Facebook Twitter

№ას-1417-2025

17 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ღ–ძე, გ.ღ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის“ წარმომადგენელმა, 2019 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ.ღ–ძის და გ.ღ–ძის წინააღმდეგ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხე რ.ღ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 1-ლი დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს 907,76 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 407,76 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი;

1.2. მოპასუხე რ.ღ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ, 2019 წლის 20 სექტემბრიდან, 2016 წლის 01 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 407,76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკისროს ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.10 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;

1.3. მოპასუხე რ.ღ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ, 2018 წლის 30 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს 8369,88 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4359,88 ლარი, ჯარიმა - 4000 ლარი; 1.4. მოპასუხე რ.ღ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ, 2019 წლის 20 სექტემბრიდან, 2018 წლის 30 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 4359,88 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკისროს ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 11,77 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 4000 ლარისა;

1.5. მოპასუხე რ.ღ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს 1841,18 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 905,55 ლარი, პროცენტი - 435,63 ლარი და ჯარიმა - 500 ლარი;

1.6. მოპასუხე რ.ღ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ, 2019 წლის 20 სექტემბრიდან, 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 905,55 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკისროს წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 27,16 ლარს;

1.7. მოპასუხე რ.ღ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ, 2019 წლის 20 სექტემბრიდან, 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 905,55 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკისროს ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,44 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;

1.8. ბათილად იქნეს ცნობილი რ.ღ–ძესა და გ.ღ–ძეს შორის 2019 წლის 11 ოქტომბერს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ....., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N...... და უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხოს რ.ღ–ძის საკუთრებად.

2. მოპასუხე რ.ღ–ძემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში.

მოპასუხე გ.ღ–ძემ წარდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის რეალური, სახეზე არ არის მოჩვენებითი გარიგება, ნასყიდობა განხორციელდა კანონის მოთხოვნითა დაცვით; მას არ ამოძრავებდა მოსარჩელის მოტყუების მოტივი, ნასყიდობის ობიექტს დაუფლებულია ფაქტობრივად უფრო ადრე, ვიდრე საჯარო რეესტრში განახორციელა რეგისტრაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თვლის, რომ შეუძლებელია ხელშეკრულება მიჩნეულ იქნეს მოჩვენებით გარიგებად.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ დაზუსტებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე რ.ღ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა: 2016 წლის პირველი დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 907,76 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 407,76 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი; 2019 წლის 20 სექტემბრიდან, 2016 წლის 01 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 407,76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.10 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 2018 წლის 30 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 8369,88 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4359,88 ლარი, ჯარიმა 2000 ლარი; 2019 წლის 20 სექტემბრიდან, 2018 წლის 30 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 4359,88 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 11,77 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 4000 ლარისა; 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1841,18 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 905,55 ლარი, პროცენტი 435,63 ლარი და ჯარიმა 500 ლარი; 2019 წლის 20 სექტემბრიდან, 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 905,55 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 27,16 ლარს; 2019 წლის 20 სექტემბრიდან, 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 905,55 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,44 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. სასარჩელო მოთხოვნა, უძრავ ქონებაზე, მდებარე: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N......, რ.ღ–ძესა და გ.ღ–ძეს შორის 2019 წლის 11 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გ.ღ–ძეს (პ.ნ. ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: გორის მუნიციპალიტეტი სოფელი ......., ს.კ. ........, გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა; მოპასუხე რ.ღ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 281,62 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება; შპს „ტ.კ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელზე (01/10/2019 წელს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახაზინო კოდი - ......, ბანკის კოდი - TRE......) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 169,16 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად დარჩა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე გადახდილი ბაჟის თანხიდან 61,82 ლარი და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე გადახდილი 100 ლარი.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც (დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით) იმ ნაწილში, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა, რ.ღ–ძესა და გ.ღ–ძეს შორის 2019 წლის 11 ოქტომბერს უძრავ ნივთზე, მდებარე: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N....... დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით შპს ,,ტ.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ ნაწილში, უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც ეს უკანასკნელი პრეტენზიას აცხადებდა რ.ღ–ძესა და გ.ღ–ძეს შორის 2019 წლის 11 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებები:

7.1. სს „ბ.რ–სა“ და რ.ღ–ძეს შორის, 2016 წლის პირველ დეკემბერს, სწრაფი განვადების ფარგლებში, დაიდო საბანკო კრედიტის №437314 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე 24 თვის ვადით გაიცა კრედიტი 1087,26 ლარის ოდენობით, კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 45,30 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარი და დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

7.2. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 26 თებერვლიდან დაარღვია.

7.3. სს ,,ბ.რ–კა“ 2017 წლის 08 მაისს შეერწყა სს ,,თ.ბ–ს“.

7.4. სს ,,თ.ბ–სა“ და რ.ღ–ძეს შორის, 2018 წლის 30 იანვარს, სწრაფი განვადების ფარგლებში, დაიდო საბანკო კრედიტის №2158110-9572314 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე 362 დღის ვადით გაიცა კრედიტი 4450 ლარის ოდენობით, კრედიტის დაფარვა უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ყოველთვიურად 372,77 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 2 ლარი და დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

7.5. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 25 მარტიდან დაარღვია.

7.6. სს ,,თ.ბ–სა“ და რ.ღ–ძეს შორის, 2016 წლის 6 აპრილს, დაიდო საკრედიტო ბარათით (Prime card) სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 36%-ით - ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.

საკრედიტო ლიმიტის დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 4 რიცხვი, საკრედიტო ლიმიტი უნდა დაფარულიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და დავალიანების 0,5%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

7.7. მოპასუხემ 2018 წლის 29 იანვრიდან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

7.8. თავდაპირველი მოსარჩელის სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე, ცესიის ხელშეკრულების საფუძველზე, არის შპს „ტ.კ–ი“.

8. სააპელაციო პალატამ მიუთითა გორის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო ფაქტობრივი გარემოებებზე:

8.1. რ.ღ–ძეს, 2016 წლის პირველ დეკემბერს სს ,,ბ.რ–თან“ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესრულებული არ აქვს.

რ.ღ–ძის დავალიანება, 2019 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, 2016 წლის პირველი დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 1251,43 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 407,76 ლარი და ჯარიმა - 843,67 ლარი.

8.2. რ.ღ–ძეს, სს ,,თ.ბ–თან“ 2018 წლის 30 იანვარის სწრაფი განვადების ფარგლებში დადებული №2158110-9572314 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესრულებული არ აქვს.

რ.ღ–ძის დავალიანება, 2019 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, 2018 წლის 30 იანვრის საბანკო კრედიტის №2158110-9572314 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 13 990,94 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4359,88 ლარი, ჯარიმა - 9608,26 ლარი და საკომისიო - 22,8 ლარი.

8.3. რ.ღ–ძეს, სს ,,თ.ბ–თან“ 2016 წლის 6 აპრილს დადებული საკრედიტო ბარათით (Prime card) სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება შესრულებული არ აქვს.

რ.ღ–ძის დავალიანება, 2019 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, 2016 წლის 6 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 1893,56 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 905,55 ლარი, დარიცხული პროცენტი - 435,63 ლარი და ჯარიმა - 552,38 ლარი.

8.4. რ.ღ–ძესა და გ.ღ–ძეს შორის, 2019 წლის 11 ოქტომბერს, დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, გორის რაიონ სოფელ ......., მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით №........ და აღნიშნული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა გ.ღ–ძის სახელზე.

8.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობს რ.ღ–ძესა და გ.ღ–ძეს შორის 2019 წლის 11 ოქტომბრის უძრავი ქონების (მდებარე: გორის რაიონი სოფელი ........, საკადასტრო კოდი ......) ნასყიდობის სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

9. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ბუნებაზე, ასევე იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

10. მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის №ას-1198-2019 გადაწყვეტილება).

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საკასაციო პალატის განმარტებაზე, რომლის თანახმად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მოჩვენებით გარიგებად მიიჩნიოს, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს იმ მიზეზებს, რომლებიც შესაძლებელია გახდეს ამგვარი გარიგების საფუძველი, რადგან იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ კვლევისა და შეფასების საგანია. თუმცა, მის ყველაზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს ისეთი შემთხვევები, როდესაც პირი ქონების რაიმე ფორმით გასხვისების გზით ცდილობს, თავიდან აიცილოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის №ას-1198-2019 გადაწყვეტილება).

12. პალატამ ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 სექტემბრის ამონაწერზე, სადაც განცხადების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2003 წლის 10 ოქტომბერი; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებულია მიწის საგადასახადო სია N108 და საარქივო ცნობა N27/29716, დამოწმების თარიღი: 18/03/2019, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი გორის არქივი, მესაკუთრე - რ.ღ–ძე, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო.

13. პალატამ მიუთითა მოცემულ საქმეზე დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, მხარეებს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 2016 წლის პირველ დეკემბერს დაიდო, მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 26 თებერვლიდან დაარღვია; მხარეთა შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება კვლავ დაიდო 2018 წლის 30 იანვარს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება რ.ღ–ძემ 2018 წლის 25 მარტიდან დაარღვია. მხრეთა შორის არსებული საკრედიტო ურთიერთობა სასამართლოში სარჩელის აღძვრის გზით შეწყდა.

14. ასევე მიუთითა იმ ფაქტზე, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება რ.ღ–ძისა და გ.ღ–ძის ნათესაური კავშირი და არც მხარეთა შორის ისეთი სახის პიროვნული თუ საქმიანი ურთიერთობა, რომელიც სააპელაციო პალატას შეუქმნიდა რწმენას, რომ გ.ღ–ძისათვის მიწის ნაკვეთის თაობაზე არსებული დავის შესახებ, ცნობილი უნდა ყოფილიყო, რაც გარიგების დადების არაკეთილსინდისიერ მიზანში გ.ღ–ძის თანამონაწილეობას გამოკვეთდა და ამ კუთხით, მხარეთა შორის არსებული გარიგების მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებდა.

15. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მოსარჩელე, რომელიც სადავო გარიგების ბათილად ცნობას ითხოვდა, არ უთითებდა ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა, ნასყიდობის საგნის რეალური ღირებულება, 2022 წლის 27 იანვრის ხელშეკრულებაში ასახული არარეალური ფასი, რომლითაც ნასყიდობის საგანი შეფასდა.

16. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი მტკიცებულებები გ.ღ–ძის მიერ სადავო გარიგების დასადებად ნამდვილი ნების გამოვლენის არარსებობის შესახებ. მხოლოდ იმ გარემოების საფუძველზე, რომ რ.ღ–ძემ კრედიტორის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ გაასხვისა ქონება, სასამართლო ვერ დაუშვებდა პრეზუმფციას მასზედ, რომ გ.ღ–ძისათვის რ.ღ–ძის შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების/მიწის ნაკვეთის თაობაზე არსებული დავის შესახებ ცნობილი უნდა ყოფილიყო.

17. ამდენად, პალატამ იმსჯელა სამოქალაქო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე, ამასთან მიუთითა მტკიცების ტვირთის სტანდარტებზე და მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა რ.ღ–ძესა და გ.ღ–ძეს შორის 2019 წლის 11 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევის და შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე და 56-ე მუხლების შესაბამისად.

18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე შპს „ტ.კ–მა“ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

18.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. 2019 წლის 11 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება არის მოჩვენებითი და შესაბამისად, ბათილი გარიგება. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან ახლო ნათესავები. ივარაუდება, რომ მყიდველისათვის, როგორც მსესხებელის ოჯახის წევრისათვის, ხელშეკრულების დადების მომენტში ცნობილი იყო რ.ღ–ძის ვალდებულების შესახებ ბანკის მიმართ. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების რაიმე სხვა ინტერესი, გარდა ვალდებულებისგან თავის არიდებისა, არც მსესხებლის და არ მყიდველის მხრიდან არ იკვეთება. კერძოდ, ამ დროისთვის მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებული იყო. ამასთან როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ჩანს, ქონება გასხვისდა 1100 ლარად, რაც წარმოადგენს უძრავი ქონების ღირებულებასთან მიმართებით არარეაულ ოდენობას. მსესხებელი უძრავი ქონების მესაკუთრე იყო 2003 წლიდან და მხოლოდ ვალდებულების დარღვევის შემდეგ გადაუფორმა ქონება ნათესავს. ქონების გასხვისების შემდეგაც არ გაგრძელებულა და დღემდე არ ხდება ვალდებულების შესრულება და სავარაუდოდ არც მოხდება, რადგან მოპასუხეებმა მოსპეს ბერკეტი გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების. ხელშეკრულების დადებას არ მოჰყოლია უძრავი ქონების მფლობელის ცვლილება და რ.ღ–ძე დღემდე ფაქტობრივად ფლობს უძრავ ქონებას. ქონება გასხვისებულია საჯარო რეესტრის დაჩქარებული წარმოების წესით, რისთვისაც მსესხებელმა 50 ლარიდ ნაცვლად გადაიხადა 205 ლარი და რის საფუძველზეც ქონება გასხვისდა საჯარო რეესტრისთვის მიმართვიდან 1 საათში და არა სტანდარტულად 4 დღის ვადაში. რაც, კიდევ ერთხელ ადასტურებს ვალდებულებისგან თავის არიდების მიზანს.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სადავო განკარგვითი (რ.ღ–ძესა და გ.ღ–ძეს შორის, 2019 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის) ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება. კასატორის მოთხოვნა სადავო გარიგებაში გამოვლენილი ნების არანამდვილობას ეფუძნება. მოსარჩელე, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მოჩვენებითობაზე მიუთითებს.

27. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას და ნორმით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნება, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს, არამედ ამ გარიგების დადება ემსახურება სხვა, მათ შორის, მესამე პირის მიმართ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებას. თავის მხრივ, მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის შეესაბამება ამ ტიპის გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილ წესსა და პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ამავე კოდექსის ზოგადი თუ კერძო ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-296-283-2015, 2015 წლის 4 ივნისი).

28. მოჩვენებითია გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, გვ. 361).

29. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (იხ. სუსგ.-ები საქმეებზე: №ას-976-908-2017, 22 იანვარი 2018 წელი; №ას-366-2019, 17 მაისი 2019 წელი; №ას-603-562-2017, 10 ივლისი 2019 წელი; №ას-1483-2020, 19 მარტი 2021 წელი).

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების მიმართ, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, მოქმედებს გარიგების კანონშესაბამისობის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნის არსებობის პირობებში, აღნიშნული მოთხოვნის მქონემ, უნდა ადასტუროს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა. პირი, რომელიც სადავოდ ხდის გარიგების ნამდვილობას მოჩვენებითობის თვალსაზრისით, ვალდებულია მიუთითოს იმგვარ ფაქტებზე, რომელთა ერთობლიობა გარიგების ნამდვილობის პრეზუმფციას შეარყევს და შექმნის შინაგან რწმენას იმისა, რომ ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებდნენ მოჩვენებითად. სწორედ ამის შემდგომ წარმოეშობათ გარიგების მხარეებს მტკიცების ვალდებულება, რომ მათ ნამდვილი ნება გამოავლინეს და გარიგების იურიდიული შედეგები დადგა.

31. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი/მოსარჩელე კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზებისა და სადავო განკარგვითი ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევის მიზნებისათვის, მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები წარმოადგენენ ახლო ნათესავებს და რ.ღ–ძე დღემდე ფაქტობრივად ფლობს უძრავ ქონებას. თუმცა, საკასაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.

32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის/მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს მოვლენათა განვითარების იმგვარ ჯაჭვს, რომელთა ერთობლივი ანალიზი სადავო გარიგების ნამდვილობას საეჭვოს გახდიდა (სასამართლოს მისცემდა იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ საკუთრების განკარვისას, მხარეთა ნება არ იყო მიმართული საკუთრების უფლების რეალურად გადაცემისაკენ) და მტკიცების ტვირთს, სადავო გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების მხარეების მიმართ შეატრიალებდა.

33. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებმა - რ.ღ–ძემ და გ.ღ–ძემ გარიგების ნამდვილობისათვის სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით განსაზღვრული წინაპირობების დაცვით, 2019 წლის 11 ოქტომბერს გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი - გ.ღ–ძეს წარმოეშვა დავის საგანზე საკუთრების უფლება.

34. საკასაციო პალატა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს (მდებარე მისამართზე: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......, საკადასტრო კოდი: ......., 2658.00 კვ.მ.) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 სექტემბრის ამონაწერზე, სადაც განცხადების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2003 წლის 10 ოქტომბერი; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებულია მიწის საგადასახადო სია N108 და საარქივო ცნობა N27/29716, დამოწმების თარიღი: 18/03/2019, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი გორის არქივი, მესაკუთრე - რ.ღ–ძე, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო. უდავოა, რომ მხარეებს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 2016 წლის პირველ დეკემბერს დაიდო, მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 26 თებერვლიდან დაარღვია; დადგენილია, რომ მხარეთა შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება კვლავ დაიდო 2018 წლის 30 იანვარს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება რ.ღ–ძემ 2018 წლის 25 მარტიდან დაარღვია. სადავო არ არის, ის ფაქტი, რომ მხრეთა შორის არსებული საკრედიტო ურთიერთობა სასამართლოში სარჩელის აღძვრის გზით შეწყდა. მსესხებელმა რ.ღ–ძემ ვალდებულება დაარღვია მანამდე, ვიდრე სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს მოიპოვებდა (2019 წლის 18 მარტი) და იმავდროულად მანამდე, ვიდრე გამსესხებელი თანხის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავდა.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სესხის გაცემისას, სადავო უძრავი ქონება რ.ღ–ძის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში საერთოდ არ ირიცხებოდა. შესაბამისად, კრედიტორს (გამსესხებელს) მსესხებლისათვის სესხის გაცემის დროს, მსესხებლის უძრავი ქონება მხედველობაში არ მიუღია და არ „უზრუნია“ მოვალის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულების სანივთო უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც რ.ღ–ძის სესხის გაცემა არ იყო დამოკიდებული მის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობაზე და მოსარჩელემ სესხი სანივთო უზრუნველყოფის გარეშე გასცა, რ.ღ–ძეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა მისი შეხედულებისამებრ განეკარგა მის საკუთრებაში არსებული ქონება. ის სამართლებრივი რისკი კი, რომელიც მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების რისკს უკავშირდება, სადავო უძრავი ქონების შემძენის პასუხისმგებლობის საგანი ვერ გახდება, გარიგების ნამდვილობის პრეზუმფციას ვერ შეარყევს და ვერ შექმნის შინაგან რწმენას იმისას, რომ ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებდნენ მოჩვენებითად.

36. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემის პირობებში, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ბათილად ცნობის თაობაზე, ფაქტობრივად, განაპირობებს არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის უზრუნველყოფილ მოთხოვნად „გადაქცევას“, რაც „სუსტ“ მხარეს არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს „ძლიერ“ მხარესთან შედარებით. მოპასუხესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების სახით, სახეზეა მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულება. მომხმარებელთა უფლებების სფეროში, ევროპის კავშირში მოქმედი დირექტივებისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მომხმარებლის მონაწილეობით დადებული ხელშეკრულებების შეფასებისას არსებობს პრეზუმფცია, რომ მომხმარებელი სუსტი მხარეა და მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება. სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში, C-137-08 (46-ე პარაგრაფი), C-40/08, C-240/98 ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ მიუთითა, რომ მომხმარებელთა დაცვის სისტემა, რომელიც ევროპის კავშირის დირექტივითაა რეგლამენტირებული, ემყარება იდეას, რომ მომხმარებელი მიმწოდებელთან შედარებით „სუსტი მხარეა“ არა მხოლოდ მოლაპარაკების შესაძლებლობის არქონის, არამედ მისი დაბალი ინფორმირებულობის სტანდარტის გამო (იხ. სუსგ საქმე №ას-237-2019; 17/05/2019 წ.).

37. რაც შეეხება სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან ნასყიდობის ფასის შეუსაბამობის თაობაზე წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას, ამ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებას; „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი მხარეებს აძლევს უფლებას, რომ შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობითაც, ხოლო, მეორე მხრივ, საბაზრო ღირებულებასთან ნასყიდობის ფასის შეუსაბამობის დადასტურების შემთხვევაშიც, მხოლოდ ეს გარემოება, ცალკე აღებული, მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის პირობებში, საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების გარეშე, ვერ გახდება სადავო გარიგების ბათილობის კანონიერი საფუძველი“ (იხ. სუსგ. დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).

38. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სწორად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზი არ იძლევა იმგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ საკუთრების განკარვისას, ნების გამომვლენი და მისი მიმღები, მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. აქედან გამომდინარე, სადავო გარიგების მოჩვენებითი მოტივით დადების პრეზუმფცია არ იქმნება.

39. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ უთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

42. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ტ.კ–ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 (საგადასახადო დავალება №1759492243, გადახდის თარიღი 06/10/2025);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე