Facebook Twitter

13 დეკემბერი 2024 წელი

საქმე №ას-1288-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ს.გ.“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“ „კასატორი“, „შემსყიდველი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შ.პ.ს. „ს..“-ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“) მიმართ, პირგასამტეხლოს _ 9412.58 ლარის გადახდის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შ.პ.ს. „ს.გ–“-ს შორის 2023 წლის 03 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №248 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა შ.ს.ს. გასამხედროვებული დანაყოფებისათვის ზურგჩანთები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2023 წლის 04 მაისისა.

2.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა 32 დღით. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 9.3 პუნქტით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, რის საფუძველზეც მოსარჩელის მოითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების - 196 095.50 ლარის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 32 დღისათვის შეადგენს 9412.58 ლარს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შ.პ.ს. „ს.გ–“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 3137.52 ლარის ოდენობით.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შ.პ.ს. „ს.გ“-ს შორის 2023 წლის 03 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №248 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა შ.ს.ს. გასამხედროვებული დანაყოფებისათვის ზურგჩანთები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2023 წლის 04 მაისისა.

ხელშეკრულების 9.3. მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

7.2. 2023 წლის 5 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან ჩაიბარა 1730 ზურგჩანთა, საერთო ღირებულებით - 196 095.50 ლარი.

7.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის 9 ივნისს მოპასუხეს აცნობა, რომ ერიცხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 196 095.50 ლარის 0.15%-ის ოდენობით, სულ 9412.58 ლარი.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამატეხლოს დაკისრება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, ამავე კოდექსის 417-ე-418-ე მუხლები.

8.2. უდავოა, რომ მოპასუხე შ.პ.ს. „ს.გ.–“-მა პროდუქციის მიწოდების ვალდებულება შეასრულა 32 დღის დაგვიანებით - ნაცვლად არაუგვიანეს 2023 წლის 04 მაისისა, შემსყიდველს ზურგჩანთები მიაწოდა 2023 წლის 05 ივნისს, რამაც შემსყიდველს წარმოუშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად.

8.3. პალატამ, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის პირგასამტეხლოს ოდენობასთან თანაფარდობისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 196 095.50 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 9412.58 ლარს, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულად მაღალი იყო და ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოების სტანდარტს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განისაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 3137.52 ლარი - ჩაითვალა მართებულად.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით: ხელშეკრულების მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მის ოდენობასა და გაანგარიშების წესზე. ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების ვადა მიმწოდებელმა 32 კალენდარული დღით გადააცილა, რამაც შემსყიდველს წარმოუშვა ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. მიმწოდებელს, რომელმაც სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირება სთხოვა, არ დაუსაბუთებია, თუ რა გარემოებების გამო უნდა მიჩნეულიყო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ სანქციად, თუმცა სასამართლომ მაინც შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა იმ მასშტაბამდე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს მიზნებს და აზრს უკარგავს მის არსებობას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად, მიღებული იქნა არსებითად განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სადავოა დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი, კერძოდ, კასატორის პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს. ამავდროულად, მიუხედავად სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა, მოპასუხეს არ უსარგებლია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების) გასაჩივრების შესაძლებლობით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სრული მოცულობით სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სამართლებრივად არასწორად შეაფასა ისინი, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

14. კასატორის საკასაციო პრეტენზია უკავშირდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ვლინდებოდა თუ არა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში ასახული აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს.

16. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.

17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებიდან გამომდინარეობს (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას).

18. საკასაციო საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. სუსგ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნაა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (შდრ. იხ. ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).

20. ამდენად, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაიცვას სამართლიანი ბალანსი მხარეთა შორის, თუმცა სასამართლომ მხარეთა თანასწორობა მისთვის კანონით დაწესებული ჩარჩოს ფარგლებში უნდა უზრუნველყოს. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ. №ას-1033-2018, 30.10.2018წ.; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავდაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სწორედ მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი დისპოზიციურობის პრინციპის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი) ერთგვარი გამოხატულებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც, გარკვეულწილად, დავაში ჩართვასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე. ამასთან, სწორედ შესაგებლის შინაარსიდან განისაზღვრება, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად, ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელიც ვერ გამოიყენება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი, შესაგებელი, მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში, მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, იხ. 201-ე და 2321 -ე მუხლების კომენტარები).

21. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან...საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).

22. როგორც საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გაჩინებაში განმარტა, შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით), დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია, მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება შესაბამისი (რელევანტური) ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (იხ. სუსგ. №ას-354-2021, 25.06.2021წ.).

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. სუსგ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).

24. სასამართლოს პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშობა მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაშიც _ „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი... შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. მესხიშვილი ქ. „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული და სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირში არმყოფი შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (სსსკ 201-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა).

26. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს შეთანხმებული ვადის დაცვით არ მიაწოდა პროდუქცია, რის გამოც ამ უკანასკნელმა მოპასუხისგან მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 9412.58 ლარის დაკისრება.

27. წერილობით წარდგენილ არაკვალიფიციურ შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირებულიყო სასამართლოს მიერ გონივრულ ოდენობამდე. შესაგებელში განმარტებული არ არის, თუ რატომ იყო ჩათვლილიყო უმნიშვნელო დარღვევად მიწოდების ვადების უგულებელყოფა იმ მოცემულობაში, როდესაც შესრულებისთვის დათქმულ სახელშეკრულებო ვადას - 90 დღეს - მიმწოდებელმა, პრაქტიკულად, მესამედ დროზე მეტით (32 დღით) გადააცილა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დარღვევამ სრულად მოიცვა ხელშეკრულების ფარგლებში გადასაცემი საქონლის ოდენობა და არა მხოლოდ ნაწილი.

28. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს - 0.15%-ის 0.05%-მდე შემცირების დასაბუთებას არც მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი შეიცავს და სააპელაციო სასამართლოს დასკვნაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით შემცირებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური ღირებულებების - მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, არაკვალიფიციური შესაგებლის პირობებში, სასამართლოს არ წარმოშობია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეეფასებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობა და შეემცირებინა იგი. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა. ამდენად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კი ნაწილობრივ დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

29. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარე მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (იხ. №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022წ.; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022წ; №ას-889-2022, 23 მარტი, 2023წ.; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024წ.; №1519-2023, 21 ივნისი, 2024წ.; №485-2024, 28 ივნისი, 2024წ.).

30. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადა იწურებოდა 2023 წლის 03 თებერვლიდან 90 კალენდარული დღის თავზე, ესე იგი, 2023 წლის 04 მაისს. ხელშეკრულებაზე თანდართული ფასთა ცხრილის (დანართი №1) მიხედვით, შეკვეთა მოიცავდა 1730 ერთეულ ზურგჩანთა მულტიკამს, ერთეულის ღირებულებით 113.35 ლარი, ჯამში 196 095.5 ლარის ღირებულებით (ს.ფ. 31). საქმის მასალებში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ 2023 წლის წლის 03 თებერვლის №248 ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება მოხდა ერთ ეტაპად, სახელდობრ, 1730-ივე ზურგჩანთა შემსყიდველს მიეწოდა 2023 წლის 05 ივნისს, 32-დღიანი ვადაგადაცილებით. თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეთანხმებული 0.15%-ის გათვალისწინებით, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 294.143 ლარს (196 095.5*0.15), რაც, 32-დღიანი ვადაგადაცილების კვალობაზე, შეადგენს 9412.58 ლარს (294.143*32). აღნიშნული ოდენობის პირგასამტეხლო კი, უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი სანქციის ფუნქციის შესრულებას ისე, რომ არ გამოიწვიოს კასატორის გამდიდრება.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

32. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან, საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას.

33.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

33.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული სუბიექტია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სსსკ 55.1 მუხლის შესაბამისად, წარმოშობილია სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობები.

33.3. დავის საგნის ფასი პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენდა 9412.58 ლარს, შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა წარმოადგენდა 282.38 ლარს (9412.58*3%). ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აპელანტს/კასატორს მხოლოდ მოსარჩელე წარმოადგენდა, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში საჩივრის ფასი შეადგენდა 6275.06 ლარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 251 ლარით (6275.06*4%), ხოლო საკასაციო სასამართლოში - 313.75 ლარით (6275.06*5%). ჯამში, სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ოდენობა შეადგენს 847.13 ლარს, რომელიც, დავის შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ეკისრება მოპასუხე შ.პ.ს. „ს.გ.–“-ს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

4. შ.პ.ს. „ს.გ“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 9412 (ცხრაათასოთხასთორმეტი) ლარის და 58 (ორმოცდათვრამეტი) თეთრის ოდენობით.

5. შ.პ.ს. „ს.გ“-ის (ს/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 847 ლარის და 13 თეთრის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი _ 282.38 ლარი, სააპელაციო სასამართლოში _ 251 ლარი, საკასაციო სასამართლოში -313.75 ლარი).

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი