Facebook Twitter

საქმე №ას-1405-2025

05 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ-ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად; ხოლო, იმავე სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

8. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ საქმეში, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 219-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანი იყო არა ის გარემოება - N2 დამატებითი შეთანხმებით გაგრძელდა თუ არა ვალდებულების შესრულების ვადა, არამედ სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა შესასრულებელი ვალდებულების რა ნაწილი შესრულდა ხელშეკრულებით (და არა დამატებითი შეთანხმებით) განსაზღვრულ ვადაში; პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იყო თუ არა სახეზე მისი შემცირების საფუძველი და დაეკისრა თუ არა მოპასუხეს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად.

9. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ მისაწოდებელი პროდუქციის სრულად მიწოდება განხორციელდა 90 კალენდარული დღის დაგვიანებით. გარდა იმისა, რომ სააპელაციო პალატამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულების/ შეუსრულებლობის საკითხი წინააღმდეგობრივად შეაფასა, ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგო მითითებას მოპასუხის შესაგებელი არ შეიცავდა. მოპასუხე სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში აღნიშნავდა, რომ მან ვერ უზრუნველყო მისაწოდებელი პროდუქციის ნაწილის მიწოდება შეთანხმებულ ვადაში და ითხოვდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას, ვინაიდან იგი განსაზღვრული იყო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,15%-ის ოდენობით და არა შეუსრულებელი ვალდებულების პროპორციულად. ამავდროულად, მოპასუხე პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლად მიუთითებდა ფორსმაჟორული მდგომარეობის არსებობაზე, რამაც გამოიწვია ვალდებულების ნაწილის ვადაში შეუსრულებლობა; რაც შეეხება 2021 წლის 27 მაისის N2 შეთანხმებით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ცვლილებას, აღნიშნულზე, როგორც ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებაზე და ვალდებულების ვადაში შესრულებაზე, მოპასუხეს არ მიუთითებია. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდება ვადის დარღვევით განხორციელდა, მოპასუხე ნაწილობრივ შეედავა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხემ შესაგებლით სადავო გახადა მოსარჩელის წინაშე ვალდებულების არსებობის ფაქტი.

10. საკასაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნული გარემოების მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნევის შემთხვევაშიც, არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მხრეთა შორის გაფორმებულ N2 შეთანხმებაზე, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ცვლილებას და რომლის საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული შეთანხმებით შეიცვალა არა ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა, არამედ ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რადგან ცვლილება შევიდა მხარეთა შორის გაფორმებული 12.02.2021წ. ხელშეკრულების 2.4 პუნქტში, რომელიც თავადაც მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე მითითებას მოიცავდა; N2 შეთანხმების შინაარსი ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს რაიმე ბუნდოვანებას, რაც გონივრული განსჯის შედეგად განმარტებას საჭიროებს. ამ პუნქტის ბუნდოვანებასა და არაორაზროვნებაზე არ მიუთითებია თავად მოპასუხეს და ის სხვაგვარი ინტერპრეტაციით არ განუმარტავს.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივრი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკაყოფილა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 083,12 ლარის გადახდა.

12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

12.1. მხარეთა შორის 2021 წლის 12 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N85 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებისათვის ზამთრის შარვლები, ხელშეკრულების დანართი N1-ში გათვალისწინებული ვადების შესაბამისად - ხელშეკრულების პირველი და მეორე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს - 2021 წლის 28 აპრილისა, ხოლო ხელშეკრულების მესამე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს - 2021 წლის 13 აპრილისა;

12.2. მხარეთა შორის 2021 წლის 23 აპრილს გაფორმდა შეთანხმება N1, რომლითაც მისაწოდებელი საქონლის (უბნის ინსპექტორის შარვალი, მამაკაცის, ზამთარი) რაოდენობა შეიცვალა და განისაზღვრა - 6 054 ცალით, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულება 212 600 ლარი შემცირდა და განისაზღვრა 204 620 ლარით;

12.3. მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, ხელშეკრულების დანართი N1-ის მეორე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - უბნის ინსპექტორის მამაკაცის ზამთრის შარვალი, ნაცვლად 2021 წლის 13 აპრილისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2021 წლის 27 ივლისს - 90 კალენდარული დღის დაგვიანებით;

12.4. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 204 620 ლარის 0,15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 27 623,70 ლარს (204 620*0,15%*90);

12.5. სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ მიმწოდებელს გაეგზავნა 18.08.2021წ. N-2175763 წერილი საჯარიმო სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით და განესაზღვრა 30-დღიანი ვადა ჯარიმის გადასახდელად.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა განმარტა, რომ გადაწყვეტილებაში მითითებული შეფასება არ გამომდინარეობს წარდგენილი შესაგებლიდან, უფრო მეტიც, მხარის შედავება სასამართლო პროცესზეც ძირითადად დაეთმო პირგასამტეხლოს შემცირებას და არა მისგან განთავისუფლებას; შესაგებელში მოპასუხე პირველ ფაქტობრივ გარემოებას ეთანხმება, მე-2 ფაქტობრივ გარემოებას - ნაწილობრივ ეთანხმება და მიუთითებს, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ეტაპობრივად აწვდიდა საქონელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო კოვიდ პანდემიის პირობებში შესაკერად განკუთვნილ ნაჭერს ჩამოტანა დააგვიანდა და მოპასუხემ ვეღარ უზრუნველყო ნაწილი საქონლის მიწოდება დათქმულ დროში, ხოლო მესამე ფაქტობრივ გარემოებას - ნაწილობრივ ეთნხმება; შესაგებლის მე-4 გვერდზე მოპასუხემ განმარტა, რომ: „ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც პირგასამტეხლოს ოდენობას ითვლის მოსარჩელე, არის არასწორი, ვინაიდან ამ შემთხვევაში პირგასამტეხლოს აკისრებს იმ ნაწილზეც, რა ნაწილზეც ვალდებულება შესრულებულია ჯეროვნად, დათქმულ დროში“; შესაბამისად, მხარეს შეთანხმების გამო პირგასამტეხლოსგან განთავისუფლება არ უთხოვია არც შესაგებლით და არც ახსნა-განმარტებების ეტაპზე, უფრო მეტიც, გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ მოსამართლეს შეექმნა წარმოდგენა, რომ მხარე აღიარებდა გარკვეულ თანხას და პაექრობის ეტაპზე გამოაცხადა შესვენება, რათა მხარეს მარწმუნებელთან დაეზუსტებინა აღნიშნული საკითხი; მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის პოზიციის იმგვარად წარმოჩენით, რაც არ გამომდინარეობს შესაგებლიდან, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში; სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, „ხელშეკრულების ვადა 2021 წლის 31 ივლისამდე გადაიწია, რისი გათვალისწინებითაც სასამართლომ ეს პერიოდი მიიჩნია შესრულების ვადად“. შეთანხმება, რომელზეც სასამართლო აპელირებს, არასწორად იქნა განმარტებული. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო გარემოება, რომ მოთხოვნა შესყიდვის ობიექტზე განხორციელდა ხელშეკრულების დადებიდან - 2021 წლის 12 თებერვლიდან, მიწოდება უნდა დასრულებულიყო 60 დღის შემთხვევაში - 13 აპრილს, ხოლო 70 დღის შემთხვევაში - 28 აპრილს. შეთანხმება ძალაში შევიდა 27 მაისს, ანუ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში შეთანხმების დადებამდე ფაქტობრივად მხარემ ვერ შეასრულა ხელშეკრულება, ამ პერიოდში კი ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედება არ ყოფილა შეჩერებული. სასამართლომ ეს გარემოება სრულად უგულებელყო.

14. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინების შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა იმის დადგენა: შესასრულებელი ვალდებულების რა ნაწილი შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში; პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იყო თუ არა სახეზე მისი შემცირების საფუძველი და პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი შეესაბამებოდა თუ არა სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას. კერძოდ, დაეკისრა თუ არა მოპასუხეს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ 28.05.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 15 600 ლარის ღირებულების საქონელი, 45 დღის დაგვიანებით; 02.07.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიაწოდა 16 200 ლარის ღირებულების საქონელი, 80 დღის დაგვიანებით; 27.07.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიაწოდა 10 320 ლარის ღირებულების საქონელი, 105 დღის დაგვიანებით; 04.06.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიაწოდა 15 000 ლარის ღირებულების საქონელი, 50 დღის დაგვიანებით; 21.05.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიაწოდა 12 000 ლარის ღირებულების საქონელი, 38 დღის დაგვიანებით; საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, მიაწოდა 12 000 ლარის ღირებულების საქონელი, 94 დღის დაგვიანებით.

16. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმის მასალებით დგინდება 2021 წლის 27 მაისს მხარეთა შორის N2 შეთანხმების გაფორმების ფაქტი, რომლის შედეგად ხელშეკრულების 2.4 პუნქტი დაკორექტირდა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.4. ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე”. აღნიშნული შეთანხმების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ: „შსს ეკონომიკურ დეპარტამენტში 2021 წლის 25 მაისს შემოვიდა [მოპასუხის] წერილი (რეგისტრაციის ნომერი N1307963), საიდანაც ირკვევა, რომ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილი მოწოდებული აქვს, თუმცა მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის - COVID-19-ის გამო თურქეთში არ მუშაობდა შესაბამისი დაწესებულებები, შესაბამისად, მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დარჩენილი მოსაწოდებელი საქონლის დასამზადებლად ნედლეულის შემოტანა დაგვიანდა. შესაბამისად, მიმწოდებელი ითხოვს [მოსარჩელესა] და [მოპასუხეს] შორის 2021 წლის 12 თებერვალს გაფორმებული N85 ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდას 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით“. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ვალდებულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის საპატიო მიზეზად სწორედ ზემოაღნიშნულზე, პანდემიით გამოწვეულ გართულებებზე მიუთითებდა და მოითხოვდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.

17. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თავად მოსარჩელემ გაითვალისწინა მსოფლიოში გავრცელებული პანდემია - COVID-19, რის გამოც, გაზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დროულად ვერ მიიღო საქონელი, რადგან თურქეთში არ მუშაობდა შესაბამისი დაწესებულებები და რამაც ხელი შეუშალა მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულებაში, სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების სამართლებრივი საფუძველი.

18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებით, ამასთან, გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა დარღვევების გათვალისწინებით, ასევე, ვალდებულების შეუსრულებლობის ობიექტური მიზეზი - პანდემია (COVID-19) და მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულ, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა და უნდა შემცირებულიყო 0,02%-მდე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან კი არ უნდა დაანგარიშებულიყო, არამედ შეუსრულებელი ვალდებულებიდან - მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული მიუწოდებელი საქონლის ღირებულებიდან.

19. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 28.05.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 140,4 ლარის ოდენობით (15 600X0,02:100X45=140,4), 02.07.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 259,2 ლარი (16 200X0,02:100X80=259,2), 27.07.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 216,72 ლარი (10 320X0,02:100X105=216,72), 04.06.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 150 ლარი (15 000X0,02:100X50=150), 21.05.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 91,2 ლარი (12 000X0,02:100X38=91,2), საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, 225,6 ლარი (12 000X0,02:100X94=225,6), სულ 1 083,12 ლარი.

20. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

21. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

21.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს სამართლებრივ საკითხზე მანამდე მიღებული გადაწყვეტილებისაგან;

21.2. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურებების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა. სუბიექტურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა იმ პირობას, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, გადაიხდიდა შეთანხმებულ პირგასამტეხლოს. რაც შეეხება ობიექტურ გარემოებას, მოცემულ შემთხვევაში ობიექტურ გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და არაერთგზის დაარღვია შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები;

21.3. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, რომლის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა ემსჯელა თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები მიიღო მხედველობაში, როდესაც პირგასამტეხლო შეამცირა და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია;

21.4. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით. სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას და სწორედ დადებული ხელშეკრულებები და არსებული პირგასამტეხლო იძლევა იმის გარანტიას, რომ მხარემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულოს;

21.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხის, დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირა. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ამგვარი შემცირება სცდება სსკ-ის 420-ე მუხლის მიზანს.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

24. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მოპასუხისათვის/მიმწოდებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.

25. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირა.

26. კასატორი დავობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; მოპასუხე მეწარმე სუბიექტია და პირგასამტეხლოზე შეთანხმება მისი მხრიდან გაცნობიერებული ნების საფუძველზე მოხდა; ამასთან, მოპასუხემ ვერ მიუთითა პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობების არსებობაზე, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ოდენობის შემცირების თაობაზე დაუსაბუთებელია.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე Nას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი; Nას-1520-2018, 28 დეკემბერი, 2018 წელი).

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი; Nას-31-2021, 07 ივლისი, 2022 წელი).

30. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

31. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 12 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N85 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა/მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შემსყიდველისათვის/მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებისათვის ზამთრის შარვლები, ხელშეკრულების N1 დანართში გათვალისწინებული ვადების შესაბამისად - ხელშეკრულების პირველი და მეორე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს - 2021 წლის 28 აპრილისა, ხოლო ხელშეკრულების მესამე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს - 2021 წლის 13 აპრილისა; ხელშეკრულების 9.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისროდა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით; სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს ხელშეკრულების N1 დანართის მეორე პოზიციით გათვალისწინებული საქონლის ნაწილი - უბნის ინსპექტორის მამაკაცის ზამთრის შარვლების ნაწილი, მიაწოდა ვადადარღვევით. კერძოდ, 28.05.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს 15 600 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა 45 დღის დაგვიანებით; 02.07.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 16 200 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა 80 დღის დაგვიანებით; 27.07.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 10 320 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა 105 დღის დაგვიანებით; 04.06.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 15 000 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა 50 დღის დაგვიანებით; 21.05.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 12 000 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა 38 დღის დაგვიანებით; ხოლო, საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, 12 000 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა 94 დღის დაგვიანებით. არც კასატორს და არც მოწინააღმდეგე მხარეს (წარდგენილი საკასაციო შესაგებლით) ეს გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

32. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის შემსყიდველმა მიმწოდებელს დაარიცხა ხელშეკრულების 9.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

35. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. აქედან გამომდინარე, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. შესაბამისად, ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე Nას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). „მეწარმე სუბიექტი“, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).

37. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

38. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და მოპასუხისათვის/მიმწოდებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15% შემცირდა და მისი ოდენობა განისაზღვრა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.

39. განსახილველ დავაში მოპასუხე მხარე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს და სადავო არ არის, რომ 12.02.2021წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგს წარმოადგენდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს, რომელიც მეწარმე სუბიექტია, წარდგენილ შესაგებელში არ მიუთითებია გარემოებებზე, რომელიც დაასაბუთებდა თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა - 0,15%. უფრო მეტიც, მოპასუხის შედავება არსებითად იმ გარემოებას შეეხებოდა, რომ პირგასამტეხლოს გამოანგარიშება მოხდა არა შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდან არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 77-85; ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს 02.03.2023წ. სხდომის ოქმი).

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არამართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული/განსაზღვრული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობის (0,15%) შემცირებასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს, რომელიც მეწარმე სუბიექტია, აღნიშნულის თაობაზე არგუმენტირებული შედავება არ წარუდგენია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის 0,15%-დან 0,02%-მდე შემცირება საფუძველს მოკლებულია.

41. ამასთან, წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ 12.02.2021წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების N1 დანართის მეორე პოზიციით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის ვადადარღვევით მიწოდებისათვის შემსყიდველმა მიმწოდებელს დაარიცხა ხელშეკრულების 9.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 204 620 ლარის 0,15%-ის ოდენობით, ჯამში 27 623,7 ლარი. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან განხორციელდა, რაც ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული პრაქტიკით დადგენილ პრინციპს, რომ - პირგასამტეხლო დაანგარიშდეს მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან.

42. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, თუმცა უნდა შემცირდეს არა ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს პროცენტული მაჩვენებელი, არამედ მისი ოდენობა უნდა დაანგარიშდეს ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ჯამში 8 123,4 ლარის ოდენობით.

43. კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო:

- 28.05.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 15 600 ლარის ღირებულების საქონლის 45-დღიანი ვადაგადაცილებით მიწოდებისათვის 1 053 ლარის ოდენობით (15 600x0,15%x45);

- 02.07.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 16 200 ლარის ღირებულების საქონლის 80-დღიანი ვადაგადაცილებით მიწოდებისათვის 1 944 ლარის ოდენობით (16 200x0,15%x80);

- 27.07.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 10 320 ლარის ღირებულების საქონლის 105-დღიანი ვადაგადაცილებით მიწოდებისათვის 1 625,4 ლარის ოდენობით (10 320x0,15%x105);

- 04.06.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 15 000 ლარის ღირებულების საქონლის 50-დღიანი ვადაგადაცილებით მიწოდებისათვის 1 125 ლარის ოდენობით (15 000x0,15%x50);

- 21.05.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 12 000 ლარის ღირებულების საქონლის 38-დღიანი ვადაგადაცილებით მიწოდებისათვის 684 ლარის ოდენობით (12 000x0,15%x38);

- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, 12 000 ლარის ღირებულების საქონლის 94-დღიანი ვადაგადაცილებით მიწოდებისათვის 1 692 ლარის ოდენობით (12 000x0,15%x94).

44. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში გაკეთებულია განმარტება, რომ მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, თუმცა პანდემიის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს სსკ-ის 398-ე მუხლით ცვლილებას ან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან (იხ. სუსგ საქმე Nას-1063-2021, 21 დეკემბერი, 2022 წელი; Nას-1585-2022, 12 ივნისი, 2023 წელი; Nას-950-2023, 05 დეკემბერი, 2023 წელი).

45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისროს პირგასამტეხლოს სახით, 8 123,4 ლარის გადახდა.

47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

49. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებული იყო წინამდებარე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

50. კერძოდ, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენდა 27 623,7 ლარს, საიდანაც საბოლოო ჯამში დაკმაყოფილდა 8 123,4 ლარი, ანუ დავის საგნის 29,41%. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 828,71 ლარს (27 623,7 ლარის 3%), მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 243,72 ლარის გადახდა (828,71 ლარის 29,41%).

51. სააპელაციო სასამართლოში, ასევე, საკასაციო სასამართლოში პირველ შემთხვევაში დავის საგანი იყო 27 623,7 ლარი, საიდანაც, საბოლოო ჯამში, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 8 123,4 ლარის ნაწილში, ანუ დავის საგნის 29,41%. შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 1 104,95 ლარს (27 623,7 ლარის 4%), ხოლო საკასაციო საჩივარზე გადასახდელი 1 381,19 ლარს (27 623,7 ლარის 5%), მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისად - 324,97 ლარისა (1 104,95 ლარის 29,41%) და 406,21 ლარის (1 381,19 ლარის 29,41%) გადახდა.

52. მეორე შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ოდენობა შეადგენდა 26 540,58 ლარს, საიდანაც, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 7 040,28 ლარის ნაწილში, ანუ დავის საგნის 26,53%. შესაბამისად, ვინაიდან დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 1 327,03 ლარს (26 540,58 ლარის 5%), მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 352,06 ლარის გადახდა (1 327,03 ლარის 26,53%).

53. ამდენად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯამში 1326,96 ლარის გადახდა სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახემწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს „ლ-ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 8 123,4 ლარის გადახდა;

5. შპს „ლ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს - 1 326,96 ლარის გადახდა;

6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან მიქაბერიძე