საქმე №ას-1441-2025
05 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ.ბ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“, „სააგენტო“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 31.10.2022წ. გადაწყვეტილება (სააგენტოს გენერალური დირექტორის 31.10.2022წ. N01/743 ბრძანება) მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 1200 ლარის (ხელზე მისაღები) გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 1200 ლარის (დასაბეგრი) გადახდა, 2022 წლის 01 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:6.1. მოსარჩელე 2012 წლიდან დასაქმებული იყო სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე. 2022 წლის 13 იანვარს მოსარჩელესთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მის სამუშაო პოზიციად განისაზღვრა - „[სააგენტოს] ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი“;
6.2. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2022 წლის 19 სექტემბერს გამოსცა N02/50 ბრძანება სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ;
6.3. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2022 წლის 07 ოქტომბერს მიიღო N02/54 ბრძანება, რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და გადარჩევის წესის შესახებ. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფდა გასაუბრების ჩატარებას. მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა კომპეტენცია, სხვა ობიექტური გარემოებები და დასაბუთებული მონაცემები აესახა გასაუბრების სხდომის ოქმში;
6.4. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო სააგენტოში ჩატარებულ გასაუბრებაში. თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 10.10.2022წ. ოქმის თანახმად, დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების საფუძველზე, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, კომისიის წევრების მიერ გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი შეფასდა. მოსარჩელე შეფასდა უარყოფითად;
6.5. სააგენტოს გენერალური დირექტორის 31.10.2022წ. ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2022 წლის 01 ნოემბრიდან შეწყდა მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
6.6. სააგენტოს 31.10.2022წ. N01/729 ბრძანებით სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 150 ერთეულით და იმავე თარიღის N01/730 ბრძანებით დამტკიცდა საშტატო ნუსხა.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 07.10.2022 წელს მიიღო N02/54 ბრძანება რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და გადარჩევის წესის შესახებ. ამასთან, სადავო არ არის, რომ რეორგანიზაცია რეალურად განხორციელდა და მას შედეგად შტატების შემცირება მოჰყვა, რასაც მოწმობს სააგენტოს გენერალური დირექტორის 15.01.2022წ. N01/164 და 31.10.2022წ. N01/730 ბრძანებები საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ, ასევე, სააგენტოს ადმინისტრაციის (სამსახურის) ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტის 02.02.2023წ. N222/05 სამსახურებრივი ბარათი. თავის მხრივ, N02/54 ბრძანების მე-2 პუნქტით დადგინდა, რომ გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისიას უნდა უზრუნველეყო გასაუბრების ჩატარება. მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა კომპეტენცია, სხვა ობიექტური გარემოებები და დასაბუთებული მონაცემები აესახა გასაუბრების სხდომის ოქმში. აღნიშნული ბრძანების მოხმობილი პუნქტები, რომლებიც, აპელანტის განმარტებით, თითქოსდა პროცედურისა და კრიტერიუმების განსაზღვრას ემსახურება, არ შეიცავს საკმარის კონკრეტიკას, არის ზედაპირული, ზოგადი და ბუნდოვანი. სახელმძღვანელო კრიტერიუმები არ არის იმგვარად ჩამოყალიბებული, რომ მიჩნეულ იქნეს „წინასწარ დადგენილად, სამართლიანად, ობიექტურად და გამჭვირვალედ“. ამდენად, ამ ნაწილში აპელანტის იმ პოზიციის გაზიარება, რომ კრიტერიუმები განსაზღვრული იყო და წინასწარ ეცნობა კიდეც დასაქმებულს, ობიექტურად შეუძლებელია. კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელებულიყო დასაქმებულთა გადარჩევა, განსაზღვრული არ ყოფილა, შესაბამისად, ამ კრიტერიუმების შესახებ დასაქმებულიც ვერ იქნებოდა ინფორმირებული.
8. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „გადარჩევის“ პროცესის შეფასების ჭრილში, პასუხგაუცემლად ვერ დარჩებოდა აპელანტის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტება, რომ რამდენადაც დასაქმებულის მიერ დაკავებული პოზიცია გაუქმდა და მისი ფუნქციები სხვა პოზიციას მიეკუთვნა, ამ შემთხვევაში არც შესადარებელი სუბიექტი არსებობდა და არც იმავე მიმართულებით დამატებითი სამუშაო ძალის საჭიროება. აღნიშნულის საპასუხოდ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შესადარებელი სუბიექტის არსებობა-არარსებობის საკითხის განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს არა რეორგანიზაციის შედეგად დაკავებული თანამდებობის შენარჩუნება-გაუქმების საკითხს, არამედ იმას, თუ როგორ განხორციელდა რეორგანიზაციამდე ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ სუბიექტთა შეფასება და რა დაედო საფუძვლად ერთ-ერთი მათგანისთვის დადებითი, ხოლო მეორისთვის კი უარყოფითი შეფასების მიცემას. მოცემულ შემთხვევაში შესადარებელი სუბიექტის არსებობას თავად დამსაქმებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებს. სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 10.10.2022წ. N1 სხდომის ოქმი (იხ. ს.ფ. 78-83) ცხადყოფს, რომ „ძეგლთა რეაბილიტაციის ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის“ პოზიცია დაკავებული ჰქონდა არამხოლოდ მოსარჩელეს, არამედ კიდევ 5 პირს (იხ. ს.ფ. 80, გასაუბრებაზე გამოცხადებულ პირთა სიის 18-23 პუნქტები) და აღნიშნულ პირთაგან 4 შეფასდა დადებითად (იხ. ს.ფ. 81, დადებითად შეფასებულ პირთა სიის 17-20 პუნქტები). შესაბამისად, კრიტერიუმებისა და, ზოგადად, შეფასების სტანდარტის ბუნდოვანება, გამორიცხავს ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იმასთან დაკავშირებით - თუ რამდენად მართლზომიერად მოხდა მოსარჩელისათვის, იმავე პოზიციაზე დასაქმებული სხვა 4 პირისგან განსხვავებით, უარყოფითი შეფასების მიცემა - ანუ, რა უპირატესობა გამოავლინეს მათ გათავისუფლებულ დასაქმებულთან შედარებით.
9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც ხსენებული კომისიის 10.10.2022წ. N1 ოქმიდან დგინდება, დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი შეფასდა და შედეგები აისახა თანამშრომელთა შეფასების ფორმაში. ოქმის მიხედვით, ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - მოსარჩელე შეფასდა უარყოფითად. ოქმზე დართულ შეფასების ფორმაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ გასაუბრების მსვლელობისას ვერ დაასახელა მისი ფუნქცია-მოვალეობები და აღნიშნა, რომ მუშაობს მხოლოდ შემოსულ კორესპონდენციაზე. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მის მიერ მომზადებული წერილები ხარვეზიანია და ხშირად ბრუნდება სარეზოლუციო შენიშვნებით, რაზედაც მოსარჩელეს პასუხი არ ჰქონდა. ამასთან, აღნიშნა, რომ სამსახურებრივად დატვირთული არ არის და დღის განმავლობაში ასრულებს რამდენიმე კორესპონდენციას. ყოფილა დღეები, როდესაც სამუშაო არ შეუსრულებია. აღინიშნა ისიც, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია არ შეესაბამება დაკავებულ პოზიციას, ვინაიდან იგი განათლებით არ არის არქიტექტორი და ამ მიმართულებით მას არ ჰქონია სამუშაო გამოცდილება, რაც ვლინდება კიდეც მის მიერ არადამაკმაყოფილებლად შესრულებულ დავალებებში. მანვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლად ვერ მუშაობს და მუდმივად საჭიროებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელთა დახმარებას. აღნიშნული ოქმის შინაარსი სადავოდ არის გამხდარი დასაქმებულის მხრიდან, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მისი უდავო ფაქტობრივ გარემოებად დადგენა გამორიცხული იყო. მიუხედავად ამისა, ოქმის შინაარსს სასამართლოს მიერ ცალსახად მიეცა სათანადო შეფასება და მეტწილად სწორედ მისი არასაკმარისობიდან გამომდინარეა დასკვნები ასახული გადაწყვეტილებაშიც. ამასთანავე, აღინიშნა, რომ გასაუბრების აუდიო/ვიდეო ჩანაწერი, როგორც ოქმის შინაარსის განმამტკიცებელი დამატებითი მყარი და უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს, რაც სააპელაციო პალატამაც გაიზიარა. სააპელაციო პალატის შეფასებით, ამგვარი ნეიტრალური მტკიცებულების არარსებობის გამო, სახელმძღვანელო კრიტერიუმების წინასწარ და ნათლად განუსაზღვრელობის ფაქტის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში დაუდგენელი რჩება გასაუბრების რეალური შინაარსი, დასმული შეკითხვები, დასაქმებულის პასუხები, მათ საფუძველზე კომისიის მიერ მიცემული შეფასებები, კომპეტენციის თაობაზე გამოტანილი დასკვნები, მისი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის დონის განსაზღვრის პრინციპები, ის კრიტერიუმები, რომლებთანაც მისი შესაბამისობა ვერ დადგინდა ამ გასაუბრების ფარგლებში და ყველა ის გარემოება, რამაც მისი უარყოფითად შეფასება განაპირობა.
10. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საყურადღებოა ის გარემოებებიც, რომ დასაქმებულის ერთადერთ ფუნქციას არ წარმოადგენდა ის, რასთან მიმართებაშიც დამსაქმებლის მიერ წარდგენილია ალტერნატიული მტკიცებულებები - იგულისხმება კორესპონდენციაზე წერილობითი პასუხების მომზადება (იხ. 13.01.2022წ. შრომითი ხელშეკრულების მე-2 მუხლი, ს.ფ. 106). მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება 01.03.2021 წლიდან 01.11.2022 წლამდე პერიოდში მოსარჩელის მიერ მომზადებული წერილებიდან გარკვეული, რიცხობრივად არცთუ ისე დიდი ნაწილის, დახარვეზების - შენიშვნების მითითების ფაქტი (თუმცა, თავად დასაქმებულის განმარტებით, მის ფუნქციას წერილის პროექტის მომზადება წარმოადგენდა, ხოლო საბოლოო პოზიცია შესაბამის საბჭოზე ყალიბდებოდა), აღნიშნული საკმარისი ვერ იქნება მისი მხრიდან დაკისრებულ მოვალეობათა იმდენად არაჯეროვნად შესრულების თაობაზე იმ დასკვნის გამოტანისათვის, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება “Ultima Ratio”-დ (ე.ი. ერთადერთ გონივრულ და უკიდურესად საჭირო ღონისძიებად) იქნეს მიჩნეული, თუნდაც რეორგანიზაციის საფუძველზე სამუშაო ძალის შემცირების ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არ მოიპოვება სხვა ფუნქციების დარღვევის ან შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე, რაიმე დისციპლინური დარღვევისა და მასზე პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. წინა პერიოდში ჩატარებული გადარჩევის პროცესში დადებითი შეფასების მიღების ფაქტის გათვალისწინებით, საკმაოდ საეჭვოა ასეთ მცირე დროში დასაქმებულის მუშაობის ხარისხის ამდენად უარყოფითად შეცვლა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული წერილების პროექტების შესახებ მტკიცებულება უწყების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან მოპასუხემ გამოითხოვა წინამდებარე სარჩელის განხილვის პერიოდში (23.02.2023 წელს), სასამართლოს მოსაზრებით, არ იქმნება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მითითებული დარღვევები სათანადოდ იქნა დამსაქმებლის მიერ გამოკვლეული. ამავე მიზეზებიდან გამომდინარე, თუნდაც მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის გაუქმების პირობებშიც კი, შეუძლებელია იმის ცალსახად თქმა, რომ მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის საკითხის განხილვა მიზანშეუწონელი იყო.
11. ამრიგად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა და მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან, როგორც გასაუბრება, ისე მისი გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება - ე.ი. მასთან მიმართებით გადარჩევის, როგორც პროცესი, ისე შედეგი, არის ბუნდოვანი, სათანადოდ დაუსაბუთებელი, მტკიცებულებებით გაუმყარებელი და მხოლოდ გასაუბრების ოქმსა და დასაქმებულისთვის დაკისრებული ერთ-ერთი რიგითი ფუნქციის არც თუ ისე მრავლად გამოვლენილი „დარღვევების“ შესახებ ზეპირსიტყვიერ ინფორმაციაზე დაფუძნებული, ასეთ პირობებში კი, სასამართლოს არ ჩამოუყალიბდა ურყევი შინაგანი რწმენა დამსაქმებლის მიერ გადაწყვეტილების მართლზომიერად მიღების თაობაზე, რაც, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიდან გამომდინარე, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა შედავებას კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია, რომ არსებობს აპელანტის (მოპასუხის/დამსაქმებლის) მიერ დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება საფუძვლიანია.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:14.1. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო სააგენტოში ჩატარებულ ზეპირ გასაუბრებაში. თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის გადაწყვეტილებით, კომპეტენციის, უნარების, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე უარყოფითად იქნა შეფასებული;
14.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ „მოცემულ შემთხვევაში დაუდგენელი რჩება გასაუბრების რეალური შინაარსი, დასმული შეკითხვები, დასაქმებულის პასუხები, მათ საფუძველზე კომისიის მიერ მიცემული შეფასებები“. კასატორის განმარტებით, ამ მხრივ, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის უარყოფითად შეფასების მიზეზები - გასაუბრების დროს დასმული კითხვები და პასუხები საკმაოდ დეტალურად იკვეთება მტკიცებულების სახით წარდგენილ გასაუბრების ოქმში. კერძოდ: „ძეგლთა რეაბილიტაციისა და ექსპერტიზის სამსახურის თანამშრომელმა [მოსარჩელემ] გასაუბრების მსვლელობისას ვერ დაასახელა მისი ფუნქცია-მოვალეობები და აღნიშნა, რომ მუშაობს მხოლოდ შემოსულ კორესპონდენციაზე. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მის მიერ მომზადებული წერილები ხარვეზიანია და ხშირად ბრუნდება სარეზოლუციო შენიშვნებით, რაზედაც [მოსარჩელეს] პასუხი არ ჰქონდა. ამასთან, აღნიშნა, რომ სამსახურებრივად დატვირთული არ არის და დღის განმავლობაში ასრულებს რამდენიმე კორესპონდენციას. ყოფილა დღეები, როდესაც სამუშაო არ შეუსრულებია. [მოსარჩელის] კვალიფიკაცია არ შეესაბამება დაკავებულ პოზიციას, ვინაიდან იგი განათლებით არ არის არქიტექტორი და ამ მიმართულებით მას არ ჰქონია სამუშაო გამოცდილება, რაც ვლინდება კიდეც მის მიერ არადამაკმაყოფილებლად შესრულებულ დავალებებში. მანვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლად ვერ მუშაობს და მუდმივად საჭიროებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელთა დახმარებას. ყოველივე აღნიშნულის გამო, იგი ფასდება უარყოფითად“;
14.3. საქმეში წარდგენილია მოსარჩელის მიერ 01.03.2021 წლიდან 01.11.2021 წლამდე მომზადებული წერილების რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ ამ პერიოდში მომზადდა მხოლოდ 136 და 118 წერილის პროექტი, რომელთაგან სულ მცირე 19 პროექტზე ხელმომწერი პირების მიერ გაკეთებულია სხვადასხვა შინაარსის შენიშვნა. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ წარდგენილ რეესტრში მოცემული შენიშვნების რაოდენობა და შინაარსი არ იძლევა დასაბუთებული დასკვნის საფუძველს მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე. აღნიშნული მტკიცებულებიდან ნათლად იკვეთება, როგორც მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოს რაოდენობა, ასევე, მისი ხარისხი;
14.4. ამდენად, სააგენტომ იხელმძღვანელა გასაუბრების შედეგებით, აგრეთვე დასაკავებელი პოზიციის სამუშაო აღწერილობასთან თანამშრომლის შესაბამისობის კრიტერიუმით და უპირატესობა მიანიჭა დასაქმებულებს, რომლებიც დადებითად შეფასდნენ კომისიის წევრების მიერ და რომელთა გამოცდილება უფრო მეტად შეესაბამებოდა დასაკავებელ პოზიციას;
14.5. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელებულიყო დასაქმებულთა გადარჩევა, განსაზღვრული არ ყოფილა და, შესაბამისად, ამ კრიტერიუმების შესახებ დასაქმებული ვერც იქნებოდა ინფორმირებული. კასატორის განმარტებით, წარდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეს გაეცნო რეორგანიზაციის ფარგლებში გამოცემული სამართლებრივი აქტები, მათ შორის, 07.10.2022წ. N02/54 ბრძანება, რომლითაც დადგენილ იქნა შერჩევის კრიტერიუმი. მოსარჩელის მხრიდან არცერთი სამართლებრივი აქტი, მათ შორის, ეს უკანასკნელი, გასაჩივრებული არ ყოფილა. ამდენად, ყველა კონკურსანტისთვის წინასწარ იყო ცნობილი აღნიშნული კრიტერიუმები;
14.6. კასატორი აგრეთვე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შეფასების სტანდარტების ბუნდოვანება გამორიცხავს ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მართლზომიერად მოხდა მოსარჩელისათვის, სხვა პირებისაგან განსხვავებით, უარყოფითი შეფასების მიცემა - ანუ, რა უპირატესობა გამოავლინეს მათ გათავისუფლებულ დასაქმებულთან შედარებით. კასატორის მტკიცებით, წარდგენილი ბრძანების მიხედვით, ნათელი იყო, რომ შემცირებულ კვოტაზე თანამშრომელთა შერჩევის ერთ-ერთ ძირითად ასპექტს წარმოადგენდა გასაუბრება, ხოლო წარდგენილი გასაუბრების სხდომის ოქმის შინაარსიდან ცალსახად იკვეთება მოსარჩელის უარყოფითი შეფასების საფუძვლები, მაშინ, როდესაც სხვა პირები, რომელთაც გააგრძელეს სააგენტოში მუშაობა, გასაუბრებაზე დადებითად იქნენ შეფასებულები;
14.7. არამართებულია გასაჩივრებულ განჩინებაში არსებული მითითება, რომ დამსაქმებელს არ განუხორციელებია თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით სხვა პოზიციაზე დასაქმების შეთავაზება, ვინაიდან სააგენტო მუდმივად იყო მოწოდებული შეენარჩუნებინა სააგენტოში დასაქმებული პირები, მათ შორის, მოსარჩელე, რაზეც მოწმობს თუნდაც ის გარემოება, რომ სააგენტოში განხორციელებული პირველი რეორგანიზაციის შედეგად, მოსარჩელე 2021 წლის მარტის თვიდან გადაყვანილ იქნა ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, რათა მას ჰქონოდა შესაძლებლობა, გამოევლინა საკუთარი უნარები და წვლილი შეეტანა სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობაში, თუმცა სამუშაო პროცესმა ცხადყო, რომ იგი დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა ჯეროვნად;
14.8. სასამართლოს უდავო ფაქტობრივ გარემოებად უნდა დაედგინა, რომ მოსარჩელის პოზიციის გაუქმების პარალელურად სააგენტოში არ არსებობდა ის ალტერნატიული ვაკანტური თანამდებობა, რომელზეც შესაძლო იყო მოსარჩელის გადაყვანა, რასაც ადასტურებს სააგენტოს მიერ წარდგენილი საშტატო წუსხა. მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელისთვის შეეთავაზებინა სხვა ალტერნატიული პოზიცია, ვინაიდან, 2022 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით, სააგენტოში არ არსებობს მოსარჩელის კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, ხოლო განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ზღვრული ოდენობა შევსებულია. ამასთან, ალტერნატიული პოზიციის შეთავაზება არც იქნებოდა ლოგიკური და გონივრული, ვინაიდან გასაუბრების შეფასების ოქმი მოწმობს, რომ მოსარჩელე დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებდა, რაც იყო მისი უარყოფითად შეფასების საფუძველი;
14.9. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული დასაბუთებული მსჯელობიდან დგინდება, რომ კასატორის ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ/სამართლებრივი საფუძვლები.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მართლზომიერება. კასატორი დავობს, რომ სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებულთან სათანადო წესით ჩატარდა გასაუბრება და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, იგი მართებულად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი დაედო. აღნიშნული მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1444-1364-2017, 09 მარტი, 2018 წელი; Nას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი; Nას-942-2022, 28 სექტემბერი, 2023 წელი). კერძოდ, თუ ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (იხ. სუსგ საქმე Nას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი). სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს (იხ. სუსგ საქმე Nას-780-747-2016, 20 აპრილი, 2017 წელი; Nას-1009-2020, 24 დეკემბერი, 2020 წელი). საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, დამსაქმებელია ვალდებული დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). ამდენად, დამსაქმებელმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზაციული ცვლილებების გამო დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობა, რათა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირება და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ იქცეს დამსაქმებლის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში. დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის საფუძვლით, დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმებით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ საქმე Nას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; Nას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი; Nას-361-2022, 10 ივნისი, 2022 წელი). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს/დამსაქმებელს არ წარუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის სამუშაოდან მართლზომიერად გათავისუფლებას დაადასტურებდა. კერძოდ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, სააგენტოს თანამშრომელთა კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, მოსარჩელის გათავისუფლების უპირობო აუცილებლობა. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ სააგენტოში 2022 წელს რეორგანიზაცია რეალურად განხორციელდა, რასაც შედეგად შტატების შემცირება მოჰყვა; დადგენილია, რომ გადარჩევას დაქვემდებარებული თანამშრომლების იდენტიფიცირება, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, განახორციელა სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, აღნიშნულ თანამშრომლებთან გასაუბრების ჩატარების გზით; გასაუბრება ჩატარდა მოსარჩელესთანაც, რომელიც უარყოფითად შეფასდა; დადგენილია ასევე, რომ ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის პოზიცია სააგენტოში დაკავებული ჰქონდა არა მარტო მოსარჩელეს, არამედ კიდევ 5 პირს, რომელთაგან გასაუბრების შედეგად 4 დადებითად შეფასდა, თუმცა საქმეში არ მოიპოვება სათანადო და ობიექტური მტკიცებულება, საიდანაც ცხადი გახდებოდა რამდენად მართლზომიერად განხორციელდა მოსარჩელის, იმავე პოზიციაზე დასაქმებული სხვა პირებისგან განსხვავებით, უარყოფითი შეფასება. ასეთად ვერ მიიჩნევა მოპასუხის მიერ ცალმხრივად შედგენილი გასაუბრების 10.10.2022წ. N1 სხდომის ოქმი (აღნიშნული ოქმის თანახმად, მოსარჩელის უარყოფით შეფასებას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები: მოსარჩელემ გასაუბრების მსვლელობისას ვერ დაასახელა მისი ფუნქცია-მოვალეობები და აღნიშნა, რომ მუშაობს მხოლოდ შემოსულ კორესპონდენციაზე. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მის მიერ მომზადებული წერილები ხარვეზიანია და ხშირად ბრუნდება სარეზოლუციო შენიშვნებით, რაზედაც მოსარჩელეს პასუხი არ ჰქონდა. ამასთან, აღნიშნა, რომ სამსახურებრივად დატვირთული არ არის და დღის განმავლობაში ასრულებს რამდენიმე კორესპონდენციას. ყოფილა დღეები, როდესაც სამუშაო არ შეუსრულებია. აღინიშნა ისიც, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია არ შეესაბამება დაკავებულ პოზიციას, ვინაიდან იგი განათლებით არ არის არქიტექტორი და ამ მიმართულებით მას არ ჰქონია სამუშაო გამოცდილება, რაც ვლინდება კიდეც მის მიერ არადამაკმაყოფილებლად შესრულებულ დავალებებში. მანვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლად ვერ მუშაობს და მუდმივად საჭიროებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელთა დახმარებას), რომლის შინაარსიც სადავოდ არის გამხდარი მოსარჩელის მიერ; სხდომის ოქმის თანახმად, თანამშრომლებს, რომლებთანაც ჩატარდა გასაუბრება, კომპეტენციისა და უნარების დასადგენად დაესვათ კითხვები, რომლებზე მიღებული პასუხების შედეგად მოხდა მათი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების შეფასება (იხ. ს.ფ. 81); საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს აღნიშნული სხდომის ოქმის აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერი, შესაბამისად, მისი შინაარსის სადავოობის პირობებში, დაუდგენელია გასაუბრების რეალური შინაარსი, დასმული შეკითხვები და გაცემული პასუხები, რაც სასამართლოს მოსარჩელესთან მიმართებით კომისიის გადაწყვეტილების შეფასების საშუალებას მისცემდა, სხდომის ოქმი გასაუბრების შინაარსის თაობაზე მხოლოდ ზოგად და ბუნდოვან ინფორმაციას შეიცავს. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი და ბუნდოვანი გასაუბრების ოქმის პირობებში, დამსაქმებლის მხარეს ნარჩუნდება იმ გარემოებათა დამტკიცების ვალდებულება, რომ გასაუბრების პროცესში მოსარჩელემ, კონკურენტებთან შედარებით, საკუთარი კომპეტენცია ვერ წარმოაჩინა. მტკიცების ტვირთის ფარგლებში, გასაუბრების უარყოფითი შედეგების დასადასტურებლად აუცილებელია უფრო ნეიტრალური მტკიცებულება, ვიდრე წერილობით შედგენილი შეფასებითი ხასიათის გასაუბრების ოქმი (იხ. სუსგ საქმე Nას-1165-2022, 22 მარტი, 2023 წელი). გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სააგენტოს მიერ წინასწარ არ ყოფილა დადგენილი გადასარჩევი თანამშრომლების შეფასების კრიტერიუმები და სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებდა რეორგანიზაციის პროცესში დასაქმებულებთან დაკავშირებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, შესაბამისად, არ ირკვევა რამდენად ობიექტური და სამართლიანი მიდგომებით განხორციელდა მოსარჩელისა და იმ 5 პირის შეფასება, რომლებიც სააგენტოში ერთი და იმავე პოზიციაზე იყვნენ დასაქმებულები. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა გადარჩევის კრიტერიუმები და შეფასების სტანდარტი წინასწარ იყო შემუშავებული და აღნიშნულის თაობაზე თანამშრომლები ინფორმირებულები იყვნენ, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ასეთად ვერ მიიჩნევა კასატორის მიერ მითითებული სააგენტოს გენერალური დირექტორის 07.10.2022წ. N02/54 ბრძანება სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ, რომელშიც მითითებულია მხოლოდ კომისიის შემადგენელი წევრების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნულია, რომ გადარჩევას დაქვემდებარებულ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფდა გასაუბრების ჩატარებას (იხ. ს.ფ. 145-146). აღნიშნული ბრძანება შეიცავს მხოლოდ ზოგად ინფორმაციას გასაუბრების ჩატარებისა და მისი მიზნის (კომპეტენციისა და უნარების განსაზღვრა) შესახებ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გასაუბრების ჩატარებისას და თანამშრომლების უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შეფასებისას კომისიამ რაიმე დადგენილი კრიტერიუმებით ან/და მეთოდით იხელმძღვანელა, რაც საფუძველს აცლის მოსარჩელესთან გასაუბრების ოქმისა და მისი შეფასების ობიექტურობას. მოსარჩელის მიერ, სააგენტოში მისი უფლება-მოვალეობების განხორციელების ფარგლებში, ხარვეზით შესრულებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებით (რაც, გასაუბრების სხდომის ოქმის თანახმად, მოსარჩელის უარყოფითად შეფასების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა), საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული ხარვეზები მათი შინაარსის, ოდენობისა და სიმძიმის გათვალისწინებით, არ ქმნის რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერ და საკმარისი საფუძველს (იხ. ს.ფ. 112-133) (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი). მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის, რომ მოსარჩელე 2012 წლიდან იყო სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებული, მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ამ დროის განმავლობაში მოსარჩელე არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მის მიმართ, უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების საფუძვლით, არასდროს ყოფილა რაიმე სახის დისციპლინური სახდელი გამოყენებული. აღსანიშნავია ის შეუდავებელი გარემოებაც, რომ მანამდე ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში მოსარჩელემ დადებითი შეფასება მიიღო. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის კომპეტენციისა და უნარების თაობაზე სააგენტოს შესაბამისი კომისიის შეფასება. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების მსგავსად, დასაბუთებული და განსაზღვრადი უნდა იყოს რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისა და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო აუცილებლობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ეს გარემოება სათანადოდ და საკმარისად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 220 ლარის 70% – 1 554 ლარი.ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს (ს.ნ. 204562311) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 05 დეკემბერს №20810 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 220 ლარის 70% – 1 554 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია