13 თებერვალი, 2026 წელი,
საქმე №ას-275 -2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ტ.კ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლე, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე ა.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტის ამღები ან მოვალე) წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება არათუ იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, არამედ მოკლებულია კანონიერ სამართლებრივ მსჯელობას. უფრო კონკრეტულად, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. სს „თ.ბ–სა’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კრედიტის მიმცემი ან ბანკი) და მოვალეს შორის 2016 წლის 4 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის #000578768 ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი საკრედიტო ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა კედიტი - 15 000 ლარი, 36 თვით, 2019 წლის 4 თებერვლამდე, წლიური 18.22% - იანი სარგებლის დარიცხვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები).
4.3.1. კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში - 544 ლარი, ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა დაფარულიყო, შეთანხმებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. მხარეთა მიერ გათვალისწინდა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე 10 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.3.2. საკრედიტო ხელშეკრულებით, კრედიტის მოქმედების პერიოდში გათვალისწინდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, სესხის მიმდინარე ოდენობით და კრედიტორი ბანკის სასარგებლოდ.
4.4. მხარეებს შორის 2016 წლის 13 სექტემბერს საბანკო კრედიტის N1713657-8528614 ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე საკრედიტო ხელშეკრულება), დაიდო, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3000 ლარი, 1463 დღით, წლიური 16.5% - იანი სარგებლით.
4.4.1. ყოველთვიური შენატანი - 85.85 ლარით განისაზღვრა, კრედიტი ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა დაფარულიყო, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. გარიგებით გათვალისწინდა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.4.2. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით და კრედიტორი ბანკის სასარგებლოდ.
4.4.3. მხარეებს შორის ურთიერთობა ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tbcbank.ge განთავსებული „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით წესრიგდებოდა.
4.5. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა, განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, არბიტრაჟს უნდა გადაცემოდა.
4.6. კრედიტის ამღებმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც, 2022 წლის 21 იანვრის მონაცემებით, პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 94 587,64 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხაა - 12474,97 ლარი, პროცენტი - 7224,91 ლარი და ჯარიმა - 74 887,76 ლარია.
მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება კი -21320,2 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2913.15 ლარი, პროცენტი - 1399,15 ლარი და ჯარიმა - 7007,14 ლარია.
4.7. სს „თ.ბ–ის’’ უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა შპს ,,ტ.კ–ი’’ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინება).
4.8. მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებების ფარგლებში, დავალიანება ჯამურად - 62 879.88 ლარი (#000578768 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 51 016,36 ლარი და #1713657-8528614 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 11 863,52 ლარი) აღიარა და მთლიანობაში 25 500 ლარის, მათ შორის 24 თვეში - 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, ყოველთვიურად არანაკლებ 200 ლარის, გადახდის ვალდებულება იკისრა.
გადახდის გრაფიკის დარღვევისას გათვალისწინდა პირგასამტეხლო - გრაფიკით გადასახდელი თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება მოლაპარაკების გზით გადაწყდებოდა, მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში კი, დავას სასამართლო განიხილავდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. 2019 წლის 26 სექტემბრის ვალის აღიარების შეთანხმება).
4.9. მოპასუხემ 2019 წლის 26 სექტემბრის ვალის აღიარების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, კერძოდ, 2019 წლის 30 სექტემბერსა და იმავე წლის 31 ოქტომბერს 200-200 ლარი, ხოლო 2019 წლის 29 ნოემბერს და იმავე წლის 26 დეკემბერს 199-199 ლარი გადაიხადა (იხ. საბანკო ამონაწერები).
4.9.1. მოპასუხეს 2019 წლის 26 დეკემბრის შემდგომ თანხა არ გადაუხდია.
4.10. კასატორის მიერ 2023 წლის 29 დეკემბერს აღძრული სარჩელი, ბანკის მიერ 2021 წლის 6 სექტემბერს წარდგენილი სარჩელის დაზუსტებას არ წარმოადგენს, კერძოდ:
4.10.1. 2021 წლის 6 სექტემბერს სს „თ.ბ–მა’’ სარჩელი აღძრა მოპასუხისა და თ.ბ–ძის წინააღმდეგ 2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.
4.10.2. მოპასუხებმა წარადგინეს მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითეს, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო. ამასთან, აღნიშნეს, რომ მხარეთა შეთანხმებით, დავა საარბიტრაჟო წესით უნდა გადაწყვეტილიყო.
4.10.3. 2023 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თ.ბ–ძის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი დარჩა განუხილველად (სსსკ-ის 831 მუხლი).
4.10.4. მოსარჩელემ/კასატორმა 2023 წლის 29 დეკემბერს ახალი სარჩელი წარადგინა, რომლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი 2019 წლის 26 სექტემბრის შეთანხმების დარღვევიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაა.
4.10.5. 2024 წლის 31 იანვრის საოქმო გაჩინებით, საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობა უარყოფილ იქნა. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ „დაზუსტებულ სარჩელში“ მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოება, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არა 2016 წლის საკრედიტო ხელშეკრულებების, არამედ 2019 წლის 26 სექტემბრის შეთანხმების მითითება, ვერ განიხილებოდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებად ან დაკონკრეტებად, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულით შეიცვალა სარჩელის საფუძველი, სახელდობრ, თუ თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე მოპასუხეებისთვის თანხის დაკისრებას 2016 წლის საკრედიტო შეთანხმებების დარღვევის გამო ითხოვდა, დაზუსტებული სარჩელით მოპასუხისთვის თანხის დაკისრება 2019 წლის 26 სექტემბრის შეთანხმების დარღვევის გამო, მოითხოვა, რაც არსებითად განსხვავებული საფუძველი იყო.
4.11. განსახილველ დავაში მოსარჩელის მოთხოვნა - მხარეებს შორის 2019 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების დარღვევის შედეგად თანხის დაკისრებაა.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 341.1 (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას) მუხლიდან გამომდინარეობს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა.
6. ნების გამოვლენა სსკ-ის 341-ე მუხლით განმტკიცებულ ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა.
არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.
ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (შდრ. სუსგ-ები №ას-839-890-2011, 8.11.2011წ; №ას-392-371-2013, 8.11.2013წ; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018წ; №ას-758-2019, 22.10.2019წ.).
ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013წ.). რადგან ვალის კონსტიტუტიური აღიარების დროს ახალი მოთხოვნა წარმოიშობა, ახალი ხანდაზმულობის ვადა იწყება (შდრ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 21).
7. ვალის აბსტრაქტული (კონსტიტუციური) აღიარების, როგორც ვალდებულების წარმოშობის ახალი საფუძვლისაგან, უნდა გაიმიჯნოს ე.წ. ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. კაუზალური აღიარების მიზანია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება და არა ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, დავისა თუ გაურკვევლობის თავიდან აცილება (შდრ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2014წ. §781, ველი 2,3). შესაბამისად, ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით ვალის კონსტიტუციური (აბსტრაქტული) აღიარებისგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს (იხ.: ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.12; შდრ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 24).
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 26 სექტემბრის შეთანხმება ვალის აღიარებაა, თუმცა სარჩელის წარუმატებლობა მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამ განაპირობა (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, სსკ-ის 144.1 მუხლი).
9. დადგენილია, რომ მოპასუხემ 2019 წლის 26 სექტემბრის ვალის აღიარების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, კერძოდ, 2019 წლის 30 სექტემბერსა და იმავე წლის 31 ოქტომბერს 200-200 ლარი, ხოლო 2019 წლის 29 ნოემბერს და იმავე წლის 26 დეკემბერს 199-199 ლარი გადაიხადა (იხ. საბანკო ამონაწერები). მოპასუხეს 2019 წლის 26 დეკემბრის შემდგომ თანხა არ გადაუხდია.
10. საკასაციო სასამართლო ხანდაზმულობასთან მიმართებითაც იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთება მოთხოვნის შემაფერხებელი გარემოებები, კერძოდ: საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების მატერიალურსამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
10.1. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება.
11. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1 მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019, 04.12.2019წ.).
ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ №ას-986-2019, 16.10.2019წ.).
12. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, კერძოდ, კრედიტის თანხა და დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადახდილიყო, მასზე სსკ-ის 129.2 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება (ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, სამი წელია).
13. საბოლოოდ საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2019 წლის 26 დეკემბერი, როდესაც მოსარჩელემ უკვე იცოდა, რომ ვალდებულება არ შესრულდა.
14. დადგენილია ასევე, რომ სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2023 წლის 29 დეკემბერს, ანუ სსსკ-ის 129.2 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით, შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ 2023 წლის 29 დეკემბერს აღძრული სარჩელი ხანდაზმული იყო, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი (შდრ. სუსგ #ას-528-5015. 04.11.2015წ; 01.11.2012წ).
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს დაუბრუნდეს ნ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1000 ლარის (საგადასახადო დავალება #13790796836, გადახდის თარიღი 07.07.2022წ), 70% - 700 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ტ.კ–ს (ს/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1684.97 ლარის (საგადასახადო დავალება #1735045781, გადახდის თარიღი 24.12.2024წ), 70% - 1179.47 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია