Facebook Twitter

საქმე №ას-240-2025 26 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) – შპს ი.ფ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ჩ–ძე,მ.გ–ი, მ.მ–ი, შპს „ს.ი.ჯ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ი.ფ–ის“ სარჩელი მოპასუხეების - თ.ჩ–ძის, მ.გ–ის, მ.მ–ის და შპს „ჰ. ს.ი.ჯ–ის“ მიმართ, თანასაკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს.ფ. 311-326).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ი.ფ–ის“ წარმომადგენელმა, ი.კ–ძემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ტ. 1, ს.ფ. 332-343).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქმის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 21 ოქტომბერს, 12:00 საათზე. 2024 წლის 23 სექტემბერს, შპს „ი.ფ–ის“ წარმომადგენელმა, ი.კ–ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართა და დავის დასრულებამდე მოპასუხე შპს „ჰ. ს.ი.ჯ–ისათვის“ (ს/კ ........) ქ. თბილისში, .........., პირველ სართულზე მდებარე 798,50 კვ.მ. ფართში (ს.კ. .........) სარემონტო სამუშაოების განხორციელების აკრძალვა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, შპს „ი.ფ–ის“ წარმომადგენლის - ი.კ–ძის განცხადება დავის დასრულებამდე მოპასუხე შპს „ჰ. ს.ი.ჯ–ისათვის“ (ს/კ 205138492) ქ. თბილისში, ........., პირველ სართულზე მდებარე 798,50 კვ.მ. ფართში (ს.კ. ........) სარემონტო სამუშაოების განხორციელების აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე 2024 წლის 7 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შპს „ი.ფ–ის“ წარმომადგენელმა განცხადება წარადგინა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო საამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით შპს „ი.ფ–ის“ წარმომადგენლის, ი.კ–ძის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ამავე სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

6. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება (იხ. სუსგ. #ას-67-67-2018. 31.01.2018წ).

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

8. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიების გამოყენება მჭიდრო კავშირშია დავის საგანთან, რადგანაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი, ზოგადად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის დაცვაა, შესაბამისად, მხარის მიერ შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიება აუცილებელი უნდა იყოს იმ მატერიალურ-სამართლებრივი სიკეთის შესანარჩუნებლად, რის მიღებასაც იგი სარჩელის მეშვეობით ცდილობს.

9. განსახილველ შემთხვევაში მხარის მიერ წარმოდგენილი სარჩელის დავის საგანია საზიარო უფლების გაუქმება სადავო უძრავი ქონების რეალიზაციის გზით და მიღებული თანხის მხარეთა შორის განაწილება. აღსანიშნავია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მხარე ერთ-ერთი მესაკუთრის მიერ სარემონტო სამუშაოების განხორციელების შეჩერებას ითხოვს.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ წარდგენილი სარჩელის პირობებში, სადავო საგანზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება ვერ შეუშლიდა ხელს სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში გამოკვლეული დავის საგნის არსიდან გამომდინარე, ამასთან, ამავე საქმეზე დართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ირკვევა, რომ სადავო ფართი იდეალური წილის სახით აქვს შეძენილი მხარეს, რაც საფუძველს აცლის მის მოთხოვნას, ფაქტობრივად არსებული ფართის იდენტიფიცირების გარეშე, და ნატურით გაყოფის წესის გამორიცხვის გარეშე, სარეალიზაციოდ მიექცეს სადავო ქონება. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს სადავო ქონების, როგორც საზიარო უფლების საგნის რეალიზაციის გზით, საზიარო უფლების გაუქმებისა და მიღებული თანხის გაყოფის წინაპირობებს, ვერც ამავე ქონებაზე რაიმე შეზღუდვის დაწესება ჩაითვლება მართლზომიერ, აუცილებელ და გონივრულ ღონისძიებად სასარჩელო მოთხოვნის აღსრულების დასაცავად.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი უარი უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ მართლზომიერია. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც სადავო აკრძალვის გამოყენებაზე უარის თქმის არამართლზომიერებას დაადასტურებდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე, 410-ე, 191-ე, 1971-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ი.ფ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია