საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1165-1127(კ-08) 3 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. ს.-ე, ვ. გ.-ი, გ. დ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცისა პრივატიზების სამმართველო (მოპასუხე)
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების რ. ს.-ის, გ. დ.-ის და ვ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილებულ იქნა ნაწილობრივ; მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მოსარჩელე რ. ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის_3410 აშშ დოლარის, ამ თანხის პროცენტის_8556 აშშ დოლარის, “ბე-ს” 700 აშშ დოლარის, ბინაზე გადასახდელი ქირის _ 1400 და ადვოკატის ხარჯების 1000 აშშ დოლარის გადახდა მთლიანად 15,142 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტა ლარის კურსით, მოპასუხეს ასევე დაეკისრა ძირითადი თანხის 3410-აშშ დოლარის 2% გადახდა ვალის ანაზღაურებამდე; მოსარჩელე რ. ს.-ს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს და მორალური ზიანის 3000 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო; მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მოსარჩელე გ. დ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის_4355 აშშ დოლარის, პროცენტის 11196 აშშ დოლარის, “ბე-ს” 700 აშშ დოლარის, ბინის ქირის_1400 აშშ დოლარის გადახდა; ადვოკატის ხარჯების 1000 აშშ დოლარის, სულ 19,505 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის გადახდა ეროვნულ ვალუტაში, მოპასუხეს ასევე დაეკისრა ძირითადი თანხის 4355 აშშ დოლარის 2% გადახდა ვალის ანაზღაურებამდე; მოსარჩელე გ. დ.-ს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს და მორალური ზიანის 3000 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო; მოპასუხე_ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მოსარჩელე ვ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის_4700 აშშ დოლარის, პროცენტის_12970 აშშ დოლარის, “ბე-ს” 800 აშშ დოლარის, ბინის ქირის_1400 დოლარის გადახდა; ადვოკატის ხარჯების 1000 აშშ დოლარის სულ 19,768 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა, მოპასუხეს ასევე დაეკისრა ძირითადი თანხის 4400 აშშ დოლარის 2% გადახდა მოსარჩელეზე ვალის ანაზრაურებამდე; მოსარჩელე ვ. გ.-ს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს და მორალური ზიანის_3000-დოლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადწყვეტილება სააპელაციო წესით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ გაასაჩივრა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის კრწანისი_მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. ს.-ის, ვ. გ.-ისა და გ. დ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე_საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მოსარჩელე_რ. ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6426 ლარი, მოსარჩელე_გ. დ.-ის სასარგებლოდ გადახდეს 8816,72 ლარი და მოსარჩელე_ვ. გ.-ის სასარგებლოდ 8586,64 ლარის გადახდა.
რ. ს.-მ, გ. დ.-მ და ვ. გ.-მა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზანაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ რ. ს.-ის, გ. დ.-ის, ვ. გ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ მათი საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი მიზეზების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით რ. ს.-ს, გ. დ.-ს და ვ. გ.-ს დაევალათ ხარვეზის შესავსებად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზების შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორებს.
საქართველოს ფოსტის შეტყობინებით, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ რ. ს.-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა პირადად: 2008 წლის 15 ნოემბერს ჩაბარდა გ. დ.-ს, 2008 წლის 13 ნოემბერს ჩაბარდა ვ. გ.-ს, ხოლო 2008 წლის 12 ნოემბერს ჩაბარდა რ. ს.-ს.
მაგრამ, მათ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი და საკასაციო საჩივრისთვის არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ვინაიდან მოსარჩელეებს სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეუვსიათ ხარვეზი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მათი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს რ. ს.-ის, გ. დ.-ის და ვ. გ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.