ბს-1164-1126(კ-08) 31 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,ტექსელის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 26 სექტემბერს შპს ,,...” სარჩელით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალციხის საგადასახადო ინსპექციისა და ინდმეწარმე ,,.....” მიმართ, დღგ-ს ჩათვლის აღდგენის თაობაზე.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შპს ,,....” სარჩელი გადაეგზავნა განსჯადობით ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,.....” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...” დირექტორმა – ა. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით შპს ,,....” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,....” დირექტორმა – ა. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო შპს ,,....” დირექტორის – ა. გ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება იმავე კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ შპს ,,...” დირექტორმა – ა. გ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაიბარა 2008 წლის 3 ივლისს (ს.ფ. 115), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბორჯომის საფოსტო განყოფილების მეშვეობით 2008 წლის 6 აგვისტოს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,....” დირექტორს – ა. გ-ეს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2008 წლის 4 აგვისტომდე, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2008 წლის 6 აგვისტოს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,...” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,....” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.