14 ნოემბერი 2025 წელი
№ას-1193-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.ს–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.გ–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე - ა.ს–ძის მიმართ, 558 500 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხეს განსაზღვრული ვადის დაცვით შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ მიუმართავს სასამართლოსთვის.
3. შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის 04 დეკემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 558 500 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) გადახდა.
4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2025 წლის 21 მარტის განჩინება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი დასაბუთება და დამატებით განმარტა შემდეგი:
7.1. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების ეტაპზე მოსარჩელეს დაევალა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის გაგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს განესაზღვრა პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენის ვადა და განემარტა, რომ აღნიშნული ვადის დაცვით შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იყო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7.2. საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ორთვიანი ვადის დაცვით მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა თბილისში, ........... და მოპასუხეს 2024 წლის 1-ელ ნოემბერს პირადად ჩაბარდა. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა, ამ ვადაში მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ ან შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
7.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შესაგებლის წარუდგენლობის პირობებში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, უნდა ვლინდებოდეს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
7.4. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების ფაქტთან დაკავშირებით, რომლებიც დაეფუძნა ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ექსპერტიზის დასკვნას. პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, ხოლო მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ იყო განპირობებული საპატიო მიზეზით. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის თაობაზეც.
7.5. აპელანტის პრეტენზია უპირატესად დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის ჩაბარების დასტურზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. ამასთანავე, მან ფაკულტატურად აღნიშნა, რომ თუკი სასამართლო ზემოხსენებულ პოზიციას არ გაიზიარებდა, უშვებდა იმ შესაძლებლობასაც, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და იმ მკურნალობის გვერდითი ეფექტებიდან გამომდინარე, რომელსაც გადის 2023 წლის გაზაფხულიდან, შესაძლოა უბრალოდ არ ახსოვს როდის, რა ვითარებაში, სად და როგორ ჩაიბარა გზავნილი, ან/და ჩაიბარა თუ არა საერთოდ.
7.6. სააპელაციო პალატამ თავდაპირველად შეაფასა გზავნილის ჩაბარებისა და მასზე ხელმოწერის ნამდვილობის საკითხი და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპები - მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 01.12.2017 წ.-ს №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე - შპს „ჯ.მ–ი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-23). მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორი (შდრ. სუსგ №ას-313-2021, 30.06.2021 წ., §55). მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინციპით არის განმსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანითა და მისი გასაჩივრებით. შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა (შდრ., ს.უ.ს.გ. №ას-1100-1057-2016, 09.06.2017წ., §1.6.4.; №ას-1340-1260-2017, 07.03.2018წ., §26; №ას-1055-2020, 29.09.2022 წ. §9-10.) განსახილველ შემთხვევაში, სწორედ იმიტომ, რომ სასამართლოს უზრუნველეყო მხარეთათვის საკუთარი ინტერესების დაცვის თანაბარი შესაძლებლობის გარანტირება, მიეცა მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოუდგენლობის ობიექტური მიზეზის დამტკიცების შესაძლებლობა, გამოერიცხა მასთან მიმართებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების არამართებულ სანქციად ქცევა იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდებოდა, რომ იგი უპასუხისმგებლობას კი არ იჩენდა სამართალწარმოების მიმართ ან/და ცალსახად უარს კი არ აცხადებდა საკუთარი უფლებების დაცვაზე, არამედ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო საპროცესო უფლებამოვალეობების განხორციელება, დაინიშნა ექსპერტიზა ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის მიზნით.
7.7. საქმეში წარმოდგენილი ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის 2025 წლის 27 თებერვლის №001227925 დასკვნის თანახმად, სადავო გზავნილზე არსებული ხელმოწერა, რომლითაც დადასტურდა მოპასუხის მიერ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების პირადად ჩაბარების ფაქტი, ეკუთვნის არა სხვა პირს, არამედ - თავად მოპასუხეს. ამის საწინააღმდეგოდ, აპელანტის მიერ, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და ვერც სააპელაციო საჩივარში ან/და სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მითითებული ვერ იქნა რაიმე იმგვარი ობიექტური გარემოება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ექსპერტიზის დასკვნის გადასინჯვის საჭიროებაში და გამორიცხავდა მისი უტყუარი შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების შესაძლებლობას წარმოდგენილი დასკვნის მიმართ (მაგ., ამ შემთხვევაში აბსურდულია, რომ დასკვნა არასანდოდ იქცეს მისი კატეგორიულობის გამო).
7.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა პირადად, 2024 წლის 1-ელ ნოემბერს, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ........... ამასთან, რამდენადაც აპელანტმა ვერ გააქარწყლა საკუთრივ გზავნილის ჩაბარების ფაქტი, ერთი მხრივ, მნიშვნელობა ეკარგებოდა იმ გარემოებას, გზავნილზე მისამართი სრულად იყო თუ არა მითითებული (იგულისხმება ბინის ნომერთან ერთად), ხოლო, მეორე მხრივ, იქმნებოდა გაუქარწყლებელი პრეზუმფცია იმისა, რომ მისთვის პირადად ჩაბარებულ დოკუმენტაციას ერთვოდა სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ მოსარჩელისათვის (მოპასუხისათვის ჩასაბარებლად) გადაცემული გზავნილი მიმართვის სახით, სადაც მითითებული იყო ადრესატისათვის სასამართლოს მიერ შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადა - ჩაბარებიდან 10 დღე და განმარტებული იყო მისი წარუდგენლობის თანმდევი შედეგები. შესაგებლის წარდგენის ვადა მოპასუხეს ამოეწურა 2024 წლის 11 ნოემბერს (ვადის უკანასკნელი დღე), მას აღნიშნული ვადის დაცვით არც შესაგებელი წარუდგენია, არც შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
7.9. აპელანტი მიუთითებდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობის შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო მას შესაძლოა ჰქონოდა მეხსიერების ან ცნობიერების დაქვეითება გზავნილის ჩაბარების ფაქტთან დაკავშირებით. თავად აპელანტის განმარტებით, იგი 2023 წლის გაზაფხულიდან მკურნალობს, სამართალწარმოება კი დაწყებულია 2024 წლის ოქტომბერში. შესაბამისად, მითითებული გარემოება ობიექტურად არსებობდა პირველი ინსტანციის საქმის განხილვის ეტაპზე და მისი მოგვიანებით მითითება დაუშვებელი იყო.
7.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდებოდა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაუბარებლობის ფაქტი. ამასთან, მხარემ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, როგორც გზავნილის დავიწყებისა და შესაგებლის წარუდგენლობის შესაძლო საპატიო მიზეზზე მიუთითა საპროცესო მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ ვლინდებოდა.
7.11. სააპელაციო საჩივარში აპელანტი სასარჩელო მოთხოვნათა იურიდიული მართებულობის ნაწილში ძირითადად მიუთითებდა, რომ საქმეში არ არსებობს მისი მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 558 500 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) ოდენობის თანხის გადახდის ვალდებულების დამადასტურებელი მტკიცებულება, აგრეთვე ამტკიცებდა, რომ მას მოსარჩელის მიმართ გაცილებით ნაკლები ვალდებულება გააჩნდა და იგი შესრულებულიც ჰქონდა, ხოლო უძრავი ქონების „დაკარგვაში“ მას ბრალი არ მიუძღვოდა.
7.12. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე და 341-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ: 1. მხარეთა შორის არსებობდა ვალის აღიარების ხელშეკრულება; 2. მოპასუხემ არ შეასრულა ვალის აღიარების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; 3. მოსარჩელის მიერ მითითებულია და შესაბამისად, დადგენილად იქნა მიჩნეული მოთხოვნის საფუძვლის დისპოზიციაში მოცემული ყველა წინაპირობა.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება და საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება. კასატორს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებლად მიაჩნია. მისი განმარტებით, აქვს ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები და იღებს ძლიერმოქმედ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც გავლენას ახდენს მის მეხსიერებასა და ცნობიერებაზე. ამ გარემოებას უკავშირებს იმასაც, რომ გზავნილის ჩაბარება არ ახსოვს; ამასთან, ჩაბარების დასტურზე არსებული ხელმოწერაც ვერ იცნო, რის გამოც თავდაპირველად ვარაუდობდა დოკუმენტის სიყალბეს. საქმის განხილვისას, მან ეჭვქვეშ დააყენა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და მოითხოვა სხდომის გადადება, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კასატორის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების ფაქტის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია მოპოვებული იქნა 2025 წლის 19 მაისს, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც საქმეზე მიღებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად განაცხადა უარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობაზე. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე უგულებელყო მისი პოზიცია, რომ არსებული ვალდებულებიდან ნაწილი შესრულებული ჰქონდა და დავის მიმართ გააჩნდა იურიდიული ინტერესი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც უცვლელად დარჩა როგორც იმავე, ასევე - ზემდგომი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი სწორედ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებების კანონიერებაა.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების გამოხატულებას და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ს.უ.ს.გ. №ას-964-929-16, 06.03.2017).
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე (ს.უ.ს.გ. №ას-538-511-2014, 24 დეკემბერი, 2015 წელი). ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (ს.უ.ს.გ. №ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).
17. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია შემდეგი ერთ-ერთი გარემოების არსებობისას: სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება საჩივრის ავტორს.
18. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
19. კასატორი მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებებს სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული. იგი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არ ჩაბარებია, ხოლო ჩაბარების დასტურზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა. ამასთან, მიუთითებდა, რომ თუკი ჩაბარების ფაქტი დადასტურდებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობის გავლენით, შესაძლოა, არ გახსენებოდა გზავნილის მიღება და, შესაბამისად, ვერ მოეხერხებინა შესაგებლის წარდგენა. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
20. სააპელაციო სასამართლომ ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2024 წლის 1-ელ ნოემბერს პირადად ჩაბარდა, ხოლო ჩაბარების დასტურზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის თავად მოპასუხეს. ამასთან, მოპასუხეს წერილობითი შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრა 10 დღის საპროცესო ვადა, თუმცა აღნიშნული ვადის დაცვით შესაგებელი არ წარუდგენია, არც ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის და არც მისი წარუდგენლობის შესახებ ინფორმაცია მიუწოდებია.
21. საკასაციო პალატის განსჯით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ვადის დაცვით შესაგებლის წარუდგენლობა არ ყოფილა განპირობებული ისეთი ობიექტური გარემოებით, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის შეიძლება შეფასდეს საპატიო მიზეზად.
რაც შეეხება კასატორის მითითებას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მედიკამენტოზური მკურნალობის გავლენაზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული სააპელაციო საჩივარში ახალი ფაქტობრივი გარემოების სახით იქნა დაყენებული, მაშინ როდესაც, თავად აპელანტის განმარტებით, იგი 2023 წლის გაზაფხულიდან მკურნალობს და ამ გარემოების მითითება და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, შესაძლებელი იყო, უკვე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე და არ იკვეთება რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ამ შესაძლებლობის რეალიზებაში კასატორს ობიექტურად შეუშლიდა ხელს. გარდა ამისა, თუნდაც ეს გარემოება შეფასებადი ყოფილიყო, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ ადასტურებს იმგვარ მდგომარეობას, რომელიც სარჩელის ჩაბარებისა და შესაგებლის წარდგენის ვადის პერიოდში ობიექტურად გამორიცხავდა საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამავე კონტექსტში, საქმეში არ იკვეთება გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ მოპასუხეს არ შეეძლო სასამართლოსათვის მიემართა ან ეშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვერ შეფასდება შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად.
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ იღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა ქვემდგომ ინსტანციაში, თუმცა არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოება სააპელაციო საჩივარში ახალი ფაქტობრივი გარემოების სახით იქნა დაყენებული, მაშინ როდესაც, მისი მითითება და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა შესაძლებელი იყო, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციისა და დამატებითი ექსპერტიზის დასკვნების საქმეზე დართვის შუამდგომლობა უკავშირდებოდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის წარმოჩენას, შესაბამისად, მათი საქმეზე დართვაზე უარი სამართლებრივად დასაბუთებულია, ხოლო 2025 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი არ იკვეთება.
23. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: მხარეთა შორის ვალის აღიარების ხელშეკრულების არსებობა და მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე და 341-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა ამ ხელშეკრულებით აღიარებული ვალის გადახდის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016 წ. განჩინება საქმეზე N 121-117-2016). განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე წერილობითი შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო, დამტკიცებულად ჩაითვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა.
25. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი (ს.უ.ს.გ. N ას-1569-2018. 13/05/2019)
26. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; ამას გარდა, საჭიროა იმ გარემოების გამოკვლევა ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13, 17.01.2017წ).
27. კონკრეტულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხისათვის უზრუნველყოფილი იყო შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად ყველა საშუალება, კერძოდ, ჰქონდა გასაჩივრებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საჭირო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა მას არც რაიმე მტკიცებულება და არც კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.
29. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს კასატორისათვის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა.
ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს, გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს რომლის ფარგლებშიც ხდება წარმომადგენლის ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და, ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა. გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს (ს.უ.ს.გ. №ას-1125-2019, 31.10.2019წ.).
„როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის მიერ გაწეული რესურსის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქმე განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი უნდა ანაზღაურდეს 2000 ლარის ოდენობით, რაც უნდა დაეკისროს კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ა.ს–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის (საგადახდო დავალება № 29697176151, გადახდის თარიღი: 07.10.2025წ, გადამხდელი: მ. ლ. (პ/ნ ..........) გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. ა.ს–ძეს (პ/ნ ..........) მ.გ–ის (პ/ნ .......) სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის ანაზღაურება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი