საქმე №ას-1034-2025
12 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „წ.ხ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „წ.ხ–ის“ (ს/ნ .......) დამფუძნებლები, 49% წილის მესაკუთრეები: ნ.ა–ია, ა.ა–ია, მ.მ–ი, თ.ა–ია (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზოგადოების პარტნიორისათვის დოკუმენტაციის გადაცემა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „წ.ხ–ის“ (ს/ნ ......) დამფუძნებლებმა, 49% წილის მესაკუთრეებმა: ნ.ა–იამ, ა.ა–იამ, მ.მ–მა და თ.ა–იამ სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელეები) აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შპს „წ.ხ–ის“ (შემდეგში: „მოპასუხე", „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ, საზოგადოების პარტნიორისათვის დოკუმენტაციის გადაცემის მოთხოვნით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
2.2. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით:
3.1.მოპასუხის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
3.2.აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინება.
4.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამოქალაქო საქმეზე №2/13199-24, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2024 წლის 19 ნოემბერს, 13:00 საათზე. მოპასუხე შპს „წ.ხ–ის“ წარმომადგენელს ვ.კ–ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად ეცნობა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე. კერძოდ, ვ.კ–ს 2024 წლის 15 ნოემბერს პირადად ჩაბარდა სასამართლო უწყება და მასვე განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგები.
4.3. 2024 წლის 19 ნოემბრის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა ნაცვლად 13:00 საათისა, გაიხსნა 09 წუთის დაგვიანებით, 13:09:18 საათზე, თუმცა მოპასუხის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადებულა. მის მიერ, 2024 წლის 18 ნოემბერს, სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით, წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება. წარმომადგენელი წარმოდგენილ განცხადებაში უთითებს, რომ არის ავად, დაუდასტურდა „კოვიდი“, თუმცა, ავადმყოფობა დადასტურებული არ არის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
4.4. აპელანტმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა საპატიო მიზეზის არსებობის გამო, კერძოდ განმარტა, რომ ჰქონდა მაღალი სიცხე და დაუდასტურდა კოვიდი, შესაბამისად საშიში ვირუსით დაავადებული არ გამოცხადდა სხდომაზე, რათა პოტენციური საშიშროების წყარო არ გამხდარიყო სხდომის მონაწილეებისთვის.
4.5. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტს აღნიშნული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაედასტურებინა, თუმცა მისი მხრიდან სათანადო მტკიცებულებებით - სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით არ არის დადასტურებული, რომ მოპასუხის წარმომადგენელი საპროცესო დღეს ავად იყო და არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარის გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მართებული იყო და არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და იმავე სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
5.2. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და განმარტავს, რომ მას ჰქონდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი - დაავადებული იყო კოვიდით, შესაბამისად მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია სამართლიანობის პრინციპის დარღვევით.
5.3. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და მის მიერ გაუქმებული 2024 წლის 19 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, რაც უკანონო გადაწყვეტილებაა.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა როგორც იმავე ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერება. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობების მართებულობას და შესაბამისობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან.
10. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (იხ. სუსგ. №ას-598-2024 27 სექტემბერი, 2024 წელი; №ას-362-2023 17 მაისი, 2023 წელი; №ას-274-2021 07 ივლისი, 2021 წელი; №ას-964-929-16, 06 მარტი, 2017).
11. მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია სსსკ-ის 230-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. მეორე ნაწილის თანხმად კი თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
12. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა უნდა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა)გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ)სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისთვის; გ)გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ)არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
13. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ-ები №ას-1001-2023 18.12.2023წ.; №ას-1508-2023 31.01.2024წ.; №ას-1478-2023 13.02.2024წ. Nას-598-2024 27.09.2024წ.).
14. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით განმარტავს, რომ კასატორი დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ მას სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდა.
15. საქმის მასალების თანახმად, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2024 წლის 19 ნოემბერს, 13:00 საათზე. მოპასუხის წარმომადგენელს ვ.კ–ს, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ეცნობა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე. მას 2024 წლის 15 ნოემბერს პირადად ჩაბარდა სასამართლო უწყება, ასევე განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგები (იხ. ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტი, ს/ფ 185). შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო სხდომის დღე, დრო და ადგილი სსსკ-ით დადგენილი წესების შესაბამისად, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტით.
16. 2024 წლის 19 ნოემბრის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 13:00 საათის ნაცვლად, გაიხსნა 9 წუთის დაგვიანებით, 13:09:18 საათზე, თუმცა წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადებულა. 2024 წლის 18 ნოემბერს, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სხდომის გადადება, იმ მოტივით, რომ მას დაუდასტურდა „კოვიდი“, თუმცა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტით ავადმყოფობა დადასტურებული არ არის, განცხადებას არ ერთვის სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ცნობა ან სხვა განკუთვნადი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამასთან, წარმოდგენილ დოკუმენტზე ასახულია კოვიდ ტესტის შედეგი, რომელიდანაც არ ირკვევა ტესტის ჩატარების თარიღი, ასევე აღნიშნული ტესტირების შედეგი ეკუთვნის თუ არა განმცხადებელს.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
18. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან“. (იხ. სუსგ-ები: N ას-1671-2019. 13.03.2020წ; N ას- 330-2019. 19.11.2019წ.).
19. სსსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ დაადასტურა მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით.
21. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას, რომ სახეზე არაა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამომრიცხავი საფუძვლები (იხ. სსკ-ის 233-ე მუხლი), რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევდა. მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და სასამართლოს ვერ წარუდგინა რელევანტური მტკიცებულებები, რომელიც სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობაში დაარწმუნებდა.
22. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, სასამართლომ წარმოებაში მიიღო საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და განსაზღვრა განხილვის თარიღი 2024 წლის 20 დეკემბერი, აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის არც ერთ პუნქტში არ არის მითითებული, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, საქალაქო სასამართლოს მიერ, 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შესახებ და მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვა შედგა 2024 წლის 20 დეკემბერს და საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას (იხ. სუსგ-ები: №ას-1102-2018.18.02.2021წ.; №ას-1003-2023 4.12.2023წ.; №ას-1430-2023 22.03.2024წ.; №ას-1528-2023 27.03.2024წ.; №ას-1553-2023 22.05.2024წ.; Nას-11-2024. 31.07.2024წ.).
24. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „წ.ხ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს „წ.ხ–ს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ვ.კ–ის (პ/ნ ........) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“ 14.07.2025 წლის N28297912423 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი