საქმე №ას-560-2025 30 მაისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნაძალადევის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ-ე“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნაძალადევის რაიონის გამგეობა (შემდეგ - მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებას, რომლითაც შპს „პ-ეს“ (შემდეგ - მოსარჩელე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 7877.12 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
4. საკასაციო სასამართლოს განსჯით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
5. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
6. მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც ეხება მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას, ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 648-ე მუხლებს (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას).
7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 26).
8. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ. სუსგ №ას-1646-2019, 30.09.2020წ.; №ას-623-2022, 12.10.2022წ.).
9. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს, მხარეთა შორის 2020 წლის 4 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2.9.11/30/095 ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული დამატებითი სამუშაოების ხარჯების ანაზღაურებას. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ღირებულება განსაზღვრულია 711 482.64 ლარით, გამგეობის მიერ მიღება-ჩაბარების აქტით აღიარებულია 681 574.41 ლარის სამუშაოების შესრულების ფაქტი. მოსარჩელე ითხოვს დამატებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების 7 877.12 ლარის ანაზღაურებას, რომელიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკმაყოფილებულ იქნა.
10. პალატის მითითებით, გამგეობის 2020 წლის 29 დეკემბრის წერილის საფუძველზე დადგინდა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა დაკორექტირდა, რადგან საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების შესრულება, მათ შორის - სანათების მონტაჟი, რასაც არ გამოუწვევია სახელშეკრულებო ღირებულების ზრდა. აღნიშნული წერილით დადასტურებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გამგეობას სთხოვა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და შეთანხმების აქტის გაფორმება დამატებითი სამუშაოების გათვალისწინებით. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გამგეობის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სამუშაოები შესრულდა შემკვეთის მითითებით, მაშინ როდესაც წარმოდგენილი არ არის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც საწინააღმდეგო გარემოებას დაადასტურებდა.
11. საქმეში წარმოდგენილია ინსპექტირების ანგარიში, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ....... სკვერისა და სპორტული მოედნების მოწყობის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება/ექსპერტიზა ფორმა №2-ის შესაბამისად (ანგარიშის თანახმად, ინსპექტირება განხორციელდა წარმოდგენილი მასალების ანალიზისა და ობიექტის ადგილზე დათვალიერების შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშეჯერების მეთოდით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ინსპექტირების პროცესში გაიზომა ხილული სამუშაოები. გაზომვების შედეგად მიღებული და გაზიარებული მოცულობებისა და რაოდენობების შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა №2) ასახულ მონაცემებთან შედარების საფუძველზე დადგინდა, რომ ფორმა №2-ში მითითებული სამუშაოთა მოცულობები ურთიერთთანხვედრაშია, ხოლო ერთეული ღირებულებები შეესაბამება წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვებში დაფიქსირებულ მოცულობებსა და ღირებულებებს). ანგარიშის დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ, სამუშაოთა ფაქტობრივი მოცულობისა და ხარჯთაღრიცხვაში ასახული ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ნორმატიული დანარიცხებისა და დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით, შეადგინა 7 877,12 ლარი.
12. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელემ, შემკვეთის დავალებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულა 7 877.12 ლარის ღირებულების დამატებითი სამუშაოები, რაც მოწინააღმდეგე მხარემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ უარყო. ამასთან, უდავოა, რომ შემკვეთს მენარდისთვის აღნიშნული სამუშაოების ღირებულება არ აუნაზღაურებია, რაც მართებულად დაედო საფუძვლად მენარდის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის (კასატორის) მიერ მითითებული პრეტენზია, კერძოდ, შესაგებლის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, რომლის მიხედვითაც შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად ითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდეგ, ასევე ის გარემოება, რომ მენარდის მიერ თავის დროზე წარმოდგენილ ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების აქტებში, ინსპექტირების ანგარიშებსა და მიღება-ჩაბარების აქტებში არ აისახა სანათების მონტაჟის ხარჯი 4 424.12 ლარის ოდენობით და მაგისტრალურ ქსელზე მიერთების ხარჯი 3 400 ლარი, რის გამოც, მისი პოზიციით, საჭირო იყო ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების, კორექტირებული მიღება-ჩაბარების აქტების, კორექტირებული ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა №2) ნაზარდი ჯამისა და მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას შორის არსებული 7 877.12 ლარის სხვაობის ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენა, რაც, მისი მტკიცებით, არ განხორციელდა - არ წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები სამუშაოს შეუსრულებლობას არ ადასტურებს.
14. უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები (სსკ-ის 629-656-ე მუხლები) არ შეიცავს იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმადაც ვალდებულება შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემთხვევაში. მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება, გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ.: სუსგ №ას-323-307-2011, 01.12.2011წ.; №ას-203-203-2018, 27.02.2019წ.). ამდენად, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ სამუშაო რეალურად შესრულდა და შესრულდა შემკვეთის დავალებით, აქტის არქონა ვერ გახდება ანაზღაურებაზე უარის საფუძველი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
17. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
19. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა