Facebook Twitter

№ას-1434-2025

17 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა შპს „ე–ის“ (შემდეგში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 10 740 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სს „ს–ს“ (უფლებამონაცვლე/მოპასუხე) შორის 2000 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (მასში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით) თანახმად, კომპანიას გადაეცა სს „ს.ც.ს.ქ–ის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ იკისრა ვალდებულებები. კერძოდ: ხელშეკრულების 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია, შეინარჩუნოს საწარმოს (სს „ს.ც.ს.ქ–ა“) პროფილი, ხოლო ხელშეკრულების 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენს პირობა გარანტირებული იქნას სახელმწიფო შეკვეთების უპირატესი შესრულება. ასევე, მოპასუხის ვალდებულებას, ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა, კონკურსის პირობებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვასა და შესრულებაზე, ყოველ 6 (ექვსი) თვეში ერთხელ ინფორმაციის წარმოდგენა. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით და ჯარიმდება საწყისი გასაყიდი ფასის 10%-ით, 10740 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 2.3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. კერძოდ, მოპასუხემ ინფორმაცია წარადგინა 29.12.2014 წლის №02/719 წერილით (სააგენტოში რეგისტრაციის N70479/04), შესაბამისად, შემდეგი ინფორმაციის წარდგენა მოპასუხის მიერ უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2015 წლის 29 ივნისისა, რის ნაცვლადაც ინფორმაცია წარადგინა 2015 წლის 21 სექტემბერს (რეგისტრაციის N79173/04). მოსარჩელემ, ხელშეკრულების დარღვევისათვის, 05.05.2016 წლის №4/22306 წერილით, კომპანიას დააკისრა 4.1 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 10 740 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. მოსარჩელემ 05.05.2016 წლის №4/22306, 10.11.2016 წლის №4/58117 და 26.02.2019 წლის №4/11515 წერილებით მოპასუხეს არაერთხელ მოსთხოვა დაკისრებული 10 740 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც მოპასუხის მიერ სარჩელის აღძვრის დღისათვის გადახდილი არ არის.

3. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მათ არ დაურღვევიათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.

7.1 სააპელაციო პალატამ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათი ურთიერთშეჯერების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლებით საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

7.2 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის ვალდებულებას, ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა კონკურსის პირობებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვასა და შესრულებაზე, ყოველ 6 (ექვსი) თვეში ერთხელ, ინფორმაციის გამყიდველისათვის წარდგენა. მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ზემოხსენებული ვალდებულება. კერძოდ, სავალდებულო ინფორმაცია მან გამყიდველს პირველად მიაწოდა 29.12.2014 წლის წერილით. შესაბამისად, მომდევნო ინფორმაცია მოპასუხეს უნდა წარედგინა არაუგვიანეს 2015 წლის 29 ივნისისა, თუმცა წარადგინა დაგვიანებით, 2015 წლის 21 სექტემბერს. მოსარჩელემ 2016 წლის 5 მაისის №4/22306 წერილით მოპასუხეს შეატყობინა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მოსთხოვა მისი გადახდა არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა. 2016 წლის 10 ნოემბრის №4/58117 წერილით მოსარჩელემ დამატებით გააფრთხილა მოპასუხე წინა წერილით განსაზღვრულ ვადაში პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. მითითებული ორივე წერილი ჩაბარდა ადრესატს. გარდა ამისა, მოსარჩელემ 2019 წლის 26 თებერვლის №4/11515 წერილითაც მოსთხოვა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა ამ წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში. აღნიშნული წერილიც ჩაბარდა ადრესატს 19.03.2019 წელს. 05.05.2016 წლისა და 10.11.2016 წლის წერილებით მოსარჩელემ თავად განუსაზღვრა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახის ვადა (2016 წლის 1 დეკემბერი) და ამ თარიღის მომდევნო დღიდან, ანუ 2016 წლის 2 დეკემბრიდან დაიწყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა, რომელიც დასრულდა (ამოიწურა) 2019 წლის 2 დეკემბერს. პალატის მითითებით, ვინაიდან სარჩელი სასამართლოში წარდგენილი არის 2023 წლის 13 მარტს, მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, რაც სსკ-ის 144.1 მუხლის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

7.1. კასატორის განმარტებით, 2000 წლის 8 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველს გადაეცა საწარმოს აქციათა საკონტროლო პაკეტი. შესაბამისად, მხარეთა შორის ვალდებულებები წარმოიშვა ხელშეკრულების საფუძველზე. მხარეებმა უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფლად გააფორმეს ხელშეკრულება და მხარეთა ნების საფუძველზე განსაზღვრეს ხელშეკრულების შინაარსი. კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ხოლო, ვინაიდან მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.12.1999წ. №1-3/965 ბრძანების საფუძველზე სამინისტროსა (უფლებამონაცვლე/მოსარჩელე) და სს „ს–ს“ (უფლებამონაცვლე/მოპასუხე) შორის, 2000 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (მასში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით) თანახმად, კომპანიას გადაეცა სს „ს.ც.ს.ქ–ის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი;

- ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულებები, კერძოდ: 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია შეინარჩუნოს საწარმოს (სს „ს.ც.ს.ქ–ა“) პროფილი; 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენს პირობა, გარანტირებული იქნას სახელმწიფო შეკვეთების უპირატესი შესრულება. ასევე, კომპანიის ვალდებულებას ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა, კონკურსის პირობებით ნაკისრი ვალდებულებები და შესრულებაზე, ყოველ 6 (ექვსი) თვეში ერთხელ, ინფორმაციის წარდგენა გამყიდველისათვის;

- ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით და ჯარიმდება საწყისი გასაყიდი ფასის 10%-ით, 10 740 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში;

- მოპასუხემ ხელშეკრულების 2.3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია სააგენტოში წარადგინა 29.12.2014 წლის №02/719 წერილით (სააგენტოში რეგისტრაციის №70479/04). შესაბამისად, შემდეგი ინფორმაციის წარდგენა მოპასუხის მიერ უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2015 წლის 29 ივნისისა, თუმცა ინფორმაცია წარდგენილი იქნა 2015 წლის 21 სექტემბერს (სააგენტოს რეგისტრაციის №79173/04);

- მოსარჩელემ, ხელშეკრულების დარღვევისათვის, 05.05.2016 წლის №4/22306 წერილით, მოპასუხეს დააკისრა 4.1 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 10 740 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით;

14. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია იმის დადგენა თუ რამდენად სწორად ეთქვა უარი მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მისი ხანდაზმულობის მოტივით.

15. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობისა და შესაბამისად მისი დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში უპირველესად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა მოწმდება, ხოლო შემდეგ მისი განხორციელებადობა, თუკი მოპასუხეს წარდგენილი აქვს ხანდაზმულობის, ანუ მოთხოვნის განხორციელების ხელის შემშლელი შესაგებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს წარდგენილი აქვს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი (იხ. ს.ფ. 78-86). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც მოპასუხე ასეთი სახის შესაგებელს წარადგენს, სასამართლო იწყებს კვლევას, თუ როდის წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, რათა შესაბამისად ათვალოს ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის შესაგებელი წარუმატებლად აქცევს სარჩელს, მიუხედავად იმისა მოთხოვნა საფუძვლიანია თუ არა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-782-2019 18 თებერვალი, 2022 წელი).

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე; თბილისი 2007; ასევე სუსგ Nას-547-515-2012, 11.06.2012წ.).

17. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ - მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

18. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად მიიჩნევა. გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას გაართულებს. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან.

19. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” სასამართლო განმარტავს: „...ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს“ (იხ. სუსგ N ას-988-1021-2011, 15.11.2011წ.).

20. საკასაციო პალატა აგრეთვე მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის მიზნებისთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა. ნორმის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

21. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები საიდანაც უდავოდ დგინდება, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა (უფლებამონაცვლე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და სს „ს–ს“ (ს/კ 236037962, ამჟამად, სს „ე–ი“) შორის 2000 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (მასში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით) თანახმად, მოპასუხის ვალდებულებას, ხელშეკრულების 2.3 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა კონკურსის პირობებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვასა და შესრულებაზე, ყოველ 6 (ექვსი) თვეში ერთხელ, ინფორმაციის გამყიდველისათვის წარდგენა. მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ზემოხსენებული ვალდებულება. კერძოდ, სავალდებულო ინფორმაცია გამყიდველს, ნაცვლად 2015 წლის 29 ივნისისა, მიაწოდა დაგვიანებით - 2015 წლის 21 სექტემბერს.

22. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ვინაიდან, მოდავე მხარეები 2000 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლება-მოვალეობების თაობაზე დავობენ, მოთხოვნის განხორციელების ხანდაზმულობის ვადად სწორედ სამწლიანი მონაკვეთი უნდა განისაზღვროს.

23. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ, ხელშეკრულების დარღვევისთვის, 05.05.2016 წლის N4/22306 წერილით, კომპანიას დააკისრა ხელშეკრულების 4.1 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 10 740 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. მოსარჩელემ 2016 წლის 5 მაისის №4/22306 წერილით მოპასუხეს შეატყობინა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მოსთხოვა მისი გადახდა არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა. 2016 წლის 10 ნოემბრის №4/58117 წერილით მოსარჩელემ დამატებით გააფრთხილა მოპასუხე წინა წერილით განსაზღვრულ ვადაში პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. გარდა ამისა, მოსარჩელემ 2019 წლის 26 თებერვლის №4/11515 წერილითაც მოსთხოვა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში.

24. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა მართებულად დაუკავშირა 2016 წლის 2 დეკემბრს და ცალსახაა, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისთვის (2023 წლის 13 მარტი), სასარჩელო მოთხოვნა უკვე ხანდაზმული იყო, რაც მისი განხორციელების ანუ დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

25. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე