¹ბს-117-110(კ-07) 24 იანვარი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი _ შპს “....”, წარმომადგენლები: დირექტორი გ. გ-ე, ადვოკატი ბ. ხ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბათუმის მერია, წარმომადგენელი გ. მ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მესამე პირი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა (სარჩელში), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიამ მოპასუხე შპს “....” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც შპს “...” სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმში, .... ქ. ¹6-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე 1300.0 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აღნიშნული ქონების სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვა.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულებით შპს “...” ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე გამოეყო 1300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის საფუძველზე, მოცემული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შპს “...” სახელზე. ქ. ბათუმის მერის დასახელებული განკარგულება კანონსაწინააღმდეგოა. 1998 წლის 28 ოქტომბერს მიღებულ იქნა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონი, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ იღებენ რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით. შპს “....” მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პერიოდში ქ. ბათუმის მმართველობის ადგილობრივ ორგანოს წარმოადგენდა ქ. ბათუმის მთავრობა. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული ორგანო იყო უფლებამოსილი, მოეხდინა მოპასუხისათვის “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის შესაბამისად მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ითვლება არარად, რაც ნიშნავს, რომ მას არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე სამართლებრივი შედეგი. მითითებული მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულებით 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება გამოცხადდა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. შესაბამისად, შპს “...” ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹6-ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობის ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი დაკარგა.
სამოქალაქო კოდექსის 311-315-ე მუხლების თანახმად, პირი, რომლის უფლებებიც ილახება საჯარო რეესტრის მცდარი ჩანაწერით, უფლებამოსილია მოითხოვოს მისი შესწორება. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს მონაცემებში და ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹6-ში მდებარე 1300.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი კვლავ უნდა აღირიცხოს საკუთრების უფლებით სახელმწიფოს სახელზე (ს.ფ. 1-3).
2006 წლის 10 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა შპს “....”, რომელმაც ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულების პირველი ნაწილის “კ” პუნქტის, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების ბათილად ცნობა და ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულების ძალაში დატოვება მოითხოვა.
შეგებებული მოსარჩელის თქმით, ქ. ბათუმის მერია სადავოდ არ ხდის ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 2 სექტემბრის ¹283 გადაწყვეტილებას, რომლითაც, შპს “....” არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოეყო ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე. ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულებით მოხდა შპს “....” მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა და 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი ნაცვლად ..... ქუჩისა, გამოეყო ტაბიძის ქ. ¹6-ში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებით, ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება წარმოადგენდა არა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. შესაბამისად, დაუშვებელი იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულების ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულებით ცალმხრივად გაუქმება. გარდა ამისა, ქ. ბათუმის მერიას არ ჰქონდა უფლება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლზე დაყრდნობით, არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ეღიარებინა ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება, რამდენადაც აღნიშნული ნორმა ამოქმედდა 2000 წლის 1 იანვრიდან და უკუქცევითი ძალა არ ჰქონდა. შესაბამისად, იგი ვერ გავრცელდებოდა მის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
შეგებებული მოსარჩელის მითითებით, ქ. ბათუმის მერიის სარჩელი ხანდაზმულია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს. ამავე მოტივით შპს “....” ასაბუთებს, რომ ქ. ბათუმის მერის მიერ 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულების მიღებისას არასწორად იქნა გამოყენებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონი, რადგან 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულებით, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, შპს “...” კი არ მომხდარა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა (როგორც ამას ხსენებული კანონი ითვალისწინებს), არამედ მოხდა შპს “.....” საკუთრებაში არსებული _ ..... ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გაცვლა ..... ქუჩის ¹2-ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.ფ. 13-18).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური (ს.ფ. 55).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, შპს “....” სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹6-ში მდებარე 1300.0 კვ.მ მიწის ნაკვეთი შემდეგი სარეგისტრაციო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა _ ქ. ბათუმი, კოდი ¹..., სექტორი _ ...., კოდი _ ...., კვარტალი ¹..., ნაკვეთი ¹..., ფართობი (დაუზუსტებელი) _ 1300.0 კვ.მ. მისამართი _ ქ. ბათუმი, .... ქ. ¹6, უფლება _ საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ არასასოფლო. სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ქ. ბათუმის მერიის სახელზე აღირიცხა. შპს “....” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობაში და საკუთრებაში განკარგვა მმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ დასაშვებია მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით, ხოლო მიწის პირდაპირი წესით განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს პრეზიდენტის პრეროგატივას. აღნიშნული კანონი ამოქმედდა 1998 წლის 20 ნოემბერს. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შპს “....” ქ. ბათუმში, .... ქ. ¹6-ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულებით, ე.ი. მმართველობის ადგილობრივი ორგანოს ხელმძღვანელის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, რაც მიუთითებს აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონდარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყოფის ფაქტზე. აღნიშნულით დაირღვა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მერი უფლებამოსილი იყო, მოეხდინა 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულების არარად აღიარება, რაც განახორციელა 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულებით. იმის გათვალისწინებით, რომ შპს “...” საკუთრებაში ქ. ბათუმში, .... ქ. ¹6-ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ფაქტს საფუძვლად უდევს ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულებით არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარებული ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება, შესაბამისად, საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერი მცდარი და კანონსაწინააღმდეგოა, რომელიც დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება სადავო გახდეს 15 წლის განმავლობაში. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხდება რეგისტრაციის განხორციელების მომენტიდან. ამ შემთხვევაში შპს “...” სადავოდ გამხდარი ჩანაწერი განხორციელდა 1999 წელს, რა დროიდანაც გასულია მხოლოდ 7 წელი. ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულება კანონიერი იყო როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაბამისად, არსებობდა საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერის უკანონოდ მიჩნევის და მისი გაუქმების საფუძველი.
საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა შპს “....” წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად. ამასთან დაკავშირებით სასამართლო დაეთანხმა ქ. ბათუმის მერიის მოსაზრებას და აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-71-ე მუხლის თანახმად, თავად ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება არჩევა, კონკრეტული ურთიერთობა მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განსახილველ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმის მერმა 1999 წლის 7 ივნისს მიიღო ¹225 განკარგულება, ნიშნავდა, რომ ქ. ბათუმის მერს კონკრეტული ურთიერთობა _ შპს “....” ... ქ. ¹6-ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის განკარგვაზე, მოწესრიგებული აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამდენად, სადავო ურთიერთობაში შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები, როგორც ამას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-71-ე მუხლები ითვალისწინებს. თუკი შპს “....” მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება წარმოადგენს არა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, შპს “....” უფლება უნდა ჰქონოდა მოპოვებული ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომლის ნაცვლადაც მას გამოეყო 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ. ბათუმში, ... ქ. ¹6-ში და მისი საკუთრების უფლება უნდა დადასტურებულიყო საჯარო რეესტრის მონაცემებით. შპს “....” მიერ ასეთი მტკიცებულება ვერ იქნა წარდგენილი, რაც ნიშნავდა, რომ ქ. ბათუმში, ..... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იგი არ იყო.
საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს “....” მითითება იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის მერი არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულება, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ძალაში შევიდა 2000 წლის 1 იანვრიდან და იგი არ აწესრიგებდა ადრე წარმოშობილ ურთიერთობებს. სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებული 219-ე მუხლი შეიცავდა დათქმას, თუ როდის ხდება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება ადრე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ. აღნიშნული ნიშნავდა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ზოგადად, გამოიყენება მისი ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ. ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების მომწესრიგებელი ნორმები კი ადრე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენებოდა 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დათქმის გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს “....” მითითება ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულების ფორმალური სამართლებრივი თვალსაზრისით უკანონობის თაობაზე, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ქ. ბათუმის მერმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად არ გამოაქვეყნა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ამავე კოდექსის მე-13 და 95-ე მუხლების შესაბამისად არ შეატყობინა შპს “.....” ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, 96-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. საქმეში არსებული მასალებით დასტურდებოდა, რომ ქ. ბათუმის მერმა სადავო განკარგულების გამოცემისას დაიცვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ქ. ბათუმის მერმა შპს “....” მისცა შესაძლებლობა იმ საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც შპს “....” არ განახორციელა. აღნიშნულს ვერ შეცვლიდა ის ფაქტი, რომ შპს “....” ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 11 იანვრის ¹2-25-42 გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატის არყოფნის გამო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 13 აპრილის ¹01-11/1017 წერილით დგინდებოდა, რომ შპს “....” იურიდიულ მისამართს 2006 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით წარმოადგენდა ქ. ბათუმი, .... ქ. ¹27, ანუ ის მისამართი, რომელზეც გაიგზავნა ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 11 იანვრის წერილი. ამის მიუხედავად, საფოსტო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა შპს “....” იურიდიულ მისამართზე არყოფნის, უფრო სწორედ, შპს “....” მიერ იურიდიული მისამართის შეცვლის გამო. აღნიშნული ცვლილება ასახული არ ყოფილა სამეწარმეო რეესტრში, რომელსაც სადავოობისას მხარეები უნდა დაეყრდნონ. შესაბამისად, ქ. ბათუმის მერის მიერ გაგზავნილი შეტყობინება ითვლებოდა ჩაბარებულად და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულება კანონიერი იყო (ს.ფ. 82-93).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “.....”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივებით:
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება წარმოადგენდა არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუმცა ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 2 სექტემბრის ¹283 გადაწყვეტილებას, რომლითაც შპს “....” არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოყოფილი ჰქონდა ქ. ბათუმში, ..... ქუჩაზე. სადავო განკარგულების საფუძვლად მითითებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად (ამოქმედდა 2000 წლის 1 იანვრიდან), ამ კოდექსს არა აქვს უკუქცევითი ძალა. შესაბამისად, იგი არ არეგულირებს მანამდე არსებულ ურთიერთობებს.
ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულებას. შპს “....” თანხმობა განაცხადა, რომ დაეთმო ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 2 სექტემბრის ¹283 გადაწყვეტილებით მიღებული მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე და ნაცვლად ამისა, მიეღო იმავე რაოდენობის მიწის ნაკვეთი .... ქუჩაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახამდ, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს. მოცემულ შემთხვევაში შპს “....” თავისი მოქმედებით გამოხატა ნება, დაეთმო აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარე .... ქუჩაზე და სანაცვლოდ მიეღო მიწის ნაკვეთი ტაბიძის ქუჩაზე.
სასამართლომ არასწორად განმარტა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის რიგი ნორმა. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწის სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების მინიჭებისას ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე იხდის ერთჯერად საზღაურს 1998 წლის 1 ოქტომბრისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური გადასახადის ოდენობით. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით. შპს “....” გადახდილი აქვს ერთჯერადი საზღაური და საკუთრებაში მიღებული აქვს აღნიშნული მიწის ნაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ისე გამოსცა 2006 წლის 18 იანვრის განკარგულება, რომ არ უწარმოებია ადმინისტრაციული წარმოება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. მოცემულ შემთხვევაში სადავო დადგენილება არ გამოქვეყნებულა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სადავო დადგენილების მიღებისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მოპასუხემ ისე გამოსცა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, რომ არ უზრუნველყო მოსარჩელის ინტერესების დაცვა, გასაჩივრებული განკარგულებით გაუარესდა მოსარჩელის საკუთრების უფლება, არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, თითქოს, აპელანტს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უწყება ვერ ჩაბარდა ადრესატის არყოფნის გამო. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ქ. ბათუმის მერიისათვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა აპელანტი და ამ მიწის ნაკვეთზე აწარმოებდა შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს. რამდენადაც დავა ეხებოდა უშუალოდ მიწის ნაკვეთს და ადმინისტრაციულმა ორგანომ (ქ. ბათუმის მერიამ) იცოდა მისი მდებარეობა, ამიტომ შეტყობინება უნდა გაგზავნილიყო ამ მისამართზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. გასაჩივრებულ განკარგულებაში არ არის მითითებული გასაჩივრების წესზე. ეს გარემოებაც სადავო განკარგულების გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია, რასაც სასამართლომ შეფასება არ მისცა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სადავო განკარგულების გამოცემიდან გასულია ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა (ს.ფ. 96-105).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შპს “....” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობაში და საკუთრებაში განკარგვა მმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ დასაშვებია მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით, ხოლო მიწის პირდაპირი წესით განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს პრეზიდენტის პრეროგატივას. აღნიშნული კანონი ამოქმედდა 1998 წლის 20 ნოემბერს. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შპს “...” ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹6-ში მდებარე 1300კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულებით, ე.ი. მმართველობის ადგილობრივი ორგანოს ხელმძღვანელის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მოცემული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს შპს “...” ქ. ბათუმში, .... ქუჩის ¹6-ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონდარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყოფას, რითაც დაირღვა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მერი უფლებამოსილი იყო მოეხდინა 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულების არარად აღიარება, რაც განხორციელდა კიდეც 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულებით. იმის გათვალისწინებით, რომ შპს “....” ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹6-ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ფაქტს საფუძვლად უდევს ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულებით არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარებული ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერი შპს “....” საკუთრების უფლებით ქ. ბათუმში, .... ქ. ¹6-ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაობაზე არის მცდარი და კანონსაწინააღმდეგო, რომელიც დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება სადავო გახდეს 15 წლის განმავლობაში. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხდება რეგისტრაციის განხორციელების მომენტიდან. ამ შემთხვევაში შპს “...” სადავოდ გამხდარი ჩანაწერი განხორციელდა 1999 წელს, რა დროიდანაც გასულია მხოლოდ 7 წელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულება კანონიერი იყო, როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაბამისად, არსებობდა საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერის უკანონოდ მიჩნევის და მისი გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა შპს “....” წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ქ. ბათუმის მერიის მოსაზრებას და აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-71-ე მუხლის თანახმად, თავად ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება არჩევა, კონკრეტული ურთიერთობა მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განსახილველ შემთხვევაში ის გარემოება, რომ ქ. ბათუმის მერმა 1999 წლის 7 ივნისს მიიღო ¹225 განკარგულება, ნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მერს კონკრეტული ურთიერთობა _ შპს “....” .... ქ. ¹6-ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის განკარგვაზე, მოწესრიგებული აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამდენად, სადავო ურთიერთობაში შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები, როგორც ამას ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-71-ე მუხლები. თუ შპს “...” მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება წარმოადგენს არა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლითაც მოხდა ქ. ბათუმის მერიასა და შპს “...” შორის ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე და ქ. ბათუმში, .... ქ. ¹6-ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაცვლილობის ხელშეკრულების დადება, ამ დროს შპს “....” უფლება უნდა ჰქონოდა მოპოვებული ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომლის ნაცვლადაც მას გამოეყო 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ. ბათუმში, .... ქ. ¹6-ში და მისი საკუთრების უფლება უნდა დადასტურებულიყო საჯარო რეესტრის მონაცემებით. შპს “...” მიერ ასეთი მტკიცებულება ვერ იქნა წარდგენილი სასამართლოსადმი, რაც ნიშნავდა, რომ იგი არ იყო ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის განმარტებასთან დაკავშირებით, ასევე ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულების ფორმალური სამართლებრივი თვალსაზრისით უკანონობის გამორიცხვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერმა შპს “...” მისცა შესაძლებლობა სადავო საკითხზე დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც შპს “....” არ განახორციელა. ქ. ბათუმის მერის მიერ გაგზავნილი შეტყობინება, რომელიც შპს “....” გაეგზავნა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე, ითვლებოდა ჩაბარებულად და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულება კანონიერია (ს.ფ. 148-157).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “....”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება წარმოადგენდა არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუმცა ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 2 სექტემბრის ¹283 გადაწყვეტილებას, რომლითაც შპს “....” არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოყოფილი ჰქონდა ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე. სადავო განკარგულების საფუძვლად მითითებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად (ამოქმედდა 2000 წლის 1 იანვრიდან), ამ კოდექსს არა აქვს უკუქცევითი ძალა. შესაბამისად, იგი არ არეგულირებს მანამდე არსებულ ურთიერთობებს.
ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება მორიგებითი და გაცვლითი შინაარსის ადმინისტრაციული ხელშეკრულება. შპს “...” თანხმობა განაცხადა, რომ დაეთმო ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 2 სექტემბრის ¹283 გადაწყვეტილებით მიღებული მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე და ნაცვლად ამისა, მიეღო იმავე რაოდენობის მიწის ნაკვეთი .... ქუჩაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს. მოცემულ შემთხვევაში შპს “....” თავისი მოქმედებით გამოხატა ნება, დაეთმო აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარე .... ქუჩაზე და სანაცვლოდ მიეღო მიწის ნაკვეთი .... ქუჩაზე.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონი. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწის სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების მინიჭებისას ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე იხდის ერთჯერად საზღაურს 1998 წლის 1 ოქტომბრისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური გადასახადის ოდენობით. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით. შპს “....” გადახდილი აქვს ერთჯერადი საზღაური და მიღებული აქვს საკუთრებაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ისე გამოსცა 2006 წლის 18 იანვრის განკარგულება, რომ არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. მოცემულ შემთხვევაში სადავო დადგენილება არ გამოქვეყნებულა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სადავო დადგენილების მიღებისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მოპასუხემ ისე გამოსცა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, რომ არ უზრუნველყო მოსარჩელის ინტერესების დაცვა, გასაჩივრებული განკარგულებით გაუარესდა მოსარჩელის საკუთრების უფლება, არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, თითქოს აპელანტს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უწყება არ ჩაბარდა ადრესატის არყოფნის გამო. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ქ. ბათუმის მერიისათვის ცნობილი იყო სადავო მიწის ნაკვეთის კასატორის მიერ ფლობა და სარგებლობა და რომ ამ მიწის ნაკვეთზე იგი აწარმოებდა შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს. რამდენადაც დავა ეხებოდა უშუალოდ მიწის ნაკვეთს და ადმინისტრაციულმა ორგანომ _ ქ. ბათუმის მერიამ _ იცოდა მისი მდებარეობა, ამიტომ შეტყობინება უნდა გაგზავნილიყო ამ მისამართზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. გასაჩივრებულ განკარგულებაში არ არის მითითებული გასაჩივრების წესზე. ეს გარემოებაც სადავო განკარგულების გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია, რასაც სასამართლომ შეფასება არ მისცა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სადავო განკარგულების გამოცემიდან გასულია 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა (ს.ფ. 164-171).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია:
ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “....” ქ. ბათუმში, ..... ქუჩაზე სარგებლობაში გამოეყო 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის განკარგულებით გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 2 სექტემბრის ¹283 გადაწყვეტილება და ნაცვლად .... ქუჩისა, შპს “....” გამოეყო 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი ... ქუჩაზე;
1999 წელსვე შპს “...” საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ;
ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულებით არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნა აღიარებული ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულება იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აღნიშნული 1999 წლის განკარგულებით განკარგული იყო არაუფლებამოსილი პირის _ ქ. ბათუმის მერის მიერ ერთპიროვნულად.
სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულება გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არსებობდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და სადავო ქონებაზე შპს “...” საკუთრების უფლების ანულირების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია და გამოტანილია საქმის გარემოებების სრულყოფილი გამორკვევის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, თუ რა წარმოადგენდა საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერის განხორციელების საფუძველს მოცემულ შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის განკარგულება არ ყოფილა საჯარო რეესტრის აღნიშნული ჩანაწერის განხორციელების ერთადერთი საფუძველი. აღნიშნული ჩანაწერის საფუძველს ასევე წარმოადგენს ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არ მისცა შეფასება აღნიშნულ გარემოებას.
საკასაციო სასამართლოში კასატორის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს მშენებლობა, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 1 760 000 ლარს შედგენს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებით კასატორს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, ამასთან, მას ჰქონდა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა დაუშვებელია. იმ შემთხვევაში, თუ ბათილად ჩაითვლება საჯარო რეესტრის ჩანაწერი, უფრო დიდი ზიანი მიადგება სახელმწიფოს, რადგან შპს “...” უნდა აუნაზღაურდეს ზიანი და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა _ გადაეცეს ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოყოფილი, .... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი. კასატორის წარმომადგენლებმა ასევე განმარტეს, რომ ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულებით ქ. ბათუმის მერის 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარების შემდეგ, 2006 წლის 16 მაისს, იმავე ადმინისტრაციული ორგანოს _ ბათუმის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივმა სამსახურმა მშენებლობის ნებართვა გასცა შპს “....” მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობაზე ორი სართულის დაშენების შესახებ.
კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა თუ სხვა გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა თვით მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვისაც, თუმცა ეს კანონიერი ძალა არ არის აბსოლუტური ხასიათის და ადმინისტრაციული ორგანოს აქვს მისივე გადაწყვეტილებების საკუთარი ინიციატივით გაუქმების შესაძლებლობა. იმავდროულად, მიღებული აღმჭურველი გადაწყვეტილებების გაუქმებისას და ახალი გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ფუნდამენტური პრინციპით _ კანონიერი ნდობის პრინციპით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ 2006 წლის 18 იანვრის ¹3 განკარგულების შეფასებისას, სააპელაციო სასამართლოს ასევე მხედველობაში უნდა მიეღო ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის საერთო პრინციპი _ კანონიერი ნდობის პრინციპი და გამოერკვია, ჰქონდა თუ არა ადგილი შპს “...” კანონიერ ნდობას ქ. ბათუმის მერის აღმჭურველი აქტის _ 1999 წლის 7 ივნისის განკარგულებისა და საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ამ მიწასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და არ მოუხდენია მათი ერთობლიობაში შეფასება შპს “...” მიმართ კანონიერი ნდობის არსებობასთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის გადაწყვეტილება, 1999 წლის ბათუმის მერის განკარგულების გამოცემის შემდეგ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრაციის ფაქტი, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გაცემა. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, სახელმწიფოს მხრიდან შპს “...” მიმართ განხორციელდა თუ არა ქმედებები, რაც მას უფლებას აძლევდა ევარაუდა, რომ სახელმწიფომ სადავო მიწის ნაკვეთი კანონიერად გამოუყო.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას ასევე უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა ქ. ბათუმის მერიას ნამდვილი იურიდიული ინტერესი 1999 წლის 7 ივნისის ¹225 განკარგულების არარად ცნობასთან და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან მიმართებაში და არსებობს თუ არა სარჩელის დასაშვებობის საფუძველი. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული განკარგულების არარად აღიარება ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 2 სექტემბრის განკარგულების მოქმედების აღდგენას და, შესაბამისად, შპს “...” უფლებების აღდგენას ... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აქტის არარად აღიარების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მინიჭება არ ამართლებს აქტის არარად აღიარებას, რამდენადაც კანონიერი ნდობის პრინციპი არ გულისხმობს მხოლოდ მატერიალური ინტერესის დაცვას, არამედ მისი მიზანია სამართლებრივი სტატუსის შენარჩუნება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას ასევე უნდა იმსჯელოს საკითხზე, .... ქუჩაძე მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის შპს “....” მიერ 1999 წელს საკუთრებაში რეგისტრაცია განხორციელდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის გზით და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა აღნიშნული პრივატიზების გაუქმება პრივატიზების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს ზემომითითებული გარემოებები და მათი საქმის გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების გზით უნდა გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.