Facebook Twitter

საქმე №ას-327-2025 30 აპრილი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ლ–ი“ (მოპასუხე)

II კასატორი - შპს „ს.ლ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდეგ - მოსარჩელე, მეიჯარე, აპელანტი, პირველი კასატორი) და შპს „ს.ლ–ი“ (შემდგომ - მოპასუხე, მოიჯარე, მეორე კასატორი) ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება (რომლითაც, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა) და მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 739.83 ლარისა და პირგასამტეხლოს 617.75 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

2. პირველი კასატორი ამტკიცებს, რომ მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარეს ქონება არ გამოუთავისუფლებია, რაც მოპასუხისთვის ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2021 წლის 13 მაისამდე პერიოდისათვის, 129 744.53 ლარის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

3. მეორე კასატორი სადავოდ ხდის მისთვის საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას, ამასთან, მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ თანხების არასწორ დაანგარიშებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მეორე კასატორის საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია; შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

6. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:

6.1. 2016 წლის 4 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის (იჯარის ფორმით) შესახებ №34 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე 1 642 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .........). ექვსი თვის საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 17 650 ლარით, ხოლო ქონება მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა 2016 წლის 17 დეკემბრამდე ვადით.

6.2 მოპასუხეს სრულად და ჯეროვნად აქვს გადახდილი 2016 წლის 4 ივლისს დადებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის (იჯარის ფორმით) შესახებ №34 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირა - 17 650 ლარის ოდენობით, 2016 წლის 4 ივლისიდან 2016 წლის 17 დეკემბრამდე პერიოდისთვის.

6.3 მოპასუხემ 2017 წლის 2 აგვისტოსა და 2017 წლის 30 ოქტომბერს წერილობით მიმართა სამინისტროს და აცნობა, რომ მის საკუთრებაშია სს „დ.ს.შ–ა“ (ს/კ ........), რომელიც მდებარეობს 2016 წლის 4 ივლისს გაფორმებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის (იჯარის ფორმით) შესახებ №34 ხელშეკრულებაში მითითებული „საიჯარო ტერიტორიის“ მომიჯნავედ (ქობულეთი, სოფელი ......). მოპასუხე გეგმავს 7 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას და უახლოეს მომავალში აპირებს პროექტის რეალიზებას, რომელიც მოიცავს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის, სასტუმროს მშენებლობას. აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში კომპანიის ინტერესს წარმოადგენს „საიჯარო ტერიტორიის“ შესყიდვა. ვინაიდან იჯარის ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 17 დეკემბერს ამოიწურა, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას გადაიხადოს საიჯარო ქირა 2016 წლის 17 დეკემბრიდან იმ დრომდე, ვიდრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული არ იქნება გადაწყვეტილება აღნიშნული ტერიტორიის მოპასუხისთვის საკუთრებაში ან დროებით, მაქსიმალურად შესაძლო გრძელვადიან სარგებლობაში გადაცემის სამართლებრივი ფორმის შესახებ.

6.4 მოპასუხემ უარი განაცხადა საკუთარ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი ინვესტიციის განხორციელებაზე, რის შესახებაც 2018 წლის 7 თებერვლის №20 წერილით აცნობა მოსარჩელეს და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 4 ივლისს გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებას 2016 წლის 17 დეკემბერს ვადა ამოეწურა. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს მიმართა თხოვნით, იჯარის საგნის დაბრუნების პროცედურის მიზნით გამოეყო წარმომადგენელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და იჯარის საგნის დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

6.5 მოსარჩელე სამინისტრომ 2018 წლის 23 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (ს/კ .......) მოპასუხესთან 2016 წლის 4 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა 2021 წლის 26 აპრილს.

6.6 მოპასუხემ სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2018 წლის 31 იანვარს, სრულად გადაიხადა ძირითადი საიჯარო დავალიანება - 40 202.78 ლარი და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 9 266.25 ლარი.

6.7 მოპასუხის მხრიდან, 2016 წლის 4 ივლისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის შესახებ №34 ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, არ განხორციელებულა არცერთი ინვესტიცია ან აქტივობა. იჯარის საგანი - მიწის ნაკვეთი ზღვის სანაპირო ზოლზე წარმოადგენს ღია სივრცეს და არ არის შემოღობილი.

6.8 2021 წლის 2 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ ახალი №14 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე 1 642 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ........).

7. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნივთის დაბრუნების დაყოვნებისთვის საიჯარო ქირის ოდენობით ზიანის ანაზღაურების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც; იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) და 591-ე (თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია, მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის) მუხლებიდან გამომდინარეობს.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 591-ე მუხლით დადგენილია საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, იჯარის საგნის უკან დაბრუნების დაყოვნებისათვი მოიჯარის მიერ ზიანის სახით საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება და მისი მიზანი მეიჯარის ინტერესების დაცვაა. ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია, შემდეგი სამართლებრივი წანამძღვრების არსებობა: ა) იჯარის ხელშეკრულების არსებობა; ბ) საიჯარო ურთიერთობის დამთავრება; გ) მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნება.

9. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი წინაპირობები განხორციელებულია, კერძოდ: იჯარის ხელშეკრულება დადებულია; საიჯარო ხელშეკრულების ვადა გასულია; მოიჯარის მიერ დაყოვნებულია საიჯარო ქონების დაბრუნება. სადავოა მხოლოდ მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების ფაქტიურად ფლობის პერიოდი.

10. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში მოპასუხის მიერ ქონების დაკავების სამართლებრივი შეფასების შესახებ. თუმცა, პალატა არ იზიარებს პირველი კასატორის მტკიცებას, რომ მოპასუხეს 2021 წლის 13 მაისამდე ქონების ფლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ, მოპასუხემ ორჯერ, წერილობით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ ინვესტიციის ფარგლებში მისი ინტერესები მოიცავდა საიჯარო ტერიტორიის შეძენას. მოპასუხემ გამოხატა მზადყოფნა გადაეხადა არსებული საიჯარო ქირა იმ პერიოდამდე, სანამ მიიღებოდა გადაწყვეტილება იმ სამართლებრივი ფორმის შესახებ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ტერიტორიის გადაცემა მის საკუთრებაში ან დროებით, მაქსიმალურად შესაძლო გრძელვადიან სარგებლობაში. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხემ აღარ განახორციელა საკუთარ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი ინვესტიცია, რასთან დაკავშირებითაც 2018 წლის 7 თებერვლის №20 წერილით აცნობა მოსარჩელეს და სამინისტროს მოსთხოვა გამოეყო წარმომადგენელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და იჯარის საგნის დაბრუნების მიზნით, ანუ მოითხოვა წარმომადგენლის გამოყოფა იჯარის საგნის დაბრუნების პროცედურის წარმართვის მიზნით.

11. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული პერიოდის შემდგომ მოპასუხის მიერ ქონების ფლობის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ასევე, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხემ მიწის ნაკვეთზე განახორციელა რაიმე კონსტრუქციის მოწყობა, რომელიც დემონტაჟს საჭიროებდა და ხელს შეუშლიდა სამინისტროს მიწის ნაკვეთით სარგებლობაში. უდავოა, რომ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა არც ინვესტიცია, არც სხვა აქტივობები. იჯარის საგანი წარმოადგენს ზღვის სანაპირო ზოლს, ღია სივრცეს, რომელიც არ იყო შემოღობილი და რომლის გამოყენება არ იყო დამოკიდებული მოპასუხის თანხმობაზე. ამის გათვალისწინებით, პირველი კასატორის მტკიცება, რომ მოპასუხე ქონებას ფლობდა 2021 წლის 13 მაისამდე, ვერ იქნება გაზიარებული.

12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა უარყოფს მეორე კასატორის პრეტენზიას ქონების ფლობის პერიოდთან დაკავშირებით (2018 წლის 31 იანვრამდე) და განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული კომუნიკაციისა და დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, იჯარის საგნის ფლობა უნდა ჩაითვალოს 2018 წლის 7 თებერვლის ჩათვლით, ვინაიდან სწორედ ამ დროიდან გამოხატა მოპასუხემ ნება ქონების დაბრუნების შესახებ. საწინააღმდეგოს დადასტურება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც მან სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო.

13. პალატა მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სარჩელის აღძვრისას მოპასუხემ სრულად გადაიხადა 2018 წლის 31 იანვრისათვის არსებული საიჯარო ქონების დაყოვნების თანხა 40 202,78 ლარი და ძირითადი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 9 266,25 ლარი. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს მხოლოდ 7 დღის ქონების დაყოვნებისათვის არსებული ზიანი, რაც საიჯარო ქირის გათვალისწინებით (6 თვის საიჯარო ქირის ოდენობა იყო 17 650 ლარი, რაც თვეში 2 942 ლარია) შეადგენს დღეში 98,1 ლარს, ხოლო 7 დღეზე გათვლით — 686,5 ლარს. პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ძირითადი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს 9 266,5 ლარის დაკისრებას, რომელიც სარჩელის აღძვრის შემდეგ სრულად გადაიხადა. დაზუსტებული მოთხოვნით კი მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ იჯარის ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2021 წლის 13 მაისამდე არსებული ზიანი 129 744,53 ლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლოს შესახებ მოთხოვნა აღარ დაუყენებია (იხ. ტ.2, ს.ფ. 109). ამის გათვალისწინებით, გასაზიარებელია მეორე კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს დაკისრების არამართებულობის შესახებ, მით უფრო, რომ სასარჩელო მოთხოვნის არსებობის პირობებშიც, მოთხოვნა ეხება არა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საიჯარო დავალიანებას ან პირგასამტეხლოს დაკისრებას, არამედ ხელშეკრულების დასრულების შემდეგ წარმოშობილ ზიანს, რა ნაწილშიც მხარეთა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოზე არ არსებობს.

14. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 686.5 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

15. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სამინისტოს, დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, დაეკისრება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი (სახელმწიფო ბაჟი გაიქვითა, მხარეთათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გათვალისწინებით).

16. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილები (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

17. ვინაიდან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ საბოლოოდ დაეკისრა 686.5 ლარის გადახდა, რაც მოთხოვნილი სასარჩელო თანხის 129 744.53 ლარის მხოლოდ 0.53%-ია, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ....... (ს/კ .....).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ს.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი შპს „ს.ლ–ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

5. შპს „ს.ლ–ს“ დაეკისროს 686.5 ლარის გადახდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ;

6. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოსარჩელე შპს „ს.ლ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 6.09 ლარის გადახდა;

7. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ს.ლ–ის“ (ს/ნ ........) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ....... (ს/კ .......).

8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა