№ას-1376-2025
17 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - დ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდროს 1/4 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ.კ–ძემ, მოპასუხე მ.კ–ძის მიმართ და მოითხოვა ი.კ–ძის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ¼ ნაწილში წყალტუბოს რაიონის სოფელ ...... ვ.კ–ძის სახელზე 2014 წლის 16 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, 2016 წლის 29 აგვისტოს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა – ¼ ნაწილში და ი.კ–ძის დანაშთი ქონების 1/4 ნაწილის მესაკუთრედ დ.კ–ძის აღიარება.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 26 აპრილს მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს 1997 წლის 25 იანვარს გარდაცვლილი მამის ი.კ–ძის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რა დროსაც გაირკვა, რომ სრულ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მიუღია მის ძმას ვ.კ–ძეს 2014 წლის 16 დეკემბერს, ისე რომ, ნოტარიუსს დაუმალა თავისი სამი დედმამიშვილის არსებობა. ისინი იყვნენ 4 დედმამიშვილი - მ., მ., ვ. და დ., რომელთაგან ბოლოს 2016 წელს გარდაიცვალა ვ.კ–ძე. 2016 წლის 29 აგვისტოს ვ.კ–ძემ მიღებული სამკვიდრო ქონება აჩუქა ძმისშვილს მ.კ–ძეს. ვინაიდან, უბედური შემთხვევის შედეგად მისმა ძმისშვილმა მოკლა მოსარჩელის ერთადერთი ვაჟი, მან სოფელ ........ კავშირი გაწყვიტა და აღარ ჩასულა იქ. არც მოპასუხეს აქვს ურთიერთობა სოფელთან და არ უვლის იქაურობას. მიუხედაავად თხოვნისა, მას არ დაუთმეს კუთვნილი ¼ ნაწილი. 2014 წლის 10 დეკემბერს წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, ვ.კ–ძის მიერ მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების შესახებ, ხოლო შემდეგ ეს ქონება, ვ.კ–ძემ აჩუქა მ.კ–ძეს. აღნიშნულის გამო, უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ როგორც სამკვიდრო მოწმობა, ისე ჩუქების ხელშეკრულებები და აღდგეს მოსარჩელის მემკვიდრეობის უფლება მის კუთვნილ 1/4 წილზე.
3. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა სამკვიდროს დადგენილ ვადაში მიღებისა და დაუფლების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მიუთითებს, რომ მემკვიდრეობის მიღების, ჩუქების და უძრავი ქონების რეგისტრაციისას კანონი არ დარღვეულა. შესაბამისად, არც სადავო აქტების ბათილობის საფუძვლები არ არსებობს.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით: დ.კ–ძის სარჩელი მ.კ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ.კ–ძემ.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინებით დ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, დამატებით დადგენილად მიიჩნია და მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
7.1 დ. და ვ.კ–ძეები არიან ძმები, ი.კ–ძისა და ს.კ–ძის შვილები. (იხ. ს.ფ. 16).
7.2 ს.კ–ძე გარდაიცვალა 12.07.1968 წელს, ხოლო ი.კ–ძე 25.01.1997 წელს (იხ. ს.ფ. 17-18).
7.3 წყალტუბოს რაიონის სოფელ .......... სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს საკომლო წიგნის ჩანაწერებით, კომლის საკუთრებაში ირიცხებოდა 1918 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი სოფელ .........., რომლის უფროსად და ერთადერთ წევრად რეგისტრირებული იყო ი. დ. ძე კ–ძე. კომლი გაუქმდა მისი გარდაცვალებით, ხოლო 1997-2000 წლების მონაცემები მითითებული არ არის. (იხ. ს.ფ. 22).
7.4. წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 10.12.2014 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, 16.12.2014წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობით, ი.კ–ძის სამკვიდრო ქონება სრულად, მასში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანგარიშებზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ, მიღებული სამკვიდროს ფარგლებში) მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ - ვ.კ–ძემ. (იხ. ს.ფ. 19).
7.5. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2015 წლის 02 თებერვალს, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, წყალტუბოს რაიონის, სოფელ .......... მდებარე მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ნივთებზე (ს/კ ......., ს/კ ......... და ს/კ .........) დარეგისტრირდა ვ.კ–ძის საკუთრების უფლება. ვ.კ–ძემ, მიღებული სამკვიდრო ქონება, მდებარე: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი სოფ. ......., 2016 წლის 29 აგვისტოს აჩუქა თავის ძმისშვილს - მ.კ–ძეს, რაც საჯარო რეესტრში მ.კ–ძის საკუთრებაში იქნა რეგისტრირებული. (იხ. ს.ფ. 20, 34, 28-30, 69-72).
7.6. ი.კ–ძის პირველი რიგის მემკვიდრეები ვ.კ–ძე, მ.კ–ძე და მ.კ–ძე (ქორწინების შემდგომი გვარი - გ–ძე) გარდაცვლილები არიან. ვ.კ–ძე გარდაიცვალა 2016 წლის 03 სექტემბერს, მ.კ–ძე -2016 წლის 28 იანვარს, ხოლო მ.გ–ძე - 1997 წლის 27 ნოემბერს. მ–სა და მ–ს, მამის-ი.კ–ძის დანაშთი სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილი წესით და ვადაში არ მიუღიათ. (იხ. ს.ფ. 23, 31-35).
7.7. დ.კ–ძემ მამის - ი.კ–ძის სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ნოტარიუსს მიმართა 2021 წლის 26 აპრილს, რაზედაც მიიღო უარი იმ მიზეზით, რომ ი.კ–ძის სრული სამკვიდრო ქონება მიღებული ჰქონდა მისი პირველი რიგის მემკვიდრეს - ვ.კ–ძეს, 2014 წლის 16 დეკემბერს გაცემული N141364571 სამკვიდრო მოწმობით. (იხ. ს.ფ. 14-15).
7.8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ.კ–ძემ განმარტა: მისი ქალიშვილი 1998 წელს დაქორწინდა მ.კ–ძეზე. ამ დროისთვის ცოცხალი იყო მ–ს მამა მ–იც, რომელთაც ხშირად დაჰყვებოდა სოფელ .......... მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად. მ–ის გარდაცვალების შემდეგ კი დაჰყვებოდა სიძეს-მ.კ–ძეს, თუმცა, 2020 წლის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამას ვეღარ ახერხებს. ვ.კ–ძის, მისი სიძის და მძახლების გარდა, იმ სახლ-კარში არავინ უნახავს. დ.კ–ძე იქ არასდროს არ უნახავს, გარდა მისი მამის, ი–ს დაკრძალვის დღისა. არსებული სახლიც ძველია, მამკვიდრებლის ი.კ–ძის აშენებული. (იხ. მოწმის ჩვენება).
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 976.1-ე, 979.1-ე, 1306-ე, 1307-ე, 1328.1-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებზე და განმარტა, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის და სარჩელის ფარგლებში დასადგენი იყო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) მამკვიდრებლის, ი.კ–ძის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, დ.კ–ძე ფაქტობრივად დაეუფლა თუ არა მამის დანაშთ ქონებას, როგორც სამკვიდრო ქონებას, რითაც აღნიშნული ქონების ¼ ნაწილის მესაკუთრე გახდა. 2) 16.12.2014წ. ვ.კ–ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით, განიკარგა, თუ არა დ.კ–ძის საკუთრება-სამკვიდრო ქონებიდან მისი წილი; 3) 2016 წლის 29 აგვისტოს, ვ.კ–ძესა და მ.კ–ძეს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებებით, განიკარგა, თუ არა მოსარჩელის კუთვნილი ქონება.
9. სააპელაციო პალატამ უდავო გარემოებად მიიჩნია, ის ფაქტი რომ მოსარჩელეს, 1997 წელს გარდაცვლილი მამის - ი.კ–ძის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, კანონით დადგენილ ექვს თვიან ვადაში განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანია და არც სამკვიდრო მოწმობა მიუღია.
10. პალატამ იმსჯელა სამოქალაქო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე, მიუთითა მტკიცების ტვირთის სტანდარტებზე და განმარტა, რომ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ დ.კ–ძე მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში დაეუფლა სამკვიდროს და რომ 16.12.2014წ. ვ.კ–ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით და 2016 წლის 29 აგვისტოს, ვ.კ–ძესა და მ.კ–ძეს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით განიკარგა დ.კ–ძის საკუთრება (მისი წილი სამკვიდრო) - მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა. ხოლო, საქმეზე წარმოდგენილი არცერთი სათანადო მტკიცებულებით, არ დასტურდებოდა ი.კ–ძის გარდაცვალების შემდეგ, აპელანტის (მოსარჩელის) მხრიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი. აღნიშნული კი, გამორიცხავდა წყალტუბოს რაიონის, სოფელ .......... მდებარე სადავო უძრავი ქონებების (ს/კ ........, ს/კ ........ და ს/კ .......), როგორც ი.კ–ძის სამკვიდროს, 1/4 ნაწილზე დ.კ–ძის საკუთრების უფლების არსებობას და ამ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილებას. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ არ დადასტურდა სადავო უძრავ ქონებებზე დ.კ–ძის საკუთრების უფლების არსებობა, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობითა და ჩუქების ხელშეკრულებით მოსარჩელის საკუთრება არ განკარგულა, რაც გამორიცხავდა ამ გარიგებების ბათილობის თაობაზე მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას და წარმოადგენდა ამ მოთხოვნების თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე დ.კ–ძემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
11.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ.კ–ძის განმარტება და შესაბამისად, გადაწყვეტილების 6.8 პუნქტი ეწინააღმდეგება ამავე გადაწყვეტილების 7.3. პუნქტში მითითებულ გარემოებებს.
11.2. კასატორმა ასევე მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს ადგილზე თათბირით მიღებული განჩინების გაუქმება და განმარტა, რომ სასამართლომ 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინებით უარი უთხრა მტკიცებულების დართვაზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესის დროს მოსარჩელემ, რომელიც არის 90 წელს გადაცილებული, არაერთი ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა 2021-2024 წლებში, სისტემატიურად მკურნალობდა, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვდა ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების დართვასა და მოწმეთა დაკითხვას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ შუამდგომლობა დაკმაყოფილებულიყო. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რითაც მოუსპო მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დ.კ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნების (იხ., სარჩელის მოთხოვნები) წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
22. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში პალატის შეფასების საგანია - მიღებული აქვს თუ არა დ.კ–ძეს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში ფაქტობრივი ფლობით მამის - ი.კ–ძის სამკვიდრო და ამ საფუძვლით ვლინდება თუ არა ვ.კ–ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო ქონების 1/4 ნაწილის მესაკუთრედ დ.კ–ძის ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი. მემკვიდრის ყველა მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა და სხვა) (იხ. სუსგ-ებს: №ას-923-2022, 22 თებერვალი, 2024წ; № ას-1449-2023, 09 თებერვალი, 2024წ; №ას-167-2021, 28 თებერვალი, 2023წ).
24. სსკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლებით განმარტებულია, რომ სამკვიდროს მიღება თავისი სამართლებრივი ბუნებით ცალმხრივი გარიგებაა, გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს და მემკვიდრის ნებას. შესაბამისად მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის - მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის მიმართვა ან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება გულისხმობს, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით გამოხატოს სამკვიდროს მიღების სურვილი, თუნდაც სამკვიდროს ნაწილის დაუფლების გზით, თუმცა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შემთხვევაში, მემკვიდრეს ეკისრება აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთი სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად (იხ. სუსგ-ები: № ას-283-268-2017, 07 ივლისი, 2017წ.; №ას-773-740-2016, 08 სექტემბერი, 2017წ.; №ას-1172-1127-2016, 31 მარტი, 2017წ. №ას-1092-2020, 22 იანვარი, 2021 წ; №ას-402-2021, 4 ნოემბერი, 2021წ.; №ას-50-2022, 27 იანვარი, 2023 წ.; №ას-1258-2022, 1 მარტი, 2023წ; № ას-1449-2023, 09 თებერვალი, 2024წ).
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით, რომელიც ამტკიცებს სამკვიდროს მიღების ფაქტს, გულისხმობს მემკვიდრის მიერ ნებისმიერ მოქმედებებს ამ ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობის შესახებ, მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას ან გადასახადების გადახდას, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სამემკვიდრეო სახლში მცხოვრები დამქირავებლისაგან ქირის ამოღებას, სამემკვიდრეო ქონების ხარჯზე სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯების გადახდას ან მამკვიდრებლის ვალების დაფარვას და ა.შ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მოქმედებები შეიძლება შეასრულს როგორც მემკვიდრემ, ასევე მისი დავალებით სხვა პირმა, სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრულ ვადაში. სამკვიდრო ქონების მართვა შეიძლება ასევე გამოიხატოს ამ ქონებასთან დაკავშირებით მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი და იურიდიული ხასიათის მოქმედებების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ცალკეული ობიექტების (სახლის, აგარაკის თუ საბაღე ნაკვეთის, სამშენებლო ობიექტების და სხვა) ნორმალურ ფუნქციონირებას და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მოქმედებებში, რომლებიც მიმართულია მთლიანი სამკვიდროს მდგომარეობის მოწესრიგებისთვის (მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი ფასეულობების გამოკვლევა, მოვალეების დადგენა და მათ მიერ ვალების დაფარვის პირობები და ა.შ.). სამკვიდრო ქონების მართვა თავისი შინაარსით, საკუთრების უფლების განხორციელების მოქმედებების ანალოგიურად განიხილება. სამკვიდროს მიღების აქტი უნივერსალურ ხასიათს ატარებს. იგი ვრცელდება მთელ სამკვიდრო ქონებაზე, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და სადაც არ უნდა იყოს. სამკვიდროს მიღებისას მემკვიდრეს შეიძლება სრული წარმოდგენა არ ჰქონდეს სამკვიდრო ქონების ზუსტ შემადგენლობაზე. ამიტომ, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო ქონება. სამკვიდროს მიღება შეიძლება განხორციელდეს წარმომადგენლის მეშვეობითაც, თუ მინდობილობაში არის სპეციალური დათქმა წარმომადგენლის მიერ სამკვიდროს მიღების შესაძლებლობაზე. მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება უპირობო ხასიათისაა ანუ არ დაიშვება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობით ან დათქმით. სამკვიდროს მიღება წარმოადგენს მემკვიდრის ქმედების გააზრებულ ნებაყოფლობით, მოფიქრებულ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც მემკვიდრე ჩაენაცვლება მამკვიდრებელის ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს, სხვა ქონებრივ მდგომარეობას მთლიანობაში, რომელთა მონაწილეც სიცოცხლეში იყო მამკვიდრებელი (იხ. ას-9-2024, 26 აპრილი, 2024 წელი).
26. სამკვიდროს მიღება უნდა მოხდეს სსკ-ის 1424-ე მუხლით განსაზღვრულ ექვსი თვის განმავლობაში, რომელიც აითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან. სსკ-ის 1320-ე მუხლის თანახმად კი, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
27. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ:
- დ. და ვ.კ–ძეები არიან ძმები, ი.კ–ძისა და ს.კ–ძის შვილები.
- ს.კ–ძე გარდაიცვალა 12.07.1968 წელს, ი.კ–ძე გარდაიცვალა 25.01.1997წელს.
- წყალტუბოს რაიონის სოფელ მექვენის სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს საკომლო წიგნის ჩანაწერებით, კომლის საკუთრებაში ირიცხებოდა 1918 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი სოფელ .........., რომლის უფროსად და ერთადერთ წევრად რეგისტრირებული იყო ი.დ. ძე კ–ძე. კომლი გაუქმდა მისი გარდაცვალებით, ხოლო 1997-2000 წლების მონაცემები მითითებული არ არის.
- წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 10.12.2014 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, 16.12.2014წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, ი.კ–ძის სამკვიდრო ქონება სრულად, მასში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანგარიშებზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ, მიღებული სამკვიდროს ფარგლებში) მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ - ვ.კ–ძემ.
- 2015 წლის 02 თებერვალს, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, წყალტუბოს რაიონის, სოფელ .......... მდებარე, მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ნივთებზე (ს/კ ......., ს/კ ........ და ს/კ ........) დარეგისტრირდა ვ.კ–ძის საკუთრების უფლება.
- ვ.კ–ძემ, მიღებული სამკვიდრო ქონება, მდებარე: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ......, 2016 წლის 29 აგვისტოს, აჩუქა თავის ძმისშვილს - მ.კ–ძეს. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მ.კ–ძის სახელზეა რეგისტრირებული.
- ი.კ–ძის პირველი რიგის მემკვიდრეები - ვ.კ–ძე, მ.კ–ძე და მ.კ–ძე (ქორწინების შემდგომი გვარი-გ–ძე) გარდაცვლილები არიან. ვ.კ–ძე გარდაიცვალა 2016 წლის 03 სექტემბერს, მ.კ–ძე - 2016 წლის 28 იანვარს, ხოლო მ.გ–ძე - 1997 წლის 27 ნოემბერს.
- მ.კ–ძეს და მ.კ–ძეს მამის - ი.კ–ძის დანაშთი სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილი წესით და ვადაში არ მიუღიათ.
- დ.კ–ძემ, მამის - ი.კ–ძის სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ნოტარიუსს მიმართა 2021 წლის 26 აპრილს, რაზედაც მიიღო უარი იმ მიზეზით, რომ ი.კ–ძის სრული სამკვიდრო ქონება მიღებული ჰქონდა მისი პირველი რიგის მემკვიდრეს - ვ.კ–ძეს, 2014 წლის 16 დეკემბერს გაცემული N141364571 სამკვიდრო მოწმობით.
- მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს, კანონით განსაზღვრულ ექვსი თვის ვადაში, მამის - ი.კ–ძის დანაშთი ქონების მისაღებად, სანოტარო ორგანოსათვის შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავს.
28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი] აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
30. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
31. მტკიცების ტვირთზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა - სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი - მოპასუხემ. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, 64).
34. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი. ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დადგენისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების ნათლად განსაზღვრა, თუ რამდენად თავისად მიიჩნევს მემკვიდრე დანაშთ ქონებას და რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა არცერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე, მის ბატონობას - ფაქტობრივ ფლობას დაადასტურებდა. არ დასტურდება არც მოსარჩელის კონკლუდენტური მოქმედებები მამკვიდრებლის მოძრავი ნივთების დაუფლებისა და განკარგვის შესახებ, ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით. მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლო მის მიერ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტის დადასტურება, აღნიშნული კი სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ასევე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
35. საკასაციო საჩივარში კასატორი სადავოდ ხდის მოწმის ჩვენებისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებას და ძირითადად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გაიზიარა მოწმის სახით დაკითხული პირის გ.კ–ძის განმარტება და აღნიშნული, გადაწყვეტილების დასაბუთების მტკიცებულებად მიიღო, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო გადაწყევტილების მიღება.
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. The Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და The Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარაგრაფი 66). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი, გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება მოწმის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა.
37. მოწმის ჩვენება კანონით (სსსკ-ის 102.2 მუხლი) აღიარებული მტკიცებულებაა და მისი ღირებულებითი ძალა ექვემდებარება ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ კვლევას (სსსკ-ის 105-ე მუხლი), მოწმის ჩვენების გაზიარების საკითხის შეფასებისას, სასამართლო მას ამოწმებს სადავო გარემოებასთან მიმართებით და ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტის ნამდვილობის საკითხს, რამდენადაც, სსსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. კანონის ამგვარი დათქმა მიანიშნებს მოწმის ჩვენების, როგორც შინაარსობრივად სუბიექტური მტკიცებულების გაზიარების შესაძლებლობას სასამართლოს შინაგან რწმენაზე დამყარებით.
38. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
39. სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
40. ამდენად, კასატორის პრეტენზია სასამართლოს მიერ მოწმის განმარტებების გაზიარების და გადაწყვეტილების მარტოოდენ მისი ჩვენების საფუძველზე მიღების თაობაზე, არ არის გასაზიარებელი.
41. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. კასატორი ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს საოქმო განჩინებას, რომლითაც, სსსკ-ის 380.2 მუხლზე დაყრდნობით, არ დაკმაყოფილდა საქმეზე მტკიცებულების დართვის და მოწმეთა დაკითხვის თაობაზე აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა და (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.08.2025 წლის სხდომის ოქმი).
42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. საქმის მომზადების დასრულების შემდეგ, საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მხარეები შეზღუდულნი არიან, ახსნა-განმარტებების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. იგივე წესი მოქმედებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სადაც ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების დაშვება მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი (სსსკ-ის 380-ე მუხლი).
43. ამდენად, მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს.
44. საქმეზე მტკიცებულებების დართვის ზემოაღნიშნული წესი დაკავშირებულია სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპთან (სსსკ-ის მე-4 მუხლი) და გულისხმობს იმას, რომ სასამართლო საქმის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ მტკიცებულებებით, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაერთვება საქმეს. სხვა მტკიცებულებები მხედველობაში არ მიიღება, თუნდაც მას საქმის მართებულად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს.
45. საოქმო განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა საქმეზე მტკიცებულების დართვაზე იმ საფუძვლით, რომ მან ვერ მიუთითა საპატიო მიზეზზე, რის გამოც ამ მტკიცებულების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს ვერ შეძლო. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს გასაჩივრებულ საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. მტკიცებულების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს მართებულად ეთქვა უარი საქმეზე მტკიცებულების დართვაზე. ამასთან, ხსენებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა დასაბუთებული მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის საფუძველი. ხოლო აღნიშნული დასაბუთების გამაქარწყლებელი და ახალი არგუმენტაცია კასატორმა ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს ადგილზე თათბირით მიღებული განჩინება სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.
46. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
49. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. დ.კ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს ი/მ მ. გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 575 ლარის 70% - 402,5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 11/17/2025);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე