევე ზემოაღნიშნული ქვეყნებისთვის საჭირო ვიზის ასაღებად ღონისძიებების განხორციელების უფლება, მეორე მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საფუძველზე.

34. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დროებითი განკარგულების (იხ. ს/ფ 330) მიღებას, რომლითაც ნ.ბ–ძეს მიენიჭა უფლება არასრულწლოვანი შვილის, 2019 წლის 5 მაისს დაბადებული ა.ვ–ის, საქართველოს სახელმწიფოდან გაყვანის უფლების გარეშე მიიღოს მისი პასპორტი და გაატაროს საჭირო ღონისძიებანი (მათ შორის შეიტანოს სავიზო განაცხადი) ბავშვისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს ვიზის მოსაპოვებლად, რ.ვ–ვის/მოპასუხის თანხმობის გარეშე.

35. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განმარტავს, რომ სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს: ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები; ბ) ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან; გ) ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის; დ) მცირეწლოვანი ბავშვის შენახვის ვალდებულება; ე) საკითხი ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ; ვ) საოჯახო მეურნეობისა და ბინით სარგებლობის საკითხი; ზ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვასთან დაკავშირებით ხარჯების ავანსის სახით გადახდევინების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღნიშნულ საკითხებზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, განჩინების გამომტან სასამართლოს შეუძლია, მხარეთა განცხადების საფუძველზე, შეცვალოს ან მთლიანად გააუქმოს თავისი განჩინება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დროებითი განკარგულების გამოცემის მიზანი პირველ რიგში არასრულწლოვანის ინტერესების დაცვაა. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს დროებითი განკარგულება საქორწინო და საოჯახო საქმეთა განხილვისას, საქმის არსებითად გადაწყვეტამდე იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, ნ.ბ–ძის მიერ არასრულწლოვანისთვის პასპორტის მიღება და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვიზის მოსაპოვებლად საჭირო ღონისძიებების გატარება, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, შესაბამისად საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ნაწილში კასატორის პრეტენზიას ვერ გაიზიარებს.

36. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). სახელდობრ, კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას. (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

37. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

39. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. პროცესის ხარჯები

კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ვ–ვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი