02 დეკემბერი 2024 წელი
საქმე №ას-544-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ფ.ა–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. „ფ.ა–მა“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მყიდველი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „გამყიდველი“) მიმართ, გადახდილი ნასყიდობის საფასურის - 19 200 აშშ დოლარის - უკან დაბრუნების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2019 წლის 19 სექტემბერს მხარეებს - ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტსა (გამყიდველი) და შ.პ.ს. „ფ.ა–ს“ (მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, გადაეცა მყიდველისთვის საკუთრებაში ნასყიდობის პირობით ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ წარმოებული პროდუქცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეალიზაციისთვის, ხოლო მყიდველმა იკისრა ვალდებულება, მიეღო და გადაეხადა საქონლის საფასური მიწოდების პირობებით EXW – საქართველო, ქ. თბილისი, ........ ქუჩა, 36, «ი–ს – ...» (ხელშეკრულების 1.1. პუნქტი). ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი არის პრეპარატი კარიპაზიმ 350 პე ფლაკონებში (ხელშეკრულების 1.2. პუნქტი). ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად, მყიდველს - შ.პ.ს. „ფ.ა–ს“ უნდა შეეძინა პრეპარატ კარიპაზიმ 350 პე-ს პარტია 24000 (ოცდაოთხი ათასი) ფლაკონის ოდენობით ყოველ 2 თვეში ერთხელ, შესაბამისად, საერთო რაოდენობა, კონტრაქტის თანახმად, შეადგენდა 144 000 ფლაკონს. ერთი ფლაკონი პრეპარატის ღირებულება შეადგენდა 1.00 აშშ დოლარს.
2.2. 19.09.2019 წლის ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, განაცხადი საქონლის განსაზღვრული პარტიის მიწოდებაზე ეგზავნება მყიდველის მიერ გამყიდველს ელექტრონული ფოსტით ან ჩვეულებრივი წერილით. გამყიდველმა, განაცხადის მიღების მომენტიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შეატყობინოს მყიდველს შეკვეთის მიღების შესახებ. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, გამყიდველი განაცხადის მიღების მომენტიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში უგზავნის მყიდველს ინვოისის პროფორმას ელექტრონული ფოსტით ან ჩვეულებრივი წერილით. მყიდველი 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მიღებულ ინვოისის პროფორმას და რომელიმე პუნქტებთან უთანხმოების შემთხვევაში აცნობებს ამის შესახებ გამყიდველს. განაცხადი საქონლის პარტიის მიღებაზე მხარეთა მიერ დამტკიცებულად მიიჩნევა მყიდველის მიერ გამყიდველისთვის ინვოისის პროფორმის საბოლოო რედაქციის გაგზავნის შემდეგ, რომელიც ხელმოწერილია ხელმძღვანელის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით. ყველა განაცხადი და ინვოისების პროფორმები წინამდებარე კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, საქონელი გადაეცემა მყიდველს მის მიერ გადახდის განხორცილებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის შემდეგ. ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, საქონელზე საკუთრების უფლება გამყიდველისგან მყიდველზე გადადის მყიდველისთვის განკუთვნილი საქონლის გადამზიდველისთვის ფაქტობრივად გადაცემის თარიღიდან. საქონლის გადაცემის ადგილია გამყიდველის წარმოების ფაქტობრივი ადგილმდებარეობა მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ........ საქონლის გადაცემის თარიღად მიიჩნევა სატრანსპორტო ზედდებულის თარიღი.
2.3. 2019 წლის ოქტომბრის თვეში შ.პ.ს. „ფ.ა–მა“ საქონლის განსაზღვრული პარტიის მიწოდების შესახებ განაცხადი გაუგზავნა გამყიდველს, რომლის პასუხადაც ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა მყიდველს გაუგზავნა 31.10.2019წ. დათარიღებული პროფორმა ინვოისი №2; ამ უკანასკნელის თანახმად, გამყიდველს მყიდველისთვის უნდა გადაეცა საქონელი - პრეპარატი კარიპაზიმ 350 პე, სულ 19 200 ფლაკონი, 19 200 აშშ დოლარის ღირებულების (ერთი ფლაკონის ღირებულება 1 აშშ დოლარი). გამოწერილი 31.10.2019წ. პროფორმა ინვოისი №2-ის საფუძველზე მოსარჩელემ რუსეთის ფედერაციაში არსებული ბანკის ს.ს. „რ“-ს მეშვეობით მოპასუხეს გადაუხადა შეთანხმებული საქონლის პარტიის საფასური - 19 200 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა გადმოირიცხა მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშის ნომერზე, საქართველოში, ს.ს. „თ.ბ–ში“, შუამავალი ბანკის - „ს“-ს (აშშ, ნიუ-იორკი) მეშვეობით.
2.4. ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტსა და შ.პ.ს. „ფ.ა–ს“ შორის 04.12.2019 წელს დაიდო დამატებითი შეთანხმება №1, რომლის თანახმადაც, 31.10.2019 წლის ინვოისით გათვალისწინებული საქონლის (პრეპარატი კარიპაზიმი 350 პე), ღირებული 19 200 აშშ დოლარად, მიწოდების ვადად განისაზღვრა 30.06.2020 წელი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ 06.11.2019 წელს მოპასუხეს წინასწარ გადმოურიცხა შესაძენი საქონლის პარტიის საფასური - 19 200 აშშ დოლარი, მოპასუხეს, არც თანხის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, არც 30.06.2020 წლამდე ვადაში და, არც ამ ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელისთვის არ მიუწოდებია საქონლის პარტია.
მოპასუხეების პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დადებული ხელშეკრულება არსით ნარდობის სამართალურთიერთობაა, ამას ადასტურებს თავად 3.3 და 5.2 პუნქტები, შეკვეთა, ინვოისი, გადახდა, გადახდიდან მიწოდებისათვის 30 დღე. ამასთან ვარგისიანობის ვადაზე მითითება ნიშნავს, რომ პრეპარატი უნდა დამზადდეს შეკვეთის მიღების შემდეგ და მისი ვარგისიანობის ვადაც აქედან აითვლება. 31.10.2019 წლის პროფორმა ინვოისის მიხედვით ჩანს, რომ ეს შეკვეთა განსხვავდება 19.09.2019წ. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისაგან - 2 თვეში ერთხელ 24 000 (ფლაკონი), რაც ჯამში შეადგენს 144 000 ფლაკონს.
3.2. 04.12.2019 წლის შეთანხმება დამატებით ადასტურებს, რომ 31.10.2019წ. პროფორმა ინვოისის შეკვეთა ასევე განსხვავდება ძირითადი ხელშეკრულებისაგან საქონლის დროში მიღების ინტერესით და შესაბამისად მისი მიწოდების ვადა გადაიდო 30.06.2020 წლისათვის (1 თვიანი ვადა შეიცვალა თითქმის 7 თვით). 30.06.2020წ. ვადის გასვლის შემდეგაც არ ჩანს მოსარჩელეს ინტერესი შესრულების მიმართ და მხოლოდ 30.09.2020 წლის წერილით ხდება შეტყობინება, რომ „12.04.2010 №61 - ფ3 ფედერალური კანონის მოთხოვნების შესაბამისად წინამდებარე კონტრაქტის ფარგლებში მარკირებული საქონლის მიწოდების შეუძლებლობასთან დაკავშირებით“ მოსარჩელე ითხოვს 31.10.2019წ. ინვოისის საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას და უარს ამბობს საქონლის მიღებაზე.
3.3. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. მოსარჩელემ უარი თქვა ხელშეკრულებაზე და ეს დასტურდება მისივე 30.09.2020წ. წერილით. მოსარჩელე ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო და ზიანიც კი. შესრულებული სამუშაოს ღირებულება კი, შეადგენს 19 200 აშშ დოლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს შ.პ.ს. „ფ.ა“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 19 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი, დავისთვის მნიშვნელობის მქონე, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა:
7.1. 2019 წლის 19 სექტემბერს ს.ს.ი.პ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტსა და შ.პ.ს. „ფ.ა–ს“ შორის დაიდო №5 ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში ნასყიდობის პირობით მოპასუხე ინსტიტუტის მიერ წარმოებული პროდუქცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეალიზაციისთვის, ხოლო მყიდველმა იკისრა ვალდებულება, მიეღო და გადაეხადა საქონლის საფასური მიწოდების პირობებით EXW – საქართველო, ქ. თბილისი, ...... ქუჩა, 36, «ი–ს – ....».
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა პრეპარატი „კარიპაზიმ 350 პე“ ფლაკონებში. შ.პ.ს. „ფ.ა–ს“ უნდა შეეძინა პრეპარატ „კარიპაზიმ 350 პე“-ს პარტია 24 000 ფლაკონის ოდენობით ტრანშებად, ყოველ 2 თვეში ერთხელ. შესაბამისად, საერთო რაოდენობა, კონტრაქტის თანახმად, შეადგენდა 144 000 ფლაკონს. ერთი ფლაკონი პრეპარატის ღირებულება შეადგენდა 1.00 აშშ დოლარს.
შესყიდვა უნდა მომხდარიყო წინასწარ შეთანხმებული სქემის მიხედვით, კერძოდ, განაცხადი საქონლის განსაზღვრული პარტიის მიწოდებაზე მყიდველის მიერ გამყიდველს უნდა გაგზავნოდა ელექტრონული ფოსტით ან ჩვეულებრივი წერილით. გამყიდველს, განაცხადის მიღების მომენტიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, უნდა შეეტყობინებინა მყიდველისთვის შეკვეთის მიღების შესახებ.
გამყიდველს განაცხადის მიღების მომენტიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში მყიდველისთვის უნდა გაეგზავნა ინვოისის პროფორმა ელექტრონული ფოსტით ან ჩვეულებრივი წერილით. მყიდველს 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა განეხილა მიღებული ინვოისის პროფორმა და რომელიმე პუნქტთან უთანხმოების შემთხვევაში ეცნობებინა ამის შესახებ გამყიდველისთვის. განაცხადი საქონლის პარტიის მიღებაზე მხარეთა მიერ დამტკიცებულად მიიჩნეოდა მყიდველის მიერ გამყიდველისთვის ინვოისის პროფორმის საბოლოო რედაქციის გაგზავნის შემდეგ, რომელიც ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული იქნებოდა. ყველა განაცხადი და ინვოისის პროფორმა კონტრაქტის განუყოფელ ნაწილად განიხილებოდა.
მყიდველს საქონელი გადაეცემოდა მის მიერ გადახდის განხორცილებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ. საქონელზე საკუთრების უფლება გამყიდველისგან მყიდველზე გადავიდოდა მყიდველისთვის განკუთვნილი საქონლის გადამზიდველისთვის ფაქტობრივად გადაცემის თარიღიდან. საქონლის გადაცემის ადგილად განისაზღვრა გამყიდველის წარმოების ფაქტობრივი ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. თბილისი, ............ საქონლის გადაცემის თარიღად განისაზღვრა სატრანსპორტო ზედდებულის თარიღი.
7.2. 2019 წლის ოქტომბრის თვეში შ.პ.ს. „ფ.ა–მა“ საქონლის განსაზღვრული პარტიის მიწოდების შესახებ განაცხადი გაუგზავნა გამყიდველს, რომლის პასუხადაც ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა მყიდველს გაუგზავნა 31.10.2019წ. დათარიღებული პროფორმა ინვოისი №2, რომლის თანახმად, გამყიდველს მყიდველისთვის უნდა გადაეცა საქონელი - პრეპარატი კარიპაზიმ 350 პე, სულ 19 200 ფლაკონი, 19 200 აშშ დოლარის ღირებულების.
7.3. ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ გამოწერილი 31.10.2019წ. პროფორმა ინვოისი №2-ის საფუძველზე შ.პ.ს. „ფ.ა–მა“, რუსეთის ფედერაციაში არსებული ს.ს. „რ“-ს მეშვეობით, მოპასუხეს გადაუხადა შეთანხმებული საქონლის პარტიის საფასური - 19 200 აშშ დოლარი.
7.4. თანხის გადარიცხვა მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშის ნომერზე, საქართველოში, ს.ს. „თ. ბ–ში“, განხორციელდა შუამავალი ბანკის - „ს“-ს (აშშ, ნიუ-იორკი) მეშვეობით.
7.5. ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტსა და შ.პ.ს. „ფ.ა–ს“ შორის 04.12.2019 წელს დაიდო დამატებითი შეთანხმება №1, რომლის თანახმადაც, 31.10.2019წ. №2 ინვოისით გათვალისწინებული საქონლის (პრეპარატი კარიპაზიმი 350 პე), ღირებული 19 200 აშშ დოლარად, მიწოდების ვადად განისაზღვრა 30.06.2020 წელი.
7.6. ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა შ.პ.ს. „ფ.ა–ს“ არ მიაწოდა პრეპარატი კარიპაზიმ 350 პე, სულ 19 200 ფლაკონი, რომლის ღირებულება - 19 200 აშშ დოლარი - მყიდველს გამყიდველისათვის წინასწარ ჰქონდა გადახდილი.
8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიცემული შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. 19.09.2019წ. ხელშეკრულება შინაარსის, ხელშეკრულებით განაწილებული მხარეთა უფლება-მოვალეობებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას.
8.2. მოცემულ საქმეში დავის საგანია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საქონლის საყიდლად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. მოპასუხე მიუთითებს, რომ მან ვალდებულება სრულად შეასრულა. სსკ-ის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ-ის 427-429-ე მუხლების გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, მოვალეს აკისრია.
8.3. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განმარტა, რომ წამლები სარეალიზაციო მდგომარეობაში უკვე დამზადებული იყო დადგენილ ვადაში, თუმცა რუსეთის საკანონმდებლო რეგულაციის გამო საჭირო გახდა წამლის შეფუთვაზე ე.წ. „ქიუარ კოდის“ მსგავსი შტრიხკოდის დატანა. მსგავსი კოდების წამალზე დატანა საქართველოში არ ხდება და არც მსგავსი შტრიხკოდის დატანის შესაძლებლობა არსებობდა (იხ. მოპასუხის ახსნა - განმარტება 03.05.2023წ. სხდომის ოქმში).
8.4. სასამართლომ მიუთითა, რომ მოთხოვნის გამომრიცხველი ფაქტები, სსსკ 204-ე და 219-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო საქმის მომზადების სტადიაზე, შესაგებლის ეტაპზე. წარდგენილი შესაგებელში კი, სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაჟღერებული ფაქტები მითითებული არ ყოფილა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მთელი სულისკვეთება მხარეთა შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპის გავლენითაა შექმნილი. ასეთ ვითარებაში დაუშვებელია, რომელიმე მხარემ ფაქტები დამალოს ან გადაინახოს მთავარი სხდომისათვის ისე, რომ მასზე მოსაზრებების წერილობით წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცეს მოწინააღმდეგე მხარეს. წერილობითი მართლმსაჯულება მხარეებს უფლებას ანიჭებს წერილობითი ფიქსაციის ტექნიკის გამოყენებით შექმნან მყარი შედავება მოწინააღმდეგეთა პოზიციების შესასუსტებლად, მტკიცების მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად. ამდენად, მთავარ სხდომაზე გავრცელებული გარემოებები, როგორც დაუშვებელი, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა. საწინააღმდეგოს მტკიცების შემთხვევაშიც კი, სასამართლოს განსჯით, მოპასუხემ ვერ მიუთითა რაიმე სახის მტკიცებულების ბუნებაში არსებობაზე, რაც მისი მხრიდან ვალდებულების შესრულებას ან შესრულებლობის შეუძლებლობას დაადასტურებდა.
8.5. მოპასუხის პოზიციის თანახმად, მან მიაწოდა მოსარჩელეს საქონელი, თუმცა ამ უკანასკნელმა არ მიიღო შესრულება შეფუთვაზე კონკრეტული სახეობის შტრიხ-კოდის არარსებობის გამო. მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი საზღაური კი, ემსახურება მედიკამენტის დასამზადებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. აღნიშნული არგუმენტის გასაქარწყლებლად სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 434.1 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან. პალატამ შენიშნა, რომ მოცემულ საქმეში მსგავსი გარემოების დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები არ წარდგენილა, რის გამოც მოპასუხის პოზიცია არ იქნა გაზიარებული.
8.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა კონკრეტული საქონლის საფასური, რომელიც მას არ მიუღია. მოსარჩელეს არ სურს ხელშეკრულების შესრულება და საქონლის მიღება, არამედ ითხოვს გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას, რისი უფლებაც სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლების დისპოზიციიდან გამომდინარეობს.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მხარეებს შორის დადებულია ნარდობის ხელშეკრულება. სასამართლოსთვის ცნობილია, რომ მოპასუხემ დაამზადა მედიკამენტი მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით, და შეფუთა იმგვარად, როგორც მოსარჩელეს სურდა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მედიკამენტი დამზადებულია კონკრეტულად რუსეთისათვის. ხელშეკრულების მე-2 პუნქტითაც განსაზღვრულია, რომ საქონელი უნდა იყოს გარკვეული სპეციფიკის მქონე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხმარებისათვის. უდავოა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დამზადებულ საქონელს სხვა ვერ მოიხმარს. სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ პრეპარატი არის სპეციალურად დამზადებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხმარებისათვის.
9.2. სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ უარი თქვა შეკვეთილი პროდუქციის მიღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ გაიღო ხარჯი და მოამზადა შეკვეთილი საქონელი. მოსარჩელემ 2020 წლის 30 სექტემბრის წერილითაც მიუთითა, რომ ვერ მიიღებდა შეკვეთილ პროდუქციას კანონმდებლობიდან გამომდინარე. სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მოსარჩელეს საქონელი არ მიეწოდა მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13.1. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
13.2. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებული შეფასება მისცეს სადავო სამართალურთიერთობას.
13.3. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების კვალიფიკაციის საკითხი - მოსარჩელის განმარტებით, დადებული ხელშეკრულება ნასყიდობის სამართალურთიერთობას წარმოადგენს, მოპასუხის მტკიცებით კი - ნარდობას.
13.4. მაშასადამე, პალატის შეფასების საკითხია, რამდენად მართებულად დაასკვნეს ქვემდგომმა სასამართლოებმა, რომ დავა გამომდინარეობდა ნასყიდობის სამართალურთიერთობიდან. ზღვარი ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულებებს შორის კი, უნდა გაივლოს თოთოეული ამ ხელშეკრულების სამართლებრივი ცნების ურთიერთშედარებით.
13.5. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
13.6. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად კი, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
13.7. თუკი ხელშეკრულების ობიექტი გარიგების დადების ეტაპზე არ არსებობს და შეთანხმების საგანი საქონლის დამზადებასა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემას მოიცავს, ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებად კვალიფიცირდება. მაშასადამე, ნარდობის დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ხელშეკრულების ობიექტი უნდა შეიქმნას მომავალში, მენარდის ძალისხმევის შედეგად. ნასყიდობის სამართალურთიერთობაში კი, ქონებრივი სიკეთე, ხელშეკრულების დადების ეტაპზე უკვე არსებობს, მაშასადამე, ამ ხელშეკრულების საგანი არის საქონლისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა.
13.8. წარმოდგენილი ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კასატორის მიერ მოსარჩელისათვის ნასყიდობის პირობით ფარმაკოქიმიის მიერ წარმოებული პროდუქცია რუსეთის ტერიტორიაზე რეალიზაციისთვის. ამავე ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად კი, წინამდებარე კონტრაქტის ფარგლებში გამყიდველი ყიდის, ხოლო მყიდველი ყიდულობს პრეპარატ „კარიპაზიმ 350 პე-ს ფლაკონებში. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, საქონლის ფასში შედის შეფუთვის, მარკირების, ტექნიკური დოკუმენტაციის, სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვისა და გამყიდველის ქვეყენაში საბაჟო ფორმალობების განხორციელება. ამავე ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა შეადგენდეს თითოეული სახის სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებული ვადის არანაკლებ 80%-ს.
04.12.2019 წლის დამატებითი შეთანხმების 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ 31.10.2019 წლის №2 ინვოისის საფუძველზე შეკვეთილი საქონლის - 19 200 ერთეული სამკურნალო საშუალება „კარიპაზიმ 350 პე“-ს მიწოდების ვადების 30.06.2020-სთვის გადაწევაზე.
13.9. მითითებული შეთანხმებებიდან არ დგინდება, რომ კონკრეტული ოდენობის მედიკამენტი კასატორს უნდა დაემზადებინა უშუალოდ მოსარჩელისათვის, მისი მხრიდან შეკვეთის განხორციელების შემდეგ, არამედ, შეთანხმების საგანს წარმოადგენდა ფარქმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ წარმოებული საქონლის შესყიდვა. ამასთან, ვარგისიანობის ვადაზე სპეციალური შეთანხმება ნათელყოფს სწორედ იმას, რომ შ.პ.ს. „ფ.ა–ი“-ს სახელშეკრულებო მოთხოვნას არ წარმოადგენდა მედიკამენტის დამზადება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი შეკვეთას წარუდგენდა ხელშემკვრელ მხარეს.
13.10. ამ ნიშნით, სადავო ხელშეკრულება მეტ მსგავსებას ავლენს ნასყიდობის და არა ნარდობის სამართალურთიერთობასთან. ამავდროულად, რომც ჩაითვალოს, რომ მედიკამენტს კასატორი უშუალოდ მოსარჩელისათვის ამზადებდა, სასამართლო გვერდს ვერ აუვლის სამოქალაქო კოდექსის 629.2 მუხლის ძალით სადავო ურთიერთობაზე ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენებას, ვინაიდან თუ ნარდობა ითვალისწინებს ნაკეთობის დამზადებას მენარდის მასალით და დამზადებული ნაკეთობა გვაროვნული ნივთია, მასზე ნასყიდობის წესები გამოიყენება.
13.11. იურიდიულ ლიტერატურაში აღიარებული განმარტების შესაბამისად, გვაროვნულ ნივთებს განეკუთვნებიან ის საგნები, რომლებიც ხასიათდებიან ზოგადი ნიშნებით, როგორებიცაა: ნივთების ბუნებრივი, ტექნიკური ან ეკონომიკური თვისებები. თუ ვალდებულების შესრულების საგანია გვაროვნული ნივთი, ის განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეებს შეუძლიათ, კონკრეტულად განსაზღვრონ გვაროვნული ნივთის თვისებები (მაგალითად: ფერი, ზომა და ა.შ.). როგორც წესი, გვაროვნული ნივთით შესრულების ვალდებულება ხორციელდება შეცვლადი ნივთების მეშვეობით. შეცვლადი ნივთები სამოქალაქო ბრუნვაში განისაზღვრება რაოდენობით, ზომით ან წონით. სერიულად დამზადებული საქონელი გვაროვნული ნივთების რიგს მიეკუთვნება. გვაროვნულ ნივთად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია, რომ ნივთი იმავე გვაროვნული ნივთებისაგან ინდივიდუალური ნიშნებით არ გამოირჩეოდეს. ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი სახეზეა, თუ ვალდებულების შესრულების საგანი მხარეთა შეთანხმების საფუძველზე კონკრეტულად განსაზღვრულია და მოვალეს სხვა ნივთით ვალდებულების შესრულება არ შეუძლია. ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთებია, მაგალითად: ხელოვნების ნიმუშები, შემკვეთის განსაკუთრებული სურვილის შესაბამისად დამზადებული ავეჯი, სპეციალურად დამზადებული მოდელები (ავტომობილი, ტანსაცმელი), ანტიკვარული ნივთები, ვინაიდან თითოეული მათგანი ინდივიდუალური, განსაკუთრებული ნიშან-თვისებებით ხასიათდება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018, გვ.6).
13.12. უდავო გარემოებაა, რომ მედიკამენტს ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი არა მოსარჩელის, არამედ საკუთარი მასალით აწარმოებდა; 19 200 ერთეული იდენტური შემადგენლობის მედიკამენტის დამზადების მოთხოვნა, ცხადია, გულისხმობს არა ინდივიდუალური, არამედ გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული საქონლის დამზადებას, რომელთაც ერთანირი შემადგენლობა და ეტიკეტირება აქვს. ის გარემოება, რომ კონკრეტულად რუსეთის ფედერაციაში მისაწოდებელი საქონელი რუსულ ენაზე უნდა ყოფილიყო მარკირებული, ვერ აქცევს სერიული წარმოების საქონელს ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ ნივთად.
13.13. ამრიგად, სადავო ხელშეკრულებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმების გამოყენება გარდაუვალია მაშინაც, თუკი დადგინდება, რომ მხარეთა შეთანხმება არამარტო საქონლის მიწოდებას, არამედ უშუალოდ მოსარჩელისთვის დამზადებასაც მოიცავდა. ამდენად, სახელშეკრულებო ურთიერთობის კვალიფიკაციის ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია წარმატების პერსპექტივას მოკლებულია.
14.1. პალატის განსჯით, უპირველეს ყოვლისა, წინამდებარე საქმეში დასადგენია ხელშეკრულების დამრღვევი მხარე. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ თავად თქვა უარი ხელშეკრულებაზე (დაარღვია ხელშეკრულება) რის გამოც, ავანსად გადახდილი თანხა მოპასუხემ გაწეული ხარჯების ანგარიშში ჩაითვალა.
14.2. საკასაციო პალატა წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად შენიშნავს, რომ საქმეში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს შეკვეთის განხორციელებისა და შესასყიდი საქონლის ღირებულების ავანსად გადახდის ფაქტები. პროფორმა ინვოისის საფუძველზე ანგარიშსწორების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი (მოცემულ შემთხვევაში, როგორც მხარეთა მიერ იყო შეთანხმებული - სატრანსპორტო ზედდებული) საქმეში დაცული არ არის. მოპასუხე არ უარყოფს, რომ საქონლის გადაცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, არამედ მიუთითებს მის გადაუცემლობაში კრედიტორის ბრალეულობაზე, სახელდობრ, საამისო მიზეზის გარეშე საქონლის მიღებაზე უარის თქმაზე. პალატის განსჯით, მყიდველის მიერ საქონლის მიღებაზე უარის თქმის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, სახელდობრ, საბანკო ტრანზაქციის ამსახველი დოკუმენტებით დგინდება, რომ საავანსო ანგარიშსწორება შესრულებულია 06.11.2019 წელს, ხოლო აღნიშნული მომენტიდან 30 დღის ვადაში საქონლის მიწოდების ნაცვლად, მხარეთა შორის შემდგარია დამატებითი შეთანხმება, რომლითაც შეკვეთის მიწოდების თარიღმა 30.06.2020 წლამდე გადაიწია. ამასთან, დამატებითი შეთანხმება არ შეიცავს მითითებას, თუ რა გახდა გამყიდველისათვის მიწოდების ვადების გაზრდის საფუძველი. საქმეში დაცული მტკიცებულებებით ნათელია მხოლოდ ის გარემოება, რომ მიწოდების ხელახალი ვადა (30.06.2020 წელი) ისე გავიდა, რომ შეკვეთილი საქონელი მყიდველს არ გადასცემია. არავითარი მტკიცებულება, რაც ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობაში გამყიდველის ბრალს გამორიცხავდა (მაგალითად, მყიდველთან კორესპონდენცია), საქმის მასალებში დაცული არ არის, არამედ, მიწოდების ვადების ზრდის შესახებ 04.12.2019 წლის შეთანხმების შემდეგ საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი წერილი, დათარიღებული 30.09.2020 წლით (ესე იგი, ვალდებულების შესრულების ბოლო ვადის ამოწურვიდან 3 თვის შემდეგ), რომლითაც შ.პ.ს. „ფ.ა–ი“-ს გენერალური დირექტორი ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფინანსურ დირექტორ ზურაბ ანთელიძეს სწერს შემდეგი შინაარსის წერილს: „...ჩვენს ორგანიზაციებს შორის 19.09.2019 დადებულია კონტრაქტი №5. კონტრაქტის მოქმედების ვადა მთავრდება 10.10.2020. 12.04.2010 №61-Ф3 ფედერალური კანონის მოთხოვნების შესაბამისად წინამდებარე კონტრაქტის ფარგლებში მარკირებული საქონლის მიწოდების შეუძლებლობასთან დაკავშირებთ, გთხოვთ, დააბრუნოთ ფულადი სახსრები, რომელიც შეტანილი იქნა წინასწარი გადახდის სახით საქონელზე – «სამკურნალო საშუალება «კარიპაზიმ 350 პე - 19.09.2019 წლის №5 კონტრაქტის 31.10.2019 წლის №2 ინვოისის მიხედვით 19200 (ცხრამეტი ათას ორასი) ერთეულისთვის 19200 (ცხრამეტი ათას ორასი) USD ოდენობის თანხაზე, რომელიც გადახდილი იყო 06.11.2019 დებეტ-ავიზოს შესაბამისად....როგორც კი ჩვენი ორგანიზაციები მზად იქნებიან ისეთი სამკურნალო პრეპარატების მიწოდებისთვის, რომლებიც მარკირებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებს პასუხობს, ჩვენ მოხარულნი ვიქნებით განვაახლოთ ჩვენი ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა.“(ტ.1, ს.ფ. 46).
14.3. ციტირებული წერილით დგინდება, რომ საქონლის მიწოდების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მედიკამენტის ეტიკეტირების განუხორციელებლობა, რაც მხარეთა შორის სადავოდ არც წინამდებარე დავის მიმდინარეობისას ქცეულა.
14.4. საკასაციო პალატა მოიხმობს 19.09.2019 წლის ხელშეკრულების 4.2 მუხლს, რომელიც საქონლის მარკირების წესებს მიემართება: „თოთოეულ სატრანსპორტო შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს მარკირება რუსულ ენაზე: - საქონლის დასახელება; - შეფუთვების რაოდენობა; - სერია; - ვარგისიანობა; - მყიდველი და მისი მისამართი“.
14.5. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ გამყიდველის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მყიდველი მას საქონლის ხელშეკრულებით დათმული წესისგან განსხვავებულ მარკირებას ავალებდა და 12.04.2010 №61-Ф3 ფედერალური კანონის მოთხოვნების შესაბამისად მარკირების წესი განსხვავდებოდა ხელშეკრულების 4.2 პუნქტში აღწერილი წესისაგან. ამ მიმართულებით გამყიდველს მტკიცებითი საქმიანობა არ წარუმართავს.
14.6. რაც შეეხება მთავარ სხდომაზე ზეპირსიტყვიერად მიცემულ განმარტებას, რომ მყიდველი გამყიდველისგან მოითხოვდა საქონლის მარკირებას წამლის შეფუთვაზე ე.წ. „ქიუარ კოდის“ მსგავსი შტრიხკოდის დატანის გზით, უწინარესად, პალატა შენიშნავს, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში დაცული არ არის. ამავდროულად, საქმეში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი მყიდველის მიერ საქონლის ხელშეკრულებისგან განსხვავებული წესით მარკირების მოთხოვნამ განაპირობა, რის გამოც, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ სსსკ 201.4-ე და 219.1-ე მუხლებიდან გამომდინარე, არსებითად ახალი, შესაგებელში მიუთითებელი გარემოების მთავარ სხდომაზე მითითება, საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში, დაუშვებელი იყო.
15.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი, სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა. ვალდებულების შესრულება ხასიათდება იმით, რომ იგი წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტისაკენ მიმართულ ნებელობით ქმედებებს.
15.2. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
15.3. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას (სსკ-ის მე-400 მუხლი). ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული (სსკ-ის 401-ე მუხლი).
15.4. მოცემულ შემთხვევაში, ვერ დადასტურდა, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან ხელშეკრულებისგან განსხვავებული წესით მარკირებული საქონლის მიწოდებას ითხოვდა. ამ მოცემულობაში კი, 30.06.2020 წლამდე საქონლის მიუწოდებლობა წარმოადგენს მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულების ბრალეულ ვადაგადაცილებას.
16.1. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 352.1-ე მუხლიდან (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)) და 405.1-ე მუხლის პირველი წინადადებიდან (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ) გამომდინარეობს.
16.2. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი); გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ. სუსგ. №ას-1003-924-2017, 01.12.2017წ.; №ას-1166-2019, 06.04.2020წ.; №ას-1516-2019, 26.06.2020წ.; №ას-612-2020; 11.03.2021წ.; №ას-885-2023, 3.10.2023წ.; №ას-211-2024, 26.04.2024წ. ).
16.3. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოებები გამოვლენილი არ არის. დადგენილია, რომ 06.11.2019 წელს მყიდველმა გამყიდველს საავანსო ანგარიშსწორების ფარგლებში 19 200 აშშ დოლარი გადაუხადა; ანგარიშსწორებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, 06.12.2019 წლის ჩათვლით, გამყიდველს შეკვეთილი მედიკამენტის მყიდველისთვის მიწოდების მოვალეობა გააჩნდა, რომლის ვადაში შესრულებაც გამყიდველმა ვერ შეძლო. მყიდველმა გამყიდველს საქონლის მისაწოდებლად, 04.12.2019 წლის შეთანხმების ძალით, მისცა დამატებითი ვადა 30.06.2020 წლის ჩათვლით, რაც უშედეგოდ გავიდა. 30.09.2020 წელს მყიდველმა წერილობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355.1 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, აცნობა გამყიდველს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ და მოსთხოვა ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ავანსის უკან დაბრუნება. დადგენილია, რომ წინამდებარე დავის განხილვის ეტაპზე ავანსი უკან დაბრუნებული არ არის.
16.4. ამრიგად, მყიდველი ხელშეკრულებიდან გასულია ყველა წინაპირობის დაცვით, მართლზომიერად, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და იგი მართებულად დაექვემდებარა დაკმაყოფილებას.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამართლებრივ შეფასებებთან მიმართებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები კი, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის არცერთ კრიტერიუმს, რაც საკასაციო პრეტენზიის დაუშვებლად მიჩნევის საფუძველია.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, კასატორს უკან დაუბრუნდება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 2564.06 ლარის 70%, რაც შეადგენს 1794.84 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქ–ძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს (ს/კ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2564.06 ლარის (საგადახდო მოთხოვნა № 00745, გადახდის თარიღი: 16.04.2024წ, განმკარგავი საბიუჯეტო ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი: ........) 70% – 1794 ლარი და 84 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი