19 მარტი 2025 წელი №ას-1420-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ.ო–ვა
მოწინააღმდეგე მხარეები - ფ.ა–ვა, ი.ო., მ.ო–ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა (თავდაპირველ სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ფ.ა–ვამ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს შ.ო–ვას მიმართ, უძრავი ქონების, მდებარე: ლაგოდეხის რაიონი, სოფ. ........., დაზუსტებული ფართობი 2725.00 კვ.მ, ს/კ ........., 3/16 წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2000 წლის 01 დეკემბერს მოსარჩელე ფ.ა–ვა ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ი.ო–თან. ერთად ცხოვრების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი: 2000 წელს მ.ო–ა და 2001 წელს ი.ო–ი. ოჯახი ცხოვრობდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში მდებარე ი.ო–ის კომლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მათთან ერთად ასევე ცხოვრობდა ი.ო–ის დედა - შ.ო–ვა.
2.2. 2000 წელს ფ.ა–ამ და ი.ო–მა კომლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცალკე ააშენეს ერთსართულიანი სახლი, სადაც შვილებთან ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. 2018 წელს ი.ო–ი გარდაიცვალა, ხოლო მოსარჩელე შვილებთან ერთად დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ სახლში.
2.3. ი.ო–ის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხე შ.ო–ვამ ფ.ა–ას მოსთხოვა სახლის გათავისუფლება. მოსარჩელემ მეუღლის სამკვიდროს მიღების მიზნით მიმართა ნოტარიუსს, რა დროსაც შეიტყო, რომ 2011 წლის 20 დეკემბერს შ.ო–ვას კომლის კუთვნილი მთელი ქონება, მათ შორის, ი.ო–ის წილი, საჯარო რეესტრში, როგორც ერთპიროვნულ მესაკუთრეს, თავის სახელზე აღურიცხავს, რასაც არ ეთანხმება, რადგან 1986-1996 წლების საკომლო წიგნების მიხედვით, ი.ო–ი, 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით, იყო იმ კომლის წევრი, რომლის უფროსიც იყო შ.ო–ვა, ამიტომ მას მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება თავის წილ ქონებაზე.
2.4. 1992 წელს შ.ო–ვას კომლი შედგებოდა 4 წევრისგან - შ.ო–ვა, ი.ო–ი, ი.ო–ვი და ი.ო–ვი, ამიტომ ი.ო–ი წარმოადგენს კომლზე რიცხული ქონების ¼ წილის თანამესაკუთრეს, ხოლო კომლის ქონებაზე შ.ო–ვას ერთპიროვნულ მესაკუთრედ რეგისტრაცია ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან ი.ო–ის გარდაცვალების შემდეგ კომლის ქონებიდან მის კუთვნილ ¼ წილზე გაიხსნა სამკვიდრო. მას დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე– მეუღლე, შვილები და დედა - მოპასუხე შ.ო–ვა.
2.5. 2019 წლის 10 მაისს ქ. ლაგოდეხის ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით, ფ.ა–ვას მიღებული აქვს ი.ო–ის სამკვიდრო ქონების ¾ ნაწილში, ხოლო ი.ო–ის მიერ დანატოვარი სამკვიდრო ქონებიდან ¼ ნაწილი ეკუთვნის მოპასუხე შ.ო–ვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს შ.ო–ვას სახელზე რიცხული უძრავი ქონების (ს/კ .........) 3/16 ნაწილის მესაკუთრედ ცნობას.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისი შვილი, ი.ო–ი, სკოლის დამთავრების შემდეგ, 1991 წელს, საცხოვრებლად და სამუშაოდ წავიდა ქ. ალმა-ატაში, სადაც მან ფაქტობრივად იქორწინა და შეეძინა შვილი. ამ პერიოდში იგი ამოეწერა კომლიდან და ჩაეწერა ქ. ალმა-ატაში. მას შემდეგ, იგი შ.ო–ვას კომლის წევრი აღარ ყოფილა.
3.2. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ი.ო–მა იქორწინა ფ.ა–აზე და აღირიცხა ცალკე კომლად; ისინი თავდაპირველად ცხოვრობდნენ ფ.ა–ას მშობლებთან, ხოლო 2003-2004 წლებში მან და მისმა მეუღლემ ი.ო–ი და ფ.ა–ა საცხოვრებლად შეუშვეს თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ე.წ. “ნავესში“, დროებით, სანამ თავიანთ სახლს აიშენებდნენ; ი.ო–ს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ მოგვიანებით ძმები - ი., ი. და ი. დაეხმარნენ ი–ს და დედის ნებართვისა და ყოველგვარი პროექტის გარეშე, ზემოაღნიშნულ ე.წ. „ნავესზე“ 2014-2015 წლებში მიუშენეს ოთახი, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ი–მი თავის ცოლ-შვილთან ერთად.
3.3. ვინაიდან ი.ო–ი კომლიდან წავიდა 1991 წელს, იგი 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით აღარ იყო შ.ო–ვას კომლის წევრი, შესაბამისად, მას კომლის ქონებაზე წილი არ მოუპოვებია; ამასთან, ი.ო–ი, 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით, რომც ყოფილიყო შ.ო–ვას კომლის წევრი, იგი კომლის საერთო ქონებიდან მიიღებდა 1/11 ნაწილს და არა ¼ ნაწილს, რადგან იმ დროისათვის შ.ო–ვასთან ერთად კომლში 10 წევრი ირიცხებოდა, შესაბამისად, მოსარჩელეს, როგორც კომლის წევრის მემკვიდრეს, შეიძლება ედავა საერთო საკუთრების 3/44 წილზე და არა 3/16 წილზე.
შ.ო–ვას შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
4. ფ.ა–ვას, ი.ო–ისა და მ.ო–ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება, მდებარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ........., დაზუსტებული ფართობი 2725.00 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, საკადასტრო კოდი: ......... და უძრავი ქონება ჩაბარდეს მესაკუთრეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
5. სადავო ქონება წარმოადგენს მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებას. მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ აღნიშნულ ქონებას და უარს აცხადებენ მის ნებაყოფლობით გათავისუფლებაზე, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება მისი კანონიერი უფლებების რეალიზებაში. ფ.ა–ვა, როგორც მეუღლის სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ, დაკავებულია მაგიით, მკითხაობს. ამის გამო მის ეზოში მუდმივად ბევრი ხალხი და ხმაურია. შვილის სიცოცხლეში მოსარჩელე იტანდა რძლის ამგვარ ქცევას, ხოლო შემდეგ იქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე მხარე არ ათავისუფლებს შ.ო–ვას საკუთრებას.
შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:
6. წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო უძრავი ქონების ნაწილზე, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შ.ო–ვას სახელზე, ი.ო–ს მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება, როგორც შ.ო–ვას კომლის წევრს. მოპასუხეების მითითებით, ი.ო–მა და ფ.ა–ამ შ.ო–ვას კომლის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთში თვითონ ააშენეს საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობს დღემდე, ი.ო–ის გარდაცვალების შემდეგ მის პირველი რიგის მემკვიდრეს - ფ.ა–ვას სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გააჩნია საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ამიტომ შეგებებული სარჩელით მოპასუხეები ქონებას ფლობენ კანონიერად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა და ფ.ა–ვა ცნობილ იქნა შ.ო–ვას სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ლაგოდეხის რაიონი, სოფ. ........., დაზუსტებული ფართობი 2725.00 კვ.მ, ს/კ ......... - 3/16 წილის მესაკუთრედ, ხოლო შ.ო–ვას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.ო–ვამ და მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლის გზით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.1. 2000 წლის 01 დეკემბერს მოსარჩელე ფ.ა–ვა ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ი.ო–თან. ერთად ცხოვრების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი: 2000 წლის 28 სექტემბერს მინა ოსმანოვა და 2001 წლის 26 სექტემბერს - ი.ო–ი.
10.2. მოპასუხე შ.ო–ვა არის ი.ო–ის დედა და, შესაბამისად, მოსარჩელე ფ.ა–ვას დედამთილი.
10.3. ი.ო–ი და ფ.ა–ვა შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი .........ში, შ.ო–ვას კომლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცალკე აშენებულ ერთსართულიან სახლში; ი.ო–ი გარდაიცვალა 2018 წლის 25 ოქტომბერს. ფ.ა–ა შვილებთან ერთად დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ სახლში.
10.4. 2019 წლის 10 მაისს ქ. ლაგოდეხის ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით, სამკვიდრო გაიხსნა და ფ.ა–ვამ მიიღო ი.ო–ის მთელი სამკვიდრო ქონების 3/4 წილი, ანუ სამკვიდრო მასის 75% (შვილებმა უარი თქვეს სამკვიდრო ქონებაზე დედის სასარგებლოდ), ხოლო 1/4 წილზე სამკვიდრო არ გაცემულა.
10.5. სამკვიდროს მისაღებად დოკუმენტების მოძიების დროს ფ.ო–თვის ცნობილი გახდა, რომ სადავო უძრავი ქონება, მდებარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში, ს/კ ........., დაზუსტებული ფართობი 2725.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - №1, №2, №3, 2011 წლის დეკემბრიდან საჯარო რეესტრში აღრიცხულია შ.ო–ვას საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 11.10.2010 წლის №2010018823-03 საარქივო ცნობა.
10.6. 11.10.2010 წლის №2010018823-03 საარქივო ცნობის მიხედვით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ….. სასოფლო საბჭოს 1986-2006 წლების საკომლო წიგნში აღნიშნულია ბ.ო–ვი ცალკე კომლად, მისი კომლის წევრები არიან:
თავად ბ.ო–ვი - ოჯახის უფროსი, გარდაიცვალა 15.04.1994 წელს;
ო.შ.სყიზი - ცოლი;
ო.ი. - შვილი;
გ.ა.- რძალი;
ო.ა.- შვილიშვილი;
ო.ნ.- შვილიშვილი.
კომლზე დარიცხული 70 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი და 0.27 ჰა მიწის ფართობი
10.7. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონული არქივის 03.12.2018 წლის №2018029378-03 საარქივო ცნობის მიხედვით, რომელსაც ერთვის 1992 წლის მდგომარეობით წარმოებული საკომლო წიგნის საარქივო დოკუმენტი, დგინდება, რომ ლაგოდეხის რიონის სოფელ ……. (……..) სასოფლო საბჭოს 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ო.შ. ყიზი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
ო. ბ. ა. ოღლი-ოჯ. უფრ. (გადახაზულია, გარდაიცვალა);
ო.შ.ს ყიზი - ცოლი;
ო. მ. ბ. ყიზი - შვილი (გადახაზულია, ფიქსირდება მინაწერი ალმაატაში);
ო.ი. ბ. ოღლი-შვილი (ფიქსირდება მინაწერი ალმაატი);
ო.ი. ბ. ოღლი-შვილი (ფიქსირდება მინაწერი ალმაატი);
ო.ი.ბ.ოღლი-შვილი;
ო. ი.ბა.ოღლი-შვილი (გადახაზულია, გაიყარა);
ო. ი. ბ. ოღლი-შვილი (გადახაზულია, გაიყარა);
დ. ნ. კ. ყიზი - რძალი (გადახაზულია, ფიქსირდება მინაწერი მშობლებთან ს. კ….);
ო.ფ. ბ.ყიზი-შვილი (გადახაზულია, გათხოვდა);
ო.გ. ჯ. ყიზი - რძალი (გადახაზულია, გაყრილია);
ო. რ. ი. ოღლი-შვილი (გადახაზულია, გაყრილია);
ო. რ. ი. ოღლი-შვ.შვილი (გადახაზულია, გაყრილია).
1986-1988 წლებში კომლს საკუთრებაში ერიცხება 1960 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი - 40 კვ.მ., 1990 წელს - 1960 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი - 68 კვ.მ. და 0,25 ჰა მიწა.
10.8. 03.12.2018 წლის №2018029378-03 საარქივო ცნობის მიხედვით, კახეთის რეგიონულ არქივში დაცული ლაგოდეხის რაიონის სოფელ კ….. (კ….) საკრებულოს 1997-2002 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ო.ი. ბ. ოღლი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
ო.ი.ბ. ოღლი - ოჯ. უფრ;
ა.ფ.ჯ.- ცოლი;
ო.მ.ი.- შვილი.
აღნიშნულ წლებში საცხოვრებელი სახლის და მიწის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
10.9. ყაზახეთის რესპუბლიკის მიგრაციის სამმართველოს ცნობით დასტურდება, რომ ო.ი. ოღლი 1992 წლის 12 თებერვლიდან 17.05.1995 წლამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე - ალმათის ოლქი, სოფელი …..
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
11.1. პალატამ, ზემოაღნიშნული საარქივო დოკუმენტების შეფასების შედეგად, არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ ი.ო–ი 1991 წლიდან აღარ იყო შ.ო–ვას კომლის წევრი და მას კომლის ქონებაზე უფლება არ გააჩნდა. მითითებული სადავო გარემოების დასტურად არ ჩაითვალა ის ფაქტი, რომ 1991 წლის შემოდგომაზე ი.ო–ი საზღვარგარეთ გაემგზავრა და, შესაბამისად, ვერც მიგრაციის სამმართველოს ცნობა - ო.ი. ოღლის 1992 წლის 12 თებერვლიდან 1995 წლის 17 მაისამდე, ალმათის ოლქის, სოფელი ...... რეგისტრაციის შესახებ. პალატის განსჯით, აღნიშნული სადავო გარემოების დადგენისათვის მნიშვნელოვანი იყო სწორედ კომლის თაობაზე არსებული ჩანაწერები, რომელშიც, ო.ი.ბ. ოღლის გრაფაში დაფიქსირებული მინაწერის - „წავიდა, ალმაატი“, ასევე, საკომლო წიგნის მინაწერის - „თვ. ქ. ალმაატა 1995“, არსებობის მიუხედავად, არ დგინდებოდა ი.ო–ის კომლიდან ამორიცხვის/გასვლის ფაქტი, რამეთუ მითითებული ჩანაწერები არ შეიცავს ზუსტ მითითებას, თუ რა პერიოდით იყო იგი წასული და გავიდა თუ არა კომლის წევრობიდან. საგულისხმოდ ჩაითვალა ის გარემოებაც, რომ სხვა პირებზე, რომლებიც გავიდნენ კომლის წევრობიდან, მითითებულია, რომ გათხოვდა, გარდაიცვალა და ა.შ. მსგავს ჩანაწერს ი.ბ. ოღლთან მიმართებაში საკომლო წიგნი არ შეიცავს. გარდა ამისა, პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამ პერიოდისათვის, თუნდაც ი. წასული ყოფილიყო ალმაატაში, მისი კომლის წევრობა შეწყვეტილი ვერ იქნებოდა, რადგან იმ პერიოდისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის მოქმედი კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული უფლება წყდებოდა იმ შემთხვევაში, თუ პირი ზედიზედ 3 წლის განმავლობაში არ მიიღებდა მონაწილეობას კომლის საერთო მეურნეობაში.
11.2. პალატამ ყურადღება მიაპყრო, რომ ალმა-ატაში ი. რეგიტრირებულია 1992 წლის 12 თებერვლიდან, კომლის წევრის მიერ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მომენტს კი, 1992 წლის 01 იანვარი წარმოადგენს. ამრიგად, ალმა-ატაში რეგისტრაციის მომენტში, ი.ო–ის საკუთრების უფლება შ.ო–ვის კომლის ქონებაზე უკვე წარმოშობილი იყო.
11.3. პალატამ შენიშნა, რომ 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საკოლმეურნეო კომლის წევრად რეგისტრირებული პირები გახდნენ კომლის საერთო ქონების თანამესაკუთრეები თანაბარ წილში. აღნიშნული დროისათვის შ.ო–ვას კომლში რეგისტრირებულნი იყვნენ თავად შ.ო–ვი, ი.ო–ი, ი.ო–ვი და ი.ო–ვი, შესაბამისად თითოეული მათგანი გახდა კომლის საერთო ქონების თანამესაკუთრე ¼ წილში.
11.4. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლზე (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის; სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა) და შენიშნა, რომ ი.ო–ი გარდაიცვალა 2018 წლის 25 ოქტომბერს. 2019 წლის 10 მაისს ქ. ლაგოდეხის ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით, ფ.ა–ვას მიღებული აქვს ი.ო–ის მიერ დანატოვარი მთლიანი სამკვიდრო ქონების 3/4, ანუ 75%. ი.ო–ი წარმოადგენდა შ.ო–ვას კომლის საერთო ქონების ¼ ნაწილის თანამესაკუთრეს, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა კომლის მთლიანი ქონების 3/16 ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ ჩაითვალა საფუძვლიანად.
11.5. შეგებებულ სარჩელთან მიმართებით პალატამ შენიშნა, რომ მოსარჩელე ფ.ა–ვას, როგორც ი.ო–ის მემკვიდრეს, სადავო ქონებაზე გააჩნია საკუთრების უფლება, აღნიშნული გარემოება კი, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, ვინაიდან სსკ 172.1 მუხლით განსაზღვრული წინაპირობა, რომ მოპასუხეს არ უნდა გააჩნდეს ნივთის ფლობის უფლება, განხორციელებული არ არის.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.ო–ვამ. მისი საკასაციო მოთხოვნაა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ძირითად სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქმევა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდება. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:
12.1. შ.ო–ვას შვილი ო.ი.ბ. ოღლი მშობლების კომლში ცხოვრობდა 1991 წლამდე. 1991 წლის შემოდგომაზე ის საცხოვრებლად და სამუშაოდ წავიდა ქ.ალმა-ატაში და 1992 წლის 12 თებერვალს ჩაეწერა ამავე ოლქში ანუ მან 1991 წლიდან მშობლების კომლთან კავშირი გაწყვიტა, იქორწინა და შეეძინა ქალიშვილი. ო.ი.ბ. ოღლი 1994 წელს სოფელ .........ში დაბრუნდა მამის გარდაცვალების გამო, რა დროსაც, 1995 წელს მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში და მოიტეხა ფეხი. გამოჯანმრთელების შემდეგ ის ისევ ალმა-ატაში წავიდა. შ.ო–ვამ მას მისცა ფული, რომ სოფელში ბინა აეშენებინა ცალკე მიწის ნაკვეთზე, მან კი, 1998 წელს, ქალაქ ალმა-ატაში, ჩუქების ფორმით, გაფორმებაში ფული რომ არ გადაეხადა, იყიდა ბინა, რომელიც გაყიდა 1999 წელს. ეს ფული მას ჩაეთვალა კომლში მისი წილის ღირებულებად და მას აღარ ეკუთვნოდა კომლის ქონებაზე წილი.
12.2. მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საარქივო ცნობაში ო.ი.ბ. ოღლის ალმა-ატაში წასვლის თარიღად მითითებულია 1995 წელი, მაგრამ კასატორი განმარტავს, რომ ჩანაწერი გაკეთებულია გვიან, სოფლის საკრებულოს თანამშრომლის მიერ, რომელმაც აღწერისას აღმოაჩინა, რომ ო.ი.ბ. ოღლი არც სოფელში და არც საქართველოში არ იმყოფებოდა, ფაქტობრივად კი, ის 1991 წელს იყო წასული კომლიდან. კასატორის მითითებით, სოფლის საკრებულოს თანამშრომლები საკომლო წიგნებს არასწორად რომ აწარმოებდნენ, რაც დასტურდება საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონული არქივის 03.12.2018 წლის №2018029378-03 საარქივო ცნობით, რომლის თანახმად, 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ი.ბ. ოღლი ო–ვი აღიცხულია ცალკე კომლად, მისი კომლის წევრები არიან ა. ფ. - ცოლი, ო. მ. ი–ვა - შვილი. ამ პერიოდში ი.ბ. ოღლი ო–ვი წასული იყო კომლიდან და ცხოვრობდა ალმა-ატაში, ხოლო ა–ვა ფ., ცოლად მოყვანილი ჯერ არ ჰყავდა, მ.ო–ა დაბადებულია 2000 წლის 28 სექტემბერს, ხოლო ი.ო–ი - 2001 წლის 26 სექტემბერს. შესაბამისად, საარქივო ცნობაში ო.ი.ბ. ოღლის გასწვრივ გრაფაში მინაწერი „წავიდა ალმაატაში“, მინაწერი „1995 წელს" გაკეთებულია გვიან და აღნიშნული მინაწერი შესრულებული უნდა იყოს 1991 წლით. ვინაიდან 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ო.ი.ბ. ოღლი აღარ იყო შ.ო–ვას კომლის წევრი, მას დედის კომლის ქონებაზე აღარ წარმოშობია თანასაკუთრების უფლება.
12.3. საქმეში არსებული საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონული არქივის 03.12.2018 წლის №2018029378-03 საარქივო ცნობით - საკომლო წიგნით, გრაფაში - სადაც მიეთითება „ოჯახის წევრთა სია“, კომლის წევრად მითითებულია 13 პირი. 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით, თუ ასე მიაჩნია სასამართლოს, შ.ო–ვის, ი.ო–ის, ი.ო–ვის და ი.ო–ვის გარდა, შ.ო–ვას კომლში რეგისტრირებულნი იყვნენ ასევე ბ.ო–ვი, რომელიც 1994 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა, ი.ო–ვი, რომელიც 1993 წელს გავიდა ცალე კომლად, ფ. ო–ვა, რომელიც გათხოვდა 1998 წელს და რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა 2002 წელს და მანამდე იყო შ.ო–ვას კომლის წევრი. ანუ საკომლო წიგნის თანახმად, 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით შ.ო–ვას კომლი შედგებოდა 7 წევრისგან და არა 4 წევრისგან.
12.4. თუნდაც ჩათვლილიყო, რომ ი.ო–ი, 1992 წლის 1 იანვარის მდგომარეობით, შ.ო–ვას კომლის წევრი იყო, მას საერთო საკუთრებიდან ეკუთვნოდა 1/7 წილი და არა 1/4 წილი, მისი მემკვიდრე ფ.ა–ვა კი, კომლის მთლიანი ქონების 3/28 ნაწილის თანამესაკუთრე იქნებოდა და არა 3/16 ნაწილის თანამესაკუთრე, როგორც ამას სასამართლო მიიჩნევს. ამასთან სასამართლომ არ გაითვალისწინა ი.ო–ის ყაზახეთში მცხოვრები შვილის, ი–ას წილი, რომელიც მამის პირველის რიგის მემკვიდრეა.
12.5. ვინაიდან უძრავი ნივთის მესაკუთრე არის შ.ო–ვა და შეგებებული სარჩელის მოპასუხეებად დასახელებული პირები მის კუთვნილ უძრავ ნივთს მესაკუთრის ნების გარეშე ფლობენ, დაკმაყოფილებულია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ყველა წინაპირობა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17.1. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა და საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით; იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. ამდენად, კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ: 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება. კომლის ქონებაში ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ (იხ. თამარ ჩიტოშვილი, კომლი ქართულ სამართალში, თბ., 2004, გვ. 18) (იხ. სუსგ საქმე №ას-464-2022, 06.12.2022წ.). კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.
17.2. მიწის რეფორმის შედეგად შექმნილმა ახალმა საკანონმდებლო ბაზამ მნიშვნელოვნად შეცვალა მანამდე არსებული მოწესრიგება. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა.
17.3. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (იხ. სუსგ. №ას-1778-1756-2011, 29.06.2012წ; №ას-1297-1217-2015, 04.03.2016წ.)
17.4. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის №128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (იხ. სუსგ. №ას-211-203-2013, 03.06.2013წ.; №ას-464-2022, 06.12.2022წ.).
17.5. „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ“ 1968 წლის 25 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის თანახმად, საკომლო დავთარს (საკომლო წიგნს) აწარმოებდა რაისაბჭოს აღმასკომი, რომელიც დადგენილი წესით ახდენდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას, რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას, შესაბამისად, საკომლო წიგნის ჩანაწერი ადასტურებს უძრავ ქონებაზე კომლის წევრთა უფლებებს.
17.6. კომლის წევრად პირის რეგისტრაცია მეტყველებს იმაზე, რომ იგი აკმაყოფილებდა კომლის წევრად რეგისტრაციის პირობებს (იხ. სუსგ. №ას-1350-1387-2014, 15.07.2015წ.; №ას-1091-1048-2016, 13.10.2017წ.), შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცება სწორედ იმ მხარის ტვირთია, რომელიც ჩანაწერს სადავოდ ხდის (იხ. სუსგ. №ას-337-337-2018, 31.01.2022წ.) კომლის წევრის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის _ საკომლო წიგნის ჩანაწერის _ სისწორე პრეზუმირებულია, სანამ დაინტერესებული პირები სასარჩელო წარმოების გზით არ შეედავებიან ამავე ჩანაწერის სისწორეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუდავებელი საკომლო წიგნის ჩანაწერები საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია (იხ. სუსგ. №ას-1093-1041-2013, 09.01.2014წ.). ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კომლთან სამართლებრივი კავშირისა თუ რეგისტრირებული მონაცემის კანონთან შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი იმ მხარეს ეკისრება, რომელიც საკომლო წიგნის ჩანაწერის უსწორობაზე მიუთითებს (იხ. სუსგ. საქმე №ას-7-2019, 11.06.2020წ.).
17.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
18.1. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონული არქივის 03.12.2018 წლის №2018029378-03 საარქივო ცნობის მიხედვით, რომელსაც ერთვის 1992 წლის მდგომარეობით წარმოებული საკომლო წიგნის საარქივო დოკუმენტი, დგინდება, რომ ლაგოდეხის რიონის სოფელ …. (……) სასოფლო საბჭოს 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ო.შ.ს ყიზი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
ო. ბ. ა. ოღლი-ოჯ. უფრ. (გადახაზულია, გარდაიცვალა);
ო.შ.სყიზი - ცოლი;
ო–ვა მ. ბ. ყიზი - შვილი (გადახაზულია, ფიქსირდება მინაწერი ალმაატაში);
ო.ი.ბ. ოღლი-შვილი (ფიქსირდება მინაწერი ალმაატი);
ო. ი. ბ. ოღლი-შვილი (ფიქსირდება მინაწერი ალმაატი);
ო.ი.ბ. ოღლი-შვილი;
ო. ი.ბ. ოღლი-შვილი (გადახაზულია, გაიყარა);
ო. ი. ბ. ოღლი-შვილი (გადახაზულია, გაიყარა);
დ. ნ. კ. ყიზი - რძალი (გადახაზულია, ფიქსირდება მინაწერი მშობლებთან ს. კაბალში);
ო–ვა ფ. ბ. ყიზი-შვილი (გადახაზულია, გათხოვდა);
ო–ვა გ. ჯ. ყიზი - რძალი (გადახაზულია, გაყრილია);
ო. რ. ი. ოღლი-შვილი (გადახაზულია, გაყრილია);
ო. რ. ი. ოღლი-შვ.შვილი (გადახაზულია, გაყრილია).
18.2. საკასაციო საჩივარში გაცხადებული იმ პრეტენზიის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით კომლში არა 4, არამედ 7 წევრი იყო, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება ი. ი–ის ცალკე კომლად გასვლის ან ფ. ო–ვას გათხოვების თარიღები, ამდენად, საკომლო წიგნის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, 1992 წლის მდგომარეობით, ისინი საკომლო წიგნში უკვე გადახაზულნი იყვნენ კომლიდან გასვლისა და გათხოვების მოტივით, ვერ გაქარწყლდება მარტოოდენ მოპასუხის ახსნა-განმარტებით. ამავდროულად, პალატა იმასაც შენიშნავს, რომ 1992 წელს, ესე იგი, კომლის ქონების თანასაკუთრების რეჟიმში გადასვლისას ოჯახის უფროსი - ბ.ო–ვი ცოცხალი იყო (უდავოდ დადგენილია, რომ იგი გარდაიცვალა 1994 წელს), შესაბამისად, კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლებას (1/5 ნაწილზე) ისიც უთუოდ მოიპოვებდა, გარდაცვალებით კი, მის კუთვნილ 1/5 წილზე სამკვიდრო გაიხსნებოდა. საქმეში ბ.ო–ვის მემკვიდრეობის სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის გზით მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები დაცული არ არის, ამავდროულად, არ დგინდება არც ანდერძისმიერი მემკვიდრეობის შემთხვევა, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მისი პირველი რიგის თანაბარი უფლების კანონისმიერმა მემკვიდრეებმა - შ.ო–ვამ (მეუღლე), ი.ო–მა, ი.ო–ვმა და ი.ო–ვმა (შვილები), რომლებმაც მამის კომლში ცხოვრება განაგრძეს, დანაშთ 1/5 წილზე სამემკვიდრეო უფლება ფაქტობრივი ფლობით მოიპოვეს, რის შედეგადაც, თითოეულის 1/5 წილი კომლის საერთო ქონებაში გაიზარდა და შეადგინა 1/4. აღნიშნული მსჯელობის მართებულობას ამყარებს კასატორ შ.ო–ვას საკასაციო საჩივარი, რომელიც, ერთი მხრივ, არ უარყოფს ი. და ი.ო–ვების სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრების ფაქტს არც 1992 წლის მდგომარეობით და არც ბ.ო–ვის გარდაცვალების შემდეგ, და, მეორე მხრივ, ადასტურებს, რომ 1994 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ი.ო–ი ყაზახეთიდან მშობლიურ სახლში დაბრუნდა, რა დროსაც, ფეხი მოიტეხა და გამოჯანმრთელებამდე იქ იმყოფებოდა.
18.3. რაც შეეხება ი.ო–ის კომლის წევრობის წინააღმდეგ წამოყენებულ პრეტენზიას, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ საქმეში დაცული არცერთი მტკიცებულება, გარდა მოწმედ დაკითხული ი. ო–ის ჩვენებისა, ი.ო–ის საზღვარგარეთ საცხოვრებლად უშუალოდ 1991 წელს წასვლის თარიღს არ ადასტურებს. მხარეებთან მოწმის დამოკიდებულების გათვალისწინებით (კასატორი მოწმის დედაა, ხოლო მოსარჩელე - რძალი, რომელთანაც მოწმეს გართულებული ურთიერთობა აქვს; იხ. 16.12.2022 წლის სხდომის ოქმი 14:27 სთ-დან), მარტოოდენ მოწმის ჩვენება სადავო გარემოების დასადგენად არ გამოდგება, საქმეში დაცული დოკუმენტური მტკიცებულებით კი, დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ი.ო–ი ყაზახეთში, ალმათის ოლქ სოფელი ……., რეგისტრირებული იყო 1992 წლის 12 თებერვლიდან.
18.4. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 128-ე მუხლის მიხედვით, კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. ციტირებული ნორმიდან გამომდინარე, კომლის წევრის სტატუსის (კომლის ქონებაზე უფლების) განმსაზღვრელი იყო მის მიერ კომლის საკუთრებაში შექმნილი დოვლათის წილი.
18.5. დადგენილადაც რომ ჩაითვალოს 1991 წლის შემოდგომაზე ი.ო–ის საქართველოდან წასვლის ფაქტი, იმ მოცემულობაში, როცა ი–ს საკოლმეურნეო კომლის ქონებიდან წილი არ გამოჰყოფია, 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საზღვარგარეთ ყოფნა, ცალკე აღებული, დროის ესოდენ მცირე შუალედიდან გამომდინარე, ვერ იქცეოდა პირის მიერ კომლის წევრის სტატუსის დაკარგვის წინაპირობად, რამეთუ ასეთისათვის, კანონმდებლის ნორმატიული ნებით, აუცილებლობას წარმოადგენდა 1992 წლიდან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში მონაწილეობის მიუღებლობა, რაც წინამდებარე საქმეში დადასტურებულ გარემოებას არ წარმოადგენს.
18.6. კასატორის მტკიცებით, 1998 წელს მან ი.ო–ს ფულადი თანხა მისცა, რაც ჩაეთვალა კომლში მისი წილის ღირებულებად და მას აღარ ეკუთვნოდა კომლის ქონებაზე წილი. მართალია, აღნიშნული გარემოება მტკიცებულებების წარდგენის გზით დადასტურებული არ არის, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსრ კოდექსის 126-ე მუხლიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის შემადგენლობიდან გასვლისა (გამოყოფის) და წილის ღირებულების ფულადი ფორმით მიღების საშუალება არსებობდა მანამ, ვიდრე საკოლმეურნეო კომლი არსებობდა. 1993 წლიდან კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლმა არსებობა შეწყვიტა, მაშასადამე, აღარც მისგან გამოყოფის სამართლებრივი საშუალება არსებობდა. ფულის სანაცვლოდ თანასაკუთრების უფლების დათმობაზე ი.ო–ის მიერ გამოვლენილი ნების დამადასტურებელი მტკიცებულება კი, საქმეში დაცული არ არის.
18.7. რაც შეეხება კასატორის მიერ აპელირებულ გარემოებას, რომ ი.ო–ს ჰყავს სხვა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეც ჰყავს პირველი ქორწინებიდან (ინდირა), რაც სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მოსარჩელის წილის განსაზღვრისას, პალატა შენიშნავს, რომ იმ გარემოებაში, როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებით არც სხვა მემკვიდრის უტყუარად არსებობა დასტურდება და არც მის მიერ კანონით დადგენილი წესით სამკვიდროს მიღება, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, არ გაითვალისწინოს 2019 წლის 10 მაისს ქ. ლაგოდეხის ნოტარიუსის მიერ ფ.ა–ვას სასარგებლოდ გაცემული საკვიდრო მოწმობის შინაარსი (რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ მიიღო ი.ო–ის მთელი სამკვიდრო ქონების 3/4 წილი, ანუ სამკვიდრო მასის 75% (შვილებმა უარი თქვეს სამკვიდრო ქონებაზე დედის სასარგებლოდ), ხოლო 1/4 წილზე სამკვიდრო არ გაცემულა) და უარი თქვას სამკვიდრო ქონების იმ პროპორციით განაწილებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია მამკვიდრებლის ქონებაზე გაცემული და ძალაში მყოფი ერთადერთი სამკვიდრო მოწმობით.
19. ამრიგად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო ქონებაში მოსარჩელეს ეკუთვნის 3/16 ნაწილი, რაც გამორიცხავს მის მიერ სადავო ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობასა და, მაშასადამე, მის ნაწილში შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობას. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის დანარჩენ მოპასუხეებს, დადგენილია, რომ ისინი ქონების 3/16 ნაწილის მესაკუთრის შვილები არიან და ნივთის ფლობასაც თანამესაკუთრე დედის ნების საფუძველზე ახორციელებენ, შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად ვერც მათ მიერ განხორციელებული მფლობელობა განიხილება. ამრიგად, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება განაპირობებს შეგებებული სარჩელის უსაფუძვლობას.
20. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამართლებრივ შეფასებებთან მიმართებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები კი, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის არცერთ კრიტერიუმს, რაც საკასაციო პრეტენზიის დაუშვებლად მიჩნევის საფუძველია.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 490.65 ლარის 70%, რაც შეადგენს 343.46 ლარს, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის მოტივით განუხილველად დატოვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.ო–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.ო–ვას (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 490.65 ლარის (საგადახდო დავალება № 25505648982, გადახდის თარიღი: 15.01.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 343.46 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი