25 თებერვალი, 2026 წელი,
საქმე №ას-1227-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „კ-სი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 16 ნოემბერს, სს „კ–სა“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან მეიჯარე) და შპს „ჯ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოიჯარე) შორის იჯარის ხელშეკრულება (შემდეგში - იჯარის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) ერთი წლის ვადით გაფორმდა, რაც გარიგების 7.2 პუნქტის საფუძველზე ავტომატურად გაგრძელდა. იჯარის საფასური დღგ-ს გარეშე თვეში 1 086 აშშ დოლარს შეადგენდა.
2. ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, მოიჯარე პასუხისმგებელი იყო იჯარით აღებული შენობების ვარგისიანობაზე, ხოლო, დაზიანების შემთხვევაში - მათ აღდგენაზე. ამავე ხელშეკრულების 3.9 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარეს, იჯარით აღებული ფართისა და შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ევალებოდა.
3. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის 1 მაისამდე არსებული შესადარებელი პერიოდის გამოანგარიშებით მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ აღიარებული საიჯარო დავალიანება 47 201.33 ლარს შეადგენდა.
4. შსს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ 2023 წლის 17 მაისს შედგენილი რეაგირების ოქმის თანახმად, იჯარით გაცემულ ფართს 2023 წლის 17 მაისს მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა ბოქლომი დაადო და საწარმოო ფართში მოპასუხე აღარ შეუშვა.
5. მოპასუხეს დავალიანება აღიარებული ჰქონდა 2023 წლის პირველ მაისამდე. ამასთან, მოიჯარე არ უარყოფდა, რომ საიჯარო საგნით 2023 წლის 17 მაისამდე სარგებლობდა და აღიარებული დავალიანების გარდა მოსარჩელის მიმართ 2 766.15 ლარი ჰქონდა გადასახდელი.
6. იჯარით აღებულ ფართში მოიჯარემ 41 950 ლარის ღირებულების რემონტი ჩაატარა.
7. მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში მოსარჩელემ შეიტანა, რომლითაც მოითხოვა, რომ მის სასარგებლოდ მოიჯარეს დაკისრებოდა 7 033.81 ლარის ოდენობით საიჯარო ქირის დავალიანების, 47 201 ლარის ოდენობით აღიარებული საიჯარო ქირის დავალიანების, 44 268.60 ლარის მოცულობით საიჯარო ფართით სარგებლობით გამოწვეული ზიანისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯის ანაზღაურება.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით: მეიჯარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 2 766.15 ლარის ოდენობით საიჯარო ქირისა და 47 201 ლარის ოდენობით აღიარებული დავალიანების ანაზღაურება დაეკისრა.
9. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით მეიჯარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ (აპელანტი) სადავოდ გახადა საიჯარო ფართის სარგებლობით გამოწვეული ზიანის - 44 268.60 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და საიჯარო ქირის სახით მოთხოვნილი თანხის 2023 წლის 17 მაისამდე დაკისრების ნაწილში, ნაცვლად იმავე წლის 9 ივნისამდე პერიოდისა (ამ ნაწილში მოთხოვნილი იყო 7 033 ლარის დაკისრება, რაც 2 766.15 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილდა). შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილებში შეამოწმა.
10.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების 3.5 და 3.9 პუნქტების დარღვევაზე, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს ეკისრებოდა საიჯარო ქონებაზე ზრუნვა, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში - იჯარით აღებული ფართისა და შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. სარჩელის თანახმად, მოპასუხე არასათანადოდ უვლიდა საიჯარო ქონებას, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი, იგი პირვანდელ მდგომარეობაში არ მოიყვანა, რითაც მეიჯარეს 44 268.60 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა. ზიანის არსებობისა და მისი ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა და საიჯარო ქონების პირვანდელ მდგომარეობაში“ მოყვანის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ჰქონდა წარმოდგენილი. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სრულად უარყო სიჯარო ქონების არასათანადოდ მოვლის ფაქტიც და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მტკიცებულებითი ღირებულებაც. საპირისპიროდ, მოპასუხემ საიჯარო ფართში 41 950 ლარის ღირებულების მიმდინარე რემონტის განხორციელების ფაქტზე მიუთითა.
10.3. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების დაცვით მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო საქმეზე ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 394-ე მუხლით დადგენილი ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობის - პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა დადასტურდებოდა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ზიანი დადგა უშუალოდ მოიჯარის სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მტკიცებულება სადავო გარემოების - ზიანის ოდენობის დასადასტურებლად არავარგის მტკიცებულებას წარმოადგენდა. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის სახით სახეზე იყო მხოლოდ დაინტერესებული მხარის მიერ ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, რომელიც სარწმუნო და განკუთვნად მტკიცებულებად ვერ შეფასდებოდა და მასში მითითებული გარემოებების გაზიარების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძველს არ ქმნიდა.
10.4. რაც შეეხებოდა სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიას, რომელიც შეეხებოდა საიჯარო ქირის სახით მოთხოვნილი თანხის 9 ივნისის ნაცვლად 2023 წლის 17 მაისამდე დაკისრებას, ხსენებული პრეტენზიის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ შსს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის 2023 წლის 17 მაისს შედგენილ რეაგირების ოქმზე მიუთითა, რომლითაც დგინდებოდა, რომ მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა 2023 წლის 17 მაისს იჯარით გაცემულ ფართს ბოქლომი დაადო და მასში მოპასუხე აღარ შეუშვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილად სწორედ ამ თარიღიდან უნდა მიჩნეულიყო, რის გამოც საიჯარო ქირის გადახდაც მოპასუხეს 2023 წლის 17 მაისამდე მართებულად დაეკისრა.
11. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ წარმოადგინა.
კასატორის მოსაზრებით, არასწორია მის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ამსახველი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოს მიერ არასარწმუნოდ მიჩნევა, რადგან მტკიცებულებათა ერთობლიობა საწინააღმდეგო დასკვნის საფუძველს ქმნის. ლ.სამხარაულის სახელობის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ შენობების ნაწილის დეფორმაცია ასაკობრივი ცვეთითა და ტექნიკური მოუვლელობითაა გამოწვეული. გარდა ამისა, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (2006 წლიდან) აღნიშნულ შენობებში სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა. იგივე გარემოება მოწმეთა ჩვენებებითაც იკვეთება (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
15. საკასაციო სასამართლოს განხილვის ძირითადი საგანი მოცემულ შემთხვევაში შემდეგია: რამდენად კანონიერია სააპელაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება იმ ნაწილში, რომლითაც საიჯარო ფართის სარგებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, ხოლო საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში სარჩელი იმგვარად დაკმაყოფილდა, რომ 2023 წლის 9 ივნისის ნაცვლად მოპასუხეს მისი გადახდა მხოლოდ 2023 წლის 17 მაისამდე დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ კანონიერ ძალაშია შესული, რადგან მოპასუხის მიმართ წარდგენილი და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული მოთხოვნები მხარეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მასზე არ იმსჯელებს (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).
16. განსახილველ მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით... იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), 531-ე (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით, დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა), 394-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებშია წარმოდგენილი.
17. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული ზემოხსენებული წინაპირობების არსებობა არ დასტურდება.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 4.1 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზეა აგებული, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
19. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, ზიანის არსებობისა და აღნიშნული ზიანის ოდენობის დასადასტურებლად სასამართლოს მან საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა და „საიჯარო ქონების პირვანდელ მდგომარეობაში“ მოყვანის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი წარადგინა. ხსენებული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომ კანონიერად არ გაიზიარა, რისი დამასაბუთებელი არგუმენტაციაც გასაჩივრებულ განჩინებაში დეტალურადაა წარმოდგენილი.
20. სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება იმ ნაწილშიც გასაზიარებელია, სადაც აღნიშნულია, რომ შსს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის 2023 წლის 17 მაისის რეაგირების ოქმის მიხედვით, მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა 2023 წლის 17 მაისს იჯარით გაცემულ ფართს ბოქლომი დაადო და საწარმოო ფართში მოპასუხე აღარ შეუშვა.
მითითებული გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილად სწორედ ამ თარიღიდან უნდა მიჩნეულიყო, რაც მოპასუხისთვის 2023 წლის 17 მაისამდე საიჯარო ქირის დაკისრების გადაწყვეტილების კანონშესაბამისობას ადასტურებს.
21. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „კ–ს“ (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 5 365.12 ლარის (საგადახდო დავალება 28769253737, გადახდის თარიღი - 12.08.2025) 70% - 3 755.58 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია