25 თებერვალი, 2026 წელი,
საქმე №ას-513-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ნ.გ–ძე, კანონიერი წარმომადგენელი - ნ.ფ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ჭ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - მ.ჩ–ძე, თ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ჭ–ი (შემდეგში - მოსარჩელე), ნ.გ–ძე (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან კასატორი), მ.ჩ–(შემდეგში - მეორე მოპასუხე), თ.მ–ი (შემდეგში - მესამე მოპასუხე), დ.ს–ი (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე), მ.ბ–ი (შემდეგში - მეხუთე მოპასუხე) და ვ.თ–ი (შემდეგში - მეექვსე მოპასუხე) ქ.თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონების (დაზუსტებული ფართობი - 214კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი - 138.91კვ.მ, შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან საზიარო საგანი) თანამესაკუთრეები არიან, იმგვარად, რომ თანამესაკუთრეთა საკუთრება შემდეგი ოდენობით არის განსაზღვრული:
- მეოთხე მოპასუხის საკუთრებაშია - შენობა-ნაგებობების 15კვ.მ ფართი;
- მესამე მოპასუხის საკუთრებაშია - შენობა-ნაგებობების 30.91კვ.მ ფართი;
- მეხუთე მოპასუხის საკუთრებაშია - N4 შენობა-ნაგებობების 10კვ.მ ფართი;
- მეექვსე მოპასუხის საკუთრებაშია - შენობა-ნაგებობების 34კვ.მ ფართი;
- პირველი მოპასუხის საკუთრებაშია - შენობა-ნაგებობების 10კვ.მ ფართი;
- მოსარჩელის საკუთრებაშია - შენობა-ნაგებობების 15კვ.მ ფართი;
- მეორე მოპასუხის საკუთრებაშია - შენობა-ნაგებობების 24კვ.მ ფართი.
2. საზიარო საგნის რეალიზაციის გზით უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებისა და ამონაგები თანხიდან მოსარჩელისთვის 1/7 წილის მიკუთვნების მოთხოვნით მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; უძრავი ნივთის აუქციონის წესით რეალიზაციის გზით აღნიშნულ ქონებაზე მხარეთა შორის საზიარო უფლება გაუქმდა და კუთვნილი წილების შესაბამისად უძრავი ქონების მესაკუთრეებზე ამონაგები თანხის განაწილება დადგინდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა პირველმა მოპასუხემ.
საკასაციო საჩივრის საფუძველი ასეთია:
მართლმსაჯულებაზე ბავშვის უფლებას „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-10 თავი განსაზღვრავს. ბავშვს უფლება აქვს ისარგებლოს მართლმსაჯულების ისეთი სისტემით, რომელსაც სპეციალიზირებული პროფესიონალები ახორციელებენ და რომელიც ბავშვის უფლებებსა და საჭიროებებზე არის მორგებული. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ისე იქნა გამოტანილი, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობა არ ყოფილა გათვალისწინებული და მოდავე მხარეთა შეპირისპირებულ პოზიციებს შორის ბალანსი არ დაცულა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
9. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ნივთის გაყიდვით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 953-ე, 961.1, და 964.1 მუხლები. ამ ნორმების შინაარსი შემდეგია: თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს; თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება; თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.
10. დასაწყისში მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.
საზიარო უფლების გაუქმების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული.
ასეთი წესით საზიარო ქონების გაყოფისთვის გარკვეული წინაპირობების არსებობაა საჭირო, კერძოდ:
საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად;
2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება.
როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას.
ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს.
ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ. სუსგ №ას-67-65-2014, 31.07.2014; №ას-1665-1562-2012, 4.02.2013; №ას-1653-1550-2012, 15.04.2013; №ას-932-875-2012, 17.09.2012; №ას-1089-1020-2012, 8.10.2012).
სსკ-ის 964-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას. აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას (იხ. სუსგ №ას-331-331-2018, 15.07.2019).
11. განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას, საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოებაა საყურადღებო:
საზიარო საგნის თანამესაკუთრეები - მოსარჩელე და მოპასუხეები არიან. მხარეთა საკუთრება შემდეგი პროპორციით არის განსაზღვრული:
- მეოთხე მოპასუხის საკუთრებაშია - შენობა-ნაგებობების 15კვ.მ ფართი;
- მესამე მოპასუხის საკუთრებაშია - შენობა-ნაგებობების 30.91კვ.მ ფართი;
- მეხუთე მოპასუხის საკუთრებაშია - N4 შენობა-ნაგებობების 10კვ.მ ფართი;
- მეექვსე მოპასუხის საკუთრებაშია - შენობა-ნაგებობების 34კვ.მ ფართი;
- პირველი მოპასუხის საკუთრებაშია - შენობა-ნაგებობების 10კვ.მ ფართი;
- მოსარჩელის საკუთრებაშია - შენობა-ნაგებობების 15კვ.მ ფართი;
- მეორე მოპასუხის საკუთრებაშია - შენობა-ნაგებობების 24კვ.მ ფართი.
ზემოაღნიშნული გარემოება დასტურდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერით და საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 4 ივლისის განკარგულებით, რომლის თანახმადაც, საზიარო საგნიდან მოსარჩელემ 15კვ.მ შეიძინა.
სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
12. გარდა ზემომოხმობილისა, საგულისხმოა, საქმეზე გამოვლენილი შემდეგი გარემოებები:
1). პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. წარმოდგენილ შუამდგომლობას მოპასუხეები დაეთანხმნენ. ზემოაღნიშნული საკითხების კვლევის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა დაინიშნა, რომლითაც ექსპერტიზის წინაშე შემდეგი შეკითხვები დაისვა:
საზიარო საგანზე - ფაქტობრივად რა ფართს ფლობს თითოეული თანამესაკუთრე;
მათ მიერ დაკავებული ფართები (შენობა-ნაგებობიდან და მიწის ნაკვეთიდან) შეესაბამება თუ არა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ წილებს;
ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, შენარჩუნებულია თუ არა თითოეულის წილის სამეურნეო დანიშნულება, ღირებულება (იზოლირებულია თუ არა თითოეული წილი);
შესაძლებელია თუ არა, თანამესაკუთრეთა შორის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების იმგვარად გაუქმება (ნატურით გამოყოფა), რომ თითოეულ მესაკუთრეს საკუთრებაში გადაეცეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილის პროპორციული ფართი და ამასთან ერთად არ შემცირდეს გამოყოფილი ნაწილების ღირებულება და დანიშნულება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, როგორ?
2). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 16 ოქტომბრის წერილის თანახმად, რომელიც სასამართლოს კანცელარიაში 2023 წლის 18 ოქტომბერს დარეგისტრირდა, ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ სამოქალაქო საქმეზე სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრის, მეხუთე მოპასუხის საკონტაქტო ინფორმაცია არ ფიქსირდება.
3). პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ექსპერტიზის ჩატარების შესახებ შუამდგომლობა წარადგინა. წარმოდგენილ შუამდგომლობას მოპასუხეები დაეთანხმნენ. ზემოაღნიშნული საკითხების კვლევის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებით კვლავ დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და ექსპერტიზის წინაშე შემდეგი კითხვები დაისვა:
შესაძლებელია თუ არა, საზიარო საგანზე მოსარჩელის კუთვნილი წილის (ფართის) იდენტიფიცირება, დადებითი პასუხის შემთხვევაში, როგორ?; საზიარო საგანზე ფაქტობრივად რა ფართს ფლობს თითოეული თანამესაკუთრე; მათ მიერ დაკავებული ფართები (შენობა-ნაგებობიდან და მიწის ნაკვეთიდან) შეესაბამება თუ არა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ წილებს;
ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, შენარჩუნებულია თუ არა თითოეულის წილის სამეურნეო დანიშნულება, ღირებულება (იზოლირებულია თუ არა თითოეული წილი);
შესაძლებელია თუ არა, მხარეთა შორის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება (ნატურით გამოყოფა) ისე, რომ თითოეულ მესაკუთრეს საკუთრებაში გადაეცეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილის პროპორციული ფართი და ამასთან ერთად არ შემცირდეს გამოყოფილი ნაწილების ღირებულება და დანიშნულება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, როგორ?
4). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 25 ივნისის წერილში, რომელიც სასამართლოს კანცელარიაში 2024 წლის 28 აპრილს დარეგისტრირდა, მითითებულია, რომ ექსპერტიზისათვის დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო იყო სადავო უძრავი ქონების სრულყოფილად დათვალიერება/შესწავლა და შესაბამისი აზომვითი სამუშაოების ჩატარება.
2024 წლის 19 ივნისს ექსპერტი მისამართზე გამოცხადდა, რა დროსაც გამოირკვა, რომ მესამე მოპასუხის კუთვნილი ფართ(ებ)ი ფაქტობრივად დაკავებული აქვთ მესამე პირებს, რომლებიც ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ადგილზე არც მეხუთე მოპასუხე არ იმყოფებოდა (მხარეთა განცხადებით, ის იტალიაში იყო), რომელთან დაკავშირებაც, ვინაიდან, საქმეში მისი ან/და მისი წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია წარდგენილი არ იყო, ვერ მოხერხდა.
13. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებს, შეუზღუდავი შესაძლებლობა ჰქონდათ, სასამართლოსთვის სასარჩელო მოთხოვნის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები წარმოედგინათ, რაც მათ ვერ უზრუნველყვეს.
იმ საფუძვლის გათვალისწინებით კი, რომლის გამოც ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, დადასტურებულად ჩათვლილი გარემოების უარყოფის მტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 169.4 მუხლის ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ (შდრ: იხ. სუსგ №ას-251-2022, 2.06.2022).
ამდენად, სწორადაა დადგენილი საქმისთვის უმთავრესი ფაქტობრივი გარემოება - თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნატურით გაყოფის შეუძლებლობა, მოპასუხეებმა კი ეს გარემოება, სარწმუნოდ ვერ გააქარწყლეს და ვერც აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ წარადგინეს რელევანტური პრეტენზია.
14. ზემომითითებული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საზიარო საგნის გაყიდვით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა წარმატებულია.
ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს საერთო ქონებიდან 15კვ.მ ეკუთვნის, რაც საერთო ფართის 7%-ს შეადგენს, ხოლო ნივთის 1/7 საერთო ფართის 15%-ია, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა - თითოეული მესაკუთრისთვის 1/7 წილის მიკუთვნებით რიგი მესაკუთრეების, მათ შორის, მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება განხორციელდება, რაც კანონსაწინააღმდეგო შედეგია. შესაბამისად კანონიერად განისაზღვრა, რომ საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს მითითებული ქონების რეალიზაციის გზით და უძრავი ქონების მესაკუთრეებზე ამონაგები თანხა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული კუთვნილი წილების შესაბამისად უნდა განაწილდეს.
15. გასაჩივრებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ გამოიწვევს კასატორის კანონიერი წარმომადგენლის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ არც პირველ მოპასუხეს და არც მის მშობლებს არ აქვთ სადავო საცხოვრისის ალტერნატივა. მითითებულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პალატა სრულად იზიარებს, რამდენადაც იგი ზემოაღნიშნული პრეტენზიის უარმყოფელ ამომწურავ დასაბუთებას შეიცავს.
ჯერ ერთი, საქმეზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ საზიარო საკუთრებაში არსებული ქონების ის ნაწილი, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად მხარე ცხოვრობს, გამიჯვნადია (ცალკე შესასვლელი აქვს, ცალკე მდგომი შენობაა); მაშინ, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საზიარო საგნის ნატურით გაყოფა არ გულისხმობს უძრავი ქონების გაყოფას მხოლოდ ფაქტობრივად ფართების გათვალისწინებით და სსკ-ის 963-ე მუხლის მიზანია, გაყოფის შედეგად მიღებული ფართის ღირებულების შენარჩუნება, რაც თავისთავში მოიცავს მისი დანიშნულების და სარგებლობისთვის სრული შესაძლებლობების არსებობას, რომ იზოლირებული ბინის ცალ-ცალკე აღებულ ოთახებს არ შეიძლება დამოუკიდებელი დანიშნულება ჰქონდეთ, ვინაიდან ამგვარი ბინის ოთახები ერთმანეთთან დაკავშირებულია მიზნობრივად და მათი კავშირის შედეგი სამეურნეო დანიშნულების ერთიანი ნივთის (ბინის) არსებობას წარმოადგენს (შდრ იხ.: სუსგ: №ას-251-2022, 2.06.2022; №ას-224-2022, 10.07.2022).
საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ე.ი. დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება (იხ. სუსგ: №ას-1080-1000-2017, 27.10.2017; №ას-251-2022, 2.06.2022; №ას-1292-2024, 20.11.2024).
რაც შეეხება არასრულწლოვანის საუკეთესო კანონიერი ინტერესის შელახვას, გასაჩივრებულ განჩინებაში დასახელებული ნორმებიდან („ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 3.1 მუხლი - ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი - მშობელს არ აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ, შესაძლებელია, ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას ზიანი მიაყენოს) და მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეში (მათ შორის: Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014; Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX; Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII) ჩამოყალიბებული განმარტებებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ბავშვისთვის საცხოვრებელი ადგილის მოძიება და ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნა, პირველ რიგში, მისი მშობლების ვალდებულებაა.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ, სახელმწიფო ვალდებულია ოჯახს დაეხმაროს და ბავშვის სოციალური დაცვისთვის აუცილებელი ზომები გაატაროს. შესაბამისად, მიუხედავად ბინაში არასრულწლოვანი ბავშვის ცხოვრების ფაქტისა, მოსარჩელე უფლებამოსილია საზიარო საკუთრების გაუქმება მოითხოვოს და მისი საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს (შდრ. იხ. სუსგ №ას-1474-2023, 10.01.2024).
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.გ–ძე გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია