საქმე №ას-1132-2025 12 თებერვალი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ღ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სარჩოს სახით დანიშნული კომპენსაციის გადაანგარიშება და თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელე დ.ღ–ძე მუშაობდა სს ,,ს.რ–ის’’ ზესტაფონის სალიანდაგო დისტანციაში მექანიკოსად. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 2002 წლის 10 აგვისტოს, მიიღო საწარმოო ტრავმა და შრომითი დასახიჩრების გამო დაკარგა პროფესიული შრომითი უნარი 80%-ით, უვადოდ. 2005 წლის სექტემბრის თვიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე, დასახიჩრების გამო სს „ს.რ–ისგან” იღებდა ყოველთვიურ სარჩოს 203 ლარსა და 40 თეთრს (253 ლარის 80%).
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ.ღ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს ,,ს.რ–ას“ დაეკისრა 2015 წლის 1 სექტემბრიდან ყოველთვიურად მოსარჩელე დ.ღ–ძისთვის გაზრდილი სარჩოს 600 ლარის 80%-ის - 480 ლარის გადახდა. სს ,,ს.რ–ას“ დაეკისრა მოსარჩელე დ.ღ–ძისათვის 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე სარჩოს მიუღებელი სხვაობის 9970.56 ლარის გადახდა.
3. სს ,,ს.რ–აში" დ.ღ–ძის მიერ დაკავებული პოზიციის - „სალიანდაგო დისტანციის მექანიზმის საამქროს მექანიკოსის“ პოზიციის შესატყვის თანამდებობას, ფუნქცია-მოვალეობის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს „მანქანა-მექანიზმების გამმართველი“. 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის დეკემბრამდე მანქანა-მექანიზმების გამმართველის პოზიციაზე დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 600 ლარს; 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე - 660 ლარს, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით - 850 ლარს, 2023 წლის იანვრიდან დღეის მდგომარეობით, თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1100 ლარს.
4. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
4.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად გაზრდილი სარჩო 1100 (ათას ასი) ლარის ოდენობით, 2024 წლის მაისიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით სარჩოს მიუღებელი თანხის -=19620 (ცხრამეტი ათას ექვსასოცი) ლარის გადახდა.
4.2. მოსარჩელე მუშაობდა სს ,,ს.რ–ის’’ ზესტაფონის სალიანდაგო დისტანციაში მექანიკოსად. საწარმოო ტრამვის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რომლის გამო დაკარგა შრომის უნარი 80%-ით. მან თანამდებობრივი სარგოს ზრდასთან ერთად რამდენიმეჯერ მოითხოვა სარჩოს გაზრდა, თუმცა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეძლო კანონის შესაბამისად მოპასუხისაგან მისაღები თანხის- სარჩოს გაზრდა. ბოლოს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა დ.ღ–ის სარჩელი და სს „ს.რ–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 9970 ლარისა და 56 თეთრის ერთდროული გადახდა და ყოველთვიურად გაზრდილი სარჩოს სახით 480 ლარის გადახდა. ამჟამად, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ სს ,,ს.რ–აში“ კვლავ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო იმ პოზიციაზე, რასაც მოსარჩელე იკავებდა ს.რ–აში საწარმოო ტრავმის მიღებამდე. მან მოპასუხეს სთხოვა გაეზარდა სარჩო, თუმცა მოპასუხე ორგანიზაციიდან დღემდე არავითარი პასუხი არ მიუღია, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის.
5. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე დ.ღ–ძე სს ,,ს.რ–აში“ ნამდვილად იყო დასაქმებული სალიანდაგო დისტანციის მექანიკოსის სამუშაო პოზიციაზე. 2002 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა შრომის უნარი 80%- ით, რისი გათვალისწინებითაც მას კომპანია ამ დრომდე კეთილსინდისიერად უნაზღაურებს კუთვნილ სარჩოს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პერიოდში, სს ,,ს.რ–აში“ სალიანდაგო დისტანციის მექანიკოსის სამუშაო პოზიციისთვის სახელფასო ანაზღაურება არა თუ არ გაზრდილა, არამედ ასეთი საშტატო ერთეული კომპანიაში საერთოდ აღარ არსებობს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მისაღების სარჩოს ოდენობა არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. ვინაიდან, სს ,,ს.რ–აში“ აღარ არსებობს სალიანდაგო დისტანციის მექანიკოსის საშტატო ერთეული, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე მოკლებულია ფაქტობრივ მოცემულობას. ამასთან, საგულისხმოა, რომ საპირისპიროს დაშვების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელის მოთხოვნა 2018 წლის იანვრიდან სარჩოს გაზრდილი ოდენობით ანაზღაურების თაობაზე - ხანდაზმულია, რის გამოც იგი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, დ.ღ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს ,,ს.რ–ას’’ დაეკისრა 2024 წლის 1 მაისიდან ყოველთვიურად მოსარჩელე დ.ღ–ძისათვის სარჩოს - მისი თანრიგის მუშაკის ამჟამინდელი თანამდებობრივი სარგოს (დარიცხული ხელფასი) -1100 ლარის 80%-ის - 880 ლარის (საშემოსავლოს გადასახადის ჩათვლით) გადახდა, 2020 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის 1 მაისამდე სარჩოს მიუღებელი სხვაობის 10128 ლარის (საშემოსავლოს გადასახადის ჩათვლით) გადახდა.
7. სააპელაციო საჩივარი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს ,,ს.რ–ის” წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სს ,,ს.რ–ის” სააპელაციო საჩივარი და დ.ღ–ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.
9. საკასაციო საჩივარი:
9.1. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს ,,ს.რ–ის” წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.2. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტით (22-ე და მე-9 მუხლები), ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-5 და 41-ე მუხლებით, რადგან დასახელებული ნორმები არ არეგულირებენ დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრეროგატივაა. ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კერძო სამართლის სუბიექტებს მინიმალური სოციალური ვალდებულება აკისრია. სს „ს.რ–ა“, როგორც კერძო სამართლის დამოუკიდებელი ბიზნეს სუბიექტი ყველაფერს აკეთებს საკუთარი საწარმოების გასავითარებლად და კვალიფიციური კადრების მოსაზიდად, რომელიც ბუნებრივია, გულისხმობს შრომის პირობის ზრდას. ისეთ პირობებში კი, როდესაც საწარმო სხვა ასეული საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებულ პირს უხდის სარჩოს, ამჟამინდელ დასაქმებულთა ხელფასების ზრდის შესაბამისად სარჩოს ოდენობის გაზრდა დაუსაბუთებელია. ამავდროულად, ეს ხელს უშლის საწარმოს ბიზნეს აქტივობის ამაღლებას. სწორედ ამის გამო, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით და დახმარების დანიშვნის და გაცემის წესი“, რომელიც არ ითვალისწინებს დანიშნული დახმარების გადაანგარიშებას.
9.3. სასამართლოს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ან ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების შესახებ უნდა ემსჯელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-2 და არა პირველი ნაწილით. გამოსაყენებელი ნორმის შესაბამისად, ანაზღაურება მხოლოდ მაშინაა განხორციელებადი, როდესაც სახეზეა აშკარად დაკარგული აქტივი ფაქტობრივად დამდგარი თუ მიუღებელი შემოსავლის სახით. მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია განისაზღვროს ზუსტი აქტივი, რომელსაც მხარე აუცილებლად მიიღებდა სრულად იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ის მოითხოვს. უამრავ ფაქტორს შეეძლო მოეხდინა გავლენა იმაზე, მიიღებდა თუ ვერა მოსარჩელე რასაც ამჟამად ითხოვს.
9.4. რადგან არ არის დღევანდელი კანონმდებლობით სარჩოს გადაანგარიშების წესი დარეგულირებული, შეუძლებელია იმის მტკიცებაც, რომ ხელფასის მატების შესაბამისად მოხდეს სარჩოს გადაანგარიშებაც. ასევე შეუძლებელია იმის თქმაც, რომ მოსარჩელე იმუშავებდა იმავე ადგილას საპენსიო ასაკამდე, ასევე მოპასუხეს საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებები არ დაურღვევია. ამიტომ, სსკ-ის 411-ე მუხლის მითითება არარელევანტურია.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
17. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
18. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
19. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
20. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
21. განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხია რამდენად მართლზომიერია საწარმოო ტრავმის შედეგად წარმოშობილი სარჩოს ოდენობის შესაბამისობაში მოყვანა გაზრდილ ხელფასთან. კერძოდ, სალიანდაგო დისტანციის მექანიზმის საამქროს მექანიკოსის შესატყვისი თანამდებობის - მანქანა-მექანიზმების გამმართველის გაზრდილი ამჟამინდელი ყოველთვიური ხელფასის შესაბამისად უნდა გაეზარდოს თუ არა სარჩოს ოდენობა მოსარჩელეს და ამ მოქმედების განუხორციელებლობა გამოიწვეს თუ არა ზიანს.
22. შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს აწესრიგებს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული დანაწესი მითითებითია, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებში უნდა იქნას მოძიებული.
23. სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.2 (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
24. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსი ზიანის ანაზღაურების ორ წესს ადგენს: ა) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და ბ) დელიქტური ვალდებულებები, თუმცა, დაზარალებული პირის უფლებრივი რესტიტუციის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, კანონი მათ თანაარსებობას დასაშვებად მიიჩნევს, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება, ასევე, სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი).
25. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
26. სსკ-ის 408.1 მუხლის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა სახეზე.
27. სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანების (უბედური შემთხვევის) გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის არარსებობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ.
28. რაც შეეხება იმავე მუხლის მე-2 ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. ამდენად, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება (იხ. სუსგ საქმე №ას-52-48-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს (იხ. სუსგ საქმე №ას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020 წელი; №ას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი).
30. ზიანის ანაზღაურების სამართალში, როდესაც საქმე ეხება შრომისუნარიანობის შემცირებას ან დაკარგვას, ეს „არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს“ (იხ. რუსიაშვილი გიორგი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 29).
31. ამდენად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ საქმე №ას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020 წელი; №ას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-799-766-2016, 08 მაისი, 2017 წელი; №ას-1180-1141-2016, 07 აპრილი, 2017 წელი). აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება ხელფასის ზრდის შესაბამისად შესაძლებელია დაზარალებულის საპენსიო ასაკის მიღწევამდე.
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროფესიული შრომისუნარიანობის უვადოდ დაკარგვა რომ არა, ივარაუდება, რომ დასაქმებულს შეეძლო არა მხოლოდ ემუშავა, არამედ კარიერული დაწინაურების პრინციპითაც ესარგებლა და საკუთარი შრომით არათუ მის მიერ მანამდე დაკავებულ პოზიციაზე განსაზღვრული და შემდეგ გაზრდილი ოდენობის ხელფასი, არამედ უფრო მეტი ანაზღაურება გამოემუშავებინა. ამდენად, ყველა ვარაუდი იმ პირის სასარგებლოდ მოქმედებს, რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, საწარმოო ტრავმის შედეგად დაუზიანდა ჯანმრთელობა და მოეშალა შრომის უნარი ნაწილობრივ ან სრულად (იხ. სუსგ საქმეზე: №ას-812-2023, 29/09/2023 წ.).
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს სარჩოს გადაანგარიშება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად საპენსიო ასაკამდე, რამდენადაც დიდი ალბათობით იგი იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი დასაქმებული. ამდენად, ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების - საწარმოო ტრავმის არარსებობისა და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს, ე.ი. სახეზე იყო ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით (სსკ-ის 411-ე მუხლი).
34. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და დასაბუთების შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შრომის ანაზღაურების გაზრდის პროპორციულად სარჩოს გაზრდილი ოდენობით გადახდევინება დასაბუთებულია და ზოგადი გაგებით, საკითხის მსგავსად მოწესრიგება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ. სუსგ საქმე №ას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020 წელი; №ას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი, სუსგ საქმე №ას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020 წელი; №ას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-799-766-2016, 08 მაისი, 2017 წელი; №ას-1180-1141-2016, 07 აპრილი, 2017 წელი).
35. რაც შეეხება გადაანგარიშების ოდენობას, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაზრდილმა სარჩომ შეადგინა 480 ლარის ოდენობა.
36. დადგენილია, რომ სს ,,ს.რ–აში" დ.ღ–ძის მიერ დაკავებული პოზიციის - „სალიანდაგო დისტანციის მექანიზმის საამქროს მექანიკოსის“ თანამდებობის შესატყვის თანამდებობას, ფუნქციური დატვირთვისა და უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით წარმოადგენს „მანქანა-მექანიზმების გამმართველის“ პოზიცია. 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის დეკემბრამდე მანქანა-მექანიზმების გამმართველის პოზიციაზე დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 600 ლარს; 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე - 660 ლარს, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით - 850 ლარს, ხოლო 2023 წლის იანვრიდან დღეის მდგომარეობით, თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1100 ლარს.
37. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დასაბუთებულია გამოთვლის ნაწილშიც, კერძოდ: სს „ს.რ–ას“, გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, 2024 წლის 1 მაისიდან, დ.ღ–ძის სასარგებლოდ სარჩოს სახით უნდა დაეკისროს 1100 ლარის 80 %-ის (880 ლარის) ანაზღაურება საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის 1 მაისამდე სარჩოს მიუღებელი სხვაობის სახით უნდა დაეკისროს 10128 ლარის ((11 თვე X 660 ლარი + 16 თვე X 850 ლარი + 16 თვე + 1100 ლარი) X 80% - 43 თვე X 480 ლარი = 30768- 20640=10128 ლარი) ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.
38. რაც შეეხება კასატორის იმ პრეტენზიას, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N 45 დადგენილებით „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, არ ითვალისწინებს უკვე დანიშნული დახმარების გადაანგარიშების შესაძლებლობას, საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე აქტის მე-5 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ნორმატიული აქტის მოქმედების საზღვრებს. ნორმის პირველი და მეორე პუნქტები მიუთითებს, რომ დახმარების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება. ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს „ჭ–ში” ან „ს–ის“ 6 დეპარტამენტში მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე აღნიშნული ნორმების რეგულირების სფეროში ვერ ექცევა, რაც ამ უკანასკნელის გამოყენების შესაძლებლობას უსაფუძვლოს ხდის.
39. საბოლოო ჯამში, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს.რ–ას“ (ს.კ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N946; გადახდის თარიღი: 27.08.2025) 902,5 ლარის 70% - 631,75 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი