Facebook Twitter

13 ივნისი, 2025 წელი,

საქმე № ას-313-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - რ.ფ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ძე (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - კ.კ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, ანდერძის ნამდვილად აღიარება, მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაცემა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.კ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც, მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა რ.ფ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც, მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან ნოტარიუსი) წინააღმდეგ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის, ანდერძის ნამდვილად აღიარების, მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2023 წლი 18 იანვარს გაცემული სანოტარო აქტი (დადგენილება) N230062952 სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ;

2022 წლის 9 ივლისს გარდაცვლილი გ.კ–ძის (პ.ნ. .......) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორცმოსარჩელის მამა ან მამკვიდრებელი) მიერ მოსარჩელის მიმართ შედგენილი ანდერძი, დამოწმებული: 2017 წლის 29 მაისს, ზ.კ–ძის, თ.ლ–ძის და გ.ჯ–ძის მიერ, აღიარებული იქნა ნამდვილად;

მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის ანდერძისმიერ მემკვიდრედ, 2022 წლის 9 ივლისს გარდაცვლილი მამის დანაშთ შემდეგ უძრავ ქონებაზე: ს/კ-ით #.........; ს/კ-ით #.........; ს/კ-ით #.......;

ნოტარიუსს მოსარჩელის მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაცემა დაევალა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 63-ე, 369-ე და 374-ე მუხლებით.

4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მოპასუხისთვის ცნობილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ამასთან, იგი არ იყო სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტი, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (18.12.2024 წ.) და არა უგვიანეს 30 (28.12.2024წ.) დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა.

საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოპასუხე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ გამოცხადებულა სასამართლოში. შესაბამისად, მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ანუ, სააპელაციო საჩივრის შეტანის პირველი დღე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2024 წლის 29 დეკემბერი იყო, ხოლო, ვადის უკანასკნელი დღე - 2025 წლის 13 იანვარი (ვინდაინ 2025 წლის 11 იანვარი იყო არასამუშაო დღე). სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2025 წლის 6 თებერვალს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

5.ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა, კერძოდ, მართალია, საქმეში დაცულ მტკიცებულებაზე/სასამართლო უწყებაზე ხელით გაკეთებული იყო წარწერა „სარეზოლუციოს გამოცხადება“, თუმცა უწყების ის ეგზემპლარი რომელიც მას ჩაჰბარდა (ერთვის კერძო საჩივარს) აღნიშნულის თაობაზე მითითებას არ შეიცავდა. ასეთი მითითება არც ელექტრონული საქმისწარმოების სისტეემაში ატვირთულ უწყებას არ ჰქონდა. შესაბამისად, ჩნდებოდა გონივრული ეჭვი, რომ უწყებაზე მინაწერი - „სარეზოლუციოს გამოცხადება“ მის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდგომ შესრულდა. ამდენად არ არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველიც.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მან დასაბუთებული შედავება წარმოადგინა.

8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

9. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა, კერძოდ, მართალია, საქმეში დაცულ მტკიცებულებაზე/სასამართლო უწყებაზე ხელით გაკეთებული იყო წარწერა „სარეზოლუციოს გამოცხადება“, თუმცა უწყების ის ეგზემპლარი რომელიც მას ჩაჰბარდა (ერთვის კერძო საჩივარს) აღნიშნულის თაობაზე მითითებას არ შეიცავდა. ასეთი მითითება არც ელექტრონული საქმისწარმოების სისტეემაში ატვირთულ უწყებას არ ჰქონდა. შესაბამისად, ჩნდებოდა გონივრული ეჭვი, რომ უწყებაზე მინაწერი - „სარეზოლუციოს გამოცხადება“ მის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდგომ გაკეთდა. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული განჩინება უსაფუძვლოა.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი მოპასუხისთვის კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ყოფილა ცნობილი, კერძოდ:

10.1. საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 15 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადებულა. ასევე დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2024 წლის 28 ნოემბერს გადაიდო. დადგენილია ისიც, რომ მოპასუხეს გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომელზეც კალმით არის მიწერილი შემდეგი ფრაზა - „სარეზოლუციოს გამოცხადება“.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა მისთვის ჩაბარებული უწყების ეგზემპლარი (კერძო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები), რომელიც ინფორმაციას და/ან აღნიშვნას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ არ შეიცავს.

შესაბამისად, აპელანტისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა მისი გამოცხადებიდან 30 დღეს არ დაწყებულა, რაც იმაზე მიუთითებს რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას ვარგისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

11.1. მოცემულ შემთხვევაში, ვერ ჩაითვლება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ, მოპასუხისთვის ცნობილი იყო. სასამართლოს მისთვის არც გადაწყვეტილების ასლი გაუგზავნია.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

13. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებას და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ფ–ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა