Facebook Twitter

13 თებერვალი, 2026 წელი,

საქმე №ას-1583-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ.თ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–ი“, შპს „თ.ს.კ–ია“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.თ–ის (შემდეგში - მოსარჩელე) აწ გარდაცვლილი მეუღლე (შემდეგში - დასაქმებული) 2016 წლის 10 ნოემბრიდან დაინიშნა N2 ავტობაზის საექსპლუატაციო პარკის დიდი ტევადობის ავტობუსების საექსპლუატაციო პარკის მძღოლის თანამდებობაზე.

2. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის 5 ოქტომბრის N-IV-100/ა ცნობის, შპს ,,თ.ს.კ–იის“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, დამსაქმებელი ან კომპანია) გენერალური დირექტორის 2016 წლის 18 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის საქმისწარმოების წესის მე-8 პუნქტისა და პირველი მოპასუხის მიმართ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ ქ.თბილისის მთავრობის 2011 წლის 14 იანვრის დადგენილებით დამტკიცებული პირველი მოპასუხის დებულების 3.4 პუნქტის შესაბამისად, დამსაქმებლის 2021 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით (შემდეგში - ბრძანება ან გათავისუფლების ბრძანება) დასაქმებული გათავისუფლდა N2 ავტობაზის საექსპლუატაციო პარკის დიდი ტევადობის ავტობუსების საექსპლუატაციო პარკის მძღოლის თანამდებობიდან (საფუძველი - საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში - სშკ-ის 47.1 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 48.2 მუხლის შესაბამისად 2 თვის კომპენსაცია მიეცა და მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2021 წლის 11 ოქტომბრიდან შეწყდა.

ზემოაღნიშნული ბრძანება დასაქმებულს სადავოდ არ გაუხდია.

3. თანამშრომელთა სამედიცინო შემოწმების მომსახურების შესყიდვაზე „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის ბრძანებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით დამსაქმებელი პერიოდულად ელექტრონულ ტენდერს აცხადებდა.

2020 წლის 30 ნოემბერს, მოპასუხე კომპანიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა აუქციონის გარეშე თანამშრომელთა სამედიცინო შემოწმების მომსახურებასთან დაკავშირებით.

გამოცხადებული შესყიდვის ტექნიკური დავალების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დამსაქმებელს შემსყიდველი წერილობით/ელფოსტით გაუგზავნიდა შესამოწმებელი პირების ნუსხას, რის საფუძველზეც, ეტაპობრივად, 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველი თანამშრომელთა სამედიცინო შემოწმების მომსახურებას განახორციელებდა.

ამასთან, „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის ბრძანებით გათვალისწინებული დაავადებებისა და ფიზიკური ანომალიების გამოვლენის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიზნით, დამსაქმებელი სათანადო (შესაბამის) სამედიცინო შემოწმებას ახორციელებდა.

4. გამოცხადებულ ტენდერში შპს „მ–მა“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან სამედიცინო დაწესებულება) გაიმარჯვა, რომელმაც ხარისხის გამოცდილებასთან, შესაბამის ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან და სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე მოთხოვნები დააკმაყოფილა.

5. კომპანიის საშტატო განრიგის, მისი ძირითადი პარამეტრების და საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობების ძირითადი პარამეტრების დამტკიცების შესახებ გენერალური დირექტორის 2021 წლის 22 თებერვლის ბრძანების N3 დანართი დადგენილი N2 ავტობაზის საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობის არსებითი მახასიათებლების თანახმად, საექსპლუატაციო პარკის დიდი ტევადობის ავტობუსების მძღოლი სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარებოდა.

დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისში ბრძანების Nო1 დანართით დამტკიცებული „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევების ჩამონათვალის“ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარება საავიაციო, მცურავ, სარკინიგზო და მეტროპოლიტენის ან სხვა ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან.

ამავე ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების წესის თანახმად, დასასაქმებელთა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდულ შემოწმებას აწარმოებენ ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სპეციალისტები, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სპეციალისტების მოწვევით.

ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების დროს სამედიცინო დაწესებულება გასცემს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ფორმის ცნობას, რომელიც პასუხისმგებელი პირის (პირების) ხელმოწერით და დაწესებულების ბეჭდით მოწმდება.

6. შემოწმების ფარგლებში დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამსაქმებელმა №01-09/021-143 ცნობა (ფორმა NIV -100/ა) გასცა. დასკვნის თანახმად, დასაქმებული არ დაიშვებოდა სარკინიგზო და მეტროპოლიტენის ან სხვა ტრანსპორტთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, რომელიც უშუალოდ იყო დაკავშირებული ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან. ეს გარემოება მიჩნეულ იქნა სშკ-ის 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტურ გარემოებად და დასაქმებულს 2 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია აუნაზღაურდა.

7. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ დასაქმებული 2022 წლის 23 მაისს გარდაიცვალა.

8. პირველი მოპასუხის მიერ გაცემული დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ პაციენტი (დასაქმებული) სამედიცინო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გადაამოწმა, რომელსაც პაციენტის ამბულატორიულ მომსახურებასთან დაკავშირებით კლინიკის მიმართ შენიშვნა არ გამოუთქვამს.

9. მოპასუხეთ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა აწ გარდაცვლილი დასაქმებულის მეუღლემ, მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა:

9.1. ზიანის ასანაზღაურებლად მეორე მოპასუხეს დაკისრებოდა დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯის, 15 000 ლარის გადახდა;

9.2. პირველ მოპასუხეს დაკისრებოდა მოსარჩელის მეუღლის, ოჯახის ერთადერთი მარჩენალის კომპენსაციის თანხის, 3 200 ლარის ანაზღაურება;

9.3. ცნობის გაცემიდან (2021 წლის 28 სექტემბრიდან) - გარდაცვალებამდე (2022 წლის 23 მაისის ჩათვლით) პირველ მოპასუხეს დაკისრებოდა დასაქმებულის გაუცემელი ხელზე ასაღები ხელფასის, 1 600 ლარის გადახდა, რაც 5 თვეზე გაანგარიშებით 8 000 ლარს შეადგენდა;

9.4. ცნობის გაცემიდან (2021 წლის 28 სექტემბრიდან) - სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე პირველ მოპასუხეს დაკისრებოდა დასაქმებულის ანგარიშწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის (1 600 ლარი : 30 დღე = 53.33 ლარი) საფუძველზე წარმოშობილი 0.07% ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა;

9.5. მოპასუხეებს, სოლიდარულად დაკისრებოდათ, 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები გააკეთა:

12.1. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 28 იანვრის დასკვნაზე აპელირებით მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, კერძოდ, მეორე მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს (დაზარალებულის გარდაცვალება) შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 992-ე მუხლით გათვალისწინებული მიზეზობრივი კავშირის დადასტურება, რაც მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.

კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა მეორე მოპასუხის მიერ სამედიცინო მოქმედებების უხარისხო, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შეუსაბამო ქმედება.

დასახელებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შეუძლებელი იყო იმის დადგენა, რომ მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალება რაიმე კავშირში იქნებოდა პირველი მოპასუხის ქმედებასთან - სამედიცინო ცნობის გაცემასთან.

ხსენებული სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩატარებული გაფართოებული სამედიცინო კვლევებით დადგინდა, რომ პაციენტს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის, უჭირდა გადაადგილება. ამასთან, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე ან გაგრძელებაზე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა დამსაქმებელს არ მიუთითებდა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხსენებული დასკვნა სამედიცინო კუთხით დეტალურ ინფორმაციას შეიცავდა, იმ დიაგნოზების გათვალისწინებით, რაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანებაშია აღნიშნული. გარდა ამისა, სამედიცინო დასკვნის სიყალბის შესახებ შესაბამისი მტკიცებულებები მოსარჩელემ ვერ წარადგინა, მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება კი, სადავო გარემოების დადგენის საფუძველი ვერ შეიქმნებოდა. ამდენად, მეორე მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის (დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯი) ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის პრეტენზია ვერ დაკმაყოფილდებოდა.

12.2. პირველი მოპასუხის წინააღმდეგ მიმართულ მოსარჩელის მოთხოვნებთან (სამსახურიდან განთავისუფლება, მისი მეუღლის მიერ მიუღებელი ორი თვის კომპენსაციის, ასევე, გარდაცვალებამდე, 5 თვის განმავლობაში მიუღებელი ხელფასისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება) დაკავშირებით გასათვალისწინებელი იყო საქმეზე გამოვლენილი შემდეგი გარემოებები:

სამსახურიდან განთავისუფლებისას, დასაქმებულს, 2 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია აუნაზღაურდა, რაც საქმეზე წარმოდგენილი დამსაქმებლის ბრძანებით, სახელფასო უწყისითა და ანგარიშწორების ფურცლით დასტურდებოდა.

რაც შეეხებოდა 5 თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას, ეს მოთხოვნაც დაუსაბუთებელი იყო, რადგან დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, საქმის მასალებით დადგინდა, რომ, სავალდებულო სამედიცინო შემოწმების ფარგლებში, კლინიკამ დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №01-09/021-143 ცნობა (ფორმა №IV–100/ა) გასცა.

წარდგენილი დასკვნის თანახმად, დასაქმებული არ დაიშვებოდა სარკინიგზო და მეტროპოლიტენის ან სხვა ტრანსპორტთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან.

რაკი დასაქმებულის სამუშაო პოზიცია პირდაპირ კავშირში იყო მითითებულ საქმიანობასთან, ეს გარემოება მიჩნეულ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტურ გარემოებად, რაც დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დაედო საფუძვლად.

ამდენად, დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების მომენტში დამსაქმებელი კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2022 წლის 18 ივლისის განაჩენი საქმეზე №1/2164-22, ტომი I, ს.ფ. 313-324), შემხებლობაში არ იყო გარდაცვლილთან, სისხლის სამართლის საქმეში ეს უკანასკნელი არც დაზარალებულად არ ყოფილა ცნობილი.

დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის ის არგუმენტიც, რომ რაკი სამსახურიდან განთავისუფლების გამო დასაქმებული ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა, ამ უკანასკნელს მიუღებელი ხელფასის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

სამსახურიდან განთავისუფლების გამო ნერვიულობის ნიადაგზე დასაქმებულის გარდაცვალების ფაქტი რაიმე რელევანტური მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. გარდა ამისა, ვინაიდან დასაქმებული სამსახურიდან კანონის შესაბამისად გათავისუფლდა, ეს უკანასკნელი ნერვიულობის ნიადაგზე რომც გარდაცვლილიყო, მოსარჩელეს კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას მაინც არ წარმოეშობოდა.

12.3. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც დაუსაბუთებელი იყო, კერძოდ, მოპასუხეთა მიმართ მატერიალური ზიანის დაკისრების უსაფუძვლობა გამორიცხავდა ამ უკანასკნელთა მიმართ მორალური ზიანის დაკისრების შესაძლებლობასაც, რადგან დაზარალებულის გარდაცვალება ზიანის მიმყენებლის ქმედებასთან უშუალო და პირდაპირ კავშირში უნდა იყოს და მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებიდან გამომდინარეობდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა.

13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლე მოპასუხე კომპანიაში მძღოლის თანამდებობაზე 2009 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, ე.ი. იმ დრომდე მუშაობდა, სანამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი სამსახურიდან არ გაანთავისუფლეს.

განმეორებითი სამედიცინო კომისიის ჩატარების თაობაზე 2022 წლის 9 თებერვალს მოსარჩელემ წერილობით მიმართა დამსაქმებელს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ფაქტზე კომპანიის დირექტორი და კოლონის უფროსი დააკავეს, რომლებიც მოპასუხე კლინიკის თანამშრომლების მიერ გაცემული ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის №IV-100/ა-ს მეშვეობით მძღოლებს ათავისუფლებდნენ, რომელთა ნაცვლადაც სამუშაოდ ქრთამის გადამხდელ პირებს იღებდნენ.

ასეთ პირებს შორის იყო აწ გარდაცვლილი ა.მამისაშვილი, რომელიც ყალბი დასკვნის საფუძველზე სამსახურიდან განთავისუფლების გამო ნერვიულობდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მტკივნეულად აღიქვამდა, თანამდებობის პირების დანაშაულებრივმა ქმედებამ მის ცხოვრებაზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნები: სამედიცინო დაწესებულებისთვის (მეორე მოპასუხე) მატერიალური ზიანის (დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები), ასევე, სამსახურიდან განთავისუფლებისას, მისი მეუღლის მიერ მიუღებელი ორი თვის კომპენსაციის, გარდაცვალებამდე, 5 თვის განმავლობაში მიუღებელი ხელფასისა და პირგასამტეხლოს დამსაქმებლისთვის (პირველი მოპასუხე) დაკისრებისა და ორივე მოპასუხისგან მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

17. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ზემომითითებულ მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 413-ე (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მუხლებიდან გამომდინარეობს.

18. მეორე მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის (დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები) დაკისრებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 28 იანვრის დასკვნაზე დაყრდნობით მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, კერძოდ, მეორე მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს (დაზარალებულის გარდაცვალება) შორის სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული მიზეზობრივი კავშირის დადასტურება.

მოცემული საკითხის გაანალიზებისას ისიც სწორად იქნა გათვალისწინებული, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე ან გაგრძელებაზე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა კონკრეტულ მითითებას არ შეიცავდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხსენებული დასკვნა მხოლოდ სამედიცინო კუთხით შეიცავდა დეტალურ ინფორმაციას, იმ დიაგნოზების გათვალისწინებით, რაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისში №215/ნ ბრძანებაშია აღნიშნული.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სამედიცინო დასკვნის სიყალბის შესახებ შესაბამისი მტკიცებულებები მოსარჩელემ ვერ წარადგინა, მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება სადავო გარემოების დადგენის საფუძველი ვერ შეიქმნებოდა, რის გამოც მეორე მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის (დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯი) ანაზღაურების ნაწილში სარჩელი სწორად იქნა წარუმატებლად მიჩნეული.

19. პირველი მოპასუხის წინააღმდეგ მიმართულ მოსარჩელის მოთხოვნებთან (სამსახურიდან განთავისუფლება, მისი მეუღლის მიერ მიუღებელი ორი თვის კომპენსაციის, ასევე, გარდაცვალებამდე, 5 თვის განმავლობაში მიუღებელი ხელფასისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება) დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ ყურადღება კანონიერად მიაქცია საქმეზე გამოვლენილ შემდეგ გარემოებებს:

- სამსახურიდან განთავისუფლებისას, დასაქმებულს, 2 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია აუნაზღაურდა, რაც საქმეზე წარმოდგენილი დამსაქმებლის ბრძანებით, სახელფასო უწყისითა და ანგარიშსწორების ფურცლით დასტურდება.

- დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამსაქმებლის ბრძანება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

- დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სავალდებულო სამედიცინო შემოწმების ფარგლებში სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული №01-09/021-143 ცნობის (ფორმა №IV–100/ა) თანახმად, დასაქმებული არ დაიშვებოდა სარკინიგზო და მეტროპოლიტენის ან სხვა ტრანსპორტთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, რომელიც უშუალო კავშირშია ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი დასაქმებულის სამუშაო პოზიცია პირდაპირ უკავშირდებოდა ტრანსპორტის მართვას და მგზავრთა გადაყვანას, დამსაქმებლის მხრიდან სშკ-ის 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტურ გარემოებად მისი მიჩნევა, კანონშეუსაბამოდ ვერ ჩაითვლება.

20. რაც შეეხება მოპასუხეთათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას, რაკი მოპასუხეთა მიმართ მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, ამ უკანასკნელთა მიმართ მორალური ზიანის დაკისრების შესაძლებლობა გამოირიცხება, ვინაიდან დაზარალებულის გარდაცვალება ზიანის მიმყენებლის ქმედებასთან უშუალო და პირდაპირ კავშირში უნდა იყოს და მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებიდან გამომდინარეობდეს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დადასტურდა.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავდება.

22. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.თ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია