№ას-1609-2025 09 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – მ.ფ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ვ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
მესამე პირი - მცირეწლოვანი ე.ვ–ძე
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.ვ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე), სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ.ფ–ის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა 2019 წლის 28 ივნისს დაბადებული ე.ვ–ძის საცხოვრებელ ადგილად დ.ვ–ძის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით დ.ვ–ძის სარჩელი მ.ფ–ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდა; 2019 წლის 28 ივნისს დაბადებული ე.ვ–ძის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის - დ.ვ–ძის საცხოვრებელი ადგილი; დ.ვ–ძის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა და 2019 წლის 28 ივნისს დაბადებული ე.ვ–ძის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის - დ.ვ–ძის საცხოვრებელი ადგილი.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, დროებითი განკარგულების გაუქმება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით მ.ფ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დროებითი განკარგულება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივ გარემოებები:
6.1. დ.ვ–ძე და მ.ფ–ი 2018 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების განმავლობაში მათ შეეძინათ შვილი - 2019 წლის 28 ივნისს დაბადებული ე.ვ–ძე.
6.2. მხარეები ერთად არ ცხოვრობენ. 2020 წლის სექტემბრიდან არასრულწლოვანი ე.ვ–ძე ცხოვრობს ქ. ლანჩხუთში, დედის - მ.ფ–ის მშობლებთან. მ.ფ–ი მუშაობს და ცხოვრობს ქ. თბილისში.
6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ.ფ–ის და მოპასუხე დ.ვ–ძის შუამდგომლობა და მოცემულ საქმეზე დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მოპასუხე დ.ვ–ძე იღებს ვალდებულებას, 2022 წლის 14 იანვრიდან ყოველთვიურად თავისი არასრულწლოვანი შვილის ე.ვ–ძის (დაბ: 2019 წლის 28 ივნისს პ.ნ. ..........) სარჩენად მის სრულწლოვანებამდე გადაუხადოს ალიმენტის სახით 280 ლარი, რომლის გადახდაც მოხდება მოსარჩელე მ.ფ–ის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე. დ.ვ–ძის საალიმენტო ვალდებულება, 2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 14 მარტის ჩათვლით, 560 ლარის ოდენობით გადანაწილდეს ხუთ თვეზე და იგი, ყოველთვიური ალიმენტის 280 ლართან ერთად, გადაიხდის დავალიანების დასაფარად ყოველთვიურად 100 ლარს დავალიანების - 560 ლარის სრულ დაფარვამდე.
6.4. სარჩელის აღძვრის დროისათვის დ.ვ–ძე ირიცხებოდა შპს „ს.უ.გ–ში“ მედიცინის ფაკულტეტის, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-13 სემესტრის სტუდენტად.
6.5. დ.ვ–ძე არის ააიპ „წმ. მამა გაბრიელის სახელობის პალიატიური ჰოსპისის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, ხოლო მისი დედა, მ.ბ–ვი არის აღმასრულებელი დირექტორი. დ.ვ–ძე მუშაობდა ექთნის თანამდებობაზე და იღებდა სიმბოლურ ანაზღაურებას 150 ლარს. 2022 წლის 17 აგვისტოდან 2022 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით დ.ვ–ძე მუშაობდა „აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპერტამენტში ექთნის თანამდებობაზე. მისი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრებოდა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, წარმოდგენილი სამუშაო გრაფიკის შესაბამისად საათში ფიქსირებული 7 ლარის ოდენობით.
6.6. დ.ვ–ძის მიერ 2021 წლის პირველი აგვისტოდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი, 2022 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით, შეადგენს 750 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 150 ლარს.
6.7. უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .......... (ს.კ. #..........) საკუთრების უფლებით ირიცხება დ.ვ–ძის მამის - ლ.ვ–ძის სახელზე.
6.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ განჩინებით, მოსარჩელე დ.ვ–ძის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დ.ვ–ძეს არასრულწლოვან შვილთან - 2019 წლის 28 ივნისს დაბადებულ ე.ვ–ძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის შაბათი დღე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ბავშვის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და უკან დაბრუნების ვალდებულებით. განჩინების აღსრულების მიზნით გურიის რეგიონალური ცენტრის 2023 წლის 24 მარტის შეტყობინებით, სასამართლოს აქტის აღსრულების პირობების მოთხოვნის შესახებ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ მ.ფ–ისაგან მოითხოვა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის ნებაყოფლობით აღსრულება.
6.9. შსს ქ. თბლისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სს #004241120008 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დ.ვ–ძე სარგებლობს მოწმის სტატუსით.
6.10. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის #004240423009 საქმეზე, მ.ფ–ის მიერ დ.ვ–ძის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. დადგენილებაში მითითებულია, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ 2023 წლის 24 აპრილს, დახლოებით 16:57 საათზე, მ.ფ–მა, ქ.თბილისი, .........., „მამა გაბრიელის სახელობის პალიატიურ ჰოსპისში“ მყოფ დ.ვ–ძესთან განახორციელა სატელეფონო ზარი და კომუნიკაციის დროს, შვილის ნახვასთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების გამო, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რითიც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. 2023 წლის 29 აპრილს მ.ფ–ს წარედგინა ბრალდება საქ. სსკ-ის მე-11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო დ.ვ–ძე ცნობილი იქნა დაზარალებულად.
6.11. შსს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის #054270123001 საქმეზე, არასრუწლოვან ე.ვ–ძის მიმართ ოჯახში განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
6.12. სისხლის სამართლის #004141020001 საქმეზე მ.ბ–ვი ცნობილი იქნა დაზარალებულად.
6.13. 2022 წლის 24 აპრილს ქ. თბილისის ისანი-სამგორის მთავარმა სამმართველომ მ.ფ–ის სახელზე, დ.ვ–ძის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოწერა შემაკავებელი ორდერი.
6.14. ე.ვ–ძე ცხოვრობს დედის მ.ფ–ის მამისეულ ოჯახში (ლანჩხუთი, .........). საცხოვრებელი არის სამოთახიანი ბინა. ოჯახში ცხოვრობს ე–ს ბებია-პაპა (ხ.ქ–ია, კ.ფ–ი), დიდი ბებია, ბიძა, ბიცოლა და ჩვილი ბიძაშვილი. საცხოვრებელი პირობები უსაფრთხოა, კეთილსაიმედოა. მცირეწლოვანი ე. დადებით ემოციებს გამოხატავს ოჯახის ყველა წევრის მიმართ, განსაკუთრებით უყვარს ოჯახში მცხოვრები პატარა ბიძაშვილი. ე–სთან პერიოდულად ჩამოდის ქ. თბილისში მცხოვრები და დასაქმებული დედა მ.ფ–ი. მათ უმეტესად აქვთ სოციალური ქსელით კომუნიკაცია. არასრულწლოვანი ე.ვ–ძე ჯანმრთელი ბავშვია, არ აქვს ქრონიკული ან მწვავე დაავადება, დარეგისტრირებულია ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრ „მ–ში“, ეტაპობრივად გაკეთებული აქვს ასაკობრივი აცრები.
6.15. ე.ვ–ძეს აქვს თბილი დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან (დედა, პაპა, ბებია, ბიძა). ჰყავს დიდი ბებია და პაპა, რომლებიც ტერიტორიულად ახლოს ცხოვრობენ. ე.ვ–ძეზე ძირითადად ზრუნავს ბებია - ხ.ქ–ია. დედა ყოველთვიურად ჩამოდის ბავშვთან. ე. უზრუნველყოფილია ტანსაცმლით, ასაკობრვი განმავითარებელი სათამაშოებით, ეკოლოგიურად სუფთა საკვებით. ოჯახის წევრები ე–ს სითბოთი და სიყვარულით ეპყრობიან, ერთვებიან მასთან თამაშში, ასეირნებენ პარკში, ახალისებენ ბავშვს. ოჯახში ე. დაცულია უგულებელყოფისაგან, ძალადობისაგან. ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელია, არა აქვთ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ბავშვს თბილად ექცევიან, არ იყენებენ აღზრდის არაკონსტრუქციულ მეთოდებს. ოჯახის წევრები (მ.ფ–ი, მისი დედ-მამა, ძმა) ერთმანეთთან თბილ, მზრუნველ, გულისხმიერ დამოკიდებულებაში არიან. ოჯახის წევრები დასაქმებული არიან, განაწილებული აქვთ ფუნქციები, ოჯახის წევრები შეთანხმებულად მოქმედებენ, გვერდში უდგანან ერთმანეთს, იყოფენ ოჯახის, ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. ოჯახის წევრები ურთიერთობენ მეზობლებთან, თამნამშრომლებთან, ახლობლებთან, იცავენ ტრადიციებს. ოჯახის წევრებს კარგი დამოკიდებულება აქვს მეზობლებთან, ნათესავებთან. მათ ოჯახს იცნობენ, როგორც მშრომელ, პატიოსან ოჯახს. მათ შეუძლიათ ახლობლებს დახმარების ხელი გაუწოდონ საჭიროებისამებრ. ოჯახი ეკონომიურად ძლიერია, ჰყავთ საკუთარი უცხო ფირმის მსუბუქი მანქანა, ჰყავთ თანადგომის ქსელი, რომელიც ფსიქოლოგიურად და მატერიალურად გვერდში უდგას ოჯახს.
6.16. დედასა და შვილს შორის გულთბილი, მზრუნველი დამოკიდებულებაა, დედა თვალყურს ადევნებს ბავშვის ქცევას, აძლევს დარიგებას, რჩევას. დედა - მ.ფ–ი ყოველთვიურად რამდენიმე დღე იმყოფება ბავშვთან და მასზე ზრუნვითაა დაკავებული, ხშირად ეალერსება, ეფერება შვილს, ხოლო თბილისში ყოფნისას ყოველდღიურად სოციალური ქსელით ეკონტაქტება ე–ს. ფსიქოლოგის დაკვირვებით, დედასთან ურთიერთობის დროს (რომელიც განხორციელდა გურიის რეგიონული ცენტრის შენობაში) ე. „სხეულის ენით“ გამოხატავდა პოზიტიურ ემოციებს და სიყვარულს, სიხარულს, იღიმოდა, უცინოდა, ეხუტებოდა დედას. ბავშვი ეხუტებოდა დედას, ბავშვი მუდმივად ცდილობდა დედასთან ყოფნას, სთხოვდა სხვადასხვა თამაშებში დახმარებას. ჰყვებოდა დედასთან დაკავშირებით მისთვის სასიამოვნო შეხვედრის შესახებ. სოციალურ მუშაკთან შეხვედრისას ე.ვ–ძე ხალისით ყვება დედასთან დაკავშირებულ ურთიერთობაზე, თამაშებში ჩართულობაზე, დედასთან ერთად სეირნობაზე. ის კმაყოფილია, ხალისიანია დედასთან ერთად, ამბობს, რომ „ყველაზე ძალიან უყვარს ხ. და მ., უყვარს ბებია-პაპა, რომლებიც ზრუნავენ მასზე, ახალისებენ ბავშვს. ე–ს თქმით - „კ. ბაბუა და ხ. ბებია ყიდულობენ სათამაშოებს“. ოჯახში ბავშვზე განხორციელებული ზრუნვა დამაკმაყოფილებელია.
6.17. საცხოვრებელი, სადაც ამჟამად იმყოფება ე., არის სამოთახიანი ბინა, მოწესრიგებულია სამზარეულო და სველი წერტილები, დაცულია ჰიგიენური ნორმები. ბავშვისთვის საცხოვრებელ სახლში გამოყოფილია საძინებელი ოთახი, სადაც ე–ს აქვს საყვარელი სათამაშოები. საცხოვრებელი თბება გაზით, ყოფითი პირობები უსაფრთხოა.
6.18. არასრულწლოვანი ე.ვ–ძე ირიცხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღის აღსაზრდელად.
6.19. დ.ვ–ძის ამჟამინდელი ფაქტობრივი მისამართია: ქ. თბილისი, ........ (არის მშობლების საკუთრება). ბინა შედგება სამი ოთახისგან (ორი საძინებელი, ერთი მისაღები ერთი სამზარეულო). ბინა არის ახალი რემონტით, მოწესრიგებულია საყოფაცხოვრებო და დაცულია სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა, აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ავეჯითა და ელექტრო ტექნიკით. ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი მიეწოდებათ მუდმივად. საცხოვრებელში არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. დ.ვ–ძე აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს დის – ქ.ვ–ძის ოჯახთან, კერძოდ, მეუღლე - გ.გ–ძესთან და მათ არასრულწლოვან შვილებთან - ნ., ბ. და გ. გ–ეებთან ერთად. დ.ვ–ძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი ფლობს სამოთახიან ბინას, რომელშიც ამ დროისათვის მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, სამუშაოების დასრულების შემდეგ იგი გეგმავს საცხოვრებლად გადასვლას საკუთარ ბინაში მისამართზე: ქ. თბილისი, ........... სოციალური მუშაკის შეფასებით, დ–ს ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ მზრუნველობას და სიყვარულს, აქვთ ძლიერი ემოციური კავშირი. დ.ვ–ძის და მისი დის - ქ–ს ინფორმაციით, ისინი იზრდებოდნენ ოჯახში, სადაც მათი მშობლები მუდმივად პატივს სცემდნენ ერთმანეთს და მაქსიმალურად ზრუნავდნენ შვილებზე. არ ახსენდებათ მშობლების და ზოგადად ოჯახში კონფლიქტი. დ–ს და ქ–ს თქმით, მათ ოჯახში ერთმანეთს მუდმივად პატივისცემით ეპყრობიან, იზიარებენ ერთმანეთის ცხოვრებისეულ გამოწვევებს თუ წარმატებებს, მუდმივად უწევენ მხარდაჭერას და ერთმანეთისთვის წარმოადგენენ ძლიერი თანადგომის ქსელს. ოჯახის ყველა წევრს ყოველდღიური საქმიანობა და ფუნქციები გადანაწილებული აქვს, პრობლემატურ საკითხებს ერთად განიხილავენ და ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს, ცდილობენ ასეთ შემთხვევებში მუდმივად ჩართულნი იყვენ და ყველა საკითხი გადაჭრან ერთობლივი ძალისხმევით და მხარდაჭერით. დ.ვ–ძის ოჯახის წევრები არიან ეროვნული ტრადიციების მიმდევარი მართლმადიდებელი მრწამსის, ისინი აღნიშნავენ რელიგიურ და საერო დღესასწაულებს, აქვთ ასევე ოჯახური ტრადიციები. ისინი აქტიურად ურთიერთობენ და კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩამოყალიბებული მეზობლებთან, ნათესავებთან, ჰყავთ დიდი თანადგომის ქსელი მეგობრების და ნათესავების სახით, რომელნიც უწევენ მხარდაჭერას. საჭიროების დროს დ.ვ–ძე არის მშვიდი, გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანი. ოჯახის წევრები მუდმივად არიან ბავშვის მოლოდინის რეჟიმში და მზად არიან არასრულწლოვან ე.ვ–ძეს მამასთან დაკმაყოფილებული ჰქონდეს მისი ასაკის შესაბამისი საჭიროებები. დავითს აქვს სტაბილური შემოსავალი. იგი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 კურსის სტუდენტი. დასაქმებულია მამა გაბრიელის სახელობის პალიატიურ ჰოსპისში (აღნიშნული დაწესებულება არის ოჯახის ბიზნესი), მისი ყოველთვიური ანაზღაურება არის 900 ლარი. ოჯახში ვიზიტისას გამოიკვეთა, რომ დ. და მისი ყველა ოჯახის წევრი დიდი სიყვარულით საუბრობენ არასრულწლოვან ე.ვ–ძეზე. ისინი წუხან დ–სა და მ–ს ოჯახის დანგრევის გამო, სურთ სრულფასოვანი ურთიერთობა ჰქონდეთ ბავშვთან, იზრუნონ მასზე და მიიღონ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა. დ.ვ–ძის ინფორმაციით, იგი არის მოტივირებული მამა, მისი თქმით, ბავშვთან განშორებით განიცდის ტანჯვას და უზომოდ ენატრება შვილი. აქვს სურვილი ჰქონდეს ურთიერთობა და მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდა- განვითარებაში სრულფასოვნად. მამასთან ცხოვრების პერიოდში, მამის მხრიდან ბავშვზე ხორციელდებოდა ადეკვატური მზრუნველობა. გოგონა უზრუნველყოფილი იყო ყველა ძირითადი საჭიროებით, ადეკვატური საკვებითა და საცხოვრებელი პირობებით (მამის სახლში ე–სთვის გამოყოფილია ინდივიდუალური საძინებელი ოთახი, სადაც არის მისთვის საჭირო ავეჯი), ასევე ოჯახს აქვს შესაძლებლობა უზრუნველყონ ბავშვი სეზონის შესაბამისი სამოსით, სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით, სასწავლო ინვენტარით. მათი თქმით, ოჯახში დაცული იყო ე–ს პირადი ჰიგიენა. ბავშვის მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი იყო როგორც ბავშვის დედა, ასევე მამა, ბავშვზე ზრუნვაში მშობლებთან ერთად საჭიროების დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდა დ–ს და - ქ. გოგონას მიმართ სითბოსა და სიყვარულს იჩენდნენ დავითის მშობლები და დედმამიშვილები. დ–ს თქმით, მას არ უჭირდა ბავშვის მოვლა და მასზე ზრუნვა მამის ოჯახში ცხოვრებისას, ოჯახის წევრები ყოველთვის ითვალისწინებდნენ ბავშვის საჭიროებებს. დ.ვ–ძეს აქვს სურვილი განახორციელოს სრულყოფილი მზრუნველობა შვილზე, იზრუნოს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, განათლების მიღებასა და პიროვნულ განვითარებაზე. დ.ვ–ძე შვილზე საუბრისას ემოციურად გამოხატავს სიყვარულს, მზრუნველ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, აღელვებს შვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, განიცდის იმ ფაქტს, რომ ბავშვს მასთან ყოფნა და ურთიერთობა შეფერხებული აქვს დედის მხრიდან, მისი გადმოცემით აღნიშნული მდგომარეობა განპირობებულია მოპასუხე მხარის მიზანმიმართული ქმედებით. სოციალურ მუშაკთან ინტერვიუს ჩატარების დროს, დ.ვ–ძე იყო გაწონასწორებული, მშვიდი მდგომარეობით, საუბრობდა თანმიმდევრულად, გამოხატავდა ყოფილი მეუღლის მიმართ გარკვეული საკითხების მიმართ გულდაწყვეტას, არ გამოხატავდა მის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას, გამოხატავდა მისი შვილის დედის მიმართ პატივისცემას. იგი მომხრეა ყოფილ მეუღლესთან მშვიდობიანი, ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბების შვილთან დაკავშირებულ საკითხებზე. სურს, რომ არასრულწლოვან ე–ს ორივე მშობელთან ურთიერთობა ჰქონდეს თანაბარი პირობებით და ორივე მშობლისგან ბავშვი გრძნობდეს სიყვარულს და მხარდაჭერას.
6.20. ფსიქოლოგმა, 2022 წლის 10 მაისს, განახორციელა ვიზიტი ლანჩხუთის რაიონში არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის (მის.: ლანჩხუთი, ...........) მიხედვით. არასრულწლოვანი ე.ვ–ძის ბებია-პაპის ოჯახში. ვიზიტის განხორციელების დროს მცირეწლოვანის დედა - მ.ფ–ი არ იმყოფებოდა ლანჩხუთის ტერიტორიაზე, დედამ სატელეფონოდ განაცხადა, რომ ის მუშაობს ქ.თბილისში და კვირის გარკვეულ დღეებს ატარებს არასრულწლოვან შვილთან. მცირეწლოვანი ე. ბებია-პაპის და დიდი ბებია-პაპის გარემოცვაში თავს მშვიდად გრძნობდა, ე–ს არ გასჭირვებია ფსიქოლოგთან კომუნიკაციის დამყარება, უფრო მეტიც, მისთვის სასიამოვნო სიახლე იყო ფსიქოლოგთან დამეგობრება. ე–ს აქვს განვითარებისთვის საჭირო განმავითარებელი სათამაშოები ფაზლები და სხვა დამატებით საჭირო აქტივობებისთვის ნივთები. შეფასების პროცესში ნათლად გამოიკვეთა, რომ ე–ს სათანადოდ, თავისი ასაკის შესაბამისად აქვს გამომუშავებული სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარები. ეს დეფიციტი განსაკუთრებით ვლინდება ბავშვისთვის უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ე. ჰყვება მეგობრებზე, რომელიც ჰყავს და მასთან ერთად გატარებულ დროს განსაკუთრებით აღნიშნავს. ფსიქოლოგის მითითებით, მკაფიოდ ვლინდება, რომ ბავშვი დღეის მდგომარეობით, დედასთან ურთიერთობის დროს ავლენს დედის მიმართ პოზიტიურ ურთიერთობას და საპირისპირო ურთიერთობა აქვს მამასთან, შესაბამისად, თუ ეს გარემოება არ გაუმჯობესდა ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად ბავშვმა შესაძლებელია უპირატესობა მიანიჭოს ერთ-ერთ მშობელს და შეზღუდული კონტაქტი ამჯობინოს მეორე მშობელთან. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიზნით მას ჰქონდეს ორივე მშობელთან თანაბარი ურთიერთობა.
6.21. „ფილიპ პომელის სახელობის ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრის“ ფსიქოლოგი შეხვდა ბავშვს ორჯერ ივნისის თვის განმავლობაში (2023 წლის 20 და 24 ივნისი). ორივე სესიაზე ე. მოიყვანა დედამ - მ.ფ–მა. პირველ შეხვედრაზე ე. ავლენდა მცირე შფოთვას, იყო დაძაბული, პერიოდულად აიგნორებდა ფიქოლოგის შეკითხვებს, ან აძლევდა მოკლე პასუხებს. ე–ს მოეწონა სათამაშოები, ცოტა ხანში დაიწყო თამაში, ყველაფერს უზიარებდა დედას, რომელთანაც აქვს კარგი ემოციური კავშირი. როდესაც ფსიქოლოგმა ახსენა მამა, ბავშვი დედას მიუბრუნდა და უთხრა: ,,წავიდეთ“! ამის შემდეგ ფსიქოლოგის აქტიური მცდელობის მიუხედავად, დედას ხშირად ეუბნებოდა „წავიდეთ“, მაგრამ ტირილი არ დაუწყია და სესიაზე ბოლომდე დარჩა. ფსიქოლოგის შეკითხვაზე უპასუხა მამის სახელი, თქვა, რომ მამას საჩუქრები მოაქვს და ენატრება, მოსწონს მამასთან თამაში, თუმცა ასეთ შეკითხვებს ე. პასუხობდა მოკლედ და შემდეგ გადაჰქონდა თემა ან აიგნორებდა მამის შესახებ დასმულ შეკითხვებს. ზღაპრის წაკითხვის ჯერზე, ყოველ ჯერზე, სადაც დაინახავდა, რომ დათუნია ეხუტებოდა მამას, ან იყო მამასთან ერთად, იძახდა, რომ „მოწყენილები არიან“, თუმცა ნახატზე დათუნია და მამაც იცინოდნენ. ე–მ თქვა, რომ ცხოვრობს ბებიასთან და ბაბუასთან ერთად, დადის ბაღში, ასევე ერთხელ ახსენა ბიძა, რომელთან ერთადაც თამაშობს. როდესაც დედა შემოვიდა ოთახში, ე. ჩაეხუტა, კოცნიდა, უმღეროდა დედაზე სიმღერას. ე–ს დედასთან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, თქვა, რომ მოეწონა თბილისში და შეკითხვაზე, ლანჩხუთში ურჩევნია, თუ თბილისში, ხალისიანად წამოიძახა, რომ თბილისში ურჩევნია ყოფნა. ფსიქოლოგი, 2023 წლის 23 ივნისს, შეხვდა ასევე ბავშვის მამას - დ.ვ–ძეს, რომელმაც გადასცა ფსიქოლოგს ვიდეო, ფოტო და აუდიომასალა, თუ როგორ ურთიერთობდა ბავშვთან, როდესაც აკითხავდა ლანჩხუთში ოჯახთან ერთად, ან ასეირნებდა ბავშვს დ–ს დასთან ერთად. პირველ შეხვედრაზე, თერაპიის მსვლელობისას ე. იყო დაძაბული და პერიოდულად აიგნორებდა ფსიქოლოგის შეკითხვებს, თამაშობდა განმარტოებით, მეორე სესიაზე ე–მ არ გააპროტესტა ფსიქოლოგთან მარტო დარჩენა ოთახში და ჩაერთო ყველა შეთავაზებულ აქტივობაში. ე. არის ხალისიანი, კონტაქტური ბავშვი. მეორე შეხვედრაზე არ იყო დაძაბული და აქტიურად იჩენდა თამაშის ინიციატივას, უზიარებდა ფსიქოლოგს ემოციებს, ასევე მოიტანა ზურგჩანთით საყვარელი სათამაშოები და გაუზიარა მას. პირველ შეხვედრაზე, როგორც კი ფსიქოლოგმა მამა უხსენა, ე. მიუბრუნდა დედას და სთხოვა, რომ წასულიყვნენ, ამის შემდეგ შეფასების მსვლელობისას, ე. დედისგან განმეორებით ითხოვდა წასვლას. მეორე შეხვედრაზე ე–მ ფსიქოლოგს უთხრა, რომ მამამისს ჰქვია დ. და ის გაბრაზებულია მამაზე, ფსიქოლოგის შეკითხვაზე - რატომ, ე–მ მოკლედ უპასუხა, რომ მამამ ნაყინი არ უყიდა. თუმცა შეკითხვებზე, ენატრება თუ არა მამა და მოსწონს თუ არა მამასთან თამაში, ე–მ თქვა, რომ უყვარს მამა და მოსწონს მასთან თამაში. ბავშვი იძლეოდა მოკლე პასუხებს და აიგნორებდა ამ თემაზე საუბარს. უმეტესად, ყურადღება გადაჰქონდა თამაშზე. ე. ძალიან ბედნიერი იყო დედასთან ურთიერთობის დროს, უზიარებდა ყველაფერს, ეხუტებოდა, უმღეროდა სიმღერას დედაზე, ე. დედას ექცეოდა ძალიან თბილად. ე–ს არ აქვს პოზიტიურად წარმოდგენილი მამის ხატი. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს იმ ფაქტით, რომ ბავშვი თვლიდეს, რომ რადგან მამას ხშირად ვერ ნახულობს, მამას არ უნდა მისი ნახვა და, შესაძლოა, მამაზე გაბრაზებული იყოს სწორედ ამის გამო. შესაძლოა დამატებით იყოს სხვა მიზეზებიც, მაგალითად.: იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის თანდასწრებით მისთვის სანდო ადამიანები ცუდად იხსენიებენ მამას, ან შეესწრო ოჯახებს შორის ვერბალურ დაპირისპირებებს. ბავშვის მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ჰქონდეს ორივე მშობლის მხრიდან უპირობო სიყვარულის განცდა, ბავშვისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა მამასთან ჰქონდეს ხშირი კონტაქტი და აღუდგეს ნდობა მამის მიმართ, რაზეც აქტიურად უნდა იმუშაონ მშობლებმა, ასევე რეკომენდირებულია პროცესში ფსიქოლოგის ჩართულობაც. ფსიქოლოგიური შეფასების დროს, ე–ს არ ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ვისიმე ზეგავლენის ქვეშ. შეფასების პროცესში ე–ს ქცევებსა თუ საუბარზე დაკვირვებით, არ გამოვლენილა რაიმე პირდაპირი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ის იღებს რომელიმე მშობელზე უარყოფით ინფორმაციას, თუმცა შესაძლოა ასეც იყოს და ვერ გამორიცხავს. ფსიქოლოგის განმარტებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის მამასთან ან დედასთან იშვიათი ურთიერთობის ქონა უარყოფითად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე, ემოციურ მდგომარეობასა და მომავალში მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე. ამიტომ ორივე მშობელი სასურველია როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად იყოს ჩართული ბავშვის ცხოვრებაში, თუმცა, ე–ს ამ ეტაპზე მამის საცხოვრებელ ადგილას გადაყვანა იქნება მისთვის სტრესული, რადგან არ არის მიჩვეული მამასთან ერთად ცხოვრებას და არ აქვს მამის პოზიტიური ხატი. რაც შეეხება ე–ს საცხოვრებელ ადგილს, ბავშვის ამჟამინდელი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიჩნეულ უნდა იქნეს დედის საცხოვრებელი ადგილი, რაც მამასაც მისცემს შესაძლებლობას, ხშირად ნახოს ბავშვი და დედის დახმარებით მოიპოვოს ნდობა ე–ს თვალში, კარგი იქნება ამ პროცესში ფსიქოლოგის ჩართულობა და პერიოდულად ორივე მშობლის ფსიქოკონსულტირება, იმის თაობაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მშობლებთან ყოველდღიურ ფიზიკურ, თუ ემოციურ კონტაქტს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში, რათა ორივე მშობელმა გვერდზე გადადოს პირადი წყენა და იმოქმედონ ე–ს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ჰყავს მზრუნველი ოჯახის წევრები, რომელთანაც ის ცხოვრობს და ისინი არაფერს აკლებენ მას, თუ ბავშვი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ გრძნობს ფიზიკურად და ემოციურად მშობლების არსებობასა და საყრდენს, მას უჩნდება მიტოვების განცდა, რომელსაც ვერცერთი მზრუნველი ბებია-ბაბუა ვერ ჩაუნაცვლებს, ინდივიდის მენტალური ჯანმრთელობისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ადრეული ბავშვობიდან ორივე მშობლის მხრიდან უპირობო სიყვარულის განცდას. შესაბამისად, აღზრდის პროცესში აუცილებელია ორივე მშობლის ჩართულობა და მონაწილეობა. ე–ს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია იცხოვროს თბილისში დედასთან ერთად, დედის დაკავებული სამსახურეობრივი განრიგის გათვალისწინებით, დასაშვებია ძიძის აყვანა, ასევე მამის ოჯახის წევრებთან ურთიერთობაც და გრაფიკების ერთმანეთისთვის შენაცვლება. ამ შემთხვევაში მამაც უფრო ხშირად მოახერხებს ბავშვთან ურთიერთობას და ე–საც ნაკლებად ექნება მშობლების მხრიდან მიტოვების განცდა.
6.22. მხარეებს შორის ურთიერთობა კონფლიქტურია. დ.ვ–ძეს ექმნებოდა დაბრკოლება ბავშვთან ურთიერთობაში. დავითის გადმოცემით, მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ოჯახის წევრებთან ერთად მინიმუმ თვეში ერთხელ ჩადიოდა ლანჩხუთში შვილის მონახულების მიზნით (ბავშვს უზრუნველყოფდა სეზონის შესაბამისი ტანსაცმელით, საკვები პროდუქტით, სათამაშოებით), ოჯახში მას არასდროს ხვდებოდნენ კეთილგანწყობით, მისი შვილთან შეხვედრა მთავრდებოდა ბავშვის თანდასწრებით მამის ლანძღვით მ.ფ–ის დედის - ხ.ქ–იას მხრიდან. იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვის ბებია ხ.ქ–იამ ძალით გამოგლიჯა ხელიდან არასრულწლოვანი ე. დ–ს და არ მისცეს ბავშვთან სრულფასოვანი კომუნიკაციის საშუალება. აღნიშნული გარემოება აფერხებს მამა-შვილის ურთიერთობას. სოციალური მუშაკის მიერ მომზადებლ დასკვნაში მითითებულია, რომ ბავშვის დედას საერთოდ არ სურს არასრულწლოვან ე.ვ–ძეს კონტაქტი ჰქონდეს ბიოლოგიურ მამასთან. სოციალური მუშაკი ასევე მიუთითებს, რომ მ.ფ–ს შესთავაზეს ბავშვის თბილისში ჩამოყვანა. აღნიშნულ შეთავაზებაზე მ.ფ–მა სოციალურ მუშაკს განუცხადა კატეგორიული უარი. მისი თქმით, იგი დასაქმებულია და არ ჰყავს ბავშვის დამტოვებელი პირი, ბავშვის თბილისში ჩამოყვანას გეგმავდა ივნისის თვეში და მაისის თვეში ვერანაირად ვერ შეძლებდა, ასევე არანაირი სურვილი არ ჰქონდა ბავშვისა და მამის შეხვედრის და წინააღმდეგია მამას ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან, მისი თქმით, ე–ს რამდენიმე თვეა მამა არ უნახავს და აღარც ახსოვს და არც ესაჭიროება. მოგვიანებით, სააგენტოს ფსიქოლოგთან საუბრისას მოპასუხემ სხვაგვარი პოზიცია დააფიქსირა, კერძოდ, მიუთითა, რომ იაზრებს ორივე მშობლის ერთად არ ყოფნით გამოწვეულ ბავშვზე შემდეგში გამოვლენილ სტრესზე ან განვითარებაზე მოქმედ უარყოფით გავლენას. შესაბამისად, ის არ არ არის წინააღმდეგი მამამ მოინახულოს მცირეწლოვანი ე. და აღადგინოს მასთან ურთიერთობის დეფიციტი. აღსანიშნავია, რომ დროებითი განკარგულების აღსრულება მიმდინარეობდა პრობლემურად, რაც მნიშვნელოვანწილად შეხვედრების და, ზოგადად, დ.ვ–ძის მიმართ მოპასუხის ოჯახის დამოკიდებულებით იყო განპირობებული. ამაზე მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, ასევე სასამართლოში წარმოდგენილი მხარეთა შორის დიალოგების ამსახველი ჩანაწერი. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ სოციალური მუშაკის ბოლო დასკვნის თანახმად, ე. სიამოვნებით იხსენებს მამასთან შეხვედრებს და გამოხატავს სურვილს, რომ დედასთან ერთად შეხვდეს მამას, ერთად გაატარონ დრო. საბავშვო ბაღში შეხვედრისას ე. ჰყვებოდა როგორც დედასთან ურთიერთობებზე, ასევე მამის ჩამოსვლისას შემდგარ შეხვედრებზე, მამის მიერ მისთვის საინტერესო და სასიამოვნო საჩუქრებზე. საუბრისას ე–მ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მოეწონა მამის ნაჩუქარი გიტარა, რომელზეც საყვარელ დედას სიმღერა მიუძღვნა. მამა დ.ვ–ძე მათთან ოჯახშიც ხვდება შვილს, ე. მამას მიჰყვება სასეირნოდ საცხოვრებელი კორპუსის ახლოს. ამჟამად ე. გამოხატავს მამასთან შეხვედრის სურვილს დედასთან ერთად, იკვეთება მამასთან შეხვედრის მოლოდინიც, რაც ადრე ბავშვს არ გამოუხატავს. მცირეწლოვანი ე.ვ–ძის ოჯახის წევრები, ასევე მ.ფ–ი გამოხატავს მზაობას, რომ დადებითი ემოციური კავშირი იყოს ბიოლოგიურ მამასა და შვილს შორის. სააგენტო მიუთითებს, რომ დაინტერესებული პირის - დ.ვ–ძის მოთხოვნის საფუძველზე გურიის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით 3-ჯერ დაიგეგმა აღსრულება, აქედან, ერთი შეხვედრა ვერ აღსრულდა, ვინაიდან, არასრულწლოვანი ე.ვ–ძე არ იყო მომზადებული, მამასთან გამოევლინა პოზიტიური დამოკიდებულება, ხოლო სხვა შემთხვევაში აღსრულება შედგა ბავშვის ინტერესების შესაბამისად. ოჯახის წევრების თქმით (მ. ფ–ი, ხ.ქ–ია), აღნიშნულის შემდგომ, ბავშვის მამა დ.ვ–ძე მათთან ოჯახშიც ხვდება შვილს, ე. მამას მიჰყვება სასეირნოდ საცხოვრებელი კორპუსის ახლოს. ამჟამად ე. გამოხატავს მამასთან შეხვედრის სურვილს დედასთან ერთად, იკვეთება მამასთან შეხვედრის მოლოდინიც, რაც ადრე ბავშვს არ გამოუხატავს.
6.23. ე.ვ–ძის დამოკიდებულება მამასთან ურთიერთობის მიმართ საქმის განხილვის მიმდინარეობის განმავლობაში შეიცვალა. მხარეთა თანაცხოვრების დროს დამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია სასამართლოს აქვს მხარეთაგან, ასევე სოციალური მუშაკთან მათი და ოჯახის სხვა წევრების გასაუბრების შედეგად შედგენილი დასკვნიდან. ე. მამასთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობდა დაბადებიდან წელიწადი და რამდენიმე თვე, რა დროსაც ჰქონდათ მამაშვილური, თბილი ურთიერთობა. მშობლების დაშორების შემდეგ ე. იზრდება სხვა ტერიტორიულ ერთეულში, მამის საცხოვრებლიდან დაშორებით. აღნიშნულის, ასევე იმ გარემოების გამო, რომ დ.ვ–ძის მიმართ მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები უარყოფითად იყვნენ განწყობილი, საქმის განხილვაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანის ჩართვის დროისათვის გამოვლინდა არასრულწლოვნის გაუცხოება ერთ-ერთ მშობელთან. ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, დაკვირვებით და მიღებული ინფორმაციით ე. ავლენდა მამასთან ურთიერთობის შიშსა და უცხოობას. დედის ინფორმაციით გაუცხოება გამომდინარეობს მამის მხრიდან შვილთან ურთიერთობის დეფიციტით. დროებითი განკარგულების მიღების შემდეგ ურთიერთობა მეტ-ნაკლებად აღდგა, თუმცა შეინიშნებოდა, რომ მოპასუხის ოჯახის წევრები ხელს არ უწყობდნენ ამ კომუნიკაციას, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე რამდენიმე წელია ბავშვი მათთან იზრდება და მათ პოზიციას გავლენა აქვს მის დამოკიდებულებაზეც. საბოლოოდ, ბოლო დასკვნა ადასტურებს, რომ ვითარება შეცვლილია. სოციალური მუშაკის ბოლო დასკვნის თანახმად, ე. სიამოვნებით იხსენებს მამასთან შეხვედრებს და გამოხატავს სურვილს, რომ დედასთან ერთად შეხვდეს მამას, ერთად გაატარონ დრო. ის ჰყვება მამის მიერ მისთვის საინტერესო და სასიამოვნო საჩუქრებზე. საუბრისას ე–მ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მოეწონა მამის ნაჩუქარი გიტარა, რომელზეც საყვარელ დედას სიმღერა მიუძღვნა. მამა დ.ვ–ძე მათთან ოჯახშიც ხვდება შვილს, ე– მამას მიჰყვება სასეირნოდ საცხოვრებელი კორპუსის ახლოს. ამჟამად ე. გამოხატავს მამასთან შეხვედრის სურვილს დედასთან ერთად, იკვეთება მამასთან შეხვედრის მოლოდინიც, რაც ადრე ბავშვს არ გამოუხატავს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.24. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. იმავე კონვენციის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს, მაგალითად, როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება (მათ შორის - ბავშვის რომელიმე მშობელთან დროებით ამ მუდმივად ცხოვრების შესახებ) მიღებულ უნდა იქნეს სწორედ ბავშვის ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის № ას-331-316-2015 განჩინება).
6.25. პალატამ მიუთითა, ბავშვის უფლებათა კოდექსის ნორმებზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საქმეთა კოდექსის 1197-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
6.26. პალატის მითითებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დგინდებოდა, რომ საცხოვრებელი პირობები, არასრულწლოვანს როგორც დედის მშობლებთან ლანჩხუთში, ასევე მამასთან ქ. თბილისში სათანადო აქვს. იგი სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ამჟამად როგორც მატერიალური თვალისაზრისით, ისე მზრუნველობით. იგივე მოცემულობა იქნება ბავშვის მამასთან ცხოვრების შემთხვევაშიც. მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე არ შეცვლილა ვითარება ბავშვის საცხოვრებელი ადგილთან მიმართებით, კერძოდ, მცირეწლოვანი ე.ვ–ძე ცხოვრობს პაპასთან და ბებიასთან ერთად, ლანჩხუთში. უდავოა, რომ ორივე მშობლის სურვილია, ბავშვმა სკოლაში იაროს თბილისში და არა ლანჩხუთში.
6.27. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის დროებითი განკარგულებით არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლებს - ბავშვის დედას და მამას დაევალათ შვილის - ე.ვ–ძის ქალაქ თბილისის 86-ე საჯარო სკოლში დარეგისტრირება და არასრულწლოვნისათვის სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყების უზრუნველყოფა, 2025 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარებით, არასრულწლოვანი ე.ვ–ძე სკოლაში დარეგისტრირებული არ არის (არც ერთ სკოლაში).
6.28. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლეების შემადგენლობა, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას, ბავშვის აზრის მოსმენის მიზნით, გაესაუბრა მცირეწლოვან ე.ვ–ძეს, თუმცა მასთან სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერ შედგა. პალატამ მოისმინა მცირეწლოვან ე.ვ–ძის წარმომადგენლის, მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლისა და ასევე, ფსიქოლოგის მოსაზრებები, რომელთა გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ გამოკვეთილი იყო ბავშვის საცხოვრებელი ადგილის ცვლილების საჭიროება.
6.29. პალატამ აღნიშნა, რომ ბავშვმა უნდა იცხოვროს მშობელთან/მშობლებთან და მათთან შედარებით უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს პაპას და ბებიას, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ეტაპზე ბავშვის მიჯაჭვულობის სუბიექტი არის ბებია, ბავშვთან მუშაობის შედეგად შესაძლებელია შეიცვალოს ეს მოცემულობა და ბავშვს მშობლებთან ჩამოუყალიბდეს ამ სახის ურთიერთობა და თანდათან მშობლებთან დაშორებამ არ გამოიწვიოს ის მოცემულობა, რომ ბავშვი გაუცხოვდეს მათთან. პალატამ განმარტა, რომ, ზოგადად, რა თქმა უნდა, ბავშვის ცხოვრებაში დიდია ბებიის და პაპის როლი, მით უფრო მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დასტურდება, რომ ბავშვი ცხოვრობს ბებია-პაპის ოჯახში, იმავდროულად, ბავშვი მცირე ასაკიდანვე იზრდება პაპასთან და ბებიასთან, რომლებიც ზრუნავენ მასზე და ბუნებრივია, ბავშვს მათ მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობა აქვს, როგორც მის აღმზრდელებთან, თუმცა სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რა გზითაც ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დარჩებაოდა ლანჩხუთი - მისი ბებიისა და პაპის საცხოვრებელი ადგილი, იარსებებდა სერიოზული რისკი იმისა, რომ ბავშვი თანდათან დაშორდება მშობლებს, რომლებიც ცხოვრობენ ცალ-ცალკე, თუმცა ორივე მათგანი თბილისში (თუნდაც იმ პირობებში, რომ მშობლები მას გარკვეული პერიოდულობით ნახავენ), რაც დადებით გავლენას ვერ მოახდენს ბავშვის სრულფასოვან განვითარებაზე მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე გადასაწყვეტად დგას არა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა/არჩევა, არამედ ის საკითხი, ბავშვმა უნდა იცხოვროს ბებიისა და პაპის ოჯახში, თუ მამის საცხოვრებელ ადგილზე, ვინაიდან ბავშვის დედას, მოცემული საქმისწარმოების ფარგლებში (შეგებებული სარჩელის აღძვრის გზით), არ მოუთხოვია ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. მართალია, ბავშვის დედამ - მ.ფ–მა განმარტა, რომ მისი სურვილია, ბავშვი სკოლაში თბილისში დაარეგისტრიროს, რა მიზნითაც დედა (ბავშვის- ბებია) საცხოვრებლად თბილისში გადმოვა და ბავშვის მამას ამ გზით უნდა მიეცეს ბავშვის ნახვის შესაძლებლობა, თუმცა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის პირობებში, საპროცესოსამართლებრივად, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ფ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმეში არ ჩართო მესამე პირები - ბებია და პაპა, არ კითხა მათ აზრი, არ შეაფასა ბავშვის ინტერესი ბებიასა და პაპასთან ცხოვრებაზე. არ მიაქცია ყურადღება საქმეში წარმოდგენილ დასკვნებსა და შეფასებებში დაფიქსირებულ ბავშვის დამოკიდებულებას იმ ოჯახის მიმართ, სადაც ის ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მსჯელობაში აღნიშნა ბებიასა და ბავშვს შორის არსებული მიჯაჭვულობის შესახებ, აღნიშნული საკითხი არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
8.2. საქმეში პრაქტიკულად არ იქნა ჩართული არასრულწლოვანი. კანონი ადგენს ბავშვის აზრის გათვალისწინების ვალდებულებას, რაც ბავშვის მოსმენის გარეშე ვერ მიიღწევა. არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ მომხდარა ბავშვის მოსმენა და მისი ინტერესის გათვალისწინება.
8.3. სასამართლომ განსაზღვრა ბავშვის ადგილსამყოფელი ისე, რომ არ იმსჯელა გარემოებაზე, რომ ბავშვი არ ცხოვრობდა დედის მისამართზე. 2020 წლის სექტემბრიდან არასრულწლოვანი ე.ვ–ძე ცხოვრობს ქ. ლანჩხუთში, მ.ფ–ი კი, ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ დააკმაყოფილა დ.ვ–ძის სარჩელი მ.ფ–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს არის თუ არა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებში მის საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. ამ მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებული მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
16. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
17. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ Nას-967-916-2015, 25.02.2016წ).
18. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობასაც მოიაზრებს და კასატორის ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1202-ე მუხლზე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები). აღნიშნული ნორმა მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი დაშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
20. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სსკ-ის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
21. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ N ას- 458-440-2016, 15.07.2016წ).
22. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი; მოპასუხე (ბავშვის დედა) ცხოვრობს ქ. თბილისში. მოსარჩელე ასევე ცხოვრობს ქ. თბილისში. მათი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს ქ. ლანჩხუთში, სადაც მოსარჩელის მშობლების საცხოვრებელია. მ.ფ–ის თვის განმავლობაში რამდენიმე დღეს ატარებს საკუთარ მშობლებთან მცხოვრებ მცირეწლოვან შვილთან.
23. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. „ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“ (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 4.10.1979წ).
24. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (იხ. სუსგ Nას-53-51-2016, 6.07.2016წ). მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნები, საიდანაც დგინდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ორივე მშობლის (მამის ოჯაში და დედის მშობლების ოჯახში) ოჯახში შექმნილია ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ორივე შემთხვევაში - არასრულწლოვანისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. მისი საჭიროებები, სურვილები და ინტერესები დაკმაყოფილებულია. არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების შესწავლის მიზნით წარმოდგენილია ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა.
25. ფსიქოლოგის განმარტებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის მამასთან ან დედასთან იშვიათი ურთიერთობის ქონა უარყოფითად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე, ემოციურ მდგომარეობასა და მომავალში მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე. ამიტომ ორივე მშობელი სასურველია როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად იყოს ჩართული ბავშვის ცხოვრებაში, თუმცა, ე–ს ამ ეტაპზე მამის საცხოვრებელ ადგილას გადაყვანა იქნება მისთვის სტრესული, რადგან არ არის მიჩვეული მამასთან ერთად ცხოვრებას და არ აქვს მამის პოზიტიური ხატი. რაც შეეხება ე–ს საცხოვრებელ ადგილს, ბავშვის ამჟამინდელი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიჩნეულ უნდა იქნეს დედის საცხოვრებელი ადგილი, რაც მამასაც მისცემს შესაძლებლობას, ხშირად ნახოს ბავშვი და დედის დახმარებით მოიპოვოს ნდობა ე–ს თვალში, კარგი იქნება ამ პროცესში ფსიქოლოგის ჩართულობა და პერიოდულად ორივე მშობლის ფსიქოკონსულტირება, იმის თაობაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მშობლებთან ყოველდღიურ ფიზიკურ, თუ ემოციურ კონტაქტს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში, რათა ორივე მშობელმა გვერდზე გადადოს პირადი წყენა და იმოქმედონ ე–ს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ჰყავს მზრუნველი ოჯახის წევრები, რომელთანაც ის ცხოვრობს და ისინი არაფერს აკლებენ მას, თუ ბავშვი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ გრძნობს ფიზიკურად და ემოციურად მშობლების არსებობასა და საყრდენს, მას უჩნდება მიტოვების განცდა, რომელსაც ვერცერთი მზრუნველი ბებია-ბაბუა ვერ ჩაუნაცვლებს, ინდივიდის მენტალური ჯანმრთელობისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ადრეული ბავშვობიდან ორივე მშობლის მხრიდან უპირობო სიყვარულის განცდას. შესაბამისად, აღზრდის პროცესში აუცილებელია ორივე მშობლის ჩართულობა და მონაწილეობა. ე–ს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია იცხოვროს თბილისში დედასთან ერთად, დედის დაკავებული სამსახურეობრივი განრიგის გათვალისწინებით, დასაშვებია ძიძის აყვანა, ასევე მამის ოჯახის წევრებთან ურთიერთობაც და გრაფიკების ერთმანეთისთვის შენაცვლება. ამ შემთხვევაში მამაც უფრო ხშირად მოახერხებს ბავშვთან ურთიერთობას და ე–საც ნაკლებად ექნება მშობლების მხრიდან მიტოვების განცდა.
26. სოციალური მუშაკის მიერ მომზადებლ დასკვნაში მითითებულია, რომ ბავშვის დედას საერთოდ არ სურს არასრულწლოვან ე.ვ–ძეს კონტაქტი ჰქონდეს ბიოლოგიურ მამასთან. სოციალური მუშაკი ასევე მიუთითებს, რომ მ.ფ–ს შესთავაზეს ბავშვის თბილისში ჩამოყვანა. აღნიშნულ შეთავაზებაზე მ.ფ–მა სოციალურ მუშაკს განუცხადა კატეგორიული უარი. მისი თქმით, იგი დასაქმებულია და არ ჰყავს ბავშვის დამტოვებელი პირი, ბავშვის თბილისში ჩამოყვანას გეგმავდა ივნისის თვეში და მაისის თვეში ვერანაირად ვერ შეძლებდა, ასევე არანაირი სურვილი არ ჰქონდა ბავშვისა და მამის შეხვედრის და წინააღმდეგია მამას ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან, მისი თქმით, ე–ს რამდენიმე თვეა მამა არ უნახავს და აღარც ახსოვს და არც ესაჭიროება. მოგვიანებით, სააგენტოს ფსიქოლოგთან საუბრისას მოპასუხემ სხვაგვარი პოზიცია დააფიქსირა, კერძოდ, მიუთითა, რომ იაზრებს ორივე მშობლის ერთად არ ყოფნით გამოწვეულ ბავშვზე შემდეგში გამოვლენილ სტრესზე ან განვითარებაზე მოქმედ უარყოფით გავლენას. შესაბამისად, ის არ არ არის წინააღმდეგი მამამ მოინახულოს მცირეწლოვანი ე. და აღადგინოს მასთან ურთიერთობის დეფიციტი.
27. დეტალურად შემოწმდა მამის საცხოვრებელი პირობები და დადგენილ იქნა, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და უფლებები - ცხოვრობდეს მშვიდ, უსაფრთხო მზრუნველ და კეთილსაიმედო გარემოში, სრულად დაცული და უზრუნველყოფილია მამის საცხოვრებელ ადგილზე.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას შესწავლილი უნდა იქნეს საკითხი იმის შესახებ, როდის და სად სჯობს, იყოს ბავშვი, სად არის მისთვის უკეთესი, რომელ მშობელს აქვს უფრო მეტი რესურსი კონკრეტულ პერიოდში, რომ მისცეს ბავშვს უკეთ განვითარების შანსი. გარემომ, სადაც მომავალში იქნება ბავშვი, ხელი უნდა შეუწყოს მის ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარების, სამომავლო ურთიერთობებსა და სოციალიზაციის პროცესს. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ორივე მშობლის მიმართ ამჟღავნებს პოზიტიურ დამოკიდებულებას, თუმცა ვლინდება მამასთან ურთიერთობის დანაკლისი. არასრულწლოვნის დედა ძირითადად ცხოვრობს ქ. თბილისში და მის მშობლებთან მცხოვრებ არასრულწლოვან შვილთან ატარებს თვის განმავლობაში რამდენიმე დღეს. ფაქტობრივად ბავშვი არ იზრდება არც ერთ მშობელთან და მის ძირითად საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ბებიის (დედის დედის) საცხოვრებელი, შესაბამისად, ბავშვი მოკლებულია ორივე მშობლის სიახლოვეს და მათთან ურთიერთობებს.
29. საქმეზე დადგენილი გარემოებებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მიერ მომზადებული დასკვნების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არასრულწლოვნის მამასთან ცხოვრება არ იქნება ბავშვისათვის ზიანის მომტანი, არ დააბრკოლებს მის განვითარებას, სოციალიზაციას და არ შეუქმნის საფრთხეს სამომავლოდ მის, როგორც საზოგადოების სრულყოფილ წევრად, ჩამოყალიბებას. ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მისი პოზიტიური ემოციების გამოხატულება მამის მიმართ სასამართლოს აძლევს იმ დაკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ბავშვისთვის უკეთესია ცხოვრობდეს ერთ-ერთ მშობელთან, ამ შემთხვევაში მამასთან და, თავის მხრივ, მამაც აქტიურად იღებდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
30. საკასაციო სასამართლო წინამდებარე გადაწყვეტილებით არ ცდილობს რაიმე ფორმით შეზღუდოს სსკ-ის 1202-ე მუხლით აღიარებული რომელიმე მშობლის ინტერესი, უფრო მეტიც, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის მრავლისმომცველ უფლებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; საჩივარი N.71776/12; 16.02.2016წ; საბოლოო გახდა 2.05.2016წ). საკასაციო სასამართლოს განსჯით, მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესის შეფასება, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობის არსებობა, რათა მან კონტაქტი არ დაკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ, ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ, საგამონაკლისო გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორე მხრივ, ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის მთავარი საზრუნავი ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რომელიც ბავშვს უკავშირდება (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“).
31. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განქორწინებული მშობლებისა და არასრულწლოვნის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით უნდა გამოინახოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორი გადაწყვეტის საშუალება, არამედ, უნდა დადგინდეს მეორე მშობლის ურთიერთობის წესი ბავშის მიმართ, თუმცა, საკითხი უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ მოსამართლის, როგორც ინდივიდის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, არამედ - ზედმიწევნით უნდა შეფასდეს სპეციალისტების - ბავშვის კანონიერი წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შესაძლებლობანი. მზრუნველი, ოჯახური და კომფორტული გარემოს შექმნა ორივე მშობლის ვალდებულებაა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში თითოეულ მშობელს, რადგან ისინი განცალკევებით ცხოვრობენ, ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის ევალება შვილთან ურთიერთობისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება, რაც მშობლის არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაცაა.
32. საკასაციო სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მისთვის უსაფრთხო და სტაბილური ფსიქო-ემოციური გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელი თანაბრად იყოს ჩართული მის ზრდა-განვითარებაში და ორივე მშობელმა თანაბრად უნდა ივალდებულოს შვილზე პასუხისმგებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არ წარმოადგენს ბავშვის დედის ძირითად საცხოვრებელ ადგილს, ხოლო ბავშვისათვის მშობლების როლის აღქმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისი ჯანსაღი განვითარებისთვის, როგორც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასევე სოციალური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მიზანშეწონილია, ბავშვი ცხოვრობდეს მშობელთან, ამ შემთხვევაში მამასთან.
33. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ გამორჩეულია ბებია-პაპის როლი ბავშვის ცხოვრებაში და წინამდებარე გადაწყვეტილება არ წარმოადგენს მის დაკნინებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ბებიის სიყვარული და მზრუნველობა მამასთან შვილის ურთიერთობის აუცილებლობას ვერ ჩაანაცვლებს, ისევე, როგორც შეუცვლელია მშობელთა როლი და მათთან ურთიერთობა. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააკრიტიკა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვის ერთ-ერთ მშობელთან საცხოვრებლად დატოვების გამო და ბავშვის უფლებასთან არათავსებადად მიიჩნია მისი ცხოვრება იმ მშობლის საცხოვრებელ ადგილას, რომელიც პრაქტიკულად არ იმყოფებოდა საცხოვრებელ ადგილას და, სამუშაოს ხასიათის გათვალისწინებით, მხოლოდ პერიოდულად იმყოფებოდა სახლში (იხ. „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“ (G.S. v. GEORGIA) (საჩივარი N 2361/13); 21.07.2015წ.; საბოლოო გახდა 21.10.2015წ.). სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა: „...თავისთავად, ბავშვისა და მშობლის მიერ დროის ერთად გატარებით ურთიერთსიამოვნება წარმოადგენს ოჯახური თანაცხოვრების ძირეულ ელემენტს და დაცულია კონვენციის მე-8 მუხლით (იხილეთ მონორი რუმინეთისა უნგრეთის წინააღმდეგ (Monory v. Romania and Hungary) , № 71099/01, § 70, 5 აპრილი, 2005; იოსებ კარასი რუმინეთის წინააღმდეგ (Iosub Caras v Romania) , № 7198/04, §§ 28-29, 27 ივლისი, 2006; და Karrer, § 37). მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამოიწვევს იმას, რომ მოცემული დროისათვის არასრულწლოვანი ბავშვი არ იცხოვრებს არცერთ მშობელთან, რაც მის საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამება. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, მიუთითებს მათზე და განმარტავს, რომ საქმის მასალებში არსებული მასალების გათვალისწინებით ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, სრულად შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია არასრულწლოვანთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისათვის.
34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
36 ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ფ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. მ.ფ–ს (…….) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (გადახდის ქვითარი N96126477, გადახდის თარიღი 10.01.2026) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია