Facebook Twitter

21 ნოემბერი 2025 წელი

№ას-1335-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ჟ–

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ჟ–ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.ჟ–ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მ.ჟ–ის მიმართ, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2006 წლის 17 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. თ.ჟ–ამ და მ.ჟ–მა იქორწინეს 2006 წლის 17 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციაში. მხარეებს თანაცხოვრების დროს შეეძინათ სამი შვილი - ვ.ჟ–ა, ნ.ჟ–ა და დ.ჟ. 2016 წლის დეკემბერში მოსარჩელემ და მოპასუხემ გააფორმეს საქორწინო ხელშეკრულება და დაარეგისტრირეს შესაბამისი წესით რუსეთის ფედერაციაში. 2020 წლის ივლისში თ.ჟ–ას და მ.ჟ–ის ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში. არასრულწლოვნებმა სწავლა განაგრძეს თბილისის სკოლაში. 2024 წლის ივლისში მხარეთა შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რის მოგვარებაც არაერთხელ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხესთან თანაცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, მოპასუხე კი, არ არის თანახმა განქორწინებაზე.

2.2. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თ.ჟ–ას პოზიცია არ შეცვლილა - მას სურს განქორწინება. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ შესარიგებელ ვადას შედეგი არ მოჰყვა. (იხ. 23.04.2025 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

მოპასუხის პოზიცია:

3. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2024 წლის სექტემბრამდე, 18 წლის განმავლობაში, მხარეთა შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა. მოსარჩელემ გაუგებარი მიზეზით დატოვა საცხოვრებელი და მოპასუხისთვის უცნობია კონფლიქტის მიზეზიც. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მ.ჟ–ს კვლავ არ სურს განქორწინება და არ ეთანხმება სარჩელს. მ.ჟ–ის აზრით, მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მეუღლეთა შორის კამათი არასდროს მომხდარა და გაუგებარია ახლანდელი კონფლიქტის მიზეზი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა ქორწინება თ.ჟ–ას (ქორწინებამდელი გვარი - ტ–ა, დაბ: 07 ოქტომბერი, 1978 წელი, მოქალაქეობა - რუსეთი) და მ.ჟ–ს (დაბ: 12 სექტემბერი, 1978 წელი, მოქალაქეობა - რუსეთი) შორის, რეგისტრირებული - 2006 წლის 17 ნოემბერს, სააქტო ჩანაწერი №2261, სახელმწიფო რეგისტრაციის ადგილი - მოსკოვის მმაჩის სამმართველოს ლევობერეჟნის მმაჩის განყოფილება.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. თ.ჟ–ამ (ქორწინებამდელი გვარი ტ–ა) და მ.ჟ–მა იქორწინეს 2006 წლის 17 ნოემბერს რუსეთის ფედერაციაში. მხარეებს თანაცხოვრების დროს შეეძინათ სამი შვილი - 2007 წლის 22 მარტს დაბადებული ვ.ჟ–ა, 2009 წლის 21 დეკემბერს დაბადებული ნ.ჟ–ა და 2011 წლის 20 ოქტომბერს დაბადებული დ.ჟ.

7.2. თ.ჟ–ა და მ.ჟ–ი 2024 წლის სექტემბრის თვიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. ორი არასრულწლოვანი ცხოვრობს მამასთან, ხოლო უფროსი შვილი იმყოფება სასწავლებლად საზღვარგარეთ.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, ქორწინება ნებელობითი აქტია, შესაბამისად, როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, განქორწინება ხდება სასამართლო წესით (სსკ-ის 1123-ე მუხლი).

8.2. სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ცოლქმრული ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ სააპელაციო შესაგებელზე, რომლითაც თ.ჟ–ამ კატეგორიულად გამორიცხა მ.ჟ–ნთან ქორწინების შენარჩუნების სურვილი და განმარტა, რომ მისთვის ქორწინებაში დარჩენა ფსიქოლოგიური და მორალური ტრავმის მომტანია. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ქორწინების შენარჩუნებისა და შერიგების მიზნით, სასამართლომ მხარეებს მიეცა სამთვიანი ვადა, რაც უშედეგო აღმოჩნდა. გარდა ამისა, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ თ.ჟ–ამ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2024 წლის 08 ოქტომბერს, პირველი ინსტანციის სასამართლომ კი, გადაწყვეტილება 2025 წლის 23 აპრილს მიიღო, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ამავე წლის 20 აგვისტოს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის აღძვრიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხეს ქორწინების შენარჩუნების მიზნით საკმარისი დრო ჰქონდა.

8.3. პალატამ განმარტა, რომ განქორწინების თაობაზე ერთ-ერთი მხარის უცვლელი და მკაფიო ნება საკმარისი საფუძველია სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებისათვის, რადგან სასამართლო მხარეთა ნების ფორმირებაში ვერ ჩაერევა და ვერ აიძულებს მხარეს, რომელსაც ქორწინების შეწყვეტასთან მიმართებით გააჩნია კატეგორიული აზრი, შეიცვალოს დამოკიდებულება. ქორწინების შესახებ შეთანხმება, აგრეთვე მისი შეწყვეტა, მეუღლეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ქორწინების მიზანი არის ოჯახის შექმნა და მეუღლესთან ერთად საერთო მეურნეობის გაძღოლა, სხვა შემთხვევაში, ქორწინება არ ჩაითვლება ნამდვილად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა ქორწინების შეწყვეტაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შეუძლებელია თ.ჟ–ას და მ.ჟ–ის ოჯახის აღდგენა/შენარჩუნება, მოპასუხე დღემდე ცდილობს მეუღლესთან ურთიერთობის აღდგენას, კონფლიქტის მიზეზების გამორკვევასა და გადაჭრას. მოდავე მხარეებს აკავშირებთ მრავალწლიანი ქორწინება, სამი საერთო შვილი, მრავალი ვალდებულება, რომელთაც 18 წლის განმავლობაში იზიარებდნენ. მოცემულ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოჯახისა და არასრულწლოვანი შვილების ინტერესებს და მ.ჟ–ს მიეცეს დამატებითი დრო ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, არამედ, ეწინააღმდეგება სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ოჯახის აღდგენა/შენარჩუნება შეუძლებელია. ამდენად, წინამდებარე განჩინების 7.1.-7.2. პუნქტებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრული მოცულობით სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის.

14. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით რეგულირდება რა ქორწინების წესი და წინაპირობები, ნორმის პირველივე წინადადებაში ხაზგასმით ადგენს კანონმდებელი, რომ იგი მხარეთა ნებაზე დამყარებული ურთიერთობაა. მათი თანხმობა წარმოადგენს როგორც დაქორწინებისათვის აუცილებელ პირობას სსკ-ის 1107-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ისე შემდგომში, აუცილებელ პირობას ოჯახის შენარჩუნებისათვის. სწორედ მეუღლეთა თანხმობით გამოიხატება ნებაყოფლობითი ქორწინების პრინციპი.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.

16. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (იხ. სუსგ. №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.).

17. ციტირებული ნორმით დაცულ სფეროს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა. მასში მოიაზრება როგორც ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ისე ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (იხ. სუსგ. №ას-1753-2018, 15.02.2019წ.).

18. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ერთ-ერთი მეუღლის განცხადება, რომ მას მეორე მეუღლესთან თანაცხოვრება არ სურს (იხ. სუსგ. №ას-813-2019, 14.02.2020წ.; №ას-70-70-2018, 21.12.2018წ.)

19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, ხოლო კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა იმ გარემოების უარსაყოფად, რომ მხარეთა შორის საოჯახო ურთიერთობა შეწყვეტილია და მოსარჩელე კატეგორიულად წინააღმდეგია, აღადგინოს მოპასუხესთან ოჯახური თანაცხოვრება.

20. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატამ არ მისცა მეუღლეებს დამატებითი შესარიგებელი ვადა. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ს 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, ინდივიდუალური დავის ხასიათიდან გამომდინარე, მისცეს მხარეებს ვადა შესარიგებლად, მაგრამ არაა ვალდებული ეს გააკეთოს (იხ. სუსგ. №ას-225-921-03, 09.10.2003წ.).

21. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოპასუხის თხოვნით, მხარეებს 03 თვის ხანგრძლივობით შესარიგებელი ვადა მისცა. დადგენილია, რომ ვადის გასვლის მიუხედავად, მოსარჩელის ნება განქორწინებაზე დარჩა უცვლელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებითი შესარიგებელი ვადის განსაზღვრის აუცილებლობა.

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

25. ამრიგად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -150 ლარის 70%, რაც 105 ლარს შეადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჟ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.ჟ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება № 29698596288, გადახდის თარიღი: 07.10.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი