Facebook Twitter

საქმე №ას-1019-2025 13 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ტ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ი.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით ი.გ–ძისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და შ.გ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „კასატორი“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ტ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხეების წინააღმდეგ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 189 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., სართული 9-10 (დუპლექსი), ფართი 343.15 კვ.მ. (ს/კ .........); მოსარჩელის სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ 123 250 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ ბათილად ცნო ე.ჟ–სა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 21 დეკემბერს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა დაადგინა. სესხი უზრუნველყოფილი იყო ე.ჟ–ს უძრავი ქონებით. 2018 წლის 7 ნოემბერს ე.ჟ–მ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება მეორე მოპასუხეს დაუთმო, შესაბამისად, მეორე მოპასუხე ცნობილ იქნა ......... მდებარე N17 ბინის (ს/კ ........) მესაკუთრედ;

2.2. სასამართლო გადაწყვეტილებითვე დადგინდა, რომ მოსარჩელესა და ე.ჟ–ს შორის დადებული ხელშეკრულება (უძრავი ქონების ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით) წარმოადგენდა იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის შესასრულებელი ფულადი ვალდებულება 189 000 აშშ დოლარის ოდენობით;

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფულადი ვალდებულება პირველ მოპასუხეს არ შეუსრულებია;

2.4. მოპასუხეები მიუთითებენ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე (წარდგენილია მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი).

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასესხო ვალდებულების 189 000 აშშ დოლარის მსესხებლისათვის დაკისრებისა და თანხის გადახდევინების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაციის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა სსკ-ის 623-ე, 625.1, 286.1, 289.1 და 301.1 მუხლების ნორმატიული დანაწესიდან გამომდინარეობს. მოპასუხემ კი სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი დაუპირისპირა, კერძოდ, მისი მოსაზრებით, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს თანხის დაბრუნებისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვის და არა იმ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, რომლითაც მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა დადგინდა, შესაბამისად, სარჩელის სასამართლოსთვის წარდგენის თარიღის გათვალისწინებით სარჩელი ხანდაზმულია.

4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი წარმოადგენს. მოხმობილი სამართალწარმოების საქმეზე მხარეთა შორის ერთმნიშვნელოვნად დადგინდა იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის სამართალურთიერთობის არსებობა.

5. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების ნაცვლად გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ამდენად, ფორმალური თვალსაზრისით სასამართლო გადაწყვეტილებით შესაბამისი სამართალურთიერთობის დადგენამდე მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა მოპასუხისათვის წაეყენებინა სესხის დაბრუნების მოთხოვნა და უზრუნველეყო ამ უფლების რეალიზაცია. მან ეს უფლება მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ მოიპოვა. იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უძრავი ქონების გამოსყიდვის ვადის ამოწურვას/სესხის დაბრუნების თარიღს უნდა დაუკავშირდეს და ნამდვილი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმსაზღვრელი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის ხანდაზმული იქნება მოთხოვნა, მაშინ, ერთი მხრივ, სამართლებრივ მნიშვნელობას კარგავს ნამდვილი სამართალურთიერთობის დასადგენად წარმოებული დავა, ხოლო, მეორე მხრივ, უფლების რეალიზაციის შესაძლებლობის გარეშე რჩება გამსესხებელი, რომელიც სესხის სამართალურთიერთობის დადგენამდე მოკლებულია შესაძლებლობას მოითხოვოს თანხის დაბრუნება, ხოლო ამ უფლების აღიარების შემდგომ ხანდაზმულობის გამო ვეღარ ახერხებს მის განხორციელებას.

6. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გარდა აღნიშნულისა, იმისათვის, რომ მოსარჩელემ სსკ-ის 301.1 მუხლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოითხოვოს, აუცილებელია, რომ არსებობდეს ნამდვილი იპოთეკა. სსკ-ის 289.1 მუხლის შესაბამისად კი, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონება მხოლოდ 2022 წლის 17 თებერვალს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხა საჯარო რეესტრში მოვალის საკუთრებად, ხოლო იმავე წლის 25 მაისს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მითითებულ თარიღამდე იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ იყო, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, იპოთეკის საგანთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია წარედგინა მოპასუხეთათვის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო ქონება საჯარო რეესტრში მის საკუთრებად იყო რეგისტრირებული (შდრ. სუსგ საქმე Nას-1906-2018, 25 ივნისი, 2019 წელი).

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეთა მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2023 წლის 5 დეკემბერს, ანუ პრეტენზიის წარდგენის ვადის დენის დაწყებიდან სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დაცვით (სსკ-ის 129.1 მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს), შესაბამისად, მოპასუხის შედავება სარჩელის ხანდაზმულობაზე პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ხოლო სარჩელი 189 000 აშშ დოლარის პირველი მოპასუხისათვის დაკისრებისა და ამ ვალდებულების შესრულების მიზნით მეორე მოპასუხის იპოთეკის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ - პერსპექტიულად.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეორე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

9.1. მოსარჩელემ წარმოდგენილ სარჩელში მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 01 აპრილს გაუვიდა, ანუ აღნიშნული განაცხადით მოსარჩელემ თავად დაადასტურა, რომ მისი მოთხოვნის უფლება სწორედ ზემოთ მითითებული მომენტიდან წარმოიშვა. ამასთან, სწორედ ამ ვადის დადგომას დაუკავშირა მოსარჩელემ მეორე სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველიც, რადგან მიუღებელ სარგებელს იგი სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტიდან ითხოვს;

9.2. მოცემულობას არ ცვლის ის ფაქტი, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეთა შორის არსებული სხვა დავა გადაწყდა, რადგან სწორედ ამ სასამართლო აქტით დადგინდა ის, რომ მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობა არსებობდა, ანუ ამ შემთხვევაში არამცთუ ხსენებული სასამართლო აქტით წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა, არამედ დადგინდა ადრე დადებული და წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, რაც წინამდებარე საქმეზე მოსარჩელემაც დაადასტურა. შესაბამისად, ის მოსალოდნელი რისკები, რომლებიც მას სადავო თანხის მოთხოვნასთან მიმართებით გააჩნდა, მათ შორის, ხანდაზმულობის ჭრილში, სათანადო გაცნობიერებას და განჭვრეტას ექვემდებარებოდა, რა პირობებშიც სასარჩელო მოთხოვნა აშკარად ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. განსახილველ შემთხვევაში კასატორი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. მისი მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან, არამედ - 2018 წლის 1 აპრილიდან, როდესაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ვადა გავიდა.

15. სსკ-ის 128.1. მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

16. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა - ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოთხოვნის იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი). ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-68-68-2018, 3 აპრილი, 2018 წელი).

17. სსკ-ის 130.1. მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

18. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის შესახებ მტკიცების ტვირთი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017 წელი, გვ. 732-733).

19. სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სესხის დაბრუნების მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება. იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთოსამართლებრივი საშუალება, არსებითადაა დაკავშირებული უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან, რაც მის აქცესორულობაზე მიუთითებს, შესაბამისად, იპოთეკის ნამდვილობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს მოთხოვნა (სსკ-ის 153-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-1345-2018, 15 მარტი, 2019 წელი). სესხისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე კი გამოყენებული უნდა იქნეს ის ვადა, რომელიც სესხის ხელშეკრულების მოთხოვნაზე ვრცელდება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-537-2021, 22 თებერვალი, 2022 წელი; საქმე №ას-1345-2018, 15 მარტი, 2019 წელი; საქმე №ას-1191-2019, 4 დეკემბერი, 2019 წელი).

20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ ბათილად ცნო ე.ჟ–სა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 21 დეკემბერს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა დაადგინა. სესხი უზრუნველყოფილი იყო ე.ჟ–ს უძრავი ქონებით. 2018 წლის 7 ნოემბერს ე.ჟ–მ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება მეორე მოპასუხეს დაუთმო, შესაბამისად, მეორე მოპასუხე ცნობილ იქნა ......... მდებარე N17 ბინის (ს/კ .........) მესაკუთრედ. სასამართლო გადაწყვეტილებითვე დადგინდა, რომ მოსარჩელესა და ე.ჟ–ს შორის დადებული ხელშეკრულება (უძრავი ქონების ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით) წარმოადგენდა იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის შესასრულებელი ფულადი ვალდებულება 189 000 აშშ დოლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფულადი ვალდებულება პირველ მოპასუხეს არ შეუსრულებია. ამდენად, სესხის სახით გაცემული თანხის უკუმოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა არა ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც თვალთმაქცურობის სამართლებრივი საფუძვლით (სსკ-ის 56-ე მუხლი) ბათილადაა ცნობილი, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, როდესაც თვალთმაქცურ გარიგებად იქნა აღიარებული ნასყიდობის ხელშეკრულება და დადგინდა მხარეთა რეალური მიზნის - სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა. შესაბამისად, რომ არა აღნიშნული გადაწყვეტილება სახეზე იქნებოდა სხვა სამართლებრივი ურთიერთობა სხვაგვარად განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებით (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-537-2021, 22 თებერვალი, 2022 წელი; საქმე №ას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-160-150-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი; საქმე №ას-1191-2019, 4 დეკემბერი, 2019 წელი). გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი წარმოადგენს.

21. საქმეში განთავსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის 2024 წლის 29 მარტის წერილით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №2/33522-18 საქმეზე 2019 წლის 28 ივნისის №2/33522-18 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 20 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 122). შესაბამისად, უსაფუძვლოა მსჯელობა 2023 წლის 5 დეკემბერს აღძრული სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე