Facebook Twitter

საქმე №ას-1336-2025 25 დეკემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს–ს.მ.ფ.კ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ჩ–ი (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მოსარჩელე არის ქ. თბილისში, ....... მდებარე 128.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N2-ის ფართით 46.46 კვ.მ. და სხვა ფართი: N1-ის (საკადასტრო კოდი N.......) - მესაკუთრე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2004 წლის 21 ივნისს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2003 წლის 8 მაისს გაცემული №23/950 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

2. მოპასუხის საკუთრებაშია ქ. თბილისში, ........... მდებარე, N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 14/191 ნაწილი (საერთო ფართი 22.5 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 14 კვ.მ., სამზარეულო 4.5 კვ.მ., საპირფარეშო 4 კვ.მ.). საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია 2012 წლის 15 მაისის ე.ჩ–თან დადებული ჩუქების ხელშეკრულება. თავის მხრივ, ე.ჩ–მა საკუთრების უფლება მოიპოვა ნ.ლ–თან დადებული 1997 წლის 11 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/33184-22) მოსარჩელის სარჩელი ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის მიმართ - ქ. თბილისში, ......... უკანონოდ აშენებული 11.8 კვ.მ. ფართის შენობა- ნაგებობის დემონტაჟისა და აღნიშნული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 03/04/2023წ. №002151523 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ......... (ს/კ .........) მდებარე მიწის ნაკვეთის მხრიდან, იმავე ქუჩის №7-ში (ს/კ ........) მდებარე შენობაზე განხორციელებული მიშენების დემონტაჟი შესაძლებელია და არ გამოიწვევს №7-ში მდებარე შენობის მზიდი კონსტრუქციების დაზიანებას, თუმცა შესაძლებელია, რომ №7 შენობის კედლის შევსებაზე (მიშენების მიმდებარე მონაკვეთებზე), ნალესის ფენაში წარმოიქმნას ზედაპირული ბზარები, რომლებიც მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს შეივსება. სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით.

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 170-ე, 172-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლის აღკვეთას, რაც ხორციელდება არა კუთვნილი ნივთის ჩამორთმევით, არამედ საკუთრების უფლებაზე სხვაგვარი ზემოქმედებით, კერძოდ, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული შენობა- ნაგებობის ფართში კარის ღიობის მოწყობით. ამგვარად, სახეზეა ნეგატორული სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, .......... მდებარე 128.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობა N2 ფართით 46.46 კვ.მ. და სხვა ფართი: N1 (საკადასტრო კოდი N.........), ხოლო, N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან ხ.ჩ–ის საკუთრებაშია 14/191 ნაწილი (საერთო ფართი 22.5 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 14 კვ.მ., სამზარეულო 4.5 კვ.მ., საპირფარეშო 4 კვ.მ.). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმის მონაწილე მხარეები: მოსარჩელე -შპს „ს-ს.მ. ფ. კ–სი“; მოპასუხე - ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი; მესამე პირი - ხ.ჩ–ი) დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ......... (ს/კ .........) მდებარე, შპს „ს-ს.მ. ფ. კ“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც შპს „ჯ-ლ–ის“ მიერ 2022 წლის 3 ივლისს შედგენილ დაკვალვის აქტზე აღნიშნულია „მშენებარე“-თი, დაკავშირებულია ქ. თბილისში, ......... (ს/კ ..........) მდებარე შენობის იმ ნაწილთან, რომლის მესაკუთრედ მითითებულია ხ.ჩ–ი.

6. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ განსახილველი საქმის მონაწილე მხარეთა საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დაკავშირება ხდება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში (შპს „ჯ-ლ–ის“ მიერ 2022 წლის 03 ივლისს შედგენილ დაკვალვის აქტზე აღნიშნულია „მშენებარე“-თი) გაჭრილი კარის მეშვეობით. მითითებული ფაქტობრივი გარემოება ასევე დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 03/04/2023წ. №002151523 ექსპერტიზის დასკვნით, რომლის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ „დღევანდელი მდგომარეობით ........ (ს/კ .......) მდებარე მიწის ნაკვეთზე პრაქტიკულად დასრულებულია ერთსართულიანი, გაბარიტული ზომებით დაახლოებით 4,5x2,5 მ. შენობის მშენებლობა, რომელიც დაკავშირებულია ........ (ს/კ ........) მდებარე შენობასთან (ფოტო 1, 2), გააჩნიათ საერთო კედელი, რომელშიც გაჭრილია კარის ღიობი (ფოტო 3).“ სასამართლომ მიუთითა, რომ ერთი მხრივ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სასამართლოს გადაწყვეტილებით და მეორეს მხრივ, სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ შედგენილი დასკვნით დასტურდება მხარეთა საკუთრებაში არსებულ შენობა- ნაგებობებს შორის გამავალი კარის არსებობა. ასეთ პირობებში, კარის არარსებობის თაობაზე მარტოოდენ მოპასუხის ახსნა-განმარტება ვალიდურ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ იგი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არაა სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილება მისი საკუთრების შემცირებას გამოიწვევს, ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც მხარეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი ვარგისი მტკიცებულება (თუნდაც საკადასტრო აზომვითი ნახაზი) არ წარმოუდგენია. ამრიგად, წარმოდგენილი სარჩელით დგინდება, რომ სადავო კარის არსებობა მოსარჩელის ინტერესებს არ შეესაბამება. ამდენად, მესაკუთრის ნებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელის საკუთრებაში ჩარევას, რაც ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

7. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

7.1. სსიპ შპს „ს–ს.მ.ფ.კ“-ის წარმომადგენელმა (შემდეგში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ.ჩ–ის (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, დაევალოს მოპასუხეს ამოქოლოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ........ მდებარე, N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 128.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას (რომელიც შპს „ჯ-ლ–ის“ მიერ 03.07.2022წ. მომზადებულ დაკვალვის აქტზე აღნიშნულია „მშენებარე“) და ქ. თბილისში, ........ მდებარე, N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, მოპასუხის საკუთრებად რიცხულ შენობა-ნაგებობას შორის არსებული გამავალი კარი.

7.2. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაშია ქ. თბილისში, ........ მდებარე მიწის ნაკვეთი 128 კვ.მ. და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები №2 ფართი 46.46 კვ.მ. სხვა ფართი №1 ს/კ ........, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ქ. თბილისის ტექნიკური სამსახურის მიერ 2004 წლის 21 ივნისს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2003 წლის 8 მაისს გაცემული №23/950 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. მოსარჩელე წლებია არ ფუნქციონირებს თბილისის განვითარების ფონდის მიერ აღდგენითი სამუშაოების გამო. მოსარჩელის წითელ ხაზებში აშენდა კაპიტალური შენობა მისი თანხმობის გარეშე უნებართვო ფანჯრით და კარით, რომელიც უკავშირდება მოპასუხის საცხოვრებელ ფართს, მდებარე: ქ. თბილისი, ........ და მის საკუთრებაშია 14/191 წილიდან, საერთო ფართი 22.5 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 14 კვ.მ. სამზარეულო 4.5 კვ.მ. საპირფარეშო 4 კვ.მ. მოპასუხეს საკუთრების უფლება გადაეცა 2012 წლის 15 მაისს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით.

8. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მის საკუთრებად რეგისტრირებულ ფართს ფლობს იმ ფორმით, როგორც არსებობდა წინა მესაკუთრეების პირობებში. მისი მხრიდან ადგილი არ აქვს მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელშეშლას. კარი, რომლის ამოქოლვასაც ითხოვს მოსარჩელე, არ არსებობს. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მის საკუთრებად რეგისტრირებული 22.5 კვ.მ. ფართის შემცირებას და შესაბამისად, მისი საკუთრების უფლების შეზღუდვას.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

10. სააპელაციო საჩივარი

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რომლითაც შპს „ს-ს, მრავალდარგოვანი ფირმა კ–ი“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან გამავალი კარი შეჭრილია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აღმართულ შენობა-ნაგებობაში, თუმცა მოპასუხე ამ გარემოების მიმართ კეთილსინდისიერია. შედეგად, მოსარჩელეს წარმოეშვა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი თმენის ვალდებულება, რაც გამორიცხავს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

12. საკასაციო საჩივარი

12.1. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

12.2. კასატორის მითითებით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ მოსარჩელის წითელ ხაზებში აშენდა კაპიტალური შენობა მოსარჩელის ნებართვის გარეშე და გაჭრილი კარით დაკავშირებულია შენობის იმ ნაწილთან, რომლის მესაკუთრეა ხ.ჩ–ი. აღნიშნული კარის გაჭრით მოპასუხის ფართი არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 11.8 კვ.მ.-ით, ხოლო მოსამართლის მსჯელობა, რომლის თანახმად, სარჩელის დამკაყოფილება მოპასუხის ფართის 22,5 კვ.მ.-ით შემცირებას გამოიწვევს - დაუსაბუთებელია. კასატორის მითითებით, მოპასუხემ განზრახ დაარღვია მისი საკუთრების უფლება, რაც წარმოშობს 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის წინაპირობებს.

12.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, სადაც დავის საგანი იყო ხელშეშლის აღკვეთა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. აღნიშნულ საქმეში მოპასუხეს ედავებოდნენ უკანონო მშენებლობას მესაკუთრის მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევით. თუმცა, მშენებლობა არ მიმდინარეობდა საზღვრების დარღვევით, შესაბამისად მოსარჩელეს 20 წლის მანძილზე ნამდვილად არ ჰქონია პრეტენზია. პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც თბილისის განვითარების ფონდმა კასატორის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაანგრია ფარდული და ააშენა ახალი შენობა-ნაგებობა. სწორედ ამ დროს გაიჭრა კარიც. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ მოპასუხის კეთილსინდისიერებაზე მითითება, რადგან ამის შესახებ არ მოიპოვება მტკიცებულებები. მოპასუხე არ არის კეთილსინდისიერი, მას სურვილი აქვს დაეუფლოს სხვის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობას, რომელიც მოსარჩელის საკუთრებაა.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

20. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

21. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

22. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

23. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

24. განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგეს საკუთრების უფლების სავარაუდო ხელყოფა. კერძოდ, უნდა შეფასდეს, რამდენადაა სახეზე მოპასუხის მიერ მოსარჩელის ქონებით ისეთი სარგებლობა, რაც ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის, ან ზიანს აყენებს საკუთრების უფლების რეალიზაციას. ამავდროულად, უნდა დადგინდეს, თუ კი ნამდვილადაა სახეზე სარგებლობა, არსებობს თუ არა მისი გამართლების კანონისმიერი საფუძველი.

25. ხელყოფის კონდიქციის არსებობისას პასუხისმგებლობის საფუძველია სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და სსკ-ის 170-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. „სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტიების გზით. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/423.) „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და გასხვისებაც. საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს განსაზღვრავს არა კანონი, არამედ სამართლებრივი წესრიგი“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.97). საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384).

26. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „საქართველოს კონსტიტუციით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411). „საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384).

27. სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ, მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად, ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ასეთი ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ.: სუსგ №ას-843-809-2016, 26 ოქტომბერი, 2016 წელი; №ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (იხ.: სუსგ №ას-1250-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).

29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს. ასეთ დროს საკვანძო საკითხია თუ როგორ მოხდა საზღვრის გადაცდენა: განზრახი თუ გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. თუ საზღვრის გადასვლა მოხდა განზრახ, მესაკუთრეს შეუძლია დაეყრდნოს 172.2 მუხლს. თუ საზღვრის გადაცდენა მოხდა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა მეორე მხარის ეკონომიკური ინტერესი, კანონმდებლობა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს მის მიწის ნაკვეთზე ეს ზემოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დარღვევა, თუკი ასეთს აქვს ადგილი, ადვილად შესამჩნევი ხდება მეზობელი მესაკუთრისთვის. სწორედ ამიტომ კანონმდებლობა იმ მესაკუთრისაგან, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მისი მიწის ნაკვეთზე არ ჰქონდეს ადგილი მსგავს ზემოქმედებას, მოითხოვს საზღვრის დარღვევის შესახებ მეორე მხარის დაუყოვნებლივ ინფორმირებას შეტყობისთანავე - იმ მომენტში, როგორც კი აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა. თუკი მესაკუთრემ არ განახორციელა ეს მოქმედება, შემდგომ იგი კარგავს მისი მიწის ნაკვეთზე არსებული კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნის უფლებას (იხ. თამარ ზარანდია „სანივთო სამართალი“, თბილისი, 2019 წელი, გვ. 275; ასევე, სუსგ საქმე Nას-1065-2020, 08 აპრილი, 2021 წელი).

30. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარეობს. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის კი საჭიროა, დადგინდეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირის (პირთა) გამო, არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთი ფაქტი იარსებებს, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში (იხ.: სუსგ №ას-869-2025, 9 სექტემბერი, 2025 წელი).

31. დადგენილია, რომ კასატორი არის ქ. თბილისში, ........ მდებარე 128.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N2-ის ფართით 46.46 კვ.მ. და სხვა ფართი: N1-ის (საკადასტრო კოდი N.........) - მესაკუთრე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2004 წლის 21 ივნისს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2003 წლის 8 მაისს გაცემული №23/950 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ამასთან, მოპასუხის საკუთრებაშია ქ. თბილისში, ........ მდებარე, N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 14/191 ნაწილი (საერთო ფართი 22.5 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 14 კვ.მ., სამზარეულო 4.5 კვ.მ., საპირფარეშო 4 კვ.მ.). საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია 2012 წლის 15 მაისის ე.ჩ–თან დადებული ჩუქების ხელშეკრულება. თავის მხრივ, ე.ჩ–მა საკუთრების უფლება მოიპოვა ნ.ლ–თან დადებული 1997 წლის 11 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმის მონაწილე მხარეები: მოსარჩელე - შპს „ს-ს. მ. ფ. კ–სი“; მოპასუხე - ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი; მესამე პირი - ხ.ჩ–ი, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეიუდიციული მნიშვნელობისაა მოცემულ დავასთან მიმართებით სსსკ- ის 106-ე მუხლის შესაბამისად) დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ........ (ს/კ ........, მდებარე, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც შპს „ჯ-ლ–ის“ მიერ 2022 წლის 3 ივლისს შედგენილ დაკვალვის აქტზე აღნიშნულია „მშენებარე“-თი, დაკავშირებულია ქ. თბილისში, ........ (ს/კ .......) მდებარე შენობის იმ ნაწილთან, რომლის მესაკუთრედ მითითებულია მოპასუხე. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ განსახილველი საქმის მონაწილე მხარეთა საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დაკავშირება ხდება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა- ნაგებობაში (შპს „ჯ-ლ–ის“ მიერ 2022 წლის 03 ივლისს შედგენილ დაკვალვის აქტზე აღნიშნულია „მშენებარე“-თი) გაჭრილი კარის მეშვეობით. მითითებული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 03/04/2023წ. №002151523 ექსპერტიზის დასკვნით, რომლის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ „დღევანდელი მდგომარეობით ........ (ს/კ .........) მდებარე მიწის ნაკვეთზე პრაქტიკულად დასრულებულია ერთსართულიანი, გაბარიტული ზომებით დაახლოებით 4,5x2,5 მ. შენობის მშენებლობა, რომელიც დაკავშირებულია ........ (ს/კ .........) მდებარე შენობასთან (ფოტო 1, 2), გააჩნიათ საერთო კედელი, რომელშიც გაჭრილია კარის ღიობი (ფოტო 3).“ ამასთან, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ........ (ს/კ ...........) მდებარე მიწის ნაკვეთის მხრიდან, იმავე ქუჩის №7-ში (ს/კ .........) მდებარე შენობაზე განხორციელებული მიშენების დემონტაჟი შესაძლებელია და არ გამოიწვევს №7-ში მდებარე შენობის მზიდი კონსტრუქციების დაზიანებას, თუმცა შესაძლებელია, რომ №7 შენობის კედლის შევსებაზე (მიშენების მიმდებარე მონაკვეთებზე), ნალესის ფენაში წარმოიქმნას ზედაპირული ბზარები, რომლებიც მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს შეივსება. სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით.

32. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვარზე აგებულია შენობა და მოპასუხის მხრიდან ამოჭრილია კარი შენობასთან დასაკავშირებლად. აღნიშნული კარით მოპასუხე ხვდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე აგებულ შენობაში. ასევე დადგენილია, რომ თუ კი აღნიშნული კარი არ იარსებებს, შეიზღუდება სამზარეულოთი და სველი წერტილით სარგებლობის უფლება.

33. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს 2022 წლის სარჩელზე, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პრეიუდიციული ძალაა მხარეთა შორის სადავო, რომელსაც სსსკ-ის 106-ე მუხლის საფუძველზე ორივე მხარე ურთიერთსაპირისპიროდ განმარტავს. პალატა მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დავის საგანი შეეხებოდა ხელშეშლის აღკვეთას შენობა-ნაგებობის დემონტაჟით, მიმართული ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ წინააღმდეგ. გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სადავო ნაგებობის ფონდის მიერ აშენების ფაქტის დადასტურება, ხოლო მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ იყო ფონდის წინააღმდეგ მიმართული. ასევე დადგინდა, რომ სადავო შენობა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის წითელ საზღვრებში ფიქსირდება როგორც 2007 წლის, ისე 2012 წლის საკადასტრო გეგმებში, ხოლო 2022 წლის დაკვალვის აქტში ტერიტორია მშენებარედაა მონიშნული.

34. ასევე, სარჩელში მითითებულია, რომ ნაგებობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში აშენდა მისი თანხმობის გარეშე, თუმცა შემდგომ განმარტა, რომ აღნიშნული შენობა თავად მისი საკუთრებაა და მოპასუხე უკანონოდ ფლობს, რაც ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებია.

35. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საზღვრის დარღვევისა და კარის მოწყობის დროს მოპასუხე უძრავი ქონების მესაკუთრე არ იყო. ასევე, წინამორბედ მესაკუთრეს 2022 წლამდე არ გამოუთქვამს პრეტენზია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სადავო კარი უკვე 20 წელია არსებობს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ გარემოებათა შეფასების საფუძველზე უნდა ითქვას, რომ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრები არ დარღვეულა და მოპასუხე შენობა-ნაგებობას ფლობს იმავე მდგომარეობით როგორშიც ის 2012 წელს იყო.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის უძრავი ქონებიდან გამავალი კარი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაშია შეჭრილი, მოპასუხე კეთილსინდისიერია ფაქტის მიმართ, რის გამოც გამოირიცხება ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმატებულობა და მოსარჩელე ვალდებულია სამეზობლო თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე შეინარჩუნოს სტატუს ქვო სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

37. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

38. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს–ს.მ.ფ.კ“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ს–ს.მ.ფ.კ“-ს (ს.კ...........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით თ. გ–ძის (პ.ნ. .........) გადახდილი (საგადასახადო დავალება: N30158093539; გადახდის თარიღი: 03.11.2025) 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი