13 თებერვალი, 2026 წელი,
საქმე №ას- 501-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს “ს.ფ–ა” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - M.N.V. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს “ს.ფ–ა” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით M.N.V. - სთვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) - 103 528.41 ევროს დაკისრების თაობაზე აღძრული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 88 028,41 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ;
1.1. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, ნაწილობრივ დაუსაბუთებელია, სახელდობრ: კასატორის მტკიცებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას სწორედ საქმეში არსებული, იდენტური დოკუმენტები დაედო საფუძვლად, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ 15 500 ევროს დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შესაბამისი მტკიცებულებები არ წარდგენილა დაუსაბუთებელია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2017 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გადაზიდვის ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ მომსახურების ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით, საბერძნეთიდან საქართველოს მიმართულებით გადმოსაზიდად მიღებული/შეგროვებული ტვირთის მოკრების ცენტრში მიღება/ჩაბარება, მოპასუხის მიერ ტვირთის სატვირთო ავტომობილებში ჩატვირთვის შემდგომ საქართველოში მათი გადაზიდვის უზრუნველყოფა, ტვირთის სატვირთო ავტომობილებიდან დანიშნულების პუნქტში ჩამოტვირთვა და საცავში დალაგება, მოპასუხისგან მიღებული საკონტაქტო მონაცემების შესაბამისად, ტვირთის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოსვლის, აგრეთვე ტვირთის მიღების ადგილისა და დროის შესახებ მიმღების ინფორმირება, დანიშნულების პუნქტში მისთვის ან მისი წარმომადგენლისთვის ტვირთის გადაცემის/ჩაბარების მიზნით შესაბამისი პროცესის ორგანიზება, მიღებული ამანათების დახარისხება და ადრესატისთვის ჩაბარების ვალდებულება იკისრა (იხ. შეთანხმების 2.1.2 პუნქტი).
შეთანხმებით დადგინდა საერთაშორისო გადაზიდვის ღირებულება სახელდობრ: ერთი სასაქონლო პარტიის ერთი რეისით გადაზიდვისთვის, ყოველი კალენდარული თვეში - 4 ან მეტი რეისისას - 3850 ევრო, 3 რეისისას - 4020 ევრო, 2 რეისისას - 4350 ევრო, ხოლო 1 რეისისას - 5350 ევრო.
4.4. გაწეული დახარისხებისა და საკურიერო მომსახურების ღირებულება ტვირთის რეალური წონის ყოველ 1 კგ-ზე შეადგენდა 0.20 ევროს. ყოველი თვის ბოლოს შემსრულებლის მიერ ინვოისი გამოიწერებოდა, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო ინვოისის გამოწერიდან 15 სამუშაო დღეში მოეხდინა ანგარიშსწორება (იხ. შეთანხმების 2.7 პუნქტი).
4.5. 2017 წლის 5 ივნისს მხარეებს შორის დამატებითი შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვით, მოსარჩელე ერთი სასაქონლო პარტიის ერთი რეისით გადაზიდვისთვის, ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში მოპასუხეს გადაუხდიდა - 4 ან მეტი რეისის შემთხვევაში 3100 ევროს, 3 რეისისას - 3310 ევროს, 2 რეისისას - 3370 ევროს, ხოლო 1 რეისის შემთხვევაში - 4970 ევროს. შემსრულებლის მიერ გაწეული დახარისხებისა და საკურიერო მომსახურების ღირებულება ტვირთის რეალური წონის ყოველ 1 კგ-ზე იყო 0.20 ევრო.
4.6. მხარეებს შორის 2017 წლის 1 სექტემბერს გადაზიდვის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ დამატებითი შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც შეთანხმების 3.2 პუნქტი შეიცვალა და შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: შემსრულებლის მიერ გაწეული დახარისხებისა და საკურიერო მომსახურების ღირებულება ტვირთის რეალური წონის ყოველ 1 კგ-ზე შეადგენს 0.10 ევროს.
4.7. 2018 წლის 26 ივლისს მხარეთა შორის შეთანხმების აქტი გაფორმდა, რომლის მიხედვით, მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულება - 58 685.54 ევროა.
4.8. საქმეში დაცული ინვოისებით/ზედნადებებით, რომლებიც ასახავს მხარეთა შორის გაფორმებული გარიგებიდან გამომდინარე კასატორის მიერ გაწეულ მომსახურებას, დგინდება შემდეგი გარემოებები:
1) ინვოისი - GEO 005,
თარიღი - 31/10/2017 წელი,
თანხა - 15 854.33 ევრო,
რეისების რაოდენობა - 4 რეისი- 12 000 ევრო;
2) ინვოისი - GEO 007,
თარიღი - 31/12/2017 წელი,
თანხა - 12 118.62 ევრო,
რეისების რაოდენობა - 3 რეისი- 9930 ევრო;
3) ინვოისი - GEO 001,
თარიღი - 31/01/2018 წელი,
თანხა - 15 624.2 ევრო,
რეისების რაოდენობა - 3 რეისი- 9930 ევრო;
4) ინვოისი - GEO 002,
თარიღი - 28/02/2018 წელი,
თანხა - 17 128.32 ევრო,
რეისების რაოდენობა - 4 რეისი - 12 400 ევრო;
5) ინვოისი - GEO 003,
თარიღი - 31/03/2018 წელი,
თანხა - 20 564.08 ევრო,
რეისების რაოდენობა - 4 რეისი - 12 400 ევრო;
6) ინვოისი - GEO 006,
თარიღი - 30/06/2018 წელი,
თანხა - 15 147.26 ევრო,
რეისების რაოდენობა - 3 რეისი - 9930 ევრო;
7) ინვოისი - GEO 008,
თარიღი - 31/08/2018 წელი,
თანხა - 18 802.9 ევრო,
რეისების რაოდენობა - 4 რეისი - 12400 ევრო;
8) ინვოისი - GEO 010,
თარიღი - 31/10/2018 წელი,
თანხა - 23 252. 93 ევრო,
რეისების რაოდენობა - 5 რეისი - 15 500 ევრო;
9) ინვოისი - GEO 011,
თარიღი - 30/11/2018,
თანხა - 15 571.23 ევრო,
რეისების რაოდენობა - 3 რეისი - 9930 ევრო;
10) ინვოისი - GEO 012,
თარიღი - 31/12/2018 წელი,
თანხა - 20 899.83 ევრო,
რეისების რაოდენობა - 4 რეისი - 12 400 ევრო;
11) ინვოისი - GEO 013,
თარიღი - 31/01/2019 წელი,
თანხა - 21 215.85 ევრო,
რეისების რაოდენობა - 5 რეისი - 15 500 ევრო;
12) ინვოისი - GEO 014,
თარიღი - 28/02/2019 წელი 31.01.2019,
თანხა - 18 294.28 ევრო.
13) ინვოისი - GEO 015,
თარიღი - 31/03/2019 წელი,
თანხა- 14 417.52 ევრო,
რეისების რაოდენობა - 3 რეისი- 9930 ევრო;
14) ინვოისი - GEO 016,
თარიღი - 30/04/2019 წელი,
თანხა - 19 526.29 ევრო,
რეისების რაოდენობა - 4 რეისი- 12 400 ევრო;
15) ინვოისი - GEO 017,
თარიღი - 31/05/2019 წელი,
თანხა - 19 004.63 ევრო,
რეისების რაოდენობა - 4 რეისი- 12 400 ევრო;
16) ინვოისი - GEO 018,
თარიღი - 30/06/2019 წელი,
თანხა - 19 717.08 ევრო,
რეისების რაოდენობა - 4 რეისი - 12 400 ევრო;
17) ინვოისი - GEO 019,
თარიღი - 31/07/2019,
თანხა - 9780.31 ევრო,
რეისების რაოდენობა - 5 რეისი - 15 500 ევრო.
4.9. წინამდებარე სარჩელი აღძრულია - 2020 წლის 31 ივლისს, რომლითაც მოსარჩელე დავალიანების - 88 028.41 ევროს ეკვივალენტი ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას ითხოვდა. მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 15 ივნისის მონაცემებით, მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება შეადგენდა სწორედ მითითებულ თანხას.
4.10. 2020 წლის 8 და 22 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხისთვის სასამართლო გზავნილის გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინა. რომლის თანახმად მოპასუხეს სარჩელი - 2020 წლის 2 სექტემბერს ჩაჰბარდა. ამასთან, მოპასუხეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შედეგი.
4.11. მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია.
4.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 88 028.41 ევროს ეკვივალენტი ლარის, გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4.13. 2020 წლის 26 ნოემბერს მოპასუხემ საჩივარი წარადგინა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
4.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმისწარმოება განახლდა.
4.14.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით სასამართლო გზავნილის (სარჩელის) მოპასუხისათვის ჩაბარება არ დასტურდებოდა. კერძოდ, მოსარჩელე განმარტავდა, რომ ბერძნული საფოსტო კომპანიიდან ბერძნულ და მის ქართულ ენაზე თარგმნილ დოკუმენტს წარადგენდა. რაც შეასრულა კიდეც, თუმცა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება არც აღნიშნული დოკუმენტით არ დასტურდებოდა, სახელდობრ, მართალია, დოკუმენტის თარგმანში მითითებული იყო მიმღების ვინაობა - ნათელა მოსიაშვილი, ასევე, იყო ჩანაწერი, რომ დოკუმენტს ახლავდა ხელმოწერა, მაგრამ არც აღნიშნულით დასტურდება და არ ირკვეოდა, რომ გზავნილი მოპასუხემ ჩაიბარა. ჩანაწერი - „ახლავს ხელმოწერა“ არ ადასტურებდა, რომ გზავნილი პირადად მოპასუხემ ჩაიბარა და ხელმოწერა მას ეკუთვნოდა. ჩანაწერი - „ახლავს ხელმოწერა“ განლაგებული იყო დოკუმენტის იმ ველის გასწვრივ, რომელშიც აღნიშნული იყო გამგზავნის ე.ი. „ს.ფ–ის“ დასახელება და არა მოპასუხის სახელწოდება. გარდა ამისა, ბერძნულ ენაზე შესრულებული დოკუმენტით თვალნათლივ ირკვეოდა, რომ იგი გაყოფილი იყო ორ ნაწილად - მარცხენა და მარჯვენა ნაწილებად. ამ დოკუმენტის ქართულ თარგმანზე, ბერძნულის მარცხენა ნაწილს შეესაბამებოდა ზედა ნაწილი, ხოლო მარჯვენას - ქვედა ნაწილი. სწორედ ქვედა (ე.ი. ბერძნული მარჯვენა) ნაწილში იყო მითითებული მიმღების ვინაობა - ნათელა მოსიაშვილი და იყო მიმღების ხელმოწერის, გზავნილის ჩაბარების თარიღისა და დროის ველები. თუმცა, მიმღების ხელმოწერის, გზავნილის ჩაბარების თარიღისა და დროის ველები ცარიელი იყო, შესაბამისად, არც ამ დოკუმენტით დასტურდებოდა გზავნილის პირადად მოპასუხისათვის ჩაბარების ფაქტი.
4.15. მოპასუხემ შესაგებელი - 2021 წლის 27 მაისს წარადგინა.
4.16. 2021 წლის 17 ნოემბერს, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა და მიუთითა, რომ 2015 წლის 15 ივნისის მონაცემებით, მოპასუხის დავალიანება იყო - 103 528,41 ევრო. თავდაპირველ სარჩელზე თანდართულ ინვოისში (GEO-019, 31.07.2019) დაჯამებისას ტექნიკური შეცდომა იქნა დაშვებული, კერძოდ, 15 500 ევრო იქნა გამორჩენილი, რაც ინვოისში მითითებული იყო. ინვოისს, მოთხოვნის წარმომშობელი CMR - ები ერთვოდა. მასში მითითებული იყო, რომ ეს თანხა 5 რეისის საფასურს სეადგენდა, თითოეულ რეისზე 3100 ევროს მოცულობით, რაც ჯამურად სწორედ - 15 500 ევრო იყო. მოსარჩელის მითითებით, სწორედ ამ ტექნიკური შეცდომის აღმოჩენამ განაპირობა დაზუსტებული სარჩელის წარდგენა.
4.16.1. მოსარჩელემ დავის მიმდინარეობისას დამატებითი მტკიცებულება შექმნა, კერძოდ, 2021 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა - Geo-019-1 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ინვოისი) ინვოისი.
4.17. სადავო ინვოისით გათვალისწინებული გადაზიდვის - 5 რეისის განხორციელების ფაქტი, არ დგინდება, კერძოდ, საქმეში დაცული ყველა სხვა ინვოისისგან განსხვავებით, სადავო ინვოისს დოკუმენტაცია (საერთაშორისო სასაქონლო - სატრანსპორტო ზედნადებები), რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გადაზიდვის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული მომსახურების სახესა და ღირებულებას ასევე მისი გაწევის პერიოდს, არ ერთვის.
ამასთან, ყველა სხვა ინვოისისგან განსხვავებით, იგი არა ხელშეკრულებით დადგენილი ინვოისის გაცემის წესით/დროით არამედ, დავის მიმდინარეობისას - 2021 წლის 25 ოქტომბერსაა გაცემული. რომელიც მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 31 ივლისის ინვოისის - GEO 019-ის დამატებაა, თუმცა 2019 წლის ივლისში არა 10 რეისის არამედ, მხოლოდ 5 რეისის გადაზიდვის ფაქტი დგინდება (2019 წლის 8 ივლისი, 2019 წლის 22 ივლისი, 2019 წლის 29 ივლისი, 2019 წლის 1 ივლისი და 2019 წლის 15 ივლისი).
4.18. კასატორის პოზიციით, შესრულებული მომსახურების ღირებულება - 438 753.16 ევროა, აქედან ანაზღაურებული ვალდებულება - 350 724.75 ევრო, ხოლო შეუსრულებელი ვალდებულება - 88028.41 ევროა. მომსახურების პერიოდი კი, მოიცავს 01.01.2017 წლიდან 31.07.2019 წლამდე მონაკვეთს.
5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისთვის 15 500 ევროს დაკისრების ნაწილში, სარჩელის უარყოფის მართლზომიერება.
6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, გადაზიდვის მომსახურების საზღაურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე (გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე), 672-ე (გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვისმიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
მათი დანაწესით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს შესაბამისი ხელშეკრულება; ბ) მოსარჩელეს გაწეული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.
7. გადაზიდვის ხელშეკრულება თავისი არსით სასყიდლიანი სახის ხელშეკრულებაა, რომლის მიზანიც დამკვეთის ტვირთის ან მგზავრის გადაყვანა/გადაზიდვაა. ამგვარი ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელი არ არის გარიგების დოკუმენტური ტიპის, ხელშეკრულების ფორმალური გაფორმება. შეთანხმების არსებობა შესაძლებელია ზედნადებითაც დადასტურდეს.
8. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებული უმთავრესი გარემოება: მოსარჩელეს სარჩელში დასახელებული თანხის - 15 500 ევროს მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა, ვინაიდან სახეზე არ იყო ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები.
9. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
9.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
9.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
9.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
9.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. მხარეები, სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
9.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
10. მოცემულ შემთხვევაში, დამატებით ხუთი რეისის გადაზიდვის რეალურად განხორციელების მტკიცების ტვირთი, რომლის ანაზღაურებასაც კასატორი მოითხოვს მასვე ეკისრებოდა. მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, ეს გარემოება ვერ დაადასტურა.
კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელემ დავის მიმდინარეობისას შექმნა დამატებითი მტკიცებულება, სახელდობრ, 2021 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა - Geo-019-1 ინვოისი, რომელსაც საქმეში დაცული ყველა სხვა ინვოისისგან განსხვავებით, მისი ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (თუნდაც საერთაშორისო სასაქონლო - სატრანსპორტო ზედნადებები), რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გადაზიდვის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული მომსახურების სახესა და ღირებულებას, ასევე მისი გაწევის პერიოდს, არ ერთვოდა. ამასთან, ყველა სხვა ინვოისისგან განსხვავებით, იგი არა ხელშეკრულებით დადგენილი ინვოისის გაცემის წესით/დროით არამედ, დავის მიმდინარეობისას - 2021 წლის 25 ოქტომბერსაა გაცემული და მოსარჩელის მითითებით, იგი 2019 წლის 31 ივლისის ინვოისის - GEO 019-ის დამატებაა. თუმცა საგულისხმოა, რომ 2019 წლის ივლისში რეალურად არა 10 რეისის არამედ, მხოლოდ 5 რეისის შესრულების ფაქტი დგინდება (2019 წლის 8 ივლისი, 2019 წლის 22 ივლისი, 2019 წლის 29 ივლისი, 2019 წლის 1 ივლისი და 2019 წლის 15 ივლისი (იხ. GEO 019 ინვოისის საფუძველზე წარდგენილი ზედნადებები)).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ხუთი გადაზიდვის განხორციელება სათანოდო მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, ხოლო რაც შეეხებოდა შესაბამისი გადაზიდვის დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე ორი წლის შემდგომ გამოცემულ სადავო ინვოისს, იგი აღნიშნულის დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა, რაც სრულად ასაბუთებს ამ ნაწილში სარჩელის უარყოფის კანონიერებას.
12. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ არც სააპელაციო საჩივარი და არც შესაგებელი სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის კანონიერების პროცესუალურ საფუძვლებთან დაკავშირებით მკაფიო პრეტენზიას არ შეიცავდა და ამასთან, ამავე მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი ერთმნიშვნელოვნად არ არსებობს, საკასაციო სასამართლო დასახელებულ პროცესუალურ საკითხს აღარ შეაფასებს.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2420.95 ლარის (საგადახდო დავალება #351, გადახდის თარიღი 12.06.2025წ), 70% - 1694.66 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს.ფ–ა” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს “ს.ფ–ას” (ს/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2420.95 ლარის (საგადახდო დავალება #351, გადახდის თარიღი 12.06.2025წ), 70% - 1694.66 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია