საქმე №ას-380-2025 30 მაისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ინდმეწარმე ზ.ნ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა (შემდეგ – მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებას. მითითებული განჩინებით მოსარჩელის სარჩელი ინდმეწარმე ზ.ნ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, მენარდე, შეგებებული სარჩელის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელის მოპასუხეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში 1041.32 ლარის გადახდა.
2. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარეს სამუშაოთა შესრულების პროექტი გამგეობისთვის არ მოუთხოვია. სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად პროექტის არქონა დასახელდა მხოლოდ შეგებებულ სარჩელში, მაშინ როდესაც ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა პროექტის მენარდისათვის წარდგენის ვალდებულებას.
3. რაც შეეხება გამგეობის მიერ გარანტიის სახით დაკავებულ თანხას, კასატორი მიუთითებს, რომ იგი არ ექვემდებარება დაბრუნებას. ამასთან, დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, თითქოს ის სამუშაოები, რომელთა გამო მოხდა ხარისხის საგარანტიო თანხის დაკავება, შესრულებულია და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებიც გაფორმებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. საკასაციო სასამართლოს განსჯით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და 417-418-ე მუხლებიდან. კერძოდ, სსკ-ის 629.1 მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის სსკ-ის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა სსკ-ის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება საჭიროებს წერილობით ფორმას.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ.: სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ.: ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ №ას-157-2023, 7.03.2023წ.; №ას-213-2023, 11.04.2023წ.)
10. პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხზე მსჯელობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მისი დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის დადგენას. აღნიშნული საფუძველი შეიძლება გამომდინარეობდეს ხელშეკრულებით ნაკისრი კონკრეტული ვალდებულების დარღვევიდან (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება), აგრეთვე მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული და შეთანხმებული პირგასამტეხლოს პირობის არსებობიდან. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია მოვალის ბრალით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) და ამავე დროს დაცულია პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმების კანონით დადგენილი ფორმა და შინაარსობრივი მოთხოვნები.
11. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2020 წლის 1 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და მენარდეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2.9.11/30/076 ხელშეკრულება, რომლის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძთან დაკავშირებული კიბეების მოწყობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების პირობების თანახმად, სამუშაოების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შემკვეთის წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
12. უდავოა, რომ გამგეობის დავალების მიუხედავად, მოპასუხის მიერ ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე .............. №21-ის, .............. შესახვევი №6-ისა და ........... ქუჩა №..-ის მიმდებარედ კიბეების და მოაჯირების შეკეთება-მოწყობის სამუშაოები არ შესრულდა. სწორედ ამ მიზეზით მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. მოპასუხის განმარტებით, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, შემკვეთმა არ წარუდგინა სამშენებლო კანონმდებლობით სავალდებულო საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაცია და შემოიფარგლა მხოლოდ წერილობითი დავალებით, რამაც შეუძლებელი გახადა რაიმე სახის სამუშაოების შესრულება.
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება მოპასუხის არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, დამკვეთის მიერ მოთხოვნილი სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი იყო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ შესაბამისად გაცემული არქიტექტურული პროექტი, რომელიც შემკვეთს მენარდისათვის არ გადაუცია. ამასთან, უდავოა, რომ მენარდემ რამდენჯერმე წერილობით მიმართა შემკვეთს შესასრულებელი სამუშაოების შესახებ აუცილებელი დოკუმენტაციის მიღების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული დოკუმენტაციის მიწოდების აუცილებლობა დეტალურად განმარტა მენარდის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზეც (იხ. 29.10.2024 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:33:59).
14. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, შემკვეთმა ვერ დაასაბუთა, რომ მისი მოთხოვნით შესრულებადი სამუშაოების განხორციელება შესაძლებელი იყო არქიტექტურული პროექტის არარსებობის პირობებში. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მენარდეს სამუშაოების შესრულების ინტერესი არ დაუკარგავს, რასაც ადასტურებს: 1) მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული სამუშაოების ნაწილობრივი შესრულება და 2) ფაქტი, რომ მენარდემ არაერთხელ მიმართა შემკვეთს საჭირო დოკუმენტაციის მიწოდების მოთხოვნით, რადგან მიიჩნევდა, რომ პროექტის არარსებობის გამო შესაძლებელი იყო სამუშაოების არასაშუალო, არაეფექტური განხორციელება და საბიუჯეტო სახსრების გაურკვეველი ხარჯვა. ამდენად, პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მენარდეს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობა გამოწვეულია შემკვეთის მიერ საჭირო დოკუმენტაციის მიუწოდებლობით, რაც გამორიცხავს მენარდეს ბრალს ხელშეკრულების შეუსრულებლობაში. შესაბამისად, რადგან შეუსრულებლობა მენარდეს ბრალით არ მომხდარა, მას პირგასამტეხლო ვერ დაეკისრება.
15. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ხარისხის სახით დაკავებული თანხის უკანონოდ დაბრუნების თაობაზე, სასამართლო აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის, 2020 წლის 1 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2.9/11/076 ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წლით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში ნებისმიერი წუნი (ნაკლოვანებები ან დეფექტები), თუ დადგინდებოდა, რომ გამოწვეული იყო უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებული იყო აღმოეფხვრა აღნიშნული უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. ამავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით, სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, სამუშაოს ღირებულებიდან 2.5% დაიკავებოდა, რომლის გადახდაც განხორციელდებოდა სამუშაოების სრულად დასრულებისა და ხელშეკრულების შესრულებაზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ. გარანტია უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო წლის დასრულებამდე დარჩენილი იყო 10 სამუშაო დღეზე ნაკლები, გარანტია უნდა წარმოდგენილიყო საფინანსო წლის დასრულებამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში (ლარით), რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით აღემატებოდა სამუშაოების საგარანტიო ვადას. ხელშეკრულების 4.4 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს აღნიშნული საბანკო გარანტია დაუბრუნდებოდა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხარვეზის აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. ხოლო 4.5 პუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი არ შეასრულებდა ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნებს, 4.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2.5% არ ანაზღაურდებოდა.
16. საკასაციო პალატის მითითებით, აღნიშნული სახელშეკრულებო პირობების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიწოდებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების 2.5%-ის შემკვეთის მიერ დაყოვნების (დაკავების) მიზანი იყო შესრულებული სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფა. აღნიშნული მექანიზმი ემსახურებოდა შემკვეთის ინტერესების ეფექტურ დაცვას, რათა ხელშეკრულება შეესრულებინა ჯეროვნად წინასწარ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის, ან გადახდილი თანხის კონკრეტული მოცულობის დაკავების საშუალებით.
17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ 2020 წლის 1 ივნისის №2.9.11/30/076 ხელშეკრულების საფუძველზე ჯეროვნად შეასრულა ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე, ..........-სა და №79-ს შორის ჩიხში კიბეების და მოაჯირების მიმდინარე შეკეთების (მომსახურების) I ეტაპის სამუშაოები ღირებულებით 20 708.10 ლარი და II ეტაპის სამუშაოები ღირებულებით 20 945.08 ლარი. ამასთან, უდავოა, რომ აღნიშნული სამუშაოების ღირებულებიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 2020 წლის 6 ივლისსა და 13 აგვისტოს დააკავა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5% ხარისხის საგარანტიო თანხის სახით, რაც ჯამში შეადგენდა 1041.32 ლარს.
18. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული საგარანტიო თანხა წარმოადგენს სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველყოფის საშუალებას. შესაბამისად, იმ გარემოებაში, როდესაც შემკვეთს არ წარუდგენია კვალიფიციური დასკვნა შესრულებული სამუშაოს ხელშეკრულების მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე, და გასულია შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ორწლიანი ვადა, საგარანტიო თანხის დაბრუნების პირობა დამდგარია. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საგარანტიო თანხის დაბრუნება უნდა ყოფილიყო დაკავშირებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ასეთი აქტი არ გაფორმებულა, უდავოა, რომ სამუშაოები, რომლის საფუძველზეც დაკავდა ხარისხის საგარანტიო თანხა, შესრულებულია, რაც გამორიცხავს კასატორის მოთხოვნის სამართლებრივ დასაბუთებას.
19. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა