საქმე №ას-536-2025
18 თებერვალი 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ე.ნ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.ტ.კ–ა“ და შპს „კ.ტ.პ–სი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ე.ნ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „კ.ტ.კ–ას“ (ს/ნ .........) პარტნიორთა კრების 2011 წლის 15 ოქტომბრის N3/2011 გადაწყვეტილება (ოქმი) წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და აღდგენილ იქნა შპს „კ.ტ.კ–ას“ (ს/ნ .......) პარტნიორთა კრების 2010 წლის 28 აპრილის N2/2010 გადაწყვეტილებით (ოქმით) მიღებული წესდება. ბათილად იქნა ცნობილი შპს „კ.ტ.პ–სის“ (ს/ნ ........) პარტნიორთა კრების 2011 წლის 15 ოქტომბრის N2/2011 გადაწყვეტილება (ოქმი) წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და აღდგენილ იქნა შპს „კ.ტ.პ–სის“ (ს/ნ ..........) დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2005 წლის 21 ივნისის N1 გადაწყვეტილებით (ოქმით) მიღებული წესდება.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „კ.ტ.კ–ამ,“ შპს „კ.ტ.პ–სმა“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, შპს „კ.ტ.კ–ასა“ და შპს „კ.ტ.პ–სის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „კ.ტ.კ–ასმა,“ შპს „კ.ტ.პ–სმა“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
5. საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით შპს „კ.ტ.კ–ასა“ და შპს „კ.ტ.პ–სის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. 2020 წლის 18 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ე.ნ–ის ადვოკატმა, პ.კ–ძემ, რომელმაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა შპს „კ.ტ.კ–ასა“ და შპს „კ.ტ.პ–სს“ აეკრძალოთ ახალი წესდების მიღება.
7. განცხადების ავტორმა განმარტა, რომ 2026 წლის, 9 თებერვალს, ე.ნ–მა, შპს „კ.ტ.კ–ასის,“ და შპს „კ.ტ.პ–სის“ დირექტორისგან მიიღო პარტნიორთა კრების მოსაწვევი, რომლის თანახმად, კრება დანიშნულია 23.02.2026წ., ხოლო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს წარმოადგენს ახალი წესდების მიღება, რომელიც წინამორბედი და სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი წესდებების მსგავსად იმ სადავო ჩანაწერს შეიცავს (გადაწყვეტილებების ხმათა უმრავლესობის სახით 51%-ით და არა 75%-ით მიღება), რაც წინამდებარე საქმის ფარგლებში წარმოადგენს დავის საგანს. შესაბამისად, თუ აღნიშნული წესდება მიღებულ იქნება, სადავო საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების პირობებში იგი ვერ აღსრულდება, რადგან მოცემულ ეტაპზე დადგენილია რა, ამ მომენტში მოქმედი წესდების ბათილად ცნობა და წინამორბედი წესდების აღდგენა. თუ ახალი წესდება იქნება მიღებული, იგი ვერ მოექცევა წინამდებარე საქმეზე განსახილველი სარჩელის ფარგლებში და მისი მიღებით, ახალი მოცემულობა წარმოიქმნება, რომლის პირობებშიც, შპს „კ.ტ.კ–ა“-ს (ს/ნ ........) პარტნიორთა კრების 2010 წლის 28 აპრილის N2/2010 გადაწყვეტილებით (ოქმით) მიღებული წესდებისა და შპს „კ.ტ.პ–სი“-ს (ს/ნ .......) დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2005 წლის 21 ივნისის N1 გადაწყვეტილებით (ოქმით) მიღებული წესდების აღდგენა ვეღარ მოხდება, რადგან ეს შედეგი სასამართლომ შპს „კ.ტ.კ–ა“-ს (ს/ნ .......) პარტნიორთა კრების 2011 წლის 15 ოქტომბრის N3/2011 გადაწყვეტილებისა და შპს „კ.ტ.პ–სი“-ს (ს/ნ ........) პარტნიორთა კრების 2011 წლის 15 ოქტომბრის N2/2011 გადაწყვეტილების თანმდევი სტატუსით დაადგინა, რასაც ახალი წესდების მიღება, მთლიანად შთანთქავს.
7.1 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს, რომ, მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „კ.ტ.კ–ა“-სა და შპს „კ.ტ.პ–სს“ აეკრძალოთ ახალი წესდების მიღება.
7.2 თუ საკასაციო სასამართლო არ დაეთანხმება წინამდებარე შუამდგომლობაში წარმოდგენილ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ახალი წესდების მიღება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგის აღსრულებას ხელს არ შეუშლის, შესაბამის განჩინებაში, ალბათ, სათანადოდ აისახება სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, რათა ყოველგვარი გაუგებრობა და ორაზროვნება თავიდან იქნას აცილებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, საქმის მასალებს, და მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.
9. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ. №ას-158-2025 05.03.2025წ., №ას-1294-2025 30.10.2025წ.).
10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას – ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის, მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
12. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შპს „კ.ტ.კ“-ს წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პარტნიორთა კრების, 2011 წლის 15 ოქტომბრის, N3/2011 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შპს „კ.ტ.კ–ა“-ს პარტნიორთა კრების 2010 წლის 28 აპრილის N2/2010 გადაწყვეტილებით (ოქმით) მიღებული წესდების აღდგენა; ასევე, შპს „კ.ტ.პ“-ს წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პარტნიორთა კრების, 2011 წლის 15 ოქტომბრის, N2/2011 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შპს „კ.ტ.პ“-ს დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2005 წლის 21 ივნისის N1 გადაწყვეტილებით (ოქმით) მიღებული წესდების აღდგენა;
13. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ პარტნიორთა კრების ჩატარების თარიღია, 2026 წლის, 23 თებერვალი, 11:30 საათი, ხოლო დღის წესრიგი შემდეგი: 1. "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამტკიცდეს შპს „კ.ტ.კ–ას“ (ს/კ ......) იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სტანდარტული წესდება და სადამფუძნებლო შეთანხმება. 2. შპს „ კ.ტ.კ–ას“ (ს/კ ......) დირექტორს მიენიჭოს უფლებამოსილება ხელი მოაწეროს საზოგადოების წესდებას, სადამფუძნებლო შეთანხმებას და განახორციელოს სარეგისტრაციო პროცედურები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
14. სარჩელის უზრუნველყოფის სახით, მოსარჩელე მოითხოვს შპს „კ.ტ.კ“-სა და შპს „კ.ტ.პ–სს“ აეკრძალოთ ახალი წესდების მიღება იმ კუთხით, რომ ახალი წესდების მიღებით/ცვლილებით/დადასტურებით(საზოგადოების მმართველი ორგანოს მიერ წესდებით დადგენილი ხმათა უმრავლესობის სახით გადაწყვეტილების მიღების ნაწილში) ხელი არ შეეშალოს წინამდებარე დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
15. საკასაციო პალატა, ასევე მოიხმობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებს, კერძოდ, 254-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს ბოლო, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული წესდებით საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრირებული წესდებით შესაბამის საკითხზე საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრულია ზოგადი წესით დადგენილზე მეტი ხმათა რაოდენობა, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისას შესაბამის საკითხზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით. ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ საწარმოს რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხის შინაარსი უცვლელადაა ასახული საწარმოს ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არ ეწინააღმდეგება კანონს.
16. ამავე მუხლის, 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა.
17. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის.
18. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ს.კ.რ..“ და „შპს ტ.ს–ო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82).
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობაზე მსჯელობისას, პალატა აფასებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიმართ, მოსარჩელის ინტერესი უფრო დაცვის ღირსია, თუ მოპასუხისათვის გამოყენებული უზრუნველყოფით შესაძლო ზიანის მიყენების რისკი. ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოსათვის რეგისტრაციის შეჩერების საფრთხე, პალატის მოსაზრებით, დასაბუთებული ვარაუდით, კომპანიისთვის ზიანის მიყენების რისკთან ასოცირდება.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იკვეთება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ნ–ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი