Facebook Twitter

საქმე №ა-4246-შ-126-2019 1 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ. ჯ-ი

წარმომადგენელი - გ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის კალინინსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – დროებითი განკარულების მიღება

დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. ჯ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის კალინინსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლითაც შუამდგომლობის ავტორი დ. ჯ-ი და მ. ნ-ე განქორწინდნენ, ასევე, განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების – 20... წლის ... ივლისს დაბადებული ნ. ჯ-სა და 20... წლის ... იანვარს დაბადებული ნ. ჯ-ის საცხოვრებელ ადგილად მამის – დ. ჯ-ის საცხოვრებელი ადგილი, დ. ჯ-ს დაევალა, ხელი შეუწყოს და ორგანიზაცია გაუკეთოს შვილების შეხვედრას დედასთან – მ. ნ-ესთან, ხოლო ამ უკანასკნელს დაეკისრა შვილების სარჩენად 2018 წლის 1 ნოემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე ალიმენტის სახით მისი ყოველგვარი შემოსავლის 1/3-ის გადახდა.

2. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვამდე დროებითი განკარგულების მიღება, რომლითაც დ. ჯ-ს, მ. ბ-ესა და კ. ჯ-ს (არასრულწლოვნების მამას, ბებიასა და პაპას) მიეცემათ უფლება, კვირაში ორი დღე – ყოველი კვირის ორშაბათსა და ოთხშაბათს 14 საათიდან 18 საათამდე იმყოფებოდნენ ბავშვებთან (ლაგოდეხში, სოფელ ......), ხოლო ყოველ პარასკევს 14 საათიდან კვირის 18 საათამდე წაიყვანონ არასრულწლოვანი ბავშვები ქ.თბილისში ( ვაზისუბანში), ასევე, დაევალოს მ. ნ-ეს, უზრუნველყოს ბავშვებთან კომუნიკაცია დ. ჯ-ის მიერ მიცემული ან საკუთარი ტელეფონის მეშვეობით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ .... თავის სახლთან შეახვედროს და გადასცეს გარკვეული დროით ბავშვები მოსარჩელეებს - მამას, ბებიასა და პაპას.

3. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ არასრულწლოვანი ბავშვები შეგუებულნი არიან მამასთან, ბებიასთან და პაპასთან ცხოვრებასა და ყოფნას, რადგან ორი წელი ცხოვრობდნენ მათთან დედის გარეშე, რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, ..........., , ბავშვების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მოსარჩელეების საცხოვრებელ მისამართზე. ადაპტირებულნი არიან მამასთან, ბებია და პაპასთან, შესაბამისად, ბავშვების საუკეთესო ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებლობა მიეცეთ, ურთიერთობა იქონიონ ოჯახის აღნიშნულ წევრებთან. მოპასუხე კი ყველანაირად ხელს უშლის შუამდგომლობის ავტორისა და მისი მშობლების შეხვედრასა და კომუნიკაციას შვილებთან და შვილიშვილებთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი დროებითი განკარგულების მიღების შესახებ შუამდგომლობის საფუძვლები, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ შუამდგომლობას დროებითი განკარგულების მიღების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის კალინინსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დ. ჯ-ის სარჩელი მ. ნ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მხარეები განქორწინდნენ, ასევე, განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების – 20... წლის ... ივლისს დაბადებული ნ. ჯ-ისა და 20... წლის ... იანვარს დაბადებული ნ. ჯ-ის საცხოვრებელ ადგილად მამის – დ. ჯ-ის საცხოვრებელი ადგილი, დ. ჯ-ს დაევალა, ხელი შეუწყოს და ორგანიზაცია გაუკეთოს შვილების შეხვედრას დედასთან – მ. ნ-ესთან, ხოლო ამ უკანასკნელს დაეკისრა შვილების სარჩენად 2018 წლის 1 ნოემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე ალიმენტის სახით მისი ყოველგვარი შემოსავლის 1/3-ის გადახდა.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ № ას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).

7. „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, par. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, №28945/95, 10.05.2001, პარ.72) შდრ. ასევე,სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.)

8. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ძალიან სერიოზული დონის ჩარევაა ოჯახის გახლეჩა“ (Olsson v. Sweden /No.1/ 10465/83, par.81).

9. განმცხადებლები მიუთითებენ, რომ 2017 წელს მარიამ ნოზაძემ საკუთარი სურვილით დატოვა შვილები მათთან და ორი წლის განმავლობაში ბავშვები იზრდებოდნენ სანკტ-პეტერბურგში მამასთან და მის მშობლებთან. ამჟამად კი მ. ნ-ე არასრულწლოვანების მამასთან, ბებიასთან და პაპასთან ყოველგვარი ურთიერთობის წინააღმდეგია.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. დამატებით: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და არასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

16. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის (მუხლი 3, პუნქტი 1) თანახმად, ბავშვთა მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური დაცვის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

18. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა (,,კომიტეტი”)მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას.

19. ამასთან, კონვენცია ცალსახად მიუთითებს ბავშვის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებზე სხვა მუხლებშიც: მე-9 მუხლში: მშობლებისაგან დაშორება; მე-10 მუხლში: ოჯახის გამთლიანება; მე-18 მუხლში: მშობლის პასუხისმგებლობა; მე-20 მუხლში: ოჯახური გარემოდან ჩამოცილება და ალტერნატიული ზრუნვა; 37(გ) მუხლში: თავისუფლებააღკვეთილი ზრდასრულებისაგან განცალკევება; 40(2)(ბ) (iii) მუხლში: საპროცესო გარანტიები, მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მიმართ სისხლის სამართლის წესით განხილულ საქმეთა სასამართლო პროცესებზე მშობელთა დასწრება. გარდა ამისა, კონვენცია მიუთითებს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე კონვენციის ფაკულტატურ ოქმში ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ (პრეამბულა და მე-8 მუხლი) და კონვენციის ფაკულტატურ ოქმში კომუნიკაციის პროცედურის შესახებ (პრეამბულა და მე-2 და მე-3 მუხლები).

20. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კომიტეტმა ზრდასრული ადამიანის მიერ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების აღქმა არ შეიძლება იყოს უპირატესი კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემის ვალდებულებასთან შედარებით.” კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს; მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების სრული გამოყენება მოითხოვს უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას, რომელშიც ჩაერთვება ყველა მონაწილე მხარე, ბავშვის ყოვლისმომცველი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი ერთიანობის უზრუნველსაყოფად და მისი ადამიანური ღირსების პატივსაცემად.

21. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანატია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფთან, ან ზოგადად ბავშვებთან დაკავშირებით. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აწესებს სახელმწიფოთა არსებით ვალდებულებას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს (თვითაღსრულებადია) და შეიძლება მოხმობილი იქნეს სასამართლოს წინაშე. (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის. (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ჩარჩოს მონაწილე სახელმწიფოთა სამი სახის ვალდებულებებისათვის: (ა) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სათანადოდ ინტეგრირებული იყოს და თანმიმდევრულად ხდებოდეს მათი გათვალისწინება საჯარო უწყების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, განსაკუთრებით განხორციელების ყველა ღონისძიებაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოებაში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვს ბავშვებზე;

23. (ბ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ყველა სასამართლო და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში ნათლად ჩანდეს,, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს დაეთმო უპირველესი ყურადღება. საჭიროა იმის აღწერაც, თუ როგორ მოხდა საუკეთესოინტერესების შესწავლა და შეფასება და რა მნიშვნელობა მიენიჭა მათ გადაწყვეტილებაში.

24. (გ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ინტერესები შეფასდა და დაეთმო უპირველესი ყურადღება კერძო სექტორის ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში, მათ შორის მომსახურების მიმწოდებლების ან ნებისმიერი სხვა კერძო ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ, რომლებიც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ან შეეხება მას.

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიზანია, უზრუნველყოს, რომ უფლება გარანტირებული იყოს ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს ან ბავშვებს, უნდა ითვალისწინებდეს მათ საუკეთესო ინტერესებს როგორც უპირველეს პრიორიტეტს. სიტყვა „ქმედება“ მოიცავს არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს, არამედ მოქმედებებს, ქცევას, წინადადებებს, მომსახურებას, პროცედურებსა და სხვა ღონისძიებებს. უმოქმედობა ან ქმედების განუხორციელებლობა და დაუდევრობა აგრეთვე წარმოადგენენ „ქმედებას“, მაგალითად, მაშინ, როდესაც სოციალური დაცვის ორგანოები არ ახორციელებენ ქმედებას ბავშვთა დასაცავად უგულებელყოფის ან ჩაგვრისაგან. ტერმინი „ბავშვები” გულისხმობს 18 წელს მიუღწეველ ყველა პირს მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, კონვენციის პირველი და მე-2 მუხლების შესაბამისად. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება ბავშვებზე, როგორც ინდივიდებზე, და აკისრებს ვალდებულებას მონაწილე სახელმწიფოებს, შეაფასონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და დაუთმონ მათ უპირველესი ყურადღება თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას.

26. მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, სათანადოდ გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს ყოვლისმომცველ ვალდებულებას, რომელიც მოიცავს ყველა საჯარო და კერძო სოციალური დაცვის ორგანოს, სასამართლოს, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებსაც შეხება აქვთ ან დაკავშირებულნი არიან ბავშვებთან. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები პირდაპირ არ არიან ნახსენები მე-3 მუხლის პირველ პუნქტში, ბავშვის საუკეთესო ინტერესები „უნდა იყოს მათი მთავარი საზრუნავი“ (მე-18 მუხლის პირველი პუნქტი).

27. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სასამართლოები“ გულისხმობს ნებისმიერ სასამართლო სამართალწარმოებას ყველა ინსტანციაში, მიუხედავად იმისა, ვინ ახორციელებს მას - პროფესიონალი მოსამართლეები თუ არაპროფესიონალი პირები, და ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის პროცედურას, შეზღუდვის გარეშე, ასევე მორიგების, მედიაციისა და არბიტრაჟის პროცესებს. სამოქალაქო საქმეებში, როგორიც არის მამობის დადგენის, ბავშვზე ძალადობის ან მისი უგულებელყოფის, ოჯახის გაერთიანების, განსახლების და სხვა საქმეები, ბავშვი შესაძლოა იცავდეს თავის ინტერესებს დამოუკიდებლად ან წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო პროცესმა, მაგალითად, შვილად აყვანის, განქორწინების, მეურვეობის, საცხოვრისის, მონახულების ან სხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვთ ბავშვის სიცოცხლესა და განვითარებაზე, ასევე ბავშვის მიმართ ძალადობასთან ან მის უგულებელყოფასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას შესაძლოა ბავშვზე ზეგავლენა მოახდინოს. სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული იყოს ყველა ამგვარ სიტუაციასა და გადაწყვეტილებაში, მიუხედავად მათი საპროცესო თუ მატერიალური ხასიათისა, და უნდა წარმოაჩინონ, რომ მათ ეს ეფექტიანად განახორციელდეს.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. სწორედ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონვენციის სხვა ნორმებთან თანხვედრაში განმარტებით და განხორციელებით შეძლებს კანონმდებელი, მოსამართლე, ადმინისტრაციული, სოციალური თუ საგანმანათლებლო დაწესებულება, განმარტოს ეს ცნება და სათანადოდ გამოიყენოს იგი. შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება მოქნილი და ადაპტირებადია. იგი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით. თითოეული გადაწყვეტილებისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა შეფასდეს და განისაზღვროს ცალკეული ბავშვის კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით. კოლექტიური გადაწყვეტილებების შემთხვევაში, როგორიცაა კანონმდებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ზოგადად ბავშვთა საუკეთესო ინტერესები უნდა შეფასდეს და განისაზღვროს მოცემული ჯგუფის ან/და ზოგადად ბავშვების კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. ორივე შემთხვევაში შეფასება და განსაზღვრა უნდა განხორციელდეს კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში განმტკიცებული უფლებების სრული პატივისცემით.

29. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა საკითხზე, რომელიც შეეხება ბავშვებს, და უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციასა თუ ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის ნებისმიერი შესაძლო წინააღმდეგობის გადასაწყვეტად. ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტის ისეთი შესაძლო გზების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტრესებს. ეს გულისხმობს იმას, რომ განხორციელების ღონისძიებების შემუშავებისას სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაადგინონ ყველა ბავშვის, მათ შორის მოწყვლადი ბავშვების, საუკეთესო ინტერესები.

30. ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნების მოქნილობა შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს რეაგირება ყოველი ცალკეული ბავშვის მდგომარეობაზე და განვითარდეს ცოდნა ბავშვის განვითარების შესახებ. თუმცა ამან შესაძლოა დატოვოს მანიპულირების შესაძლებლობაც; მაგალითად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება ბოროტად იქნა გამოყენებული მთავრობებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ რასისტული პოლიტიკის გასამართლებლად; მშობლების მიერ თავიანთი ინტერესების დასაცავად მეურვეობის შესახებ დავებში; პროფესიონალების მიერ, რომლებსაც თავის შეწუხება არ სურდათ და ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უგულებელყვეს როგორც შეუსაბამო და უმნიშვნელო.

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მაგრამ ვინაიდან მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს სიტუაციათა ფართო სპექტრს, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მისი გამოყენებისას გარკვეული ხარისხით მოქნილობის საჭიროებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები - როდესაც ისინი შეფასდა და განისაზღვრა - შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს სხვა უფლებებთან (მაგ. სხვა ბავშვების, საზოგადოების, მშობლების და ა.შ. უფლებებთან). ინდივიდუალურად განხილული პოტენციური წინააღმდეგობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებსა და ბავშვთა ჯგუფის ან ზოგადად ბავშვების საუკეთესო ინტერესებს შორის უნდა გადაიჭრას ცალკეული შემთხვევის მიხედვით. ყველა მხარის ინტერესები საგულდაგულოდ უნდა დაბალანსდეს და მოძიებული იქნეს სათანადო კომპრომისი. იგივე უნდა გაკეთდეს, თუ სხვა პირთა უფლებები წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან. თუ ჰარმონიზაცია შეუძლებელია, ხელისუფლებამ და გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა უნდა გააანალიზონ და აწონონ-დაწონონ ყველა მონაწილე პირის უფლებები და გაითვალისწინონ, რომ ბავშვის უფლება, მის საუკეთესო ინტერესებს მიენიჭოს უპირველესი ყურადღება ნიშნავს იმას, რომ ბავშვთა ინტერესებს მაღალი პრიორიტეტი აქვთ და ისინი არ წარმოადგენენ მხოლოდ და მხოლოდ სხვა მოსაზრებათაგან ერთ-ერთს. ამდენად, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმას, რაც ბავშვს ყველაზე მეტად წაადგება.

32. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის #12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე-12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე-12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.

33. კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებას, მოუსმინონ პირდაპირ ან წარმომადგენლის საშუალებით ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც მას შეეხება. „ბავშვის საუკეთესო ინტერესები“ არის უფლება, პრინციპი და საპროცესო ნორმა, რომელსაც საფუძვლად უდევს კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვის ან ბავშვების საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას, კონკრეტული ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები: (ა) პირველი, საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ კონტექსტში უნდა განისაზღვროს, თუ რომელია შესაბამისი ელემენტები საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის, მიენიჭოს მათ კონკრეტული შინაარსი და პრიორიტეტი ერთმანეთთან მიმართებაში; (ბ)მეორე, ამისათვის დაცული უნდა იქნეს ისეთი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ გარანტიებსა და უფლების სათანადო გამოყენებას.

34. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლი ადგენს ბავშვის უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მას შეეხება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს ან არ ანიჭებს მის მოსაზრებებს სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე.

35. ის ფაქტი, რომ ბავშვი ძალზე მცირეწლოვანია ან მოწყვლად მდგომარეობაშია (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობები, უმცირესობის ჯგუფისადმი კუთვნილება, მიგრანტობა და სხვ.), არ ართმევს მას უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები და არ ამცირებს იმ მნიშვნელობას, რომელიც უნდა მიენიჭოს ბავშვის მოსაზრებებს მისი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას. კონკრეტული ღონისძიებების მიღება ამგვარ სიტუაციებში ბავშვებისათვის თანასწორი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით უნდა დაექვემდებაროს ინდივიდუალურ შეფასებას, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და საჭიროებისამებრ გონივრული ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გაწევას მათი საუკეთესო ინტერესების შეფასებაში მათი სრული მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

36. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, 2013 წელი, აღნიშნულია, რომ სავალდებულოა ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მშობლებისაგან ბავშვის პოტენციური განცალკევების კონტექსტში (მე-9 , მე-18 და მე-20 მუხლები). ამასთან, კომიტეტი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ელემენტები წარმოადგენს კონკრეტულ უფლებებს და არა მხოლოდ უბრალო ელემენტებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისათვის. ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების ფუნდამენტურ ერთეულს და მისი წევრების, განსაკუთრებით ბავშვების, ბუნებრივ გარემოს ზრდისა და კეთილდღეობისათვის (კონვენციის პრეამბულა). ბავშვის ოჯახური ცხოვრების უფლება დაცულია კონვენციით (მე-16 მუხლი). ტერმინი „ოჯახი” უნდა განიმარტოს ფართო გაგებით და მოიცავდეს ბიოლოგიურ, შვილად ამყვან, მინდობით მიმღებ მშობლებს, შესაბამის შემთხვევებში, ნათესავებს ან თემის წარმომადგენლებს ადგილობრივი ჩვეულებების შესაბამისად (მე-5 მუხლი). ოჯახის განცალკევების პრევენცია და ოჯახის ერთიანობის შენარჩუნება ბავშვთა დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტებია და ეფუძნება მე-9 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ უფლებას, რომელიც მოითხოვს, რომ „ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ [...] ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს”. ამასთან, ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი). ეს აგრეთვე შეეხება ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს მეურვეობის უფლება, სამართლებრივ ან ჩვეულებით პირველად მზრუნველებს, მინდობით მიმღებ ოჯახს და იმ პირებს, რომლებთანაც ბავშვს ახლო პირადი ურთიერთობა აქვს. ბავშვზე მშობლებთან დაშორების ზეგავლენის სიმძიმიდან გამომდინარე, ამგვარი დაშორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც ბავშვს ემუქრება უშუალო საფრთხე, ან როდესაც ეს სხვაგვარად არის აუცილებელი; დაშორება არ უნდა განხორციელდეს, თუ ნაკლებად მკაცრი ზომებით შესაძლებელია ბავშვის დაცვა. დაშორების განხორციელებამდე სახელმწიფომ უნდა გაუწიოს დახმარება მშობლებს თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებაში და აღადგინოს ან გააძლიეროს ოჯახის უნარი, იზრუნოს ბავშვზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაშორება აუცილებელია ბავშვის დასაცავად. ეკონომიკური მიზეზები არ შეიძლება იქნეს გამოყენებული გამართლებად ბავშვის მშობლებთან დაშორებისათვის. ( პპ.58-61).

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, მშობელთა პასუხისმგებლობის გადანაწილება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება. თუმცა, მშობლების პასუხისმგებლობების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას, ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს ის, თუ რა არის საუკეთესო კონკრეტული ბავშვისათვის. ამ ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუ კანონი ავტომატურად ანიჭებს მშობლის პასუხისმგებლობას ერთ-ერთ ან ორივე მშობელს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის უფლება, შეინარჩუნოს ურთიერთობა ორივე მშობელთან, საქმისათვის რელევანტურ სხვა ელემენტებთან ერთად.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, აღნიშნულ საკითხებზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

39. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს სასამართლოს საგამონაკლისო უფლებამოსილებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არ დაელოდოს ბავშვის ამა თუ იმ მშობლისათვის მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და დროებითი ღონისძიების სახით გადასცეს არასრულწლოვანი კონკრეტულ მშობელს აღსაზრდელად. აღნიშნულის საჭიროება შეიძლება არსებობდეს ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ბავშვის მცირე ასაკი, განსაკუთრებული მიჯაჭვულობა მშობლის მიმართ და სხვა ობიექტური ფაქტორები, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფასდება.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

41. საკასაციო პალატა, როდესაც იხილავს უცხო ქვეყნის უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხოლოდ ცნობა-აღსრულების საკითხს, მოკლებულია შესაძლებლობას, იხელმღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და იმსჯელოს, წარმოადგენს თუ არა ბავშვების უპირატეს ინტერესს მყისიერად მამასთან, ბებია და პაპასთან შეხვედრა წაყვანის უფლებით კვირაში 2 დღე ორშაბათს და ოთხშაბათს 14 საათიდან 18 საათამდე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ..., ხოლო პარასკევს 14 საათიდან კვრა დღის 18 საათამდე ქალქ თბილისში ( ვაზისუბანი) დედისაგან დამოუკიდებლად. გასათვალისწინებელია როგორც არასრულწლოვანი ბავშვების ასაკი, აგრეთვე თვითონ განმცხადებლების მიერ მითითებულ გარემოება, რომ 2012 წლის 25 ივლისს დაბადებული ნ.ჯ–ი დადის ლაგოდეხის რაიონის სოფელ ... საჯარო სკოლაში, ხოლო 20... წლის ... იანვარს დაბადებული ნ.ჯ–ი კი- საბავშვო ბაღში. შესაფასებელია ლაგოდეხის რაიონის სოფელ ... და ქალაქ თბილისში ვაზისუბანში არსებული საცხოვრებელი სახლები, რამდენად აკმაყოფილებენ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებლის მოთხოვნებს, აგრეთვე რამდენად შეესაბამება მცირეწლოვნების ინტერესებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი განკარგულების გამოტანა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საქმეში არ წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლების შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად და განემარტოთ განმცხადებლებს, რომ მათ საერთო წესის მიხედვით, შეუძლიათ მიმართონ პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების მიღების მოთხოვნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 187-ე, 355-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ჯ-ის, კ. ჯ-ისა და მ. ბ-ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. განემარტოთ განმცხადებლებს, რომ მათ უფლება აქვთ საერთო წესის მიხედვით მიმართონ პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების მიღების მოთხოვნით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი