14 ნოემბერი 2025 წელი
№ას-715-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.გ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ტ.პ–კა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.ტ.პ–კამ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „ მოწინააღმდეგე მხარე“, „მყიდველი“) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ნ.გ–ნის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „გამყიდველი“) მიმართ, მ.ტ.პ–ას საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ........, ს/კ ........, 26.02.2018 წლის უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული ვალდებულების (განცხადების რეგისტრაციის №892018204167. 12.03.2018წ.) გაუქმების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2018 წლის 26 თებერვალს ნ.გ–ნსა და მ.ტ.პ–კას შორის დაიდო უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ........, 22.86 კვ.მ., ს/კ ......... ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 15000 აშშ დოლარით. თანხის ნაწილი 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი გამყიდველს გადაეცა ხელშეკრულებაზე ხელისმოწერამდე, დარჩენილი ნაწილი კი, უნდა გადახდილიყო 2020 წლის 26 თებერვლამდე.
2.2. შეძენის დროისათვის უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით, იპოთეკარ ე.ბ–ის სასარგებლოდ. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კერძო აღმასრულებლის რ.ს–ის მიერ მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. იპოთეკის ღირებულება შეადგენდა 7000 აშშ დოლარს. ქონების აუქციონზე რეალიზაციის თავიდან ასარიდებლად მოსარჩელემ კრედიტორ ე.ბ–ს პ.ბს მეშვეობით გადმოურიცხა 7200 აშშ დოლარი, საიდანაც აღსრულების თანხა იყო 200 აშშ დოლარი, რის საფუძველზეც უძრავ ქონებაზე მოიხსნა იპოთეკა 2018 წლის 5 მარტს.
2.3. 2018 წლის 12 მარტს ნასყიდობის საგანი დაიტვირთა შეზღუდვით ნ.გ–ნის მიერ დარჩენილი 800 აშშ დოლარის ნაწილში (რეგ. №892018204167). მოსარჩელემ, სხვადასხვა დროს, მოპასუხის თხოვნით, მას 2019 წლის 8 იანვრამდე გადმოურიცხა 900 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ არ გააუქმა ვალდებულება და ქონება შეზღუდვისგან არ გაათავისუფლა, რის გამოც მოსარჩელე დღემდე ვერ სარგებლობს საკუთრებით.
2.4. მოსარჩელემ შესთავაზა გამყიდველს, გამოესყიდა ბინა ან გადაეხადა ქირა თვეში 100 აშშ დოლარის ოდენობით, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა. მოსარჩელემ 2022 წლის 25 მაისს წინასასარჩელო პრეტენზიით მიმართა მოპასუხეს სადავო უძრავ ქონებაზე მის სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმების მოთხოვნით, ვინაიდან მყიდველის მიერ ვალდებულება სრულად იყო შესრულებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხე უძრავ ქონებას ნებაყოფილობით არ ხსნის ვალდებულებას.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ბინა ნამდვილად იყო დატვირთული იპოთეკით და იპოთეკისაგან გათავისუფლების მიზნით, კრედიტორ ე.ბ–ს ნამდვილად ჩაერიცხა მოსარჩელისგან 7200 აშშ დოლარი. მოსარჩელემ გამყიდველს დამატებით გადმოურიცხა 900 აშშ დოლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა რაიმე თანხა კი, გადახდილი არ ყოფილა. ამრიგად, გამყიდველს მყიდველისგან ნასყიდობის ანგარიშში მიღებული აქვს მხოლოდ 8100 აშშ დოლარი, ხოლო 6900 აშშ დოლარი კვლავ გადასახდელია. ვინაიდან ვალდებულება შეუსრულებელია, არ არსებობს სადავო სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ტ.პ–კას სარჩელი მოპასუხე ნ.გ–ნის მიმართ დაკმაყოფილდა და გაუქმდა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, .........., ს/კ ........, საჯარო რეესტრში 2018 წლის 26 თებერვალს უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული ვალდებულება (განცხადების რეგისტრაციის ნომერი 892018204167; 12.03.2018წ.), მ.ტ.პ–კას მიერ ვალდებულების სრულად შესრულების გამო.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. 2018 წლის 26 თებერვალს ნ.გ–ნსა და მ.ტ.პ–ას შორის დაიდო უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისში, ....., ფართით 22.86 კვ.მ., საკადასტრო კოდით .........
7.2. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენს 15000 აშშ დოლარს, საიდანაც 7000 აშშ დოლარი მ.ტ.პ–ამ გადაიხადა მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ხოლო დარჩენილი 8000 აშშ დოლარი მყიდველს უნდა გადაეხადა 2020 წლის 26 თებერვალს.
7.3. 02.03.2018 წელს, 2018 წლის 26 თებერვლის უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ქუთაისში, ........., ფართი - 22.86 კვ.მ., ს/კ ........., საჯარო რეესტრში აღირიცხა მ.ტ.პ–ას საკუთრებად, იმავდროულად რეგისტრირებული იქნა მესაკუთრის ვალდებულება ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებაზე.
7.4. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მ.ტ.პ–ას საბანკო ანგარიშიდან დასტურდება, რომ ამ უკანასკნელის მიერ ნ.გ–ნის ანგარიშზე სხვადასხვა დროს, 2018 წლის 19 აპრილიდან 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში ჩარიცხული აქვს 1400 აშშ დოლარი.
7.5. ნასყიდობის საგანი, 26.02.2018 წლის ხელშეკრულების დადებამდე, იპოთეკით იყო დატვირთული ნ.გ–ნის ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად კრედიტორ ე.ბ–ის სასარგებლოდ. კერძო აღმასრულებელ რ.ს–ის მიერ 03.02.2018 წელს დამოწმებული ხელწერილით დასტურდება და ამ გარემოებას სადავოდ არ ხდიან მხარეებიც, რომ იძულებითი აღსრულების პროცესში კრედიტორ ე.ბ–სა და მოვალე ნ.გ–ნს შორის შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ნ.გ–ნმა იკისრა ვალდებულება, 2018 წლის 28 თებერვლამდე გადაეცა ე.ბ–ისათვის 7000 ამერიკული დოლარი, რის სანაცვლოდაც ე.ბ–მა იკისრა ვალდებულება, 2018 წლის 28 თებერვლამდე არ გაეტანა აუქციონზე ნ.გ–ნის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავ ქონება. მითითებულ შეთანხმებას ესწრებოდნენ მ.ტ.პ–კა, გ.გ–ვა, ზ.გ–ნი, თ.ბ–ი.
7.6. ს.ს. „პ.ბ“-ს მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაციით - ,,საზღვარგარეთული ტრანსფერის დეტალებით“ - დასტურდება, რომ წლის 2018 წლის 04 მარტს მ.ტ.პ–კამ ბენეფიციარ ე.ბ–ის სასარგებლოდ ჩარიცხა ნ.გ–ნის სესხთან (1613073631) დაკავშირებით არსებული დავალიანების თანხა 7200 აშშ დოლარი. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მ.ტ.პ–კამ 7200 აშშ დოლარი გადაიხადა ნ.გ–ნის ვალის სანაცვლოდ, ამ უკანასკნელთან შეთანხმებით.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლი (განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში) 361.2 მუხლი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 427-ე მუხლი (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)).
8.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 26 თებერვალს გაფორმებულ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ ნასყიდობის ფასის ნაწილი - 7000 აშშ დოლარი, მ.ტ.პ–ამ გადაიხადა ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერამდე, ხოლო დარჩენილი 8000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2020 წლის 26 თებერვალს. მითითებულ დათქმას ხელშეკრულების მონაწილეები საკუთარი ხელმოწერებით დაეთანხმნენ. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე საკუთარი ხელმოწერა ნ.გ–ნს სადავოდ არ გაუხდია. დადგენილია, რომ ნ.გ–ნმა, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, დაადასტურა, რომ მას ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 7000 აშშ დოლარი ხელშეკრულების დადებამდე ჰქონდა მიღებული. მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მყიდველის მიერ აღძრული სარჩელის საპასუხოდ, მოპასუხე ნ.გ–ნი შეეწინააღმდეგა მის მიერ ხელშეკრულების დადებამდე თანხის - 7000 აშშ დოლარის მიღების ფაქტს და განმარტა, რომ მოსარჩელეს იპოთეკარ ე.ბ–ის სასარგებლოდ გადახდილი თანხის გარდა სხვა ვალდებულება შესრულებული არ აქვს, თუმცა აღნიშნული სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გამყიდველს ხელშეკრულებაში მითითებული დათქმა (7000 აშშ დოლარის ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიღების შესახებ) და ამ ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია, ამასთან, არ განუმარტავს, რამ განაპირობა სახელშეკრულებო ჩანაწერით 7000 აშშ დოლარის მიღების ფაქტის დადასტურება, თუკი აღნიშნული თანხა რეალურად მიღებული არ ჰქონდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ღირებულების ნაწილი - 7000 აშშ დოლარის ოდენობით - მყიდველმა გამყიდველს აუნაზღაურა ხელშეკრულების გაფორმებამდე.
8.3. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დარჩენილი 8000 დოლარი გამყიდველს აუნაზღაურდა რამდენიმე ეტაპად, 2018 წლის 26 თებერვლის შემდეგ: 05.03.2018 წელს, ნ.გ–ნის ვალის სანაცვლოდ იპოთეკარ ე.ბ–ის საბანკო ანგარიშზე 7200 აშშ დოლარის ჩარიცხვის გზით, ხოლო დარჩენილი 800 აშშ დოლარი - უშუალოდ ნ.გ–ნის ანგარიშზე ნაწილ-ნაწილ ჩარიცხვის გზით.
8.4. ვინაიდან მოპასუხესთან გაფორმებული 26.02.2018 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 15000 აშშ დოლარის ოდენობით ნასყიდობის საფასურის გადახდაზე მყიდველის მიერ სრულად შესრულებულად იქნა მიჩნეული, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილად ჩაითვალა შემძენის უფლება, მოსთხოვოს მოპასუხეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება - რეგისტრირებული შეზღუდვის გაუქმება.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე უარყოფს ნასყიდობის საზღაურის ანგარიშში 7200 აშშ დოლარისა და 900 აშშ დოლარის გარდა სხვა რაიმე თანხის მოსარჩელისგან მიღების ფაქტს; ამასთან, დარჩენილი ვალდებულების გადახდის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება მოსარჩელეს არც სასამართლოსთვის წარუდგენია. მოსარჩელეს ნასყიდობის საზღაურიდან კვლავაც გადასახდელი აქვს 6900 აშშ დოლარი, რის გამოც, გამყიდველის სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმება უკანონოა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13.1. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ობიექტური და სამართლიანი განაწილების პირობებში, ყოველთვის მყიდველის მხარეზეა (იხ. სუსგ. №ას-864-864-2018 30.04.2020წ.).
13.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება (იხ. სუსგ. №ას-1241-2022, 18.01.2023წ).
13.3. კრედიტორის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოვალეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მოვალე მხარეს.
13.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებათა დასაშვებობის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, გარემოებანი, რომლებზედაც მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შეიძლება დამტკიცდეს თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების მტკიცებისას იცვლება კონკრეტული წესით, რადგან მტკიცებულების არჩევის შესაძლებლობას ამ შემთხვევაში თავად მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (სსკ-ის 429-ე მუხლი) ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცებისას, ამ წესის თანახმად, სხვადასხვა მტკიცებულებებს შორის უპირატესობა კრედიტორის მიერ გაცემულ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებას - დოკუმენტს ენიჭება (იხ. სუსგ. №ას-846-2023, 09.02.2024წ.).
13.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (იხ. სუსგ. №ას-1288-2019, 04.03.2019წ.).
13.6. სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ (შეად. ირმა გელაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019).
14.1. განსახილველ საქმეში, მოვალემ 7000 აშშ დოლარის გადაცემის დასადასტურებლად გადახდის განვადებით 26.02.2018 წელს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მიუთითა, რომლითაც გამყიდველი ადასტურებს, რომ ნასყიდობის საფასურიდან - 15000 აშშ დოლარიდან 7000 აშშ დოლარი მიღებული აქვს ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერამდე, ხოლო ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი ნაწილის - 8000 აშშ დოლარის გადახდა უნდა განხორციელდეს 26.02.2020 წელს. ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა მიერ და მისი ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დამდგარა.
14.2. საქმის მასალებში დაცული, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს მითითებას მის დადებამდე ნასყიდობის ანგარიშში გადახდილ 7000 აშშ დოლარზე, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მნიშვნელობით, წარმოადგენს კრედიტორის მიერ გაცემულ დოკუმეტს, რომლითაც დასტურდება ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი. სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. აღნიშნული დოკუმენტის მაღალი ხარისხის მტკიცებულებით ძალას კი, ვერ შეარყევს კრედიტორის მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ დასახელებული თანხა მას სინამდვილეში არ მიუღია. მყიდველისათვის დამატებით რაიმე სხვა კონკრეტული მტკიცებულების წარმოდგენის დავალდებულება, რომლითაც ნასყიდობის საფასურის გადახდა დადასტურდებოდა, მტკიცების ტვირთის მომეტებული სტანდარტია. კრედიტორმა, რომელიც ხელს აწერს ხელშეკრულებას და ადასტურებს, რომ ნასყიდობის საფასური ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე ნაწილობრივ გადახდილია, თვითონ უნდა დაამტკიცოს ამ ჩანაწერის სინამდვილესთან შეუსაბამობა. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი კი, კასატორის მიერ დაძლეული არ არის.
14.3. ამრიგად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნასყიდობის საზღაურიდან - 15 000 აშშ დოლარიდან 7000 აშშ დოლარი გამყიდველმა მიიღო გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე. რაც შეეხება დარჩენილ 8000 აშშ დოლარს, პალატა უწინარესად შენიშნავს, რომ მყიდველმა შეიძინა იპოთეკით დატვირთული, აუქციონზე რეალიზაციის წინაშე მდგომი უძრავი ნივთი, იპოთეკის საგანი უზრუნველყოფდა ნ.გ–ნის 7000 აშშ დოლარის ოდენობით ფულად ვალდებულებას იპოთეკარ ე.ბ–ის წინაშე.
14.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტორი მიმართავს იძულებით აღსრულებას მოვალის კუთვნილ ნივთზე, მაშინ ყოველი პირი, რომელსაც ექმნება საფრთხე, რომ იძულებითი აღსრულებით შეიძლება დაკარგოს უფლება ამ ნივთზე, უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი. როცა მესამე პირი დააკმაყოფილებს კრედიტორს, მაშინ მოთხოვნის უფლება გადადის ამ პირზე.
14.5. ამავე კოდექსის 292-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება; თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.
14.6. კერძო აღმასრულებელ რ.ს–ის მიერ 03.02.2018 წელს დამოწმებული ხელწერილით დასტურდება და ამ გარემოებას სადავოდ არ ხდიან მხარეებიც, რომ იძულებითი აღსრულების პროცესში კრედიტორ ე.ბ–სა და მოვალე ნ.გ–ნს შორის შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ნ.გ–ნმა იკისრა ვალდებულება, 2018 წლის 28 თებერვლამდე გადაეცა ე.ბ–ისათვის 7000 ამერიკული დოლარი, რის სანაცვლოდაც ე.ბ–მა იკისრა ვალდებულება, 2018 წლის 28 თებერვლამდე არ გაეტანა აუქციონზე ნ.გ–ნის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავ ქონება. მითითებულ შეთანხმებას ესწრებოდნენ მ.ტ.პ–კა, გ.გ–ვა, ზ.გ–ნი, თ.ბ–ი.
14.7. ნათელია, რომ ნ.გ–ნის მიერ ე.ბ–ის მიმართ ნაკისრი, თუმცა დათქმულ ვადებში შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება მყიდველს ნასყიდობის საგანზე მოპოვებული საკუთრების უფლების დაკარგვას უქადდა, ვინაიდან ნასყიდობის საგანი ამავე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკის საგანს წარმოადგენდა, რომელზედაც სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობდა. აღნიშნული შედეგის თავიდან ასაცილებლად სსკ 292.1 მუხლი ნასყიდობის საგნის შემძენს უფლებას ანიჭებდა, შეესრულებინა იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულება.
14.8. დადგენილია, რომ მყიდველმა ისარგებლა იპოთეკარის დაკმაყოფილების უფლებით, სახელდობრ, ე.ბ–ს 2018 წლის 04 მარტს ნ.გ–ნის სესხის ანგარიშში გადაურიცხა 7200 აშშ დოლარი (ტრანზაქციის დასრულების თარიღია 2018 წლის 05 მარტი), საიდანაც 7000 აშშ დოლარი ემსახურებოდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, 200 აშშ დოლარი კი, სააღსრულებო წარმოების ხარჯს წარმოადგენდა. აღნიშნული თანხის გადახდის დღესვე უძრავ ქონებას იპოთეკა მოეხსნა. იპოთეკარის დაკმაყოფილებით კი, მ.ტ.პ–კამ, სსკ 292.2 მუხლიდან გამომდინარე, მოიპოვა 7200 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება ნ.გ–ნის მიმართ, რომელიც, ნათელია, რომ სსკ 442.1 მუხლიდან გამომდინარე, გამოქვითა ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი ნაწილიდან. მაშასადამე, 2018 წლის 05 მარტის შემდგომ, გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ნასყიდობის საფასურიდან გადასახდელი დარჩა 800 აშშ დოლარი (15000 – 7000 – 7200=800).
14.9. ს.ს. „ვ. ბ. ჯ“-ს ამონაწერით დგინდება, რომ მ.ტ.პ–კამ ნ.გ–ნს, პირადი გადარიცხვის დანიშნულებით, გადაურიცხა: 1) 21.05.2018 წელს - 100 აშშ დოლარი; 2) 20.06.2018 წელს - 100 აშშ დოლარი; 3) 20.07.2018 წელს - 100 აშშ დოლარი; 4) 14.08.2018 წელს - 700 აშშ დოლარი; 5) 20.09.2018 წელს - 100 აშშ დოლარი; 6) 22.10.2018 წელს - 100 აშშ დოლარი; 7) 20.11.2018 წელს - 100 აშშ დოლარი; 8) 20.12.2018 წელს - 100 აშშ დოლარი. ესე იგი, სულ, ჯამში, 21.05.2018 წლიდან 20.12.2018 წლის ჩათვლით გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 1400 აშშ დოლარი. იმ მოცემულობაში, როცა მ.ტ.პ–კასა და ნ.გ–ნს შორის სხვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა დადგენილი არ არის, პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციებით შესრულდა ნარჩენი 800 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, რის შედეგადაც, მ.ტ.პ–კას მიერ ნასყიდობის საზღაური სრულად დაიფარა.
15.1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობები; მ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება; ნ) უპირატესი შესყიდვის უფლება.
15.2. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ვალდებულების რეგისტრაცია ემსახურებოდა 26.02.2018 წლის უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად გადახდას. დადგენილია, რომ ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ვალდებულება შეწყვეტილია მოვალის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების გზით, რის შედეგადაც აღარ არსებობს მ.ტ.პ–ას საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, .........., ს/კ ........, 26.02.2018 წლის უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული ვალდებულების (განცხადების რეგისტრაციის №892018204167. 12.03.2018წ.) შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს, ექვემდებარება კასატორისთვის უკან დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.გ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ.გ–ნს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება № 28031914967, გადახდის თარიღი: 28.06.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი