საქმე №ას-112-2025 4 დეკემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.თ–ძე (დ.დ–ძის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.თ–ძე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით), თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაცია (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2017 წლის 20 დეკემბერს, სს „თ.ბ–სა” და ს.თ–ძეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N0010.2013943.001 ხელშეკრულება, რომლითაც ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე.
2. ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 20.12.2017 წელს სს „თ.ბ–სა“ და ს.თ–ძეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N2013943–9440421 ხელშეკრულება, რომლითაც სესხის ოდენობა განისაზღვრა 65000 ლარით, სესხის სარგებლობის ვადა-21.12.2027 წლამდე, სესხის სარგებელი წლიურად 16,75%.
3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი. ყოველდღიური პირგასამტეხლო შეადგენდა 0.2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
4. სს „თ.ბ–სა“ და ს.თ–ძეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, დ.დ–ძესა და სს ,,თ.ბ–ს’’ შორის სხვადასხვა დროს დაიდო სამი იპოთეკის ხელშეკრულება. კერძოდ, 2014 წლის 5 აგვისტოს NN123123457070, 2016 წლის 6 აპრილის NN123123457070 და 2017 წლის 20 დეკემბერს NN1231232003087 იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც, იპოთეკით დაიტვირთა დ.დ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ........, ს/კ ..........
5. 2017 წლის 20 დეკემბერს, სს "თ.ბ–სა" და დ.დ–ძეს შორის, ასევე გაფორმდა N1231232009079 თავდებობის ხელშეკრულება.
6. თავდებობის ზღვრული თანხის, 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ფარგლებში, თავდებმა იკისრა ვალდებულება N0010.2013943.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შესახებ.
7. ს.თ–ძეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, თანდართული გრაფიკის შესაბამისად თუმცა, მსესხებელმა არ გადაიხადა თანხები, რის გამოც წარმოიქმნა დავალიანება.
8. 2020 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, ს.თ–ძის დავალიანება სს თ.ბ–ის წინაშე შეადგენდა 84532,57 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის-63256,67 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 14950,30 ლარი, ჯარიმა - 6325,60 ლარი.
9. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო ქვითრებითა და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ დ.დ–ძის სახელით, ს.თ–ძის სადავო სესხის დაფარვის მიზნით, 2018 წლის 23 თებერვლიდან-2018 წლის 27 ივლისამდე, ჯამში გადახდილია 5 239 ლარი. დ.დ–ძის მიერ, ამ ოდენობით კრედიტის თანხის დაფარვას კრედიტორი სადავოდ არ ხდის.
10. ბანკმა წერილობით მიმართა როგორც მსესხებელს-ს.თ–ძეს, ასევე თავდებს-დ.დ–ძეს და განუმარტა, რომ ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხებისა და დარიცხული ჯარიმის გადახდა.
11. აღნიშნულ წერილის მიუხედავად, არც მსესხებელს და არც თავდებს დავალიანების დაფარვის მიზნით რაიმე სახის რეაგირება არ მოუხდენიათ, რის გამოც, 2020 წლის 29 იანვარს, სს „თ.ბ–მა“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულებები.
12. დ.დ–ძე შპს ,,რ.კ.ფ.ს–ოს“ ამბულატორიულ განყოფილებაში აღრიცხვაზე იმყოფებოდა 13.01.1999 წლიდან. მისი დიაგნოზია პარანოიდული შიზოფრენია. მას მინიჭებული ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი და იღებდა სოციალურ პაკეტს.
13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, დ.დ–ძე ცნობილი იქნა მხარდამჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: წვრილმანი გარიგების დადება, შრომითი საქმიანობა, სამეწარმეო საქმიანობა, სოციალური პაკეტით (პენსია, დახმარება და სხვა) სარგებლობა, წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელება საპენსიო ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, წარმომადგენლობის უფლება საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის ს.ს. ,,ლ.ბ–ში“.
14. დ.დ–ძეს მხარდამჭერად დაენიშნა ე.თ–ძე, რომელსაც მისი მხარდაჭერისათვის განესაზღვრა უფლება-მოვალეობათა ფარგლები და მიენიჭა მხარდაჭერის მიმღები პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება: ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან; ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის/პენსიის და სხვა სოციალური შეღავათების დანიშვნა/ცვლილებასთან დაკავშირებით; გ) საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის სს ,,თ.ბ–ში“ და სხვა საბანკო დაწესებულებებში, მიიღოს პლასტიკური ბარათი, აიღოს და განკარგოს მისი კუთვნილი დაგროვილი თანხები, სოციალური პაკეტი და სხვა სახელმწიფო გასაცემლები; დ) მისი სახელით მიმართოს განცხადებით, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის პერსონალური ხასიათის); ე) წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები პირი საქართველოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოში პირადი დოკუმენტების (პირადობის მოწმობის, პასპორტის) მისაღებად; ვ) მიეცეს უფლება ნოტარიუსთან წარმოადგინოს მისი ინტერესები სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიზნით, ასევე წარმომადგენლის უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით; ზ) წარმომადგენლის უფლება სამედიცინო დაწესებულებებში, მკურნალობაზე თანხმობის, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება/გაყვანის მიზნით; თ) წარმოადგინოს მისი ინტერესები ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში.
15. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მაისის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის NN003607618 დასკვნის თანახმად, დ.დ–ძის ანამნეზური მონაცემები და იმჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედგები შეფასდა რთულ შემთხვევად, რის გამოც კვლევისათვის საჭირო იყო გამოსაკვლევი პირის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრული საექსპერტო გამოკვლევა.
16. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 აგვისტოს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N005689518 დასკვნის თანახმად: დ.დ–ძე დაავადებული იყო ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენია, ეპიზოდური მიმდინარეობით, მზარდი დეფექტით (კოდი - F20.01, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით).
17. 2018 წლის 02 აპრილს, წარმომადგენელზე გაცემულ მინდობილობაში, ასევე სადავო იპოთეკის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულია, რომ ნოტარიუსმა შეამოწმა დ.დ–ძის ქმედუნარიანობა და მიიჩნია, რომ მის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნდა და რომ გამოვლენილი ნება იყო ნამდვილი.
18. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
18.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ.დ–ძის კანონიერმა წარმომადგენელმა, მხარდამჭერმა ე.თ–ძემ, მოპასუხედ დაასახელა სს ,,თ.ბ–ი“, ასევე ს.თ–ძე და დ.დ–ძის მიერ დადებული იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის სოლიდარულად 6302 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
18.2. მოსარჩელე დ.დ–ძის (უფლებამონაცვლე ე.თ–ძე) მითითებით, დ.დ–ძე 1999 წლის 13 იანვრიდან აღრიცხვაზე იმყოფება შპს ,,რ.კ.ფ.ს–ოს“ ამბულატორულ განყოფილებაში, დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია. ის დღემდე ამბულატორული წესით, სისტემატურად გადის მკურნალობას.
18.3. დ.დ–ძეს საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ.ბათუმი, ......., ს/კ ......
18.4. როგორც მისი ოჯახის წევრებისათვის გახდა ცნობილი, 2017 წლის 20 დეკემბერს, მის საკუთრებაში არსებული ბინა იპოთეკით დაუტვირთავს ს.თ–ძესა და სს ,,თ.ბ–ს“ შორის, 2017 წლის 20 დეკემბერს, 65 000 ლარზე დადებული სესხის ხელშეკრულების დაბრუნების გარანტად. ეს ინფორმაცია მათთვის, მხოლოდ გადმოცემითაა ცნობილი.
18.5. ს.თ–ძე არის დ.დ–ძის ცოლის ძმა, რომელმაც კარგად იცოდა და იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მან, ფსიქიკურად დაავადებული პირი მოატყუა და ბანკის თანამშრომლების დახმარებითა და უყურადღებობით, არაქმედუნარიან პირთან გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება.
18.6. დ.დ–ძის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების თაობაზე შეტყობინება ჩაბარდა მისი ოჯახის წევრებს, რომლებმაც ქონების გადარჩენის მიზნით, მოცემული დავის დაწყებამდე, სს „თ.ბ–ში“ გადაიხადეს თ–ძესთან გაფორმებული სასესხო დავალიანების ნაწილი, რომლის გადახდის ვალდებულებაც არ გააჩნდათ. შესაბამისად, მოპასუხეები ვალდებულნი არიან, სოლიდარულად აუნაზღაურონ დ.დ–ძეს უსაფუძვლოდ გადახდილი 6302 ლარი.
19. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხე სს „თ.ბ–მა“ თავდაპირველი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, სსიპ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ სადაvო იპოთეკის ხელშეკრულებების ხელმოწერის პერიოდში, მიუხედავად მოსარჩელის დიაგნოზისა, მას არ აღენიშნებოდა აქტიური ფსიქიკური პრობლემები. მისი ჩივილები შემოიფარგლებოდა, მხოლოდ და მხოლოდ უძილობით, გუნება- განწყობილების გაფუჭებითა და პოტენციის დაქვეითებით. დაავადება მიმდინარეობდა რემისიით, მოსარჩელეს ჰქონდა ე.წ. ნათელი პერიოდი და იგი სრულად აღიქვამდა მისი ქმედებების შედეგებს. შესაბამისად, არ არსებობდა გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები.
20. შეგებებული სარჩელი
20.1. შეგებებული სარჩელი აღძრა სს ,,თ.ბ–მა“ და ს.თ–ძისა და დ.დ–ძისათვის, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, თანხის გადახდევინების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებისა და მოპასუხეთა სხვა ქონებების რეალიზაცია მოითხოვა.
20.2. შეგებებული მოსარჩელის, სს ,,თ.ბ–ის“ მითითებით, 2017 წლის 20 დეკემბერს, სს „თ.ბ–სა” და ს.თ–ძეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე.
20.3. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 20 დეკემბერს, დ.დ–ძესთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა დ.დ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ბათუმი, ქუჩა .........., ს/კ ..........
20.4. სს ,,თ.ბ–სა“ და ს.თ–ძეს შორის, 21.12.2017 წელს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე, 21.12.2027 წლამდე, სესხის სახით გაიცა 65000 ლარი, წლიურად 16,75% სარგებლის გადახდევინებით.
20.5. სს "თ.ბ–სა" და დ.დ–ძეს შორის, 21.12.2017 წელს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ზღვრული თანხის-500 000 ლარის ფარგლებში, თავდებმა იკისრა ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულების სრული და ჯეროვანი შესრულების შესახებ.
20.6. მსესხებლის-ს.თ–ძის მიერ მოხდა, სს „თ.ბ–თან" დადებული საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევა. მან, არ გადაიხადა სესხის ხელშეკრულებით და გადახდის გრაფიკით დადგენილი თანხები და 26.07.18 წლის შემდეგ, მსესხებლის მხრიდან საერთოდ არ მომხდარა სესხის დასაფარად თანხის გადახდა.
20.7. მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინებები დავალიანების დაფარვისა და ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც მსესხებელთან საკრედიტო ურთიერთობის შემდგომმა გაგრძელებამ აზრი დაკარგა და ბანკი იძულებული გახდა, 29.01.2020 წელს ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულებები.
20.8. ამდენად, მოპასუხეებს ს.თ–ძეს და დ.დ–ძეს ერიცხებათ სადავო დავალიანება, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
21. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
21.1. მოპასუხე ს.თ–ძემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო, ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში დ.დ–ძის აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი. აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა სარჩელის და თანდართული მასალების მიღების შემდეგ.
21.2. მოპასუხე დ.დ–ძის კანონიერმა წარმომადგენელმა (უფლებამონაცვლე) ე.თ–ძემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებები წარმოადგენს ბათილ გარიგებებს. ამასთან, დ.დ–ძეზე სესხის თანხა არ გაცემულა. შესაბამისად, გაუგებარია დ.დ–ძე რატომ არის ვალდებული განახორციელოს ბანკის მიმართ თანხების გადახდა.
22. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
22.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით დ.დ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სს „თ.ბ–ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს, ს.თ–ძეს და დ.დ–ძეს მოსარჩელის, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ N2013943- 9440421 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 81368,97 ლარის გადახდა, საიდანაც 63 256,67 ლარი არის ძირი დავალიანება, 14 950,30 ლარი არის პროცენტი და 3162 ლარი არის პირგასამტეხლო. მოპასუხეებს, ს.თ–ძეს და დ.დ–ძეს მოსარჩელის, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ, N2013943- 9440421 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად, ხელშეკრულების შეწყვეტიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის (63 256.67 ლარის) წლიური 16.75%-ის არაუმეტეს 10 თვისა - 8708.60 ლარის გადახდა; მოპასუხეებს, ს.თ–ძეს და დ.დ–ძეს, მოსარჩელის, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ N2013943-9440421 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე 78 206.97 ლარზე პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.01%, ყოველდღიურად 7.8 ლარის გადახდა არაუმეტეს 50 დღისა. დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა დ.დ–ძის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება (იპოთეკის საგანი) მდებარე: ქალაქი ბათუმი, .........., ს/კ ........; დადგენილი იქნა, თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა სს ,,თ.ბ–ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა განხორციელებულიყო დ.დ–ძის და ს.თ–ძის ქონებებიდან. დადგენილი იქნა თავდების - დ.დ–ძის პასუხისმგებლობის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
23. სააპელაციო საჩივარი
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მხოლოდ დ.დ–ძის კანონიერმა წარმომადგენელმა, დ.დ–ძის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სს თ.ბ–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
24.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ.დ–ძის უფლებამონაცვლე ე.თ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება დ.დ–ძის (უფლებამონაცვლე ე.თ–ძე) სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე დ.დ–ძის წინააღმდეგ სს თ.ბ–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ.დ–ძის უფლებამონაცვლე ე. თ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი, 2014 წლის 5 აგვისტოს, 2016 წლის 6 აპრილს და 2017 წლის 20 დეკემბერს, სს „თ.ბ–სა“ და დ.დ–ძეს შორის, დ.დ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, .........., ს/კ .......... დადებული იპოთეკის ხელშეკრულებები; ს. თ–ძეს, დ.დ–ძის უფლებამონაცვლე ე.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა, 21.12.2017 წელს, სს „თ.ბ–თან“ დადებული N2013943–9440421 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, ს.თ–ძის მიერ აღებული სესხის დაფარვის მიზნით, დ.დ–ძის მიერ გადახდილი 5239 ლარის ანაზღაურება; სს თ.ბ–ის შეგებებული სარჩელი დ.დ–ძის (უფლებამონაცვლე ე.თ–ძე) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
24.2. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების (საიდანაც ირკვევა: მოსარჩელის დიაგნოზი - პარანოიდული შიზოფრენია, ეპიზოდური მიმდინარეობით, მზარდი დეფექტით), ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის, ასევე მხარდამჭერის დანიშვნის გარემოების ერთობლივი ანალიზის შედეგად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება დ.დ–ძის ნების გამოვლენის ნამდვილობასთან მიმართებაში და ცალსახად დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ.დ–ძეს, სადავო გარიგებების დადების დროს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა, სწორად აღექვა რეალური ვითარება და ხელშეკრულებების შესაბამისი სამართლებრივი შედეგები, რაც სსკ-ის 58.3 მუხლის საფუძველზე ქმნიდა სს ,,თ.ბ–თან“ დადებული იპოთეკის ხელშეკრულებებისა და თავდებობის ხელშეკრულებების ბათილობის წინაპირობას.
24.3. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების გაბათილება დ.დ–ძის მიერ, 2018 წლის 02 აპრილს, წარმომადგენელზე სანოტარო მინდობილობის გაცემის, ასევე იპოთეკის ხელშეკრულებების სანოტარო ბიუროში რეგისტრაციის დროს, მისი ქმედუნარიანობის შესახებ ნოტარიუსის შეფასებებით და მიუთითებს, რომ ნოტარიუსს, ამ კონკრეტული სადავო საკითხის შეფასებაზე სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, ის ამ საკითხს აფასებს პირის ვიზუალური დათვალიერების შედეგად.
24.4. ამის საწინააღმდეგოდ კი, საქმეში წარმოდგენილია სპეციალური ცოდნის მქონე პირების - ექსპერტების დასკვნა, სადაც ისინი ნათლად მიუთითებენ, რომ 2014 წლის 5 აგვისტოს, 2016 წლის 6 აპრილს და 2017 წლის 20 დეკემბერს, იპოთეკური ხელშეკრულებების გაფორმების დროს, დ.დ–ძე დაავადებული იყო ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენია, ეპიზოდური მიმდინარეობით, მზარდი დეფექტით და მას არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი.
24.5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ბათილად ცნო 08.2014წ., 06.04.2016წ. და 20.12.2017წ. დადებული იპოთეკის ხელშეკრულებები, ასევე 20.12.2017 წლის თავდებობის ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, გამოირიცხა დ.დ–ძისათვის ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება და დ.დ–ძის ნაწილში, სს ,,თ.ბ–ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.
24.6. სასამართლომ განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ დ.დ–ძესა და სს ,,თ.ბ–ს“ შორის 20.12.2017წ. დადებული თავდებობის ხელშეკრულება ბათილია, სსკ-ის 976.1.,,ა“ და 979.1 მუხლების შესაბამისად, არსებობს, სს ,,თ.ბ–თან“ 20.12.2017წ., დადებული N2013943–9440421 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ს.თ–ძის მიერ აღებული სესხის დაფარვის მიზნით, დ.დ–ძის მიერ გადახდილი 5239 ლარის დაბრუნების საფუძველი.
25. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
25.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.ბ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
25.2. კასატორის მითითებით, 2020 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, მხარეებს შორის არსებული სასესხო დავალიანების ოდენობა შეადგენდა 84532.57 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 63 256,67 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 14 950,30; ხოლო ჯარიმა - 6325,6 ლარი.
25.3. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო ქვითრებით დგინდება, რომ დ.დ–ძის სახელით ს.თ–ძე სადავო სესხის თანხას იხდიდა 2028 წლის 23 თებერვლიდან ამავე წლის 27 ივლისამდე, შედეგად ჯამურად გადახდილია 5239 ლარი.
25.4. ბანკს სარჩელი ჩაბარდა 2018 ლის სექტემბერში, რომლის მიხედვითაც, დ.დ–ძეს ჰქონდა პარანოიდალური შიზოფრენია, რის გამოც 1999 წლის 13 იანვრიდან იმყოფებოდა საავადმყოფოს ამბულატორიულ განყოფილებაში. ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსი და იღებდა სოციალურ პაკეტს. სასარჩელო მოთხოვნა - ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სწორედ აღნიშნული საფუძვლით იყო დაყენებული.
25.5. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული ფაქტები მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი ბანკისთვის, რაც მოვალემ ვალდებულების შესრულება შეწყვიტა. ვალდებულების შესრულების პერიოდში კი ასეთი მოცემულობა მხარეებს შორის არც კი ყოფილა პრობლემის შემქმნელი. მოვალის აღნიშნული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ხელშეკრულების დადების მომენტისთვის არ იყო ცნობილი, შესაბამისად, ბანკი სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდა კეთილსინდისიერად. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება კი თავად კრედიტის ამღებს ჰქონდა, რადგან ასეთ ინფორმაციას შეეძლო ხელშეკრულების ბედზე მოეხდინა არსებითი გავლენა.
25.6. მართალია, მოსარჩელეს ჰქონდა დასახელებული დიაგნოზი, მაგრამ ბანკს ამის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა დ.დ–ძის ოჯახის წევრებმა 2014 წლიდან იცოდნენ საბანკო ვალდებულების არსებობის შესახებ და აღნიშნული არც მათ მიერ გამხდარა სადავო, რადგან სესხით იღებდნენ სარგებელს. ამასთან, ოჯახისთვის დ.დ–ძის მდგომარეობის შესახებ 1999 წლიდან იყო ცნობილი, თუმცა 2019 წლამდე არ მიუმართავთ სასამართლოსთვის მხარდამჭერის დანიშვნაზე. 2019 წლამდე, კერძოდ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში კი დ.დ–ძე რემისიის ფაზაში იმყოფებოდა და პარალელურად სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებში შედიოდა, მათ შორის სხვა ბანკებთან. ასევე, არაერთი მინდობილობაა გაცემული მასზე სხვადასხვა ნოტარიუსის მიერ, რა დროსაც დ.დ–ძის ჯანმრთელობა არ იწვევდა ეჭვს.
25.7. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწვყეტილება დააფუძნა ლევან სამხარაულის სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა,ს რომლის მიხედვით ,2014 წლის 5 აგვისტოს, 2016 წლის 6 აპრილსა და 2017 წლის 20 დეკემბერს იპოთეკური ხელშეკრულებების გაფორმების მომენტისთვის დ.დ–ძე დაავადებული იყო ქრონიკული ფსიქიკურ ავადმყოფობით, პარანოიდალური შიზოფრენიით, რომელსაც ჰქონდა ეპიზოდური მიმდინარეობა მზარდი დეფექტით და მას არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკითხულ ექსპერტ თ.ნ–ს. კასატორის მტკიცებით, ექსპერტის წინაშე დასმულმა კითხვებმა გააბათილა წარდგენილი დასკვნა. მაგალითად, როდესაც ექსპერტს დაესვა კითხვა - რა საფუძვლებით გამოიკვლიეს პიროვნების დაავადება, ექსპერტმა მხოლოდ საავადმყოფო ფურცლებზე მიუთითა. აღნიშნულ საავადმყოფო ფურცლებში მოსარჩელის ჯანმრთელობა კი შეფასებულია შემდეგგვარად: აწუხებს უძილობა, იმპოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაბამისად, შიზოფრენიაზე საავადმყოფო ფურცლებში არ ყოფილა. უფრო მეტიც, 2008 წლის შემდგომ დ.დ–ძის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა და არც სპეციალურ კლინიკაში მოთავსებულა, რის გამოც, ექსპერტის პასუხები დაუსაბუთებელია. რაც შეეხება რემისიის პერიოდს, ექსპერტმა განმარტა, რომ ასეთ პერიოდში ადამიანები არიან სოციალურები და მუშაობენ.
25.8. კასატორი უთითებს, რომ სადავო ხელშეკრულების დადების დროს დ.დ–ძეს პარალელურად ჰქონდა შეთავსებული სხვადასხვა მოვალეობები, კერძოდ მან საჯარო რეესტრში წარადგინა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციები, ანუ ის კომუნიცირებდა მესამე პირებთან, მათ შორის პირადად აწერდა და ადასტურებდა სანოტარო აქტებს, დოკუმენტებს და სხვადასხვა ურთიერთობაში შედიოდა მესამე პირებთან.
25.9. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ დ.დ–ძემ ხელშეკრულების შინაარი ძალიან კარგად იცოდა, უთითებდა, რომ სანაცვლოდ მსესხებელი დაპირდა სარგებელს, შესაბამისად, ცალსახაა, რომ მას ესმოდა ხელშეკრულების შინაარი. ასეთი სახის მოცემულობა კი ეწინააღმდეგება იმ დასაბუთებას, რაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თითქოს მოსარჩელეს უჭირდა რეალობის აღქმა, რომ თითქოს ვერ აცნობიერებდა რეალობას.
25.10. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ესმოდა ექპერტიზის დადგენის მიზანი და ირიბად აღიარებდა კიდეც იმას, რომ იაზრებდა ხელშეკრულების და სინამდვილის შინაარსს კერძოდ, დასკვნაში მითითებულია მისი რეპლიკები: „დავიღუპეთ და რა გვეშველება“, „ცოლის ძმას დავუჯერე, შემპირდა... შენც დაგეხმარები... დავუჯრე და ბინა ბანკში ჩავარობიე... რომ ვერ გადაეხადა მართმევდნენ, ახლა 10 წლით გადაავადეს, ფული მე უნდა ვიხადო... დავიწვი, ცუდ დღეში ჩამაგდო“. აღნიშნული რეპლიკები ცალსახად ადასტურებს, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა გაზიარებული ხელშეკრულების შინაარსი და საღ აზრზე იყო როდესაც მოაწერა ხელი.
26. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვალს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 20 ნოემბერს დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (სუსგ. №ას-189-2020, 20 აპრილი, 2022).
30. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკასაციო საჩივრის შედავების გაანალიზების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მთავარი სამართლებრივი საკითხი არის დადგინდეს, სამართლებრივად რამდენადაა საფუძვლიანი ს. თ–ძის საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, დ.დ–ძესა და სს ,,თ.ბ–ს“ შორის 05.08.2014წ., 06.04.2016წ. და 20.12.2017წ. დადებული იპოთეკის ხელშეკრულებებიდან და 20.12.2017წ. დადებული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დ.დ–ძეზე ფინანსური პასუხისმგებლობის გავრცელება. ასევე, რამდენად იყო სახეზე გარიგების მონაწილის ისეთი სახის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც სადავოა მის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობა და აქედან გამომდინარე შესაძლებელია თუ არა გარიგების ბათილობად ცნობა.
31. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა, ამასთან, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, ე.ი მას უნდა ჰქონდეს უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ნების გარეგნული გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს პირის სურვილს მიაღწიოს, კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სსკ-ის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილი არეგულირებს გარიგების ბათილობის საკითხს პირის ფსიქიკური აშლილობის გამო (შდრ. სუსგ №ას-991-2021, 16.03.2022წ., პუნ. 12). სსკ-ის 58-ე მუხლი არ ანიჭებს მნიშვნელობას იმ ფაქტს, იცოდა თუ არა გარიგების მეორე მონაწილემ ფსიქიკური აშლილობის არსებობის შესახებ ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას ამის შესახებ. განსახილველი მუხლი რაიმე გამონაკლისს ამ ასპექტით არ ითვალისწინებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა გარიგების მეორე მონაწილემ ფსიქიკური აშლილობის შესახებ, გარიგება ბათილია (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხლი 58, ველი 2).
33. სამოქალაქო კანონმდებლობის მოწესრიგების შესატყვისად, ნებისმიერი გარიგების დადება ეფუძნება კანონის ფარგლებში მხარეთა ნების ავტონომიასა და ამა თუ იმ გარიგების დადების თაობაზე მხარის ინფორმირებულ, გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას. პიროვნების ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები კი, როგორიც ფსიქიკური აშლილობაა, სწორედ გარიგების დადების მიმართ პირის ნების გამოვლენის ნამდვილობას აყენებს ეჭვქვეშ, შესაბამისად, კანონმდებელმა ამ ვითარებაში მყოფი პირის მიერ დადებული გარიგება ბათილ სამართლებრივ ურთიერთობათა წრეს მიაკუთვნა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ საფუძვლით გარიგების ბათილობისას სარგებლის მიმღები კონტრაჰენტის ინტერესების დაცვის კუთხით, უპირობოდ აუცილებელია, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდეს გარიგების დადებისას პირის ფსიქიკური აშლილობის იმგვარი მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შემსრულებელი პირის მიერ საკუთარი ქმედების სამართლებრივი შედეგების აღქმას და შესაბამისი შედეგის მიმართ მისი ნების ნამდვილობას (სუსგ №ას-1635-2018, 30.04.2020წ., პუნ. 7.2).
34. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
35. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა - იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა დაფუძნებულია იმ არგუმენტს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების პერიოდისთვის დ.დ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა ნების თავისუფლად გამოვლენის, გარიგებაში შესვლისა და ვალდებულების კისრების შესაძლებლობას. კერძოდ, სადავოდაა გამხდარი გარიგების მონაწილის ქმედუნარიანობა. ამავდროულად, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა შეეხება ამავე სადავო საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას.
36. ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მაისის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N003607618 და 2018 წლის 16 აგვისტოს სტაციონარული სასამართლო- ფსიქიატრიული ექსპერტიზის N005689518 დასკვნა. 2018 წლის 30 მაისის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N003607618 დასკვნაში დ.დ–ძის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ მითითებულია, რომ გამოსაკვლევი პირი გარეგნულად მოწესრიგებულია, მიზანმიმართულ კონტაქტში ერთვის პასიურად, კითხვებზე პასუხობს დროულად, ადეკვატურად. მიმიკა და ჟესტიკულაცია გამომსახველობას მოკლებული აქვს. მეტყველებს გამართულად. საუბრის პროცესში გამოყენებული ლექსიკური მარაგის მოცულობა საკმარისი აქვს. ანამნეზურ ცნობებს აწვდის სწორად, თუმცა წარსულიდან ფაქტების ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გახსენება და მათი სწორი დათარიღება უჭირს. ცნობიერება ნათელი აქვს. საანკეტო მონაცემებს აწვდის სწორად. ადგილში, გარემოსა და საკუთარ ვინაობაში ორიენტირებულია სრულად. დროში ორიენტირებს მიახლოებით, ვერ ასახელებს მიმდინარე რიცხვს: „მაისია ახლა. პარასკევი. რიცხვი არ მახსოვს. 2018 წელია“. უჩივის მეხსიერების დაქვეითებას, „ნერვიულობას“, სახსრებში ტკივილს. აღქმის პათოლოგიის არსებობას ადასტურებს: „დიდი ხანია ხმები მესმის... თავიდან გარდაცვლილი ძმა მოდიოდა, მელაპარაკებოდა, ჭკუას მარიგებდა. ორი წელია აღარ დამინახავს. სხვა ხალხის ხმები მესმის, ხანდახან ვხედავ კიდევაც. მეუბნებიან რისი გაკეთება შეიძლება, რისი არა, რჩევებს მაძლევენ“. ობიექტური დაკვირვებით ბოდვითი სიმპტომატიკა, რაიმე სახის ჰალუცინაციები ამჟამად აღსანიშნავი არ არის. აზროვნება რიგიდული, ამბივალენტობის ელემენტებით. ასოციაციები – ნაკლებად თანმიმდევრული, შენელებული ტემპის. საექსპერტო გამოკვლევის მიზანი ესმის, შედეგებით ინტერესდება: „დავიღუპეთ და რა გვეშველება?“. მომხდარ ფაქტს ადასტურებს, ნანობს მომხდარს: „ცოლის ძმას დავუჯერე, შემპირდა, მალე გავისტუმრებ ვალსო, შენც დაგეხმარები. იმნაირი ლაპარაკი იცის - ჩიტივით ჭიკჭიკებს. დავუჯერე და ბინა ბანკში ჩავადობიე. რომ ვერ გადაიხადა, ბინას მართმევდნენ. ახლა 10 წლით გადაავადეს, ფული მე უნდა ვიხადო... დავიწვი, ცუდ დღეში ჩამაგდო“.
37. ასევე დადგენილია რომ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 აგვისტოს ექსპერტიზის N005689518 დასკვნით, დ.დ–ძე დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით მიმდინარეობით - პარანოიდული შიზოფრენია, ეპიზოდური მიმდინარეობს, მზარდი დეფექტით (კოდი – F20.01; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). 2014 წლის 5 აგვისტოს, 2016 წლის 6 აპრილს და 2017 წლის 20 დეკემბერს, იპოთეკური ხელშეკრულებების გაფორმების დროს, დ.დ–ძე დაავადებული იყო ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით – პარანოიდული შიზოფრენია, ეპიზოდური მიმდინარეობით, მზარდი დეფექტით და მას არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი. ამავდროულად, 2018 წლის 16 აგვისტოს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N005689518 დასკვნაში დ.დ–ძის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ მითითებულია, რომ გამოსაკვლევი პირი გარეგნულად საკმარისად მოწესრიგებულია, მოტორიკა ოდნავ შენელებულია, მიმიკა - ერთფეროვანი, ნაკლებად გამომსახველი. .... კითხვებზე პასუხობს დაყოვნებით. ...ამამად უჩივის სისუსტეს, სახსრების ტკივილს, აცხადებს: ,,ორი-სამი წელია ,,სისლაბე’’ და სახსრები მაწუხებს, ჯოხით დავდივარ, დიაბეტი მაქვს წამლების სახელები მე არ ვიცი, ცოლმა იცის, მარტო ზოპინი მახსოვს, რომ დავლევ უფრო კარგ გონებაზე ვარ და კარგად მძინავს.’’ უშუალოდ, მის მიერ დადებული ხელშეკრულებების თაობაზე, ჩვეულებრივ ნაკლები თანმიმდევრობით გადმოგვცემს: ,, სახლის თაობაზე შეცდომით მომაწერინეს ხელი, მოტყუების მიზნით ... ცოლისძმამ ნახევარ ბათუმს შემპირდა, ასე ვიზამო, ყველა გაჭირვებას მოგხსნიო ... ვერ ვაზროვნებდი, მომენტით ისარგებლა,... ფული რამდენი აიღო, არ ვიცი, არც მითხრეს, არც წამაკითხეს, ისე მოვაწერე ხელი ’’.
38. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის (საქმე N 2/3503-2018წ) გადაწყვეტილებით დ.დ–ძე (პ/ნ ........; დაბ. 06.10.1959წ.) ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: წვრილმანი გარიგების დადება, შრომითი საქმიანობა, სამეწარმეო საქმიანობა, სოციალური პაკეტით (პენსია, დახმარება და სხვა) სარგებლობა, წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელება საპენსიო ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, წარმომადგენლობის უფლება საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის ს.ს. ,,ლ.ბ–ში“. დ.დ–ძე (პ/ნ ........; დაბ. 06.10.1959წ.) მხარდამჭერად დაენიშნა ე.თ–ძე (პ/ნ .........). ე.თ–ძეს დ.დ–ძის მხარდაჭერისათვის განესაზღვროს უფლება-მოვალეობათა ფარგლები და მიენიჭოს მხარდაჭერის მიმღები პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება:ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან. ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის/პენსიის და სხვა სოციალური შეღავათების დანიშვნა/ცვლილებასთან დაკავშირებით. გ) საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის სს ,,თ.ბ–ში“ და სხვა საბანკო დაწესებულებებში, მიიღოს პლასტიკური ბარათი, აიღოს და განკარგოს მისი კუთვნილი დაგროვილი თანხები, სოციალური პაკეტი და სხვა სახელმწიფო გასაცემლები; დ) მისი სახელით მიმართოს განცხადებით, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის პერსონალური ხასიათის); ე) წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები პირი საქართველოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პირადი დოკუმენტების (პირადობის მოწმობის, პასპორტის) მისაღებად.ვ) მიეცეს უფლება ნოტარიუსთან წარმოადგინოს მისი ინტერესები სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიზნით, ასევე წარმომადგენლის უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით. ზ) წარმომადგენლის უფლება სამედიცინო დაწესებულებებში, მკურნალობაზე თანხმობის, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება/გაყვანის მიზნით. თ) წარმოადგინოს მისი ინტერესები ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში.
39. რადგან, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის დ.დ–ძის მიერ ნების გამოვლენის ნამდვილობას, მტკიცების ტვირთიც სწორედ მასზე იყო გადაკისრებული დაესაბუთებინა ხელშეკრულებების დადების მომენტში დ.დ–ძის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლოვანება. ამ საფუძვლით გარიგების ბათილობისას სარგებლის მიმღები კონტრაჰენტის ინტერესების დაცვის კუთხით, უპირობოდ აუცილებელია, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდეს გარიგების დადებისას პირის ფსიქიკური აშლილობის იმგვარი მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შემსრულებელი პირის მიერ საკუთარი ქმედების სამართლებრივი შედეგების აღქმას და შესაბამისი შედეგის მიმართ მისი ნების ნამდვილობას. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, გარემოებათა შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ექსპერტიზის დასკვნას, არამედ იმასაც, თუ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სხვა მტკიცებულებებთან ერთად რამდენად ქმნის ფსიქიკური აშლილობის შესაბამისი ფორმით დაავადებული პირის მიერ საკუთარი ქმედების მნიშვნელობის გააზრების შესაძლებლობაზე დასაბუთებულ ვარაუდს (იხ. სუსგ #ას- 1635-2018, 30.04.2020 წ.).
40. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი დასაბუთების შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში წარდგენილია დ.დ–ძის ფსიქიკური პრობლემების დასადგენად, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უშუალოდ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლის მომენტისთვის დადგინდეს მისი ნების ნაკლოვანების ფაქტი. ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული განმარტებები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ თავად დ.დ–ძეს იმ პერიოდისთვის ჰქონდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისა და მისი პირობების გაანალიზების უნარი, რაზეც მისი რეპლიკები და ინფორმაციის ადეკვატურად გადმოცემის უნარი კარგად მეტყველებს. შესაბამისად, ის აცნობიერებდა იპოთეკის ხელშეკრულების შედეგებს, შეეძლო თავისუფლად, გააზრებულად გამოევლინა ნება და შესულიყო სახელშეკრულებო ურთიერთობაში. აღნიშნულს კარგად მიუთითებს თავად ექსპერტიზის დასკვნაში არსებული დასახელებული მოსაზრებები. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა, მართალია, ადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამის შედეგს, თუმცა ვერ ადასტურებს უშუალოდ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დ.დ–ძის მიერ ნების გაუცნობიერებლობის ფაქტს.
41. შედეგად, საკასაციო პალატა ვერ გაზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაედასტურებინა სსკ-ის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილობის წინაპირობების არსებობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი დასკვნებით არ დგინდება ის გარემოება, რომ კონკრეტულად სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს არ შესწევდა მოსარჩელეს უნარი თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულად შეეგნო მოქმედების მნიშვნელობა და სწორად აღექვა რეალური ვითარება.
42. საკასაციო პალატა ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს, მოსარჩელემ არ იცოდა, თუ რა დოკუმენტს აწერდა ხელს და რა იყო მისი შინაარსი. მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით, ვერ დაადასტურა თუ რატომ არ შეეძლო გამოევლინა ნამდვილი ნება. საკასაციო პალატის განმარტებით, გარიგებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარე გამოთქვამს რა თანხმობას მის პირობებზე, ივარაუდება, რომ გარიგების პირობები მისთვის ცნობილია. (შდრ. სუსგ №ას-193-180-2015, 30.04.2015წ; №ას-328-2021, 21.07.2022წ.). ამრიგად, არც აღნიშნული საფუძვლით არსებობს მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის საფუძველი.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2014 წლის 5 აგვისტოს N123123457070, 2016 წლის 6 აპრილის N123123457070 და 2017 წლის 20 დეკემბრის N1231232003087 იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმების მომენტისათვის დ.დ–ძეს ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი და შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის. ამასთან, აღნიშნული დროისათვის დ.დ–ძე მხარდაჭერის მიმღები არ ყოფილა. ამდენად, 2014 წლის 5 აგვისტოს N123123457070, 2016 წლის 6 აპრილის N123123457070 და 2017 წლის 20 დეკემბრის N1231232003087 იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
44. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს, ისინი დაფუძნებულია სადავო ხელშეკრულებების ნამდვილობის შემდგომ არსებულ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაზე.
45. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
46. 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
47. განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 20 დეკემბერს სს „თ.ბ–სა” და ს.თ–ძეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით _ მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0010.2013943.001 რომლითაც ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე.
48. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სს,,თ.ბ–სა" და ს.თ–ძეს შორის 2017 წლის 21 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2013943– 9440421 რომლითაც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 65000 ლარი 21.12.2027 წლამდე (3652 დღე), საპროცენტო სარგებლის წლიური დარიცხვით 16,75 %.
49. ხელშეკრულების 2.10 მუხლით განისაზღვრა პირგასამტეხლო, რომლის თანახმადაც ყოველდღიური პირგასამტეხლო შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
50. დადგენილია, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0010.2013943.001 ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად მოქმედი შემადგენელი საბანკო კრედიტის № 2013943–9440421 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა N1231232003087 იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა დ.დ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, ქუჩა ..........., ს/კ .........
51. დადგენილია, რომ 21.12.2017 წელს სს "თ.ბ–სა" და " დ.დ–ძეს შორის გაფორმდა N1231232009079 თავდებობის ხელშეკრულება, # 1231232009079 _ თავდებობის ზღვრული თანხის 500000 (ხუთასი ათასი) ლარის ფარგლებში, თავდებმა იკისრა ვალდებულება N2013943–9440421 საკრედიტო ხელშეკრულების სრული და ჯეროვანი შესრულების შესახებ.
52. ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საბანკო კრედიტის № 2013943– 9440421 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 21.12.2017 წელს სს "თ.ბ–სა" და " დ.დ–ძეს შორის გაფორმდა N1231232009079 თავდებობის ხელშეკრულება, # 1231232009079 _ თავდებობის ზღვრული თანხის 500000 (ხუთასი ათასი) ლარის ფარგლებში თავდებმა იკისრა სოლიდარული თავდებობა/სრული პასუხისმგებლობა N2013943–9440421 საკრედიტო ხელშეკრულების სრული და ჯეროვანი შესრულების შესახებ/ძირითად მოვალესთან ერთად (ს.თ–ძე) სესხის დაფარვაზე.
53. დადგენილია, რომ მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა. კერძოდ, კრედიტის დაფარვისთვის გათვალისწინებული პერიოდული ვადა ამოიწურა, რის გამოც ს.თ–ძეს და დ.დ–ძეს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები.
54. სსკ-ის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო 868-ე მუხლში პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
55. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) ს.თ–ძემ საბანკო პროდუქტით ისარგებლა და აითვისა კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა ვალის დაფარვის მიზნით, ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. ს.თ–ძემ შეტანის ვადას გადააცილა, არ უწარმოებია სესხების გადახდა, სესხის ნაწილის თანხის გადახდა ხდებოდა თავდების დ.დ–ძის მიერ, რაც მოსარჩელეს (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. გამსესხებელმა მსესხებელს ს.თ–ძეს აცნობა ორზე მეტი ვადაგადაცილების გამო ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ. ამის მიუხედავად, სასარჩელო წარმოების დაწყება მეტყველებს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმაზე, შესაბამისად, განსაზღვრული ვადის მიუხედავად, მოვალემ მაინც არ შეასრულა ვალდებულება. შესაბამისად, საფუძვლიანია შეგებებული სარჩელის აღნიშნული მოთხოვნა კრედიტის მიმღებისთვის ძირი თანხის დაკისრების შესახებ.
56. რაც შეეხება შეგებებული სარჩელით მოთხოვნილ პროცენტს, სსკ-ის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
57. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მყარი საპროცენტო განაკვეთი წლიურად 16.75%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ ყოველთვიურად შეგებებული სარჩელით მოპასუხეს ევალებოდა დაეფარა ძირი თანხის ნაწილთან ერთად პროცენტიც, თუმცა მან აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა, მაშინ, როდესაც ბანკმა მისი წილი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და დროულად, შესაბამისად, მოპასუხეს ძირი თანხის გადახდასთან ერთად უნდა დაეკისროს შესაბამისი პროცენტის, როგორც მეორეული ვალდებულების ანაზღაურებაც.
58. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, სსკ-ის 403-ე მუხლის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავდროულად, 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლობისთვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
59. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნაც საფუძვლიანია, რადგან ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბანკმა ვერ მიიღო ვერც ძირი თანხა, ვერც მოგება, შესაბამისად, სახეზეა ასევე მიუღებელი შემოსავლით განცდილი ზიანი, რის გამოც, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ხელშეკრულების შეწყვეტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის (63256,67 ლარის) წლიური 16,75%, ყოველთვიურად 870,86 ლარის გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტიდან (29,01,2020-დან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვის ვადისა.
60. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი წესის მიხედვით: სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
61. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
62. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულია გადასახდელი თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
63. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის 0.01%-მდე შემცირებას.
64. რაც შეეხება მოთხოვნის უზრუნველყოფის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ თავდებობის ნაწილში არსებულ აქცესორული უფლების რეალიზებას, მისი მოქმედება დამოკიდებულია ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაზე. სსკ-ის 902-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ასევე, სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). სსკ-ის 301-ე მუხლის მიხედვით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
65. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შესახებ №0010.2013943.001 ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად მოქმედი შემადგენელი საბანკო კრედიტის № 2013943–9440421 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა N1231232003087 იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა დ.დ–ძის (ამჟამად უფლებამონაცვლე ე.თ–ძის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, ქუჩა ........., ს/კ ..........
66. რადგან დადგინდა, რომ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებები არ შესრულდა ჯეროვნად და დარჩენილია დასაფარი ზემოაღნიშნული თანხები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმების საფუძველზე არსებობს უზრუნველყოფით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის წინაპირობები. ამიტომ, ამ ნაწილშიც საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
67. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების 1-ლი, მე-2, მე-3, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტები, ასევე, გაუქმდეს ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და ამ ნაწილებში ახალი გადაწყვეტილების მიღებით:
3. დ.დ–ძის უფლებამონაცვლე ე.თ–ძის სასარჩელო მოთხოვნა: ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 5 აგვისტოს, 2016 წლის 6 აპრილს და 2017 წლის 20 დეკემბერს, სს „თ.ბ–სა“ და დ.დ–ძეს შორის, დ.დ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, .........., ს/კ ......... დადებული იპოთეკის ხელშეკრულებები - არ დაკმაყოფილდეს;
4. სს „თ.ბ–ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
4.1 მოპასუხეებს ს.თ–ძეს და დ.დ–ძის უფლებამონაცვლე ე.თ–ძეს მოსარჩელის სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N2013943-9440421 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 81 368,97 ლარის გადახდა, საიდანაც 63 256,67 ლარი არის ძირი დავალიანება, 14 950,30 ლარი არის პროცენტი და 3162 ლარი არის პირგასამტეხლო;
4.2 მოპასუხეებს ს.თ–ძეს და დ.დ–ძის უფლებამონაცვლე ე.თ–ძეს მოსარჩელის სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N2013943-9440421 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად ხელშეკრულების შეწყვეტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის (63 256.67 ლარის) წლიური 16.75%-ის არაუმეტეს 10 თვისა - 8708.60 ლარის გადახდა;
4.3 მოპასუხეებს ს.თ–ძეს და დ.დ–ძის უფლებამონაცვლე ე.თ–ძეს მოსარჩელის სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N2013943-9440421 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე 78 206.97 ლარზე პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.01%, ყოველდღიურად 7.8 ლარის გადახდა არაუმეტეს 50 დღისა;
4.4 დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს დ.დ–ძის უფლებამონაცვლე ე.თ–ძის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: ქალაქი ბათუმი, .........., ს/კ .........;
4.5 თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება სს ,,თ.ბ–ის'' მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება განხორციელდეს დ.დ–ძის უფლებამონაცვლე ე.თ–ძისა და ს.თ–ძის ქონებებიდან;
4.6 თავდების - დ.დ–ძის უფლებამონაცვლე ე.თ–ძის პასუხისმგებლობის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს;
5. სს „თ.ბ–ი“ გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის საფუძველზე სოლიდარულად დაკისრებული 1975 ლარის საპროცესო ხარჯის გადახდისგან; ამავდროულად, ს.თ–ძეს შეუმცირდეს ამავე პუნქტით გათვალისწინებული სოლიდარულად გადასახდელი 1975 ლარი და დ.დ–ძის უფლებამონაცვლე ე.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 1000 ლარის გადახდა;
6. სს „თ.ბ–ი“ გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის მე-8 პუნქტით სოლიდარულად დაკისრებული 3618,7 ლარის სახელწიფო ბაჟის გადახდისგან; ამავდროულად, ს.თ–ძეს შეუმცირდეს ამავე პუნქტით გათვალისწინებული სოლიდარულად გადასახდელი 3618,7 ლარი და დაეკისროს 366,73 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც გადახდილ უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150);
7. დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება;
8. დ.დ–ძის უფლებამონაცვლე ე.თ–ძესა და ს.თ–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირველ და საკასაციო ინსტანციაში ჯამურად გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 7637.39 ლარი;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი