28 იანვარი, 2026 წელი
საქმე №ას-1309-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ჯ.უე.ფ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.თბილისში, ......... პირველ სადარბაზოში მდებარე #2 ბინა ე.კ–ისა (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მეიჯარე) და რ.მ–ძის თანასაკუთრებაშია აღრიცხული.
2. უძრავ ნივთზე შპს „ჯ.უე.ფ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, კომპანია) #7511..... აბონენტად 2018 წლის 12 თებერვლიდან მოპასუხე იყო დარეგისტრირებული, ხოლო 2023 წლის 15 აგვისტოდან რეგისტრირებულია - შპს „ჯ-ჯ–ი“ (შემდეგში - მოიჯარე), აბონენტის #76463........
3. ერთი მხრივ, მოასუხესა და რ.მ–ძეს და, მეორე მხრივ, მოიჯარეს შორის, 2023 წლის 14 ივნისს, იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა რომლის მიხედვით, ქ.თბილისში, ......... #1 სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე 126კვ.მ ბინა #2 და 26.51კვ.მ ანტრესოლი (ს.კ. ..........) ასევე ქ.თბილისში, ......... მდებარე 106.50კვ.მ სარდაფი (ს.კ. ........., შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) მოიჯარეს ხელშეკრულებით 5 წლის ვადით დროებით სარგებლობაში გადაეცა.
4. #75....... აბონენტზე 2019 წლის 23 აპრილს დაფიქსირებული რეალური ჩვენების საფუძველზე გადასახდელი თანხა 88 ლარს შეადგენს, რომელიც 2023 წლის 16 აგვისტოს დაიფარა. ამასთან, 2019 წლის 23 აპრილიდან 2023 წლის 4 სექტემბრამდე #7511....... აბონენტზე რეალური ჩვენება აღებული არ ყოფილა.
5. #751....... აბონენტზე ორი მრიცხველია დარეგისტრირებული, სერიული ნომრით #922.... და #106.....
#7511.... აბონენტს 2023 წლის 4 სექტემბრის ჩვენების საფუძველზე გადასახდელ თანხად 45 111.17 ლარი (6 937.00 მ3) განესაზღვრა.
აღნიშნული თანხა 21 797.95 ლარით შემცირდა და, საბოლოოდ, აბონენტს გადასახდელად 23 313.22 ლარი დაუდგინდა.
6. 23 313.22 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი კომპანიამ შეიტანა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი მსჯელობა განავითარა:
9.1. ვინაიდან, დავის საგანი უშუალო კავშირში იყო აბონენტის მიერ მოხმარებულ წყლის დანახარჯთან, სასამართლოს უნდა დაედგინა, რა პერიოდზე დაერიცხა მოპასუხეს დავალიანება.
9.1.1. 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებისა“ და სემეკის მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს გაცემული #005 წყალმომარაგების ლიცენზიის შესაბამისად, იმისთვის, რომ ინდივიდუალურ მრიცხველზე წყალმომმარაგებელმა დარიცხვა განახორციელოს, პირი დარეგისტრირებული უნდა იყოს ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
9.1.2. მხარის პოზიციით, ვინაიდან 23 313.22 ლარის წყლის დანახარჯი უძრავი ქონების მესაკუთრემ, კერძოდ, მოპასუხემ აითვისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. მოცემული საკითხის შეფასებისას, მნიშვნელოვანი იყო, მოპასუხესა და მოიჯარეს შორის 2023 წლის 14 ივნისს დადებული იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მოიჯარეს 5 წლით სარგებლობაში გადაეცა. გარდა ამისა, საგულისხმო იყო, რომ აღნიშნულ მისამართზე 2023 წლის 15 აგვისტოდან მოიჯარის აბონენტად რეგისტრაციის ფაქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. იგივე მისამართზე #751.......... სააბონენტო ნომრით რეგისტრირებული აბონენტიდან, რეალური ჩვენება მოსარჩელემ 2023 წლის 4 სექტემბერს აიღო, ხოლო, აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ მრიცხველების ცვლილება 2023 წლის 21 სექტემბერს განხორციელდა.
ამდენად, უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებული მრიცხველებიდან მოსარჩელემ ჩვენება მას შემდეგ აიღო, რაც აღნიშნული უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით უკვე მოიჯარეს ჰქონდა გადაცემული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი არ იყო სათანადო მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა განსაზღვრულიყო:
1. რის საფუძველზე მიიჩნია მოსარჩელემ, რომ 23 313.22 ლარი მოპასუხემ 2023 წლის 15 აგვისტომდე (აბონენტის ცვლილებამდე) მოიხმარა და, 2. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან წყლის მრიცხველის ჩვენების აღება შეუძლებელი იყო 2019 წლის მაისიდან 2023 წლის სექტემბრამდე პერიოდში. აქედან გამომდინარე, იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე 23 313.22 ლარის ღირებულების წყლის მოპასუხის მიერ გახარჯვის თაობაზე მტკიცება მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო.
10. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
- მცდარია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო თანხის ოდენობით ხარჯის გამოვლენისას კასატორთან მოპასუხე სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა და იგი აბონენტი არ იყო. ამ უკანასკნელის მიერ სასმელი წყლის მოხმარების ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიით და ქვითრით დასტურდება. ბრუნვის ისტორიაში მითითებულია, რომ მოპასუხის კუთვნილ ობიექტზე მრიცხველების ანათვალი 2019 წლის 23 აპრილის შემდეგ 2023 წლის 4 სექტემბერს იქნა აღებული. შესაბამისად, მრიცხველზე, რომლის ნომერია #922......, დაფიქსირდა 3.658 კუბ.მ სასმელი წყლის მოხმარება, ხოლო, მრიცხველზე, რომლის ნომერია #106...., დაფიქსირდა 3.279 კუბ.მ სასმელი წყლის მოხმარება, რომელიც 2019 წლის 23 აპრილიდან 2023 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
14. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები) სასამართლომ უნდა მოძებნოს, რომელიც მხარისთვის სასურველ შედეგს ითვალისწინებს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით უნდა შესრულდეს, ე.ი. სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.
ის მხარე, რომელსაც მეორე მხარის მიმართ მოთხოვნა აქვს, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, მხარისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას გამორიცხავს.
15. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლო ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სარჩელს აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს.
16. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ანალიზი შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში უნდა იქნეს მიღებული.
მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით ვასკვნით, რომ სარჩელი ორი ელემენტისგან შედგება: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება სასამართლოს ვალდებულებაა.
17. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან 2019 წლის 23 აპრილიდან 2021 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში დაგროვილი 23 313.22 ლარის ოდენობით დავალიანების ანაზღაურებას და განმარტავს, რომ მითითებულ პერიოდში წარმოქმნილი წყალმომარაგების დავალიანების ასანაზღაურებლად ამ უკანასკნელს სწორედ სარჩელით მოთხოვნილი ოდენობის თანხის გადახდა უნდა დაეკისროს.
წარმოდგენილი შესაგებლის ფარგლებში მოპასუხემ სადავო გახადა აღნიშნული ოდენობით წყლის მოხმარების ფაქტი და მიუთითა, რომ აღნიშნული დავალიანების ოდენობის შესაბამისი წყალი მას არ მოუხმარია, უძრავი ნივთი 2023 წლის 14 ივნისიდან იჯარით შპს „ჯ-ჯ–ს“ აქვს გადაცემული, რომელიც ხსენებულ ქონებასთან მიმართებით ნებისმიერი კომუნალური გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირია.
18. ამდენად, დავალიანების არსებობის შესახებ მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხემ უარყო (სსსკ-ის მე-4 და 201-ე მუხლები). შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, რელევანტური მტკიცებულების/მტკიცებულებების წარდგენის გზით სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მითითებული მოცულობით წყლის მომხმარებელი პირი სწორედ მოპასუხეა, რის გამოც ამ თანხის გადახდა მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა.
19. დასმული საკითხის გამორკვევისას, საყურადღებოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი შემდეგი გარემოებები:
- ქ.თბილისში, ......... პირველ სადარბაზოში მდებარე #2 ბინა მოპასუხისა და რ.მ–ძის თანასაკუთრებაშია აღრიცხული.
- უძრავ ნივთზე #75........ აბონენტად 2018 წლის 12 თებერვლიდან მოპასუხე იყო დარეგისტრირებული, ხოლო 2023 წლის 15 აგვისტოდან - შპს „ჯ-ჯ–ია“ (მოიჯარე) რეგისტრირებული, აბონენტის #7646.....
- ერთი მხრივ, მოასუხეს, რ.მ–ძეს და, მეორე მხრივ, მოიჯარეს შორის, 2023 წლის 14 ივნისს იჯარის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვით, უძრავი ნივთი ხელშეკრულებით მოიჯარეს 5 წლიან სარგებლობაში გადაეცა.
- #751... აბონენტზე 2019 წლის 23 აპრილს დაფიქსირებული რეალური ჩვენების საფუძველზე გადასახდელი თანხა 88 ლარია, რომელიც 2023 წლის 16 აგვისტოს დაიფარა. ამასთან, 2019 წლის 23 აპრილიდან 2023 წლის 4 სექტემბრამდე #751... აბონენტის რეალური ჩვენება აღებული არ ყოფილა.
- #7511...აბონენტზე ორი მრიცხველია დარეგისტრირებული, სერიული ნომრით #922093 და #1066391. #751... აბონენტს 2023 წლის 4 სექტემბრის ჩვენების საფუძველზე გადასახდელ თანხად 45 111.17 ლარი (6 937.00 მ.3) განესაზღვრა. აღნიშნული თანხა 21 797.95 ლარით შემცირდა და, საბოლოოდ, აბონენტს გადასახდელად 23 313.22 ლარი დაუდგინდა.
წარდგენილი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი ძირითადი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეზე რეგისტრირებული მრიცხველებიდან ჩვენება მოსარჩელემ მას შემდეგ აიღო, რაც აღნიშნული უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით შპს „ჯ-ჯ–ს“ ჰქონდა გადაცემული, საკასაციო პალატას უყალიბებს შემდეგ დასკვნას:
სადავო თანხის ოდენობით წყლის დანახარჯი მოსარჩელემ დროის იმ მონაკვეთში გამოავლინა, როდესაც მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოპასუხე არ იმყოფებოდა და მისი აბონენტი აღარ იყო, ხოლო ის გარემოება, რომ 23 313.22 ლარის ღირებულების წყალი მოპასუხემ 2023 წლის 15 აგვისტომდე მოიხმარა, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
20. ზემოთ მოყვანილი მსჯელობის უარსაყოფად ვერ გამოდგება მოსარჩელის მიერ იმაზე მითითება, რომ ვინაიდან მესამე პირებთან იჯარის ხელშეკრულების დადების შემდეგ კომპანიისთვის აბონენტის შეცვლაზე მოპასუხეს არ მიუმართავს, ეს უკანასკნელი, როგორც მესაკუთრე, ვალდებულია გადაიხადოს სადავო პერიოდში ობიექტზე მოხმარებული სასმელი წყლის საფასური.
კასატორის მიერ მითითებული ჩვენების საფუძველზე დარიცხული წყლის მოხმარების საფასურის გადახდაზე ვალდებული სუბიექტის დადგენისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მართებულად მიაქცია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებშია მითითებული და სსსკ-ის 407.2 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა.
ასევე სწორადაა შეფასებული საქმის მასალებით გამოვლენილი შემდეგი გარემოებები:
1). მოპასუხის ბარათიდან ამონაწერის მიხედვით, დასტურდება, რომ მოხმარებული წყლის საფასურს იგი დარიცხული ჩვენებების მიხედვით იხდიდა.
2). მოსარჩელის განმარტების თანახმად, 2019 წლის 23 აპრილიდან 2023 წლის 4 სექტემბრამდე #7511.... აბონენტის მიერ მოხმარებული წყლის ოდენობა არ ფიქსირდებოდა, ვინაიდან ტექნიკურად ვერ ხდებოდა ანათვალის აღება (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 12:30:50-12:32:37სთ.). საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ, კომპანიის თანამშრომელი/აღმრიცხველი ობიექტზე მიდიოდა და ხელისშემშლელი გარემოებების გამო ჩვენებას (,,ანათვალს“) ვერ იღებდა.
3). საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ სადავო მისამართზე რეგისტრირებული მრიცხველებიდან მოსარჩელემ ჩვენება მას შემდეგ აიღო, რაც აღნიშნული უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით უკვე გადაცემული ჰქონდა შპს „ჯ-ჯ–ს“.
4). საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რითიც შესაძლებელი იქნებოდა განსაზღვრულიყო, თუ რის საფუძველზე მიიჩნია მოსარჩელემ, რომ 23 313.22 ლარი მოპასუხემ 2023 წლის 15 აგვისტომდე (აბონენტის ცვლილებამდე) მოიხმარა და 2019 წლის მაისიდან 2023 წლის სექტემბრამდე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან წყლის მრიცხველის ჩვენების აღება შეუძლებელი იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოსთვის გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ მხოლოდ უძრავ ქონებაზე (სადაც სადავო ოდენობით წყალი გაიხარჯა) მოპასუხის საკუთრების უფლების არსებობა იმ დასკვნის საფუძველი ვერ გახდება, რომ წყლის მოხმარების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელ პირად მესაკუთრე მივიჩნიოდ. შესაბამისად, არ დასტურდება დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის არც სახელშეკრულებო ვალდებულების არსებობის წინაპირობები და არც დელიქტური საფუძვლით მოპასუხის პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველი.
21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ (ს/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 165.66 ლარის (საგადახდო დავალება #34, გადახდის თარიღი - 6.11.2025) 70% - 815.96 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია